მარტი 13, 2025
კანის ლომების ახალგაზრდულ კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
თიბისი ახალი თაობისთვის x Cannes Lions Georgia
საქართველოში Cannes Lions 2025-ის ახალგაზრდულ კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო. შესარჩევი კონკურსი წელს 6 კატეგორიაში ჩატარდება: პრინტი, მარკეტერი, დიჯიტალი, ფილმი, დიზაინი და პიარი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
13-19 მარტი – გუნდების რეგისტრაცია
27-30 მარტი – საკონკურსო დღეები
4 აპრილი – ადგილობრივი გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება
საბოლოო შეჯიბრი ფინალისტებისთვის, ტრადიციულად, საფრანგეთის ქალაქ კანში ჩატარდება, სადაც ქართველი მონაწილეები მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესოებს საქართველოს სახელით შეეჯიბრებიან. კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის თარიღებია 16-20 ივნისი.
კანის ლომების ფესტივალის ქართული წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო წელსაც გადაეცემა წარდგენილი კანდიდატებიდან საუკეთესოს, ადამიანს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში.
კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კრეატიულ სააგენტოებს, აგრეთვე სხვა კომპანიებში/ბრენდებში მომუშავე შემოქმედებით გუნდებს და უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე სტუდენტებს.
კატეგორია „მარკეტერში“ არ არის ნებადართული კრეატიული სააგენტოების თანამშრომლებისა და ფრილანსერების/სტუდენტების მონაწილეობა; დაიშვებიან მხოლოდ კომპანიის/ბრენდის წარმომადგენლები.
თითოეულ კომპანიას შეუძლია მაქსიმუმ 6 გუნდის დარეგისტრირება თითო კატეგორიაში.
გუნდი შედგება 2 წევრისგან. მთავარი წესი: გუნდის ორივე წევრი უნდა წარმოადგენდეს ერთსა და იმავე ორგანიზაციას (კომპანიას, სააგენტოს, საგანმანათლებლო დაწესებულებას). ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაბადებულია 1994 წლის 20 ივნისის შემდეგ (არაუმეტეს 30 წლისა).
კანის ლომების ახალგაზრდულ შესარჩევ კონკურსზე რეგისტრაციის საბოლოო ვადაა: 19 მარტი, ოთხშაბათი, 23:59 საათი.
წყარო: marketer.ge