კულტურა სიახლეები

კოლექციის განახლებული დიზაინი - ინტერვიუ დოდოშკა ჩხეიძესთან

ივნისი 03, 2024

მარჯანიშვილის 7 ნომერში მდებარე თიბისი კონცეპტის “კოლექციის” სივრცის დიზაინი ცოტა ხნის წინ განახლდა, რაზეც დიზაინერმა - დოდოშკა ჩხეიძემ იმუშავა.

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე მომხმარებელს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს, მათ შორის კონცეპტუალურ მაღაზია “კოლექციას”, სადაც როგორც ქართული, ისე უცხოური ბრენდების გამორჩეული პროდუქციაა წარმოდგენილი.

გთავაზობთ ინტერვიუს დოდოშკა ჩხეიძესთან, რომელიც ახალი დიზაინის პროექტის შესახებ მოგვიყვება და თიბისი კონცეპტის "კოლექციიდან" მისთვის საინტერესო ნივთებსაც გვირჩევს.

მოგვიყევით თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის "კოლექციის" სივრცის დიზაინის შესახებ, რით არის გამორჩეული და რა კონცეფციას გვთავაზობს ახალი პროექტის დიზაინი?

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის ერთ-ერთი ნაწილი არის კონცეპტუალური მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს დიზაინერულ და სხვა საინტერესო პროდუქტებს, მათ შორის - ბევრ ქართულ ნივთს.


ჩვენმა სტუდიამ სწორედ ამ ადგილის განახლებულ დიზაინზე იმუშავა. შენობა და მისი ინტერიერი თავისთავად უკვე გვკარნახობდა დიზაინის ხასიათს, ავეჯის ნაწილი დავამზადეთ ისეთივე ხის მასალით, როგორიც შენობაშია გამოყენებული, რადგან სურვილი გვქონდა "კოლექციის" ნაწილი არ ყოფილიყო საერთო სივრცისგან მკვეთრად გამოყოფილი.

თუმცა, კოლექციის შინაარსიდან გამომდინარე, უფრო მეტად მინიმალისტური და თანამედროვე სტილი გადავწყვიტეთ.

მოგვიყევით სამუშაო პროცესის შესახებ…

სივრციდან გამომდინარე, აქცენტი გავაკეთეთ ცენტრზე. დავამზადეთ საკმაოდ დიდი ზომის მაგიდა, რომელზეც დამატებით სხვადასხვა მასალის პიედესტალები და მათზე უკვე განლაგებული გასაყიდი პროდუქციაა განთავსებული, ეს ელემენტები სხვადასხვა სიმაღლის არის და ვფიქრობთ, საინტერესო კომპოზიციას ქმნის ერთობლიობაში.


პროექტის დაგეგმვის დროს რამდენიმე კონცეფციას ვთავაზობთ დამკვეთს. ამ შემთხვევაშიც სამი ვერსიიდან ამ მიმართულებაზე შევჩერდით, შემდეგ კი უკვე ზუსტ დიზაინზე მალევე ჩამოვყალიბდით.

სამი გამორჩეული ნივთი თიბისი კონცეპტის კოლექციიდან, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს მოუხდება…

1. Chubika-ს დეკორატიული სანთელი, რომელიც სახლშიც მაქვს და ძალიან მომწონს.


2. Comme Des Garçons-ის საფულე, კოსმეტიკის ჩასადები ან თუნდაც საკანცელარიო ნივთების ჩასადები ჩანთა ორი ფერის.


3. ანა ციციშვილის ფოტოების ალბომი - “თბილისი”, რომელშიც ჩემი მშობლების და ჩემი ბავშვობის სახლის ფოტოა დაბეჭდილი.

მთავარი გამოწვევა, როდესაც ახალი პროექტის დიზაინის შექმნას იწყებთ? 

მთავარ გამოწვევად ვთვლით, რომ არ გავცდეთ კონტექსტს და დიზაინი ასრულებდეს თავის ფუნქციას მაქსიმალურად კომფორტულად, ასევე დამკვეთის ზოგად ხედვას ესადაგებოდეს ვიზუალი.

რა თქმა უნდა, გვსურს, რომ არ ჰგავდეს სხვა პროექტებს და ადამიანებში გამოიწვიოს სასიამოვნო განწყობა.

რა არის თქვენი კომპანიის - DODO Designs-ის მთავარი ხელწერა და ნიშანი, რაც თითოეულ პროექტს გამორჩეულად აქცევს?

DODO Designs-ში ზოგადად მრავალფეროვანი პროექტები გვაქვს, თუმცა როგორც ხშირად გვესმის, სხვადასხვა სტილის მიუხედავად, ხელწერა მაინც ჩანს, რომ ერთია. ვფიქრობ, ჩვენი სტუდიის ნამუშევრები უფრო მეტად სიჭრელით და ბევრი დეკორატიული ელემენტის გამოყენებით არის ცნობილი.

თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს მულტიფუნქციური სივრცის "კოლექციის" განახლებული დიზაინით მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა კატეგორიიდან ორიგინალური და მრავალფეროვანი კოლექცია დაგხვდებათ.

თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელები კი შეთავაზებით ისარგებლებენ და კოლექციიდან ნებისმიერი ნივთის შეძენისას თანხის 15%-ს დაიბრუნებენ.

ავტორი: თეკლა ცომაია/Hammock Magazine

ფოტო: სალი დუნდუა