ლიტერატურა

პოეტი და მთარგმნელი უზუსტესი სმენით

"საბა"

იანვარი 20, 2020

2019 წლის ბოლო მძიმე და სევდიანი იყო ქართული ლიტერატურისათვის, კონგენიალურმა მთარგმნელმა და პოეტმა, დავით წერედიანმა თავისი გედის სიმღერა, ფედერიკო გარსია ლორკას „ბოშური რომანსერო“ დაგვიტოვა და საიქიო საქართველოში, ქართული სიტყვის დიდოსტატთა გუნდს შეუერთდა.

დავით წერედიანი და ვახტანგ როდონაია


როდესაც თარგმანზე, როგორც ჯადოსნურ მოვლენაზე ვსაუბრობთ თუ ვფიქრობთ, ერთგვარ მაგიაზე, რომლის საშუალებითაც ერთი ტექსტი მეორე ენაზე თავიდან იწერება, თავიდან იშვება, მაშინვე დავით წერედიანის გოეთე და ვიიონი გვახსენდება. თარგმანი მხოლოდ ერთი ენიდან მეორეზე ტექსტის გადატანა არ არის, თუ ნაწარმოები მეორე ენაზე არ ამეტყველდა, ის შესაძლოა, მკვდრადშობისათვის განწირული იყოს და მხოლოდ ლინგვისტური შრომის შედეგის ილუსტრაცია გახდეს.




აბა, რა უნდა ჟღერდეს უფრო ქართულად, ვიდრე ეს ეპიზოდი ვიიონიდან:


„მორჩა, აღსრულდა, მივდივარ მართალ,

მაგრამ მწყურიხარ ისეთი ძალით,

ისე მჭირდები, ვით… როგორც… რა ვთქვა…

ბოლონურ ქაშაყს სჭირდება წყალი.

ნეტა ვინ გიხსნის ახლა საკინძეს,

ვინ ეწაფება შენს უტკბეს ტყუილს…

ო, ღმერთო ჩემო, ნუ გამაგიჟებ!

კი არ ვლოცულობ, ვდგავარ და ვყმუი.“


ან, ეს გოეთეს „ფაუსტის“ მეორე ნაწილიდან:


რა ხდება! როგორ გამაცურეს მაგ უმწიფრებმა!

თურმე რად მდგარან სამარესთან ასე ჯარ-ჯარად!

ჩემი ნადავლი წაიღეს და ცისკენ მიფრენენ,

გარდა ამ ურგი მიწა-მტვრისა, არა დარჩა რა!

სული, ჩემს ხელში მოხვედრილი, ძალით წამერთვა,

ჩემია იგი, თავს პატრონად ვრაცხ ერთადერთად.

ვისთან ვიჩივლო? სამართალი ვეძებო ვისთან?

ვინ დაგიბრუნებს შენს უფლებას? შენზე ახია!

შენი სიბრიყვე ისეთია, ვარსკვლავებს მისწვდა!

ამ სიბერეში ტრფობის თავბრუ რამ დაგახვია?

რა ჩანაფიქრი ჩააფლავე, შე უბადრუკო!

სირცხვილი შენი! ასე როგორ გიმტყუნა გეშმა!

ვნებამ უწიოს, სიყვარულის ალმა დაგხრუკოს

კუპრში ნავლები, ათასწლობით ნაჯეკი ეშმა!

მიამიტობას, აი, ბრიყვო, რას ეწირები!

სული წაგართვეს, ოქრო იყო მიურეველი!

სირეგვნე გინდა ჭეშმარიტად, არცთუ მცირედი,

თვითონვე გახდე საკუთარი თავის მძლეველი!


დავით წერედიანი და მანანა მენაბდე 



არტურ რემბოს ეს ლექსიც რამდენი თარგმანით გვიხილავს, მაგრამ ასეთი, ვფიქრობთ, არცერთია:


ჩემი მოხეტეობა

ფართოდ ჩაფხრეწილ ჯიბეებში მუშტებჩაყრილი,

წმინდა იდეალს მიტანებულ პალტო-ჯვალოთი,

შენი ყმა, მუზავ, ღია ცისქვეშ მივდღეხვალობდი,

გულში, ო ლა ლა, რა ტრფობათა მენთო სახმილი!

მუხლებგამოჭმულ შარვლიანი, ფეხკოჟრიანი,

გზად, სიზმრეული ცეროდენა, რითმას წავწყვეტდი,

სასტუმროს ჩემსას ერქვა ხომლი, დიდი ცაცხვეთი,

გარშემო ჩემი ვარსკვლავების იდგა შრიალი.

გზისპირას ვიჯექ, მათი კრთოლვის მეგრძნო შეხება.

ბინდში, დროდადრო, ძველი ღვინის მოძმრო შხეფებად

დაცურდებოდა შიშველ შუბლზე სექტემბრის ცვარი.

შესიტყვებული ფეერიულ აჩრდილთა ფრთონას,

ფეხსაცმლის ყელზე ვაბგერებდი რეზინის ზონარს

და ცალი ფეხი გულს მეხუტა ვითარცა ქნარი.



ბოლოს და ბოლოს, სრულიად ფანტასტიკური „სხვისი ცოლი“ ლორკას „ბოშური რომანსეროდან“:


„როგორც კი მაყვლოვანს გავცდით,

ჩათავდა ლელიც და ნარიც,

სილაში მოვთხარე ღრმული,

ჩავწურე მისი თმის ღვარი.

მისი ვერც ინატრონ კანი

ნიჟარის ყელმა და ნარდებმა,

მთვარე რომ მინაზე დაკრთის,

ასეთი ბრკიალი არ დგება.

ჰგავდა თეძოების სხლტომა

კალმახის ასხლეტას წყლიდან.

ნახევრად ალმური მედო,

ნახევრად ყინვისგან მცრიდა.



კიდევ რამდენი საოცარი პოეტური თარგმანი - ჰომეროსი, პოლ ვალერი, ცელანი, ბახმანი, რემბო, ვერლენი... დავით წერედიანის თარგმანებში ისეთი ზუსტი ბგერებია, ისეთი ლექსიკა, ქართული ენის ისეთი წარმოუდგენელი შესაძლებლობები, რომ ზოგჯერ გიკვირს, როგორც შეიძლება ადამიანი ასე ფლობდეს და მართავდეს ენას, ისევე, როგორც პოსეიდონი ზღვის წიაღებს.




მიუხედავად იმისა, რომ „ორიონი“, დავით წერედიანის საოცარი პოეტური კრებული მოცულობით პატარაა, იგი თავისი ლიტერატურული მნიშვნელობით იმ კრებულებს შორისაა, რომელთაც ქართული პოეზია შეცვალეს, მკითხველისათვის პოეზიის დღესასწაულად იქცნენ.


„თავის დროზე ,,მნათობში“ დაიბეჭდა დათო წერედიანის ლექსები და რაღაც მეხივით დამემხო თავზე - ეს ფერი, ზარი... რა კამათი, რის დისკუსია! წავიკითხავდი ამ ლექსებს, წავიდოდი სადღაც, მოვბრუნდებოდი, ისევ წავიკითხავდი, ვკითხულობდი გაუთავებლად. მერე პერსევერაცია დამემართა და ამეკვიატებოდა რამდენიმე სტრიქონი მისი ლექსებიდან და, განსაკუთრებით, ეს ორი სტრიქონი:



„ტროპარის ნუსხურ გზაწვრილზე თეთრი მტრედები სხედან“...



პოეტს უნდა ჰქონდეს ტექნიკა გარკვეული, მან ხელობა, წერის ხელობა უნდა იცოდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მთავარი. მთავარია, მან იცოდეს სიტყვის ანატომია და ხასიათი. ორი სიტყვა შეიძლება გიყვარდეთ ან არ გიყვარდეთ. იქნებ იყოს კარგი სიტყვა, რომელიც გიყვარს, მაგრამ მეორე სიტყვასთან არ გამოგადგეთ. ერთმანეთის გვერდით ეს სიტყვები არაფრით არ შეიძლება. ისინი კლავენ ერთმანეთს, ან პირიქით ავსებენ ერთმანეთს სრულყოფილებამდე. ამის ცოდნა უკვე ხელოვნებაა და ამ ხელოვნებას დათო წერედიანი, მე მგონი (ისევ გავიმეორებ ამ სიტყვას) სრულყოფილად ფლობს.“ - რადიო „თავისუფლებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავდა ამ კრებულის შესახებ ლია სტურუა. 




2019 წელს ლორკას თარგმანის გარდა დავით წერედიანმა კიდევ ერთი წიგნი უსახსოვრა თავის მკითხველებს, ეს „თემა და ვარიაციებია“, წიგნი, რომელიც ავტორის ლიტერატურულ პოზიციას, მუშაობის პროცესს გვაცნობს, თან დღიურია, თან პუბლიცისტიკა და კრიტიკა, თან ერთგვარი აღსარებები. ამ წიგნით ყველაზე უკეთ ვეცნობით დავით წერედიანს, გენიალურ მთარგმნელსა და უზუსტესი სმენის, შეგრძნების, უზადო გემოვნების ავტორს და პროფესიონალს.


ავტორი: saba.com.ge