მუსიკა | ცა

„ჩიტისთვალაჲ“ ანუ ყველაფერი კარგი, რაც ამ ზაფხულს შეეძლო შემოეთავაზებინა

Tsa.Music

სექტემბერი 21, 2020


წელს ცოტა ვიყავით თუშეთში. ამიტომ საფიქრალი და სალაპარაკო უფრო ბევრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ თუშეთში ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალის მოწყობას არაერთი კონტექსტი შეიძლება მოეძებნოს, წელს თითოეული ლაივის მოსმენის დროს მარტო ერთი, ჩემთვის ძალიან ახალი კონცეპტი ავიკვიატე. ვფიქრობდი, რომ ჩიტისთვალას თითოეულმა პერფორმანსმა ამ ერთ იდეას უტრიალა და ამაზე დაწერა ღირდა.

Tete Noise, ანუშკა ჩხეიძე, Zesknel, Ryogyry, Vazhmarr, Ben Wheeler, A bier to Necropolis, NUM, Tornike Karchkha, Sujari Britt, Tusagi, მარი ხაჩიძე, პაატა კარხილაური – „ჩიტისთვალა“ ფესტივალი წელს ნამდვილად არ შეუწუხებია ერთფეროვნებას და ერთეროვნებას. 

ექსპერიმენტული მუსიკის მოსმენა საკმაოდ ჩახლართული მენტალური პერფორმანსია. ეს ჟანრი ზედმეტად ბევრ კითხვას გასმევინებს, ისეთ რამესაც გასმენინებს, რისი მოსმენაც სულ არ გჭირდება და მაინცდამაინც შეიძლება არც გინდა. მაგრამ მუსიკალურ მიმართულებებს შორის ეს ჟანრი ყველაზე მეტად სცემს პატივს ინსტიქტებს და ყველაზე მეტად მეგობრობს ცნობისმოყვარეობასთან. ძალიან მარტივია ეს ხმები გიყვარდეს და ასევე ძალიან მარტივია უბრალოდ შეწუხდე და  გახვიდე. ამ ორ უკიდურესობას შორის გამოკიდებაა მთელი პერფორმანსი და ამ დროს გარემოსგან მხარდაჭერის გარეშე ცოტა ძნელია. 

“ჩიტისთვალა”-ზე ზუსტად სივრცის და ხმების ეს მხარდაჭერა იყო აღმოჩენა: იმასთან ერთად, რომ თუშეთი რადიკალურად ტრადიციულია და ამ ტრადიციებისგან გადაცდომებს ნაკლებად გპატიობს, ასევე ქმნის რადიკულად ექსპერიმენტალურ და ნეიტრალურ გარემოს ადამიანის აკვიატებებისთვის. სივრცეა რაღაცნაირად უჩვეულო, მთებით ჩატეხილი, თან შიგადაშიგ ძალიან ბრტყელი, ცხელიც და ძალიან ცივიც, ტყიანიც და ქარიანიც. ამ უსწორმასწორო და კომპლექსურმა ლადშაფტმა მუსიკაც ისეთი მიიღო, როგორიც თვითონ არის. და მეც აშკარად არ ვიყავი მარტო ამ აკვიატებასთან.


წელს თუშეთში ჩამოსულმა მუსიკოსებმა ეს ძალიან საჭირო და ჩვენთვის ჯერ კიდევ უჩვეულო კონტექსტი თვითონ შეკრეს:

ტრადიციებს და ექსპერიმენტებს მეგობრობა შეუძლიათ.


ტრადიციები და ექსპერიმენტები ცალ-ცალკე და ერთმანეთის გარეშე სწრაფად ცარიელდება. 

„აქთუშეთიი“-ს ფესტივალზე ალბათ ყოველ წელს ხდება ხოლმე რაღაც ახალი. წელსაც ურბანულ სივრცეში დაწყებული არაერთი ლაივ სეტის წერა მუსიკოსებმა თუშეთში დაამთავრეს და გაასრულყოფილეს. ახალი, გულწრფელი, უცნაური, ჯერ კიდევ მიუგნებელი ხმები მოვისმინეთ, ჭკვიანი და არასტანდარტული ბითებიდან soft piano sound-ზე გადავედით, ომალოს რადიო სატელიტთან მოდულარ სინთეზატორის კაბელები გავხლართეთ, რეზიდენციის ეზოშიც გავეფინეთ მოსასმენად, მაგრამ რა გასაკვირია და ფესტივალს წელსაც ჰქონდა ჰაილაითები: 

Dark, slow და გოთური ბითების მორგება იყო ახალი თუშეთისთვის. სკოტის და ნიკის (A bier for Necropolis) ამ ფესტივლისთვის შექმნილი კოლაბორაცია და ცოცხალი, იქვე ჩაწერილი და ჩვენს წინ განვითარებული ხმები დიდხანს დარჩა; პერფორმანსის შემდეგ დიდხანს ვერ გამოვდიოდით ამ ახალი მდგომარეობიდან. 

მეორე და ძალიან კეთილი ჰაილაითი - პატე.

პატეს მუსიკა ის მუსიკაა, რომელიც თბილისიდან არ ჩაგვიტანია, მაგრამ თუშეთში დაგვხვდა. იქ დაიბადა, იქ განვითარდა და შეინარჩუნა ყოველგვარი ეთნიკურ-ისტორიული კონტექსტიც. ბალალაიკაც ალბათ იმიტომ, რომ მაშინ, როცა პოლიტიკური საზღვარი არ საზღვრობდა, თუშეთში ბალალაიკა ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოვიდა და თუშების ხელში ჩავარდა. 

„ჩიტისთვალა“-ზე პატეს სიმღერა ურბანული სივრციდან ასული ხმების შემდეგ არ იყო უბრალოდ გასატარებელი ფაქტი. ზუსტად აქ დამიკმაყოფილდა ის აკვიატება, რომ ტრადიციები და ექსპერიმენტები მეგობრობენ. ტრადიციები და ექსპერიმენტები ცალ-ცალკე და ერთმანეთის გარეშე სწრაფად ცარიელდება.



მთელი იმედებით, მომავალ წლამდე. 

„ჩიტისთვალა“ ფესტივლის თითოეული ლაივ პერფორმანსი შეგიძლიათ იხილოთ მუტანტ რადიოს ოფიციალურ FB გვერდზე: Mutant Radio

ავტორი: ნინო დავაძე