მუსიკა | ცა

“Celebrity Clouds”-ტუსია ბერიძისა და kordz-ის თანაშემოქმედება

სექტემბერი 17, 2019

ოთხი მუსიკალური ამბავი, რომელიც სამი წლის მანძილზე იქმნებოდა ორი ქართველი არტისტის ონლაინ თანაშემოქმედების შედეგად, სულ მალე ფირფიტის სახით დაფიქსირდება ქართულ დისკოგრაფიაში. ფირფიტა - “Celebrity Clouds”; არტისტები - ნატალია ბერიძე, იგივე ტუსია და ალექსანდრე კორძაია, იგივე - kordz; ლეიბლი - CES Records. ოთხი ამბავი - “Celebrity Clouds”, “Strange”, “Half-Tone Bubbles” და “Path Of Comets”. ონლაინ თანაშემოქმდების შედეგია ქვემოთ მოცემული ჩვენი ინტერვიუც ალბომზე, ქართულ სივრცეზე, ლეიბლზე და ერთმანეთზე.

ნასტია (სტია) სართანია [CES Records] - “Celebrity Clouds”-ის გამოშვების აღსანიშნავად, 18 სექტემბერს, Vodkast Record Store-ში შევიტანთ ფირფიტებს და პირველებს გვექნება შანსი მოვუსმინოთ. ასევე ამავე დღეს, ამავე ადგილას გვექნება ჩვენება და ნიკა მაჩაიძის გადაღებული ვიდეო კლიპის პრემიერა.


ალბომის ცოცხალი შესრულება 3 ნოემბერს, Leno Records-ში გაიმართება.

როგორ დაერქვა ალბომს “Celebrity Clouds” და მაინც რა ასოციაციური ველი იქმნება ამ სიტყვებით?

ტუსია ბერიძე - სახელი პირველი სიმღერის შემდეგ გაჩნდა. ეს სიტყვები ტექსტში გამოვიყენე და ნიშნავს “celebrity iCloud “ account-ებს, და კიდევ ერთ იოგას ძალიან მაგარტრენერს, რომელსაც არამარტო ყველაზე კარგად შეუძლია თავზე დგომა, არამედ სხვა ფანტასტიური უნარები აქვს, როგორც მაგალითად - ჰოლივუდის ცნობილი ადამიანების ‘ქლაუდების’ გატეხვა და საიდუმლო მასალის მოძიება… ამ სიმღერის ტექსტი მთლიანად აბსურდული და ცოტა ცინიკურია თანამედროვე სამყაროს პრობლემებისა და მათი ამაოების მიმართ. ვფიქრობ, ორივე ისე გავერთეთ ამ ფაქტზე, რომ გადავწყვიტეთ მთელი ალბომი ამ მიმართულებით წაგვეყვანა.

‘სელებრითი’ - ცნობადი სახე; ‘ქლაუდი’ - ციფრული ინფორმაციის შემნახველი ინტერნეტ სივრცე.

როგორც ალბომი - ვინ არის, რა ხასიათი აქვს, რას მიყვება, როგორ განწყობაზე მაყენებს, რას მაფიქრებს, სად ვუსმენ, დღისით თუ ღამით?

ტუსია - ვფიქრობ, ბასიანზე არასოდეს გაჟღერდება, თუნდაც იმიტომ, რომ თითქმის მთლიანად აკუსტიკურ ინსტრუმენტზეა ჩაწერილი და არა აქვს რიტმული ხაზი. ეს არის ბალადები, ამბები, მოთხრობილი სხვადასხვა მდგომარეობიდან, ადგილიდან და დროიდან. ასეთ ალბომებს “concept albums” ვეძახი, რადგან ის ერთი იდეით არის შეკრული და ეს იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მუსიკა და ტექსტი ხშირად ემიჯნება ერთმანეთს. მაგონებს ბავშვურ უდარდელობას შეცდომებისა და არეული ოთახების მიმართ; ბავშვურ თამაშს, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელია თავის ნებისმიერ გამოხატვაში და ის არ ისახავს მიზნად ბრყინვალე, დახვეწილ შედეგს.

"ამ თამაშში იმდენივე სილაღეა, რამდენიც სევდა, რადგან ბავშვი მალე საზოგადოებრივ უაზრო და სასტიკ წესებს დაექვემდებარება და შეცდომების დაშვებას სხვა სახელი დაერქმევა."

ჩემთვის, ეს ტექსტები ასევე მოგონებებთან კავშირდება, სუნით, ხმით, ხელშეუხებლობით...

ნატალი ბერიძე (ტბა) ქართველი კომპოზიტორი და სიმღერის ტექსტების ავტორია, რომელიც ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერად ითვლება. მან 10-ზე მეტი ჩანაწერი გამოაქვეყნა ისეთ ლეიბლებზე, როგორიცაა კიოლნში დაფუძნებული Max.E, ბერლინში დაფუძნებული Laboratory instinct, CMYK, Chainmusic, CES Records და ბერლინის Monika Enterprise, რომელიც მის მთავარ ლეიბლად იქცა. ბერიძესთან ერთად მუშაობდნენ: თომას ბრინკმანი (Thomas Brinkmann), AGF (Antye Greie), გადრან გათი (Gudrun Gut), იორგ ფოლერტი (Joerg Follert), მარკუს შმიკლერი (Marcus Schmickler), ნიკა მაჩაიძე, იგივე - ნიკაკოი, სონა (Sonae), რიუიჩი საკამოტო (Ryuichi Sakamoto), გაჩა ბაქრაძე, ალექს კორძაია.

ონლაინ თანაშემოქმედებაც ერთგვარ თამაშს ჰგავს, თანამედროვე თამაშის წესებით... როგორია შემოქმედებითი პროცესი ონლაინ ფორმატში?

ტუსია - ყველაზე მარტივი ჩემთვის, რადგან ბევრად გათავისუფლებული ვმუშაობ როცა სტუდიაში მარტო ვარ. ალექსანდრე მიგზავნიდა მუსიკას - სკეჩებს, ზოგჯერ - დასრულებულ სახეს ვაზლევდი, ვამატებდი ჰარმონიას, საუნდებს, ზოგჯერ ვტოვებდი როგორიც იყო. ვწერდი ტექსტს და ვიწერდი ვოკალს. შემდეგ - ვუგზავნიდი...


kordz - ონლაინ თანაშემოქმედება, ერთი მხრივ, ძალიან საინტერესოა. აგზავნი ერთს, გიბრუნდება მეორე... თუ არ მოგწონს, რაც გიბრუნდება, ვერც ვერაფერს იზამ, იმიტომ რომ პროცესში არ იყავი ჩართული… ტუსიას შემთხვევაში, პირველივე წუთზე მიყვარდებოდა მისი ტექსტები და მელოდიები… თუმცა, თვითონაც ზედმიწევნით არჩევდა, კონკრეტულად რომელ ტრეკზე ემუშავა... ჩემი სკეჩებიდან, ტუსიამ ძირითადად იმპროვიზაციები შეარჩია, შესრულებული ძველ, ატონალურ პიანინოზე და სპონტანურად ჩაწერილი ყველა ხარვეზით, თუ გარედან შემოსული ხმაურით. საკუთარი ხმით ჩაწერა მელოდიები და ჰარმონიები, დაამატა ახალი საუნდები ან სულაც, საერთოდ ახალი ნაწილები, როგორც ტრეკში - “Half-Tone-Bubbles”. აქ მუსიკა სტროფებისთვის დავწერე, მან კი საგუნდო ჰარმონიები და მელოდიები განავითარა.

ალექსანდრე კორძაია, იგივე kordz, ქართველი კომპოზიტორია. მცირე ასაკში, შვეიცარიაში გადასვლის შემდეგ, პროფესიონალურად შეისწავლა ფორტეპიანო და დასარტყამი ინსტრუმენტები, აუდიო დიზაინი და აკუსტიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნება. ელექტრონულ მუსიკაზე მუშაობა მალევე დაიწყო. კორძაია ამჟამად ჰააგაში (ნიდერლანდები) სწავლობს, სადაც კომპოზიციაში მაგისტრის ხარისხს ასრულებს. ის გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორიცაა: Prrrrrrrr Records, Medschool Records, Hospital Records, Majestic Casual Records. წერს ელექტრონულ მუსიკას აკუსტიკური ინსტრუმენტებისა და ორკესტრებისთვის: Junge Norddeutsche Philharmonie, ქართული ფილარმონიული ორკესტრი, Residentie Orchestra (ჰააგა), Dortmunder Philarmoniker, ცაგარელის სიმებიანი ორკესტრი, Nieuw Ensemble (ამსტერდამი) და Kluster5 (ჰააგა).

როგორ შედგა ტანდემი?

ტუსია - სპონტანურად. მე და ალექსანდრე თითქმის ნათესავები ვართ. მას მისი ღრმა ბავშობიდან ვიცნობ და როგორც კი მოვისმინე მისი პირველი ტრეკი, ეგრევე მომინდა რამის ერთად გაკეთება. მგონია, რომ ადამიანები ან შედგებიან ერთად როგორც თანაავტორები და ამას ძალისხმევა არ დაჭირდება, ან არ შედგებიან, როგორც არ უნდა ეცადო. ჩვენ გაგვიმართლა, ყოველ შემთხვევაში, ამ პროექტზე მუშაობისას.


შენ - როგორც ავტორი/თანაავტორი და შენ, როგორც მსმენელი


ტუსია - ახლა უკვე ვუსმენ. წავიდა ხელიდან. არ მიყვარს დიდ ხანს მფლობელის მდგომარეობაში ყოფნა, ამ შემთხვევაში თანა- მფლობელის... ეს მუსიკა ახლა უკვე მსმენელისაა და მეც ასე ვუსმენ... და მომწონს.


ჩვენ - რა გველოდება “სელებრითი ქლაუდზე”?


ტუსია - რამდენიმე ძალიან საინტერესო ვიდეო და ალბათ, რაც მთავარია, მოგზაურობა დროში და სივრცეში, მივიწყებულ წამებში ბავშობიდან და მომავლიდან.


მადლობის ველში ნახსენებია მარინა ცვეტაევა, ემილი დიკინსონი, როგორც ვხვდები, მადლობა მათ შთაგონებისთვის ეკუთვნის?


ტუსია - სიმღერის ტექსტებს სულ ასე ვწერ, ჯერ საყვარელ პოეტებს ვკითხულობ, ვეძებ ორ ჯადოსნურ სიტყვას, რომელიც ინსპირაციას მომცემს და ამ სიტყვებს შემდგომ ტექსტში ხშირად ვიყენებ. ამ შემთხვევაში ეს ორი პოეტი იყო და ასევე ამერიკელი პოეტი Frank o’Hara...

მადლობა:ნიკა მაჩაიძე, ფრენკ ო’ჰარა, მარინა ცვეტაევა, ემილი დიკინსონი, კანიე ვესტი, ირინა ბლიაძე, ლიზა ასათიანი, ნანიკო შიხაშვილი, გიორგი გვარჯალაძე, გიუნტერ შტოპელი

აღმოჩენა - შემოქმედებითი პროცესის დროს აღმოჩენილი ნიუანსები, რომელსაც, დიდი ალბათობით სხვა პროექტებშიც გამოიყენებთ...

ტუსია - ალექსანდრესგან ვისწავლე საუნდის მიმართ უფრო ყურადღებით ყოფნა, პატივისცემა და მისი სიღრმისეული გაგება.


kordz - პირველად, როცა ტუსიამ გადმომიგზავნა ჩემი სკეჩებიდან დამუშავებული მასალა, მაშინვე მომინდა რაღაცის “გაუმჯობესება”... უკეთესი ჟღერადობა, უფრო საინტერესო, უფრო გამოკვეთილი, სუფთა, მსუყე და ა.შ. იმ ხანგრძლივი დროის მანძილზე, რაც ამ ოთხი სიმღერის შექმნას დაჭირდა (თითქმის 3 წელი), ვისწავლე, რომ უფრო მეტად უნდა მოვდუნდე… ვუსმინო იმას, რაც არსებითია ტრეკისთვის. “ტუსიას გადმოგზავნილი ‘თრეში მიდი-პიანოს’ ნაწილი, მაინცდამაინც უმაღლესი კლასის სტუდიაში Steinway Grand-ზე უნდა ჩავწერო?” - ამ კითხვას ჩემს თავს არასდროს დავუსვამდი 3 წლის წინ, ახლა კი - ყოველთვის, რადგან “უკეთესია”, თუ “უარესი”, დამოკიდებულია უშუალოდ ტრეკზე და არა ხარისხის რაღაც სტანდარტებზე.

kordz - მისი შემოქმდება და რაში ვლინდება ის, როგორც kordz?

ტუსია - ის საუნდის ნამდვილი ‘პროფია’, მე - არა. ჟღერადობას ამდენ დროს არასდროს ვუთმობ და ჩემს მზა მასალასაც პროფესიონალებს ვანდობ ხოლმე დასამუშავებლად. ალექსანდრეს კი იმდენად კარგად ესმის ეს სფერო, რომ მის დამუშავებულ მასალას მასტერინგი თითქმის არ სჭირდება. ალექსს რაც ეხება, შემიძლია უამრავ რამეზე წერა... ყველაფერი საინტერესოა და ახალი ჩემთვის. ალბათ, ამიტომ გამოგვივიდა ეს ტანდემი.

ტუსია?

kordz - მომწონს მუსიკა, რომელშიც ვპოულობ ისეთ ნაწილებს, პატარა დეტალებს, სულ თან რომ დამყვებიან. ეს შთამაგონებს, რომ ვაკეთო რაღაც ახალი. ტუსიას მუსიკაში ბევრია მსგავსი მომენტი, ჰარმონიის მცირედი ცვლილება, პატარა ეფექტები, მელოდიური მომენტები, რომელიც ჩემს თავში შეიძლება სამუდამოდ დარჩეს… ასე რომ, მის მუსიკას, დიდი ხანი ვუსმენდი, როგორც შთაგონებას. (ვფიქრობ, ამას ჩემს ტრეკებშიც შეიგრძნობ). შეიძლება, სწორედ ამიტომ ვგრძნობდი, რომ ის ზუსტად ისე განავრცობდა სიმღერას, როგორც ამას მე ვიზამდი… #magic

ფირფიტის გაფორმება, რომელიც შეასრულა თეა ჯორჯაძემ, გადმოსცემს მუსიკის უპირობობის (“ყველაფრისმიუხედაობის”) კონცეფციას. თითქოს, არაფერი აქვს საერთო არც “სელებრიტებთან”, არც მათ ღრუბლებთან/ქლაუდებთან... უბრალოდ, ნახევრად ჩამოღვენთილი სანთლის სევდასა და სილამაზეს გამოხატავს.

ქართული სივრცე - არსებობს? იქნებ უკვე ერთი უნივერსალური სივრცის ნაწილი ვართ, იქ სადაც თანაშემოქმდება ონლაინ ხდება… იქნებ, პირიქით, არის მოთხოვნა და ფასეულობა იმაში, რომ პროდუქტის წარმომავლობას გაესვას ხაზი…

ტუსია - არ ვიცი თუ სწორედ გავიგე ეს კითხვა, მაგრამ ჩემთვის ონლაინ კოლაბორაცია უკვე დიდი ხნის წინ დაიწყო და ეს პროცესი ჩემთვის ბევრად სიღრმისეული და დასრულებულია, ვიდრე ბენდის პრინციპით მუშაობა. ალბათ იმიტომ, რომ სოლო არტისტი ვარ და ვერ წარმომიდგენია მუსიკის წერის პროცესის სხვასთან გაყოფა. რაც წარმომავლობას ეხება, ავტორები დეტალურად წერია ყველა ფირფიტაზე, თუ ინტერნეტში. ანუ - ონლაინ მუშაობით არავის შრომა არ იკარგება.


kordz - ჩემი წარმოსახვით, საქართველოში უნდა იყოს სრულიად განსხვავებული, გიჟური მუსიკის სცენა, რომელიც გამოირჩევა მსოფლიოს სხვა მუსიკალური სცენებისგან და ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რაღაც ახალი თემი... ახლა, მთავარი კითხვაა - “ტექნოს უკრავ, თუ ჰაუსს?”- თუმცა, ყველაფერი ვითარდება. ვფიქრობ, რაც უფრო ძლიერი იქნება ქართველ არტისტთა საზოგადოება, და რაც უფრო მეტად დავფიქსრიდებით მსოფლიო მასშტაბით, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვისაც.

სტია [CES] - ქართული პროდუქტი ერთაზროვნად არსებობს და ამას წყალი არ გაუვა, თუმცა კი რამდენად ნაწილია უნივერსალური სივრცის, ეს უკვე სხვა თემაა. ვფიქრობ თანამედროვე უნივერსში, სადაც მუსიკის მოსმენა სრულად სტრიმინგზეა გადასული და ქვეყანა, რომელშიც ‘Spotify’ არ არის წარმოდგენილი, ვერანაირად ვერ გახდება სრულფასოვანი უნივერსის ნაწილი. ყოველ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდება. თუმცა, პირადად ჩემთვის, მუსიკა რომელიც ყველაზე განსაკუთრებულად მიყვარს და გულში მრჩება, ნაკლები პოპულარობით სარგებლობს და იშვიათად აქვს მილიონობით სტრიმი . ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა ქართული კონტენტის გლობალიზაცია, როგორი სირთულეც არ უნდა იყოს გზაში.

ლეიბლი - ზემოთქმულიდან გამომდინარე, რამდენად საჭიროა ლეიბლი რომ ლოკალური პროდუქტი გლობალურად გახდეს წარმატებული?

სტია - ლეიბლის არსებობა მნიშვნელოვანია... პირველ რიგში, კარგია როდესაც არტისტი მხოლოდ შემოქმედებაზე ზრუნავს და შეუძლია ლეიბლს დაეყრდნოს, რომელიც, თავის მხრივ, იზრუნებს პროდუქტის გლობალიზაციაზე. საკმაოდ ბევრია დამოკიდებული ლეიბლზე, თუ როგორ მიაწვდის პროდუქტს მომხმარებელს და რა გზებს აირჩევს იმისთვის რომ ესა თუ ის პროდუქტი მნიშვნელოვანი ინდუსტრიის ნაწილი გახადოს.

ძლიერი ლეიბლი მუსიკოსს ისევე სჭირდება როგორც ლეიბლს ძლიერი მუსიკოსი.

CES Records ახალთახალი ლეიბლია, ის მხოლოდ არსებობის 9 თვეს ითვლის, თუმცა, ამ 9 თვის მანძილზე უკვე შეძლო მეოთხე მნიშვნელოვანი ნამუშევრის გამოშვება “Celebrity Clouds”-ის სახით. ნატალია ბერიძე ლეიბლის დიდი ნაწილია მისი დაარსების დღიდან. პირველი გამოშვების -”Sleepers Poets Scientists” კონცეფციის თანაავროტია და მათი მონაწილე არტისტების პედაგოგი. ისე რომ ნატალიას და კორძის ‘რილისის’ გაკეთება ძალიან ბუნებრივი მოვლენა იყო და ეს ნამდვილი საჩუქარია ლეიბლისთვის.

რა იგეგმება სელებრითი ქლაუდთან დაკავშირებით?

სტია - მსოფლიო ‘რილისი’, რამდენიმე ვიდეო და ლაივ კონცერტი.

ალბომზე მუშაობდნენ:

მუსიკა: kordz / ნატალია ბერიძე

ტექსტი - ნატალია ბერიძე

ვოკალი - ნატალია ბერიძე

“Celebrity Clouds”, მიქსი - დანიელ დეტვილერი და kordz

“Strange”, “Half Tone Bubbles” და “Path Of Comets”, მიქსი - გვაჯი და kordz, Gvaji Records.

ჩანაწერების დამუშავება - გვაჯი და kordz, Gvaji Records

გაფორმება - თეა ჯორჯაძე

გრაფიკული დიზაინი - ლიზა ასათიანი და ნანიკო შიხაშვილი, Design Kantora

წარმოების მხარდაჭერა - EQX-Music

ავტორი: ნინო კაკიაშვილი