ლიტერატურა კულტურა

მიქელა | ამბავი სიკვდილზე

„საბა“

თებერვალი 01, 2022

რამ შექმნა ლიტერატურა? ასეთი კითხვა რომ დავსვათ, რა პასუხს მივიღებთ? რასაკვირველია, პირველ რიგში, სიკვდილმა შექმნა, სიკვდილზე ფიქრმა, სიკვდილის შიშმა, სიკვდილის ინტერესმა...

უპირველესი ტექსტებიდან დაწყებული, გილგამეშისა და სინუჰეს, ტროას ომისა და ომის შედეგებისგან გადარჩენის, უპირველესი ბალადებისა თუ საგების ამბები სწორედ სიკვდილზეა.


სიკვდილზეა უპირველესი ქართული ტექსტები, შუშანიკზე- ქალზე, რომელმაც სიკვდილი სიკვდილამდე გაბედა, მენელსაცხებლე აბოზე, რომლისთვისაც, ისევე, როგორც „ვეფხისტყაოსნის“ ავთანდილისთვის, სიკვდილი „თამაში“ და „მღერაა“, მეუდაბნოე ბერებზე, რომელთაც სიკვდილის სულ სხვა, ახალი განზომილება შესძინეს“.


„ვეფხისტყაოსანიც“, ეს ყველაზე დიდი ქართული ტექსტი, სწორედ სიკვდილის არაფრად ჩაგდებაზე, მოძმისთვის სიკვდილზე, სახელოვანი სიკვდილის ძიებაზეა.

ქართულმა ლიტერატურამ კარგად იცის, რომ კაცი ცასა ბეწვით ჰკიდია, როგორც დიდი პოეტის, დემეტრე-დამიანეს ტექსტი ამბობს, რომ სიკვდილი სადღაც აქვეა, სულ ახლოს, მისი სადილად დაპატიჟებაც შეიძლება, ნათლიად შეგულებაც, შეყვარებაც კი...

ქართულ ლიტერატურაში ბევრი ბრწყინვალე ტექსტია სიკვდილის მეტაფორის შესახებ, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო დავით კლდიაშვილის მოთხრობა „მიქელაა“. მოთხრობა, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს ადამიანისა და სიკვდილის ურთიერთობას.

ფაბულა ასეთია: მიქელას თითქმის მთელი ოჯახი დაეღუპა, მხოლოდ ორი შვილიშვილი - სპიდონა და ნესტორა დარჩა. სპიდონაც ავად გახდა, მოხუცი უკვე მის იმ ქვეყნად, შესაბამისი პატივით გასტუმრებაზე ფიქრობს, მაგრამ ამ დროს, ხდება ყველაზე მოულოდნელი რამ - სპიდონა საიქოდან ბრუნდება, თან როგორ? დანაბარებით, რომ ერთ წელიწადში ისევ იქით უწევს გზა.

დავით კლდიაშვილის პორტრეტი

მოხუცი მიქელა მიქელ-გაბრიელია, რომელსაც თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის განკარგვის ბრმა იარაღი აქვს ხელთ, მიქელა თავადაა სიკვდილი, სიკვდილის ყველა მითოსური ეპითეტით აღჭურვილი - სასტიკი, ბრმა, განუკითხავი.

„უბედურ მოხუცებულობას შეესწრო მიქელა გიორგაძე. სულ მოკლე ხნის განმავლობაში მიწას მიაბარა თავისი სამი ვაჟი, ერთი ცოლშვილიანად. მრავალრიცხოვან ოჯახიდან მას შერჩა მხოლოდ ორი შვილიშვილი და დაქვრივებული რძალი მაია. - მადლობა უფალს!.. ყველაფერი მისი ნებით ხდება! ყველა მისი ნების ქვეშ ვიმყოფებით! - ამბობდა მიქელა, როცა მწუხარება გულს მოაწვებოდა ხოლმე.” - ასე იწყება ამბავი. 

„ღვთის ნების“, ბედისწერის ანტიკურ გაგებას ცრურწმენა ემატება და მოხუცი, პასიური მიქელა ერთგვარ მონსტრად იქცევა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყართან დგას და ირჩევს, ვინ გაწიროს, ვინ გადაარჩინოს.

ცრუმორწმუნეობა, სიბრმავე, ბედისწერის ფატალური განცდა, გადარჩენის ერთგვარ ცხოველურ საწყისებს ემატება, ამ ნიშნით მიქელა თავად კაცობრიობაა, რომელიც გადარჩენის გზაზე არავის ინდობს, დაე, ვინც სუსტია ხროვაში, მოკვდეს, დაე, ძლიერ გადარჩეს. პასიური კაცობრიობა, რომელიც ყოველგვარი გრძნობის, აღქმის, გააზრებისგან შორს იყო, იღვიძებს:

„ჩუმი, ყუჩი, შეხედულებით ბუს მსგავსი მიქელა, რომლისაგანაც ძლივს ორ სიტყვას გაიგონებდა კაცი, რომელიც გულგრილად ეკიდებოდა ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა, გარდა სამუშაოსი, ეს მოხუცებული ახლა სრულიად გამოიცვალა, სრულიად გადასხვაფერდა.“

დავით კლდიაშვილის საცხოვრებელი სახლი, ზედა სიმონეთი, იმერეთი

რაც ყველაზე მთავარია:

„მასში თითქოს გაიღვიძა შიგნით დამალულმა ადამიანმა თავისი გრძნობებითა და წადილებით.“

როდესაც ცრუმორწმენის ასეთი ბრმა სისასტიკე ისეთი მწერლის ტექსტის მთავარი მეტაფორად იქცევა, როგორიც სასტიკად ზუსტი - დავით კლდიაშვილია, შედეგად ვიღებთ ყველაზე უფრო კინემატოგრაფიულ, თვალსაჩინო, დეტალებამდე დამაჯერებელ, სასტიკ ამბავს.

გავიხსენოთ, ვინ იმოგზაურა მკვდართა საუფლოში? პირველი ვინც გვახსენდება, ეს ქრისტეა, ვინც შთავიდა ჯოჯოხეთად და ცოდვილა სულები იხსნა. მაშ, რა გამოდის? ვინ არის მიქელა? იქნებ დასავლური ცივილიზაცია ყველაზე კეთილი ღმერთის გარეშე? იქნებ ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, სწორედ ისეთი, როგორიც დღესაა.

ეს ნოველა ყოველთვის აქტუალურია, ნებისმიერ ეპოქაში, ყოველთვის არსებობს ცრურწმენა, რომლისაც ბრმად სჯერა ადამიანს, ყოველთვის არსებობს რაღაც ზეციური, რომლის გამო ყველაზე ახლობელის გაწირვა შეუძლია ადამიანს.

საერთოდ, რად უნდა მიქელას შვილიშვილები? განსაკუთრებით უყვარს? არც ისე, მხოლოდ მაშინ უჩნდება ნაზი გრძნობები უმცროსი შვილიშვილისადმი, როდესაც გადაშენების საფრთხის ქვეშ დგება. ვფიქრდებით კი, რისთვის გვინდა შვილები? მათთვის? თუ ჩვენთვის, რაღაც უცნაური უკვდავებისთვის, რომ ვიღაცამ გაგაგრძელოს მაშინაც კი, როცა დამთავრდები.

ამ ტექსტში არაფერია ზედმეტი, ისევე, როგორც კლდიაშვილის პროზაში ზოგადად, მეტიც, აქ სიტყვებს უცნაური თვისება აქვთ, აღმნიშვნელებმა აღსანიშნი ასახონ, ოღონდ განსაკუთრებული აქცენტით, კიდევ უფრო მეტი დატვირთვით.

მოდი, რამდენიმე წინადადება ამოვწეროთ და კარგად დავინახავთ, რომ ამ ტექსტში წინადადებებს კონტექსტის გარეშეც კი აქვთ სიმძაფრე და დატვირთვა:

სარჩოს მოყვანა ქვრივ მაიას დააწვა კისერზე და ჯანიანი დედაკაცი მამაკაცივით ეკიდა თოხსა და ურემს.“ 


აჩქარებით შევიდა იგი სახლში, არც კი გადახედა ყურეში ქვეშაგებთან მიწოლილ, სახეჩაყვითლებულ სპიდონას.“ 


რამდენიმე თითქმის ტიტველა ბავშვი, ტალახში ჩამდგარ გვერდზე გადაწეულ საღორესთან, გარს შემოხვეოდა წელში აბზუკულ, გამხდარ ღორს, რომელიც მათ ხითხითში საცოდავად ჭყვიროდა მოგრეხილი დაშენილი წკეპლების ქვეშ.“ 


სპიდონა იდგა ისევ იმავ ადგილას; მერე უღონოდ მიატრიალ-მოატრიალა თავის გაწვრილებულ კისერზე თავი, სევდიანი თვალი შემოავლო იქაურობას და დასუსტებული ნაბიჯით გაჰყვა ბაბუას;“ 


წყლის თუნგულასაც წამოაგებინებდა ხელით ამ ჯოხზე, ჩაუსხამდა მოტანილ წყალს შიგ და ისე გაუწვდენდა; ჯოხი ცალკე ინახებოდა ხეზე იმავე ეზოში.“ 


- ვერ გაგაგონე... მოვითმენდი ერთ წამს!.. აქ რა გინდოდა? წადი... წადი!.. წადი შენთვის... მოგიტან ახლავე!.. - მან გამოგლიჯა თუნგულა ხელიდან და ბუტბუტით წავიდა წყლის მოსატანად.“ 


- რა ცოდვა უნდა დაგვედვას?! ამ ღამის წერა ყოფილა თუ რამ მოუვიდა და ისაა! - უკმაყოფილოდ წაიბუტბუტა მოხუცებულმა.“ 

ავტორი: „საბა“