სიახლეები

აქ.ახლა „ჩართე“ მობაილ და ინტერნეტბანკში

Go Digital

ოქტომბერი 06, 2020

აქ, ახლა თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის დახმარებით, მომხმარებლებს საშუალება აქვთ საქველმოქმედო პლატფორმაზე - „ჩართე“, ნებისმიერი თანხა გადარიცხონ და ამ გზით ხელი შეუწყონ სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების ინტერნეტითა და პერსონალური კომპიუტერით უზურნველყოფას.  


დღეს ინტერნეტთან და ონლაინ რესურსებთან წვდომა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, თუმცა არსებული მონაცემების თანახმად, საქართველოში 78,000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს (აქედან დაახლოებით 20 000 უფროსკლასელს) არ აქვს წვდომა ინტერნეტზე. მათი 95% ინტერნეტის დაფარვის ზონაში ცხოვრობს, თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ახერხებს ინტერნეტის საფასურის გადახდას.

საქველმოქმედო პლატფორმა - „ჩართე“ (charte.ge) ინდივიდებსა და კორპორაციებს საშუალებას აძლევს სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს, ყოველთვიურად თუნდაც 1 ლარად, ინტერნეტი და ლეპტოპები დაუფინანსონ.


„პანდემიის პერიოდში „ჩართე“ გაასმაგებული ძალებით ამუშავდა. გაიზარდა პროექტით დაინტერესება საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხრიდან, ადამიანების უმრავლესობისთვის კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ინტერნეტის საჭიროება. ჩვენი გუნდიც კიდევ უფრო აქტიურად მუშაობს თანხის მოგროვებასა და მოსწავლეების ჩართვაზე, რომ ჩვენს ბენეფიციარებს დისტანციურად სწავლის საშუალება მივცეთ“


- რუსუდან ჯაყელი „ჩართეს“ წარმომადგენელი


თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკის მომხმარებლებისთვის „ჩართეს“ პლატფორმაზე თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა, მომხმარებელმა მობაილბანკის კომუნალური გადახდების კატეგორიაში აირჩიოს - „ჩართე“, შეიყვანოს საკუთარი ელექტრონული ფოსტის მისამართი და გადარიცხოს სასურველი თანხა.  


„ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტია, მომხმარებელს გავუმარტივოთ თანხის გადმორიცხვა - „ჩართესაც“ ციფრულ პროდუქტად აღვიქვამთ, რომელიც პირველ რიგში ადამიანებს ქველმოქმედების მარტივ, გამჭვირვალე გზას სთავაზობს. ამიტომ, ჩვენთვის ისიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს თანხის გადმორიცხვისას რაც შეიძლება ფართო არჩევანი მივცეთ. თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკი საშუალებას მოგვცემს, ის დონორებიც ჩავრთოთ პროექტში, რომლებიც გარკვეული მიზეზით ვერ/არ რეგისტრირდებიან ჩვენს პლატფორმაზე ან რომელთათვისაც მობაილბანკიდან გადმორიცხვა ბევრად უფრო კომფორტულია. ვფიქრობ, ეს ინტეგრაცია აუცილებლად დაგვეხმარება პროექტის ზრდასა და, საბოლოოდ, რაც შეიძლება მეტი უფროსკლასელის ჩართვაში“


- რუსუდან ჯაყელი „ჩართეს“ წარმომადგენელი


აღნიშნული პროექტი, თიბისისა და „ჩართეს“ რიგით მეორე თანამშრომლობაა.


Charte.ge-ს მეშვეობით და 1900-ზე მეტი ადამიანის შემოწირულობის დახმარებით, ინტერნეტზე წვდომა უკვე 900-ზე მეტ მოსწავლეს აქვს. ბენეფიციართა უმრავლესობა დევნილთა დასახლებებსა და კონფლიქტისპირა სოფლებში ცხოვრობს.