მუსიკა | ცა

Circus Mircus

Tsa.Music

თებერვალი 11, 2021

ბრწყინვალე დრო ყველასთვის გარანტირებულია!

სასაუბროდ ვერის აღმართზე რომ პატარა სკვერია, იქ ჩამოვსხედით. ადგილი თავად აარჩიეს - მეოცე საუკუნის დასაწყისში აქ ძმები ეფიმოვების ცირკი იყო და აურა გვსიამოვნებსო. ერთი საათი ვილაპარაკეთ. ამ დროის განმავლობაში სულ რამდენიმე გამვლელმა ჩაგვიარა გვერდით, თუმცა უკლებლივ ყველა ჩერდებოდა და გვაშტერდებოდა. ალბათ, მართლაც უჩვეულო სანახავი ვიყავით - კიკინებიანი გოგონა, რომელსაც ხელში ნათრევი, ძველი დიქტოფონი მიემართა თითქოს კარნავალისთვის გამოწყობილი სამი მამაკაცისკენ. 

ერთს კიმონო ეცვა და სახეც შესაბამისად, კაბუკის თეატრის მსახიობივით მოეხატა. მეორეს სევდიანი კლოუნის მაკიაჟი გაეკეთებინა და შესაბამისი, ზოლიანი კაბა ეცვა. მესამეს კი თავზე ერთგვარი რკინის ნიღაბი ჰქონდა ჩამოცმული - „ხერხის“ სერიის ფილმების, გოჭი პეპას და BDSM ესთეტიკის კოშმარული ნაზავი. მოგვაშტერდებოდნენ გამვლელები, აბა რას იზამდნენ. 

-       რატომ ნამდვილი სახით არ მოხვედით? მარტო აუდიოს ვიწერ - ვეუბნები.

-       ესაა ჩვენი ნამდვილი სახე - მპასუხობენ.

-       არა, მართლა?

-       მართლა!

ჯგუფ Circus Mircus-ს შემთხვევით, რამდენიმე თვის წინ გადავაწყდი. მეგობარმა გააზიარა კლიპი. უცნაური მუსიკაა. თან ნაცნობი, თან კი - უცხო. როკია, მაგრამ უამრავი სხვა ჟანრის თუ სტილის ელემენტებით.

ახალი, დამწყები ბენდის საუნდი თითქოს არა აქვს - ჩამოყალიბებული, გამოცდილი მუსიკოსების ხელი იგრძნობა. თუმცა, საქართველოში აქამდე მათზე არაფერი ვიცოდით. 

ეს იმიტომ, რომ დამოკლეს სტავრიდიასი, ბავონც გევორქიანი და იგორ ფონ ლიხტენშტაინი თბილისს მრავალწლიანი განშორების შემდეგ, მხოლოდ პანდემიის დროს დაუბრუნდნენ. ეს წლები მისტერ კაიტის სახელგანთქმულ ცირკს დაყვებოდნენ გასტროლებში. მათი სახლი საცირკო არენა იყო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში აღარავის ეცირკებოდა. ბიჭებმაც ჯერ ბიშკეკს მიაშურეს, შემდეგ კი იმ ადგილს დაუბრუნდნენ, სადაც ყმაწვილკაცობა გაატარეს და სადაც ერთმანეთი გაიცნეს.

თბილისის საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლისკენ გზა სამივესთვის განსხვავებული იყო. 

დამოკლეს სტავრიადისი აქ საბერძნეთიდან ჩამოვიდა. სიყვარულმა ჩამოიყვანა. ათენის ცირკში მეგობარი კლოუნის სანახავად იყო გასახდელში შეპარული, როდესაც თვალი უმშვენიერეს აკრობატს მოკრა. გაიცნო. დაელაპარაკა. რაკიზე დაპატიჟა. მაშინვე მიხვდა, რომ მის გარეშე ცხოვრება აღარ შეეძლო. ჰოდა, საქართველოში ჩამოყვა და საცირკო ხელოვნების შესწავლა დაიწყო - მუდამ ერთად რომ ყოფილიყვნენ.

დამოკლეს სტავრიადისი

-       დღესაც ერთად ხართ?


დამოკლესი იცინის, თუმცა ეტყობა, რომ არ ეცინება.


-       არა. გველების მომთვინიერებელში გამცვალა.

-       ისევ გაქვს კონტაქტი?

-       არა, რას ამბობ. დავივიწყე.


აქ კი ბიჭები იცინიან.


მაინც ეჩატავება, ოღონდ გონია რომ არ ვიცით - ხითხითებს იგორი. 

იგორ ფონ ლიხტენშტაინი 

იგორ ფონ ლიხტენშტაინი ბელგიის მთებში ჩაკარგულ სოფელში დაიბადა. გვარი დიდებულების აქვს, თუმცა მისი ოჯახი ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს გაღარიბდა და მას შემდეგ ვერ დადგა მყარად ფეხზე. იგორი სულ პატარა იყო, როდესაც სოფელში მოხეტიალე ცირკი ჩავიდა და მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

-       სახლში რომ მივედი, ფიცი დავდე, რომ აუცილებლად კლოუნი გამოვიდოდი.

-       კი, მაგრამ, მაინცდამაინც საქართველოში რატომ ჩამოხვედი. ბელგიაში ვერ ისწავლიდი?

-       ბელგიაში სწავლა ძალიან ძვირი დაჯდებოდა. აქ კარგი სასწავლებელი გაქვთ, ფასიც ნორმალური იყო...

ცირკთან კავშირი მანამდე მხოლოდ ბავონც გევორქიანს ჰქონდა. დედა ახლაც სევანის ცირკის დირექტორია, მამა კი - ჟონგლიორი.  

ბავონც გევორქიანი

-       პროფესიაზე აი, საერთოდ არ მიფიქრია. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ოჯახის საქმეს გავაგრძელებდი.  

-       და თბილისში როგორ აღმოჩნდი?

-       ბაბუაჩემი ავლაბარში ცხოვრობდა და ანდერძით პატარა სახლი დამიტოვა. ვიფიქრე, თან კარმიდამოს მივხედავდი, თან ვისწავლიდი...

ერთმანეთი მაშინვე იპოვეს. სამივე უცხოტომელი იყო. სხვა მეგობრები სასწავლებელში არც ყოლიათ. ერთად დასახლდნენ ბავონცის ბაბუის სახლში. ერთად გარიცხეს. ერთად მიაკითხეს მისტერ კაიტის ცირკს და იმოგზაურეს მსოფლიოს გარშემო...

-       მისტერ კაიტზე ხომ არ გვეტყოდი რამეს?


სამივე ჩუმადაა. იგორი რაღაცის თქმას იწყებს და ვერ ახერხებს. სლუკუნებს. დამოკლესი მიხსნის, რომ მისტერ კაიტი მამასავით უყვართ და საშინლად ენატრებათ. მერე თავადაც იცრემლება.


-       კარგი, მაშინ შევეშვათ ამ მძიმე თემას. ბენდის ჩამოყალიბება როგორ გადაწყვიტეთ?

-       აი, ეგ ნამდვილი ბედისწერა იყო!

მისტერ კაიტის ცირკის დახურვის შემდეგ განგებამ სამივე ბიშკეკის კლინიკაში მოახვედრა. დამოკლესი აკრობატის დავიწყებას ცდილობდა. არ გამოუვიდა, მაგრამ სიმღერა ისწავლა. 

ბავონცი ყოველ ღამით სიზმარში ქვას დასდევდა და მეგობარმა მკითხავმა უთხრა, მაგისგან თავს მხოლოდ ბიშკეკში დაიხსნიო. ახლა თავად დასდევს ხოლმე სიზმარში ქვას. 

იგორი კი სულ სიტარაზე დაკვრაზე ოცნებობდა და არ გამოსდიოდა. ნაცნობი ყირგიზი მომთვინიერებელი შეპირდა, ბებიაჩემი გასწავლის, ჰიპნოზითო. თუმცა, ბებო უკვე ძალიან მოხუცი იყო და შეცდომით გიტარაზე დაკვრა ასწავლა.

პანდემიისას რა სხვა საქმე ქონდათ. ბარემ ჯგუფი შევკრათო თქვეს და დაკვრა დაიწყეს. თბილისში ჩამოსულებმა კი ახალგაზრდობის საყვარელ ადგილს - კლუბ UR-ს მიაკითხეს. კლუბი მრავალი წლის დაკეტილი დახვდათ. ამან ვერ შეაჩერათ - შეიპარნენ და მაშინვე პირველი კლიპი ჩაწერეს.

ერთ სიმღერას მეორე მიყვა. კლიპს კლიპი დაემატა. იუთუბზე ატვირთეს. ხალხმა ნახა. ჯერ ერთ-ორი თაყვანისმცემელი გაუჩნდათ. შემდეგ სხვებს უთხრეს - ნახე, რა მაგარი რამეაო. ასე გავიცანი მეც. ჰოდა, აი, მეც გიზიარებთ. თქვენ კიდევ შემდეგ სხვას აჩვენებთ. ბენდიც ასე, ვირტუალურად გააგრძელებს მოგზაურობას...

-       რამე ისეთი გვითხარით, რაც თქვენზე არავინ იცის.

-       ჩვენზე ისედაც არავინ არაფერი იცოდა - ბურდღუნებს იგორი - ეს რანაირი შეკითხვაა? - თუმცა, დამოკლესს ეღიმება - ვიცი, რაც უნდა გითხრაო. 

-       ბავონცს ყოველთვის ძმრიანი წინდები აცვია. ერთხელ ჩააცვა მისტერ კაიტმა, ავად როცა იყო. არ უშველა, მაგრამ შეგრძნება მოეწონა. მას შემდეგ სხვანაირად ვერც უკრავს.

დამოკლესის სიტყვების დასადასტურებლად ბავონცი შარვლის ტოტს იწევს. მართლაც, სველი წინდები აცვია, რომელსაც მძაფრი სუნი ასდის.

-       საყვარელი საჭმელი?

დუმან. შემდეგ, თითქოს შეთანხმდნენო, სამივე ერთდროულად, სიტყვის უთქმელად მაქცევს ზურგს და მიდის. უკვე კარგა შორს იყვნენ წასულები, როდესაც იგორი მობრუნდა და შორიდან დაიძახა:


-       ჩირბული! ჩირბულია საყვარელი საჭმელი! ახალ კლიპს დავდებთ მალე და ნახე! 


შემდეგ სამივე მოსახვევში გაუჩინარდა. თითქოს არა ყოფილანო. შორიდან ქარმა ვალსის ხმა და ცხენის ჭიხვინი მოიტანა. 

ავტორი: ნიცა ნასრაძე