დეკემბერი 20, 2022
ყოველ წელს, დეკემბრის დადგომასთან ერთად, ზამთარს სიცივე და სუსხი მოაქვს. ჩვენ კი მოუთმენლად ვიწყებთ იმ დღეების მოლოდინს, როდესაც საახალწლო სამზადისში ჩართული ხალხის ჟრიამულს და ჩვენთვის ნაცნობი ადგილებიდან საშობაო მარშის ხმას გავიგონებთ.
ეს ნიშანია, რომ შობის ღამე უკვე ძალიან ახლოსაა
24-25 დეკემბერს, ფაბრიკა ტრადიციულად 2 დღიან საშობაო ბაზრობას უმასპინძლებს. ფაბრიკაში მოსულ სტუმრებს ადგილზე ქართველი სტარტაპერების საახალწლოდ მორთული დახლები, უამრავი საინტერესო ნივთი, სასუსნავი, შობა-ახალი წლისთვის შესაბამისის სასმელები და საახალწლო განწყობა დახვდებათ.
წელს, საშობაო ბაზრობაზე სტარტაპერის დახლსაც იპოვი. სადღესასწაულო ჯიხურში ბაზრობაზე შეძენილ საჩუქრებს უფასოდ შეფუთავ და საგულდაგულოდ შერჩეულ ნივთებს კიდევ უფრო ფერად და განსაკუთრებულ საჩუქრებად გადააქცევ.
წლების განმავლობაში, ფაბრიკის საშობაო ბაზრობა ძალიან ბევრი ადამიანისთვის ტრადიციად იქცა და წელს, ფაბრიკა განსაკუთრებული თავგადასავლისთვის რამდენიმე სიახლეს გეგმავს.
საბავშვო პროგრამა
24-25 დეკემბერს, ფაბრიკა და Kids Event-ი ბავშვებს სადღესასწაულო გასართობ პროგრამას სთავაზობს. 14:00; 16:00; 18:00 და 20:00 საათზე, საათნახევრიანი პროგრამის ფარგლებში, ბავშვებს საშუალება მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ ყველაზე განსხვავებულ საახალწლო აქტივობებსა და ვორქშოპებში. ასევე, პროგრამის ნაწილია Dress up party, გუნდური აქტივობები და ფოტოსესია. ღონისძიებაზე წინასწარი რეგისტრაციის ბმული ნახე აქ.
ორი დღის განმავლობაში, საღამოობით ფაბრიკადან სწორედ იმ საშობაო მარშს გაიგონებ, რომელსაც ასე ელოდი. მოსიარულე მარში ფაბრიკას ეზოს საღამოობით, 18:00 და 20:00 საათზე გაახალისებს.
24 დეკემბერს კი, კამორა ვალდორფის სკოლის ორკესტრს უმასპინძლებს, სადაც მოსწავლეები მშობლებთან ერთად გამორჩეულ საშობაო კონცერტს შემოგთავაზებენ.
ქართველი სტარტაპერები
სტარტაპერები შენთან შესახვედრად უდიდესი ენთუზიაზმით, იმედითა და მოლოდინებით, ემზადებიან. ყოველ წელს, ფაბრიკის გუნდი მათ დიდი სიფრთხილით არჩევს, რათა ყველაზე განსხვავებული, მრავალფეროვანი და საინტერესო ქართული პროდუქტები წარმოგიდგინონ. მათ დახლებზე აღმოაჩენ საქართველოში დამზადებულ აქსესუარებს, ტანისამოსს, ტკბილეულს, სათამაშოებს, კერამიკის ნაკეთობებს და სხვა უამრავ საინტერესო ნივთს.
იმისათვის, რომ ფაბრიკის ეზო კიდევ უფრო ზღაპრული გამხდარიყო, სტარტაპებისთვის გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, ყველა დახლი განსაკუთრებულად და საახალწლოდ მოირთვება. ბოლოს კი, ფაბრიკას რეზიდენტები ყველაზე გამორჩეული და ლამაზად გაფორმებული დახლის მქონე სტარტაპსაც გამოავლენენ, რომელიც მომავალი წლის საშობაო ბაზრობაზე უფასოდ მიიღებს მონაწილეობას. ასე, რომ ეზოში სეირნობისას, ყურადღებით დაათვალიერე დახლები და შეარჩიე შენი გამარჯვებული.
შევხვდებით ფაბრიკაში 24-25 დეკემბერს!
13:00 საათიდან 21:00 საათამდე
ავტორი: ქეთევან ჯულუხაძე
ფოტო: საბა შენგელია, გიორგი ნაკაშიძე