ტექნოლოგია თიბისელები

თიბისის მხარდაჭერით, გურჯაანში Data Bootcamp გაიმართა — გაიცანით გამარჯვებულები

სექტემბერი 05, 2023

თიბისი, როგორც რეგიონში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, ახორციელებს ინიციატივებს, რომელთა მიზანი ახალი თაობის გაძლიერება და ტექნოლოგიური ეკოსისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

თიბისი, განათლების პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს პროექტს Data Bootcamp, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ოთხ ქალაქში — გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში იმართება. 

რა არის Data Bootcamp?

Data Bootcamp ინტენსიური ტრენინგების პროგრამაა, რომელშიც საქართველოში წამყვანი სპეციალისტები არიან ჩართული და ახალგაზრდებს მანქანური სწავლების (ML), ხელოვნური ინტელექტისა (AI) და კომპიუტერული ხედვის მიმართულებით (CV) ცოდნას უზიარებენ. სპეციალისტები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა გადაამზადეს. 

პირველი Data Bootcamp-ი გურჯაანის ტექნოპარკში ჩატარდა და მასში ათობით ახალგაზრდა ჩაერთო. ტრენინგების დასასრულს, დემო დღეზე, მონაწილეებმა სტარტაპ იდეები წარადგინეს.

თიბისიმ მათ შორის ხუთი რჩეული გამოავლინა და ერთ-ერთი ახალგაზრდა ტრენერი შეარჩია, რომლებმაც თიბისიში, Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიანი კურსები გაიარეს.

ახალგაზრდები გაეცნენ თიბისის ხუთი დეპარტამენტის სამუშაო პრინციპებს, აირჩიეს მათთვის საინტერესო მიმართულება და ერთი კვირის განმავლობაში მენტორების დახმარებით აქტიურად იმუშავეს ამ განხრით.

გაიცანით Data Bootcap-ის მენტორები:

მენტორები: გიორგი ცაავა, ლიკა დგებუაძე, არჩილ ჯანჯიბუხაშვილი

პროექტში ექვსივე ახალგაზრდა უშუალოდ გაეცნო იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებსაც თიბისი ყოველდღიურად იყენებს. სტუდენტებმა წარმატებით გაიარეს “მანქანური დასწავლის” შესავლის გარკვეული ნაწილი, რაც მათ ცოდნის გაღრმავებასა და ხელოვნური ინტელექტის დახვეწა-განვითარების მიმართულებით საკუთარი წვლილის შეტანაში დაეხმარებათ.

-ლაშა ფანცხავა, თიბისის ხელოვნური ინტელექტის კვლევის და განვითარების ჯგუფის უფროსი 

"საინტერესო გამოწვევა იყო სტაჟიორების პროგრამის შედგენა, რადგან პროექტში განსხვავებული ინტერესისა და გამოცდილების ახალგაზრდები მონაწილეობნდენ. მოსწავლეები კურსების განმავლობაში ხედავდნენ ამ ცოდნის პრაქტიკულ დანიშნულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვა შემთხვევაში ამ გამოცდილების მიღება ძალიან რთულია".

-ლუკა ჯინჭარაძე, თიბისის მონაცემთა მეცნიერი.

Data Bootcamp-ის გამარჯვებულები თიბისიში

სტუდენტებმა უკვე გაიარეს მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიანი კურსი თიბისიში, მონაცემთა ანალიზისა და მართვის დეპარტამენტში, ახლა კი გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და მოსაზრებებს განვლილი კურსების შესახებ:

ზურა წიკლაური 12 წლიდან არის დაინტერესებული ტექნოლოგიური პროექტებით, ის გურჯაანის ტექნოპარკის აქტიური წევრია და უმეტეს პროგრამაშია ჩართული. ის ახლა თავის სტარტაპზე მუშაობს, სწორედ ამ საქმიანობისთვის სჭირდებოდა მას ინფორმაცია მონაცემთა მეცნიერებაზე, ამიტომ ღონისძიებაზე დაანონსებისთანავე დარეგისტრირდა. 

“ძალიან მომწონს ეს სფერო და სულ ვცდილობ, სხვადასხვა პროექტში ჩავერთო. მონაცემთა მეცნიერებაში სიღრმისეული ცოდნა არ მქონდა, მინდოდა, რაღაც ახალი და საინტერესო მესწავლა, ეს კი კარგი შანსი იყო. ამასთან, სტარტაპში მჭირდებოდა მონაცემების დამუშავება, თუმცა არ ვიცოდი დეტალები. თიბისიში კი გავიგე, როგორ უნდა მიიღო, დაამუშაო და, საბოლოოდ, გამოიყენო მონაცემები”.- აღნიშვნავს ზურა

ნოდარ მენთეშაშვილი გურჯაანის სოფელ ველისციხიდანაა. სკოლა წელს დაამთავრა და ამბობს, რომ მომავალ პროფესიას კომპიუტერულ მეცნიერებებს უკავშირებს. მან სხვა გამარჯვებულებთან ერთად, უკვე გაიარა პრაქტიკული კურსები თიბისიში და აღნიშნავს, რომ აქ განსაკუთრებით გუნდურობა მოეწონა. მისი თქმით, რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს არ აქვთ შეხება დიდი ორგანიზაციების შიდა სამზარეულოსთან, ამ პროექტით კი შესაძლებლობა მიეცა, მენტორებთან ერთად ახლოდან გაიცნო თიბისის მუშაობის სპეციფიკა. 

“აქ დავინახე, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა ნებისმიერი მიმართულებით. მომეწონა ის, თუ როგორ ცვლიან ინფორმაციას და როგორ არიან ერთმანეთთან კავშირში განსხვავებული გუნდები”.- ამბობს ნოდარი

ქეთი რუაძეც გურჯაანიდანაა, ის ახლა კავკასიის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით სწავლობს. პროექტში რაღაც ახლის ცდის და მისთვის საინტერესო, მომავლის პროფესიაში მეტის შესწავლის სურვლით ჩაერთო.

“ეს პროექტი ძალიან კარგი შანსია ახალგაზრდებისთვის, რომ აიმაღლონ ცოდნა და ახალ როლში მოსინჯონ თავი. აქვე, გამოვარჩევდი მენტორების დამოკიდებულებას, ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიგვეღო და ყველა ეტაპზე დაგვხმარებოდნენ”  -აღნიშნა ქეთიმ

აკო ალთუნაშვილიც ტექნოლოგიური სფეროთია გატაცებული, ახლა საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს, თუმცა მომავალს კომპიუტერულ მეცნიერებებს უკავშირებს. მისი შეფასებით, რეგიონებში ტექნოლოგიური მიმართულებები შედარებით ნაკლებად პოპულარულია, ამიტომ Data Bootcamp-ი და მსგავსი ინიციატივები ახალგაზრდებს ეხმარება, ფეხი აუწყონ თანამედროვე პროფესიებს.

“ვცდილობ, ბევრი მიმართულებით გავერკვე ტექნოლოგიურ სფეროში, ამიტომ არ გავუშვი ხელიდან ეს შანსი და პროექტში ჩავერთე. გავიგე თიბისის ფუნქციონირებისა მისი ხუთი მიმართულების შესახებ“-აღნიშნავს აკო

კიდევ ერთი გამარჯვებულია ალექსანდრე ქიტუაშვილი. მან სკოლა ახლახან დაამთავრა და სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით აგრძელებს. 

“პროექტის დახმარებით უკეთ გავიგეთ, თუ რა ღირებულება აქვს მონაცემებს, თიბისიში კი ძალიან თბილი გარემო და კარგი დამოკიდებულება დაგვხვდა, აქამდე ბანკის მუშაობის პრინციპებზე ჩემი წარმოდგენები სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც რეალურად ვნახე. სხვაგვარად გადავაფასე ამ შეხვედრის შემდეგ ყველაფერი და მივესალმები ყველა პროექტს, რომელიც ჩვენს განვითარებას ხელს შეუწყობს”, — ამბობს ალექსანდრე

პროექტის მეექვსე წევრი თიბისის რჩეული, 16 წლის მარიამ სვიმონიშვილია, ახმეტიდან.  ის აღნიშნავს, რომ პროექტი ახალგაზრდებს განვითარების საშუალებას აძლევს და მოტივაციას უმაღლებს, რათა მომავალში ტექნოლოგიური მიმართულებით ისწავლონ. 

“საინტერესოდ მიმაჩნდა ეს დარგი და მივხვდი, რომ კარგ გამოცდილებას შევიძენდი მონაცემების მიმართულებით — ამიტომაც ჩავერთე. საინტერესო იყო პრაქტიკები, უკეთ გავიგეთ, როგორ იყენებენ მონაცემთა მეცნიერებას თიბისიში”, — აღნიშნავს მარიამი

DATA BOOTCAMP ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში ეტაპობრივად ჩატარდება და ჯამში 150-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. თიბისი კი კვლავ აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომელთა მიზანი ტექნოლოგიური საკითხების შესახებ ცნობადობის ამაღლება და მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობაა.