ლიტერატურა

კაროჟნა და სხვები - დავით კლდიაშვილის ქალი პერსონაჟების გალერეა

„საბა“

სექტემბერი 10, 2020

ქართულ ლიტერატურაში ალბათ ცოტაა ისეთი მწერალი, რომელიც ასეთი თანაგანცდით, სიყვარულით აღწერს ქალის რთულ ბედს მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში, არჩევანის არქონას, ჩამქრალ ბედნიერებას, როგორც დავით კლდიაშვილი. მისი პერსონაჟების გალერეა განსაკუთრებით ადამიანური, ნამდვილი, ხელშესახებია.

როგორ უნდა დაავიწყდეს მკითხველს ირინე, ჭკვიანი, მორიდებული, მშვენიერი ახალგაზრდა ქალი, რომლის ბედსაც სხვები წყვეტენ ისე, რომ მას არაფერს ეკითხებიან. კაცი, რომელიც ბევრჯერ იმეორებს, რომ „ირინე უნდა“, მოიპოვებს კიდეც მას და სიცოცხლეს უმწარებს ეჭვიანობით, მაშინ, როცა თავად ირინეს არჩევანსა და სურვილებს არავინ უსმენს.

კაროჟნა, როგორც გალაკტიონ ტაბიძე წერს „მშვენიერზე მშვენიერი კაროჟნა“, რომელიც თითქოს ადამიანი კი არა, ნივთია, ერთი მხარე ცდილობს ის მეორეს შეასაღოს, მეორე - ვაჭრობს, წუწუნებს... ამ ყველაფრის ფონზე კი მშვენიერი ქალიშვილია, რომლის ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ ქალია და ოჯახის მთავარი მიზანი, მისი გათხოვებაა.


უუფლებო და არჩევანის გარეშე დარჩენილი ქალების ჩამონათვალს სონია აგრძელებს, ვისი გათხოვებაც დედას მხოლოდ იმიტომ უნდა, რომ მეორე შვილს, ვაჟს, ბეგლარს გზა გაუთავისუფლოს. ამიტომაც დიდად არც მის ბედზე ფიქრობენ, მიათხოვებენ ოტიას, რომელსაც ის მხოლოდ იმიტომ მოჰყავს, რომ სხვა ქალს, უარის მთქმელს, დაანახოს, ქალაქში გაზრდილი ცოლი მოვიყვანეო. სონია ბედნიერი არაა, ისევე, როგორ არცერთი ქალი ამ საზოგადოებაში.


სულ ორი წინადადებით გამოხატავს ამ დამოკიდებულებას კიდევ ერთი ქალი, ეკვირინე, კიდევ ერთი უბედური ქალი, რომელიც ამ ვაჭრობაში ჩართულია როგორც დაინტერესებული მხარე. „ქალიშვილს დავეკითხო, რა! ბრძენი გაწყდა ოჯახში, თუ როგორ არი მათი საქმე, ბავშვებთან არ მალაპარაკონ?! მერე მისი ცარიელი ქალი ვის რათ უნდა!“ (ქამუშაძის გაჭირვება).

დავით კლდიაშვილის საცხოვრებელი სახლი, ზედა სიმონეთი.

იმ ქალ პერსონაჟთა გალერეას, რომელსაც ცხოვრებას სხვები უწყვეტენ, კიდევ ერთი ქალი, სამანიშვილის მომავალი დედინაცვალი, რომლის არჩევის მთავარი კრიტერიუმი უშვილობაა: „მოგინახავ სწორედ რიგიან ქალს, რომ ვერავინ დაგვცინოს, შენ ნუ მომიკვდები. ორნაქმარებს იმიტომ გეუბნები, რომ ქვრივებში ამოვარჩევ, გამოვნახავ იმისთანას, რომ ორ ქმარს ჰყოლოდეს და არცერთთან შვილი არ მიცემოდეს... ორივე ქმრის ხელში რომ უშვილო დარჩენილიყოს ამისთანა დედაკაცი სწორედ საიმედო იქნება შვილის უყოლობაზე“.


პლატონი ეძებს და პოულობს კიდეც. ელენეე კეთილი, თავმდაბალი ქალია, ყველაფერი კარგადაა მანამ, სანამ აღმოჩნდება, რომ ის ორსულადაა. დედობრივ ბედნიერებას, რომელიც ელენეს ორ ქმართან არ ეღირსა, მისთვის პრობლემები მოაქვს. მოთხრობის ბოლო ეპიზოდში მას სასამართლოს კარზე ვხედავთ...

დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი, ზედა სიმონეთი.

ქალის გამზითვებისა და გათხოვების თემა კლდიაშვილის ბევრ მოთხრობაშია გაშლილი, კითხულობ გაუგონარ ამბებს ამ აღებ-მიცემობის შესახებ, თითქოს ქალი კი არა, პიანინოა ან არა, რამე უფრო პრაქტიკული, ვთქვათ, ცხენი, რომელსაც უფრო დიდი ფასი აქვს ამ საზოგადოებაში. დააჩიკინებს თავის ბედაურს სოლომან მორბელაძე და ამ ამბის ფონზე, სადღაც არის ქალი, რომლის ბედი მზითევმა, ფულმა, სოლომან მორბელაძემ უნდა გადაწყვიტოს. ვინ იცის, იქნებ მასაც ირინესდარი „ბედნიერება“ ელის?


ყველა ეს ქალი მსხვერლია, ღარიბ, პატრიარქალურ საზოგადოებაში მათ არაფერს ეკითხებიან, მათ ბედს სხვები განაგებენ, ოჯახი ზედმეტ მჭამელს იშორებს, ტვირთს, მეორე ოჯახი - მოახლეს იძენს. ამ ამბების მიღმა კი ქალების სურვილები, ინტერესები, ოცნებები, სიყვარულია. ყველა ეს ქალი ისეთივე მსხვერპლია, როგორც დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მსხვერპლის“ პერსონაჟი მარინე, ლამაზი მარინე, რომელიც საზოგადოების არასწორი შეხედულების, ცრუმორწმუნეობის და ოჯახური ურთიერთობების მსხვერლია, სადაც ას არავინ იცავს, არც ქმარი, არც მშობლები.



ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

ავტორი: saba.com.ge