ედუფინი

როგორ დავიცვათ კიბერუსაფრთხოება ინტერნეტით სარგებლობისას

ოქტომბერი 15, 2021

თქვენც მიიღეთ ფეისბუქ-მეგობრისგან შეტყობინება რომელიმე კომპანიის ვიქტორინის ან 70 წლის იუბილეს შესახებ? — მარტო არ ხართ. ინტერნეტში ყოველდღიურად ახალ-ახალი თაღლითური სქემები ჩნდება, მათი “ავტორების” მიზანი კი თქვენი პერსონალური ინფორმაციის ხელში ჩაგდებაა.

 

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად თაღლითებმა ათასგვარი გზა გამონახეს ჩვენს მოსატყუებლად — ზოგიერთი მათგანი მეგობრული ტონით გვესაუბრება, გვთავაზობს “დახმარებას”, ზოგი კი მუქარითა და შეშინებით ცდილობს ჩვენგან ინფორმაციის ან ფულის მითვისებას.

იმისათვის, რომ კიბერთაღლითების მორიგი სამიზნე არ გახდეთ, ინტერნეტით სარგებლობისას, პირველ რიგში ყურადღების და სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ამ ბლოგში  რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაგიზიარებთ,  თუ როგორ უნდ ვიყოთ კიბერფრთხილები და როგორ დაიცვათ თავი მოსალოდნელი უსიამოვნებებისგან.

  • ონლაინ ვაჭრობისას თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები შეიყვანეთ მხოლოდ დაცულ ვებგვერდზე. დაცულია ვებგვერდი, რომლის მისამართი იწყება https://-ით ან shttp:// და არა http://-ით, ამასთან, მისამართს წინ უძღვის მწვანე ჩაკეტილი ბოქლომი, რომელზე დაჭერისას შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდის უსაფრთხოების სერტიფიკატი.


  • თუ სასურველი ნივთების ონლაინ მაღაზიაში შეძენას გადაწყვეტთ, იქონიეთ ალტერნატიული საბანკო ბარათი, სადაც ზუსტად იმდენ ფულს შეინახავთ, რამდენიც ვაჭრობისთვის გჭირდებათ.


  • ყველა სოციალურ ქსელზე დააყენეთ ორმაგი ავტორიზაციის პარამეტრები — მისი დახმარებით თქვენს ანგარიშებზე უცხო მოწყობილობიდან ვერავინ შევა თუ მობილურზე მოსული ერთჯერადი კოდი არ ექნება.

  • დააყენეთ ძლიერი პაროლები. ძლიერი პაროლია ის, რომელიც შედგება 8-ზე მეტი სიმბოლოსგან და წარმოადგენს დიდი და პატარა ასოების, ციფრებისა და სიმბოლოების (#$%) კომბინაციას. დაიმახსოვრეთ, ყველაზე ადვილი გამოსაცნობი პაროლებია 123456789, qwerty, თქვენი სახელი და გვარი და სხვა.


  • არ შეასრულოთ ფინანსური ტრანზაქციები საჯარო WiFi-ის მეშვეობით. საჯარო WiFi-ის დახმარებით თაღლითები ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან გზას, რომელიც თქვენ ინტერნეტში გაიარეთ და შეუძლიათ თქვენს პაროლებზე და ანგარიშებზე წვდომა მოიპოვონ.


  • არ გაამჟღავნოთ პერსონალური მონაცემები (ანგარიშის ნომერი, ბარათის ნომერი, CVV კოდი, პირადობის ნომერი, მისამართი და სხვა) ინტერნეტში, რადგან სულ ერთი ან რამდენიმე მონაცემია საჭირო იმისათვის, რომ თაღლითებმა ყველაფერი ხელში ჩაიგდონ.

  • არ დაგავიწყდეთ თქვენს მოწყობილობებზე პროგრამული უზრუნველყოფის განახლება რეგულარულად. მოძველებული აპლიკაციების დახმარებით თქვენს მოწყობილობაში შეღწევა თაღლითებისთვის მარტივი ამოცანაა.


  • დააყენეთ და მუდმივად განაახლეთ ანტივირუსები. ისინი ებრძვიან მავნე პროგრამებს, რომლებიც თქვენი მოწყობილობებიდან ყველანაირ ინფორმაციას აწვდიან თაღლითებს.