თებერვალი 21, 2023
თანამედროვე ბიზნეს ეკოსისტემაში სტარტაპერები უკვე არც ისე ცოტა ხანია, გამოჩდნენ და მათი ინოვაციური იდეები ამ ინდუსტრიაში ნელ-ნელა თამაშის წესებს ცვლის, ახალ პროდუქტებს ქმნის და ყოველდღიურობას ამარტივებს. იმავე მისიას — ადამიანების ცხოვრების გამარტივებას — ემსახურება თიბისიც, რომელმაც წლებია, პროგრამა სტარტაპერი დააარსა.
ეს უკანასკნელი მცირე ბიზნესებს ტრენინგებს, კონსულტაციებს, ფინანსურ დახმარებასა თუ მედიამხარდაჭერას სთავაზობს. პროგრამის ნაწილია სტარტაპ ისტორიები, ბლოგების სერია, რომლითაც თიბისი საზოგადოებას აქტიურად აცნობს ახალბედა ინოვაციურ კომპანიებს დიდი მიზნებით.
ამ ბლოგში CARTUNE-ზე მოგიყვებით, რომელიც ავტომობილის მძღოლებსა და ხელოსნებს შორის ურთიერთობას ამარტივებს. უფრო კონკრეტულად, ეს პატარა კომპანია ქმნის და ავითარებს ავტოსახელოსნოების შესადარებელ პლატფორმას, სადაც შედარების მთავარი კრიტერიუმებია: ფასი, სანდოობა, ადგილმდებარეობა და თავისუფალი დრო. Სანდოობას მომხმარებლის მიერ დაწერილი რეიტინგი განსაზღვრავს, სასურველი სახელოსნოს შერჩევის შემდეგ კი ვიზიტის დაჯავშნაა შესაძლებელი.
“CARTUNE-ის მისიაა, საავტომობილო მომსახურების სფერო გაცილებით პოზიტიური, ცოცხალი, სანდო და ფერადი გავხადოთ. პროფესიონალ და კეთილსინდისიერ ავტოხელოსნებს ფართო აუდიტორიასთან მიწვდომაში ვეხმარებით, ხოლო მძღოლებს იმ პრობლემებს ვუგვარებთ, რომელიც მათ ყოველდღიურობას სტრესულსა და უსიამოვნოს ხდის”,- გვიყვება თომა ფირცხელანი, CARTUNE-ის CEO და თანადამფუძნებელი.
გუნდს ყოველთვის უნდოდა, რაიმე ჭეშმარიტად ღირებული შეექმნა და ადამიანების ცხოვრება უფრო მარტივი და ბედნიერი გაეხადა. სწორედ ამ დროს შეიტყვეს სტარტაპ აქსელერატორი Startup Drive-ის შესახებ.
“ბევრი ვიმსჯელეთ, რა დადებითი გავლენა შეგვეძლო მოგვეტანა საავტომობილო სფეროში და საბოლოოდ CARTUNE-ის შექმნის იდეა გავიჩნდა. ამ იდეით მოვხვდით Startup Drive-ის აქსელერატორში, ამის შემდეგ კი ჩვენმა თავდაუზოგავმა შრომამ და მონდომებამ განაპირობა, რომ 150 საწყისი იდეიდან CARTUNE ამ აქსელერატორის გამარჯვებული გახდა და 100,000 ლარის ინვესტიცია მოიპოვა”, - იხსენებს თომა.
მოგეხსენებათ საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 85% წლოვანებით 10 წელზე ძველია. ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ავტომობილის, როგორც ფუფუნების საგნის შეძენა ბიუჯეტურად ურჩევნია. გამომდენარე აქედან, მისი შეკეთება და გამართვაც მცირე და საშუალო ავტოსახელოსნოებზე მოდის.
“დღეს ამ კალიბრის ავტოსახელოსნოები უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან, რაც მომხმარებლის უკმაყოფილებაზეც აისახება. მიუღებელი დრო და ხარისხი, არაობიექტური ფასები, სირთულეები კომუნიკაციაში - ეს ის პრობლემებია, რომელთა პრევენციაზეც ჩვენი გუნდი არასრული ერთი წლის განმავლობაში თავჩაუხრელად მუშაობს”, - ამბობს სტარტაპის მარკეტერი, დავით ჯიშკარიანი და ამატებს, რომ ამ ფართო სეგმენტის არჩევის მიზეზი სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნის სურვილი იყო.
ბაზარზე არსებულ კონკურენტებზე საუბრისას დავითი და ზოგადად მთელი გუნდი ფიქრობს, რომ თუ ღირებულ და საჭირო პროდუქტს ქმნი და კონკურენტი არ გყავს, რაღაცაშია საქმე… ან სინამდვილეში არავის სჭირდება შენი პროდუქტი, ან ულტრა თანამედროვე პროდუქტი გაქვს, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
“რაღა თქმა უნდა, CARTUNE-საც ჰყავს არაერთი ლოკალური კონკურენტი. თუმცა ჩვენ კონკურენტებისგან ის განგვასხვავებს, რომ როდესაც სხვა ბიზნესებმა თავიანთ სამიზნედ მოსახლეობის ის შეძლებული 15% აირჩიეს, ჩვენ ჩვენი არჩევანი შევაჯერეთ ადამიანებზე, რომლებსაც დღის წესრიგში უამრავი პრობლემა უდგათ, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ და ჩვენი გაწვდილი დახმარების ხელი გაცილებით გაუმარტივებთ ისედაც რთულ ყოველდღიურობას”,- განმარტავს დავითი.
გუნდის აზრით, სააქსელერაციო პროგრამები სტარტაპის სწორად და სწრაფად განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი თქმით, საქართველოში არის რამდენიმე აქსელერატორი, რომლებიც სტარტაპების წინსვლაში დასახმარებლად თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს. CARTUNE-ის შემთხვევაში ყველაზე დადებითი გავლენა Startup Drive-მა და Impact Hub-მა ითამაშა.
ვფიქრობ, გულწრფელი მონდომება, ამ აქსელერატორების დახმარება და კრიტიკის სწორი აღქმა აუცილებლად მიგიყვანს გლობალურ აქსელერატორებამდე, ჩვენც Სწორედ ამ გზას ვადგავართ, გვისურვეთ წარმატებები", - თომა ფირცხელანი.
გუნდის კიდევ ერთი წევრის, ლუკა გოგოლაძის აზრით, სტარტაპერობა მუდმივი შემეცნებაა, რომელსაც თან ახლავს სწრაფი განვითარება. CARTUNE-ის CTO თვლის, რომ სტარტაპერობის მთავარი ხიბლი ბევრ მილიონ დოლარად კომპანიის გაყიდვაზე მეტად, პროდუქტის/კომპანიის განვითარებისა და ზრდის ყურებაა. დიდი სიამოვნებაა, იყო ნაწილი იმ კომპანიისა, სადაც ყველა წევრი საერთო მიზანსა და ხედვას იზიარებს.
CARTUNE-ის სამომავლო გეგმები პლატფორმის განვითარებას, დახვეწას, მომხმარებლების ინტერესებზე კიდევ უფრო მეტად მორგებასა და გლობალური ბაზრისთვის მზადებას უკავშირდება.