ცისფერი მთები

ველომოყვარულთა მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში

ცისფერი მთები

აპრილი 30, 2022

Caucasus Cycling Network, 2019 წელს, ენთუზიასტმა ველომოყვარულებმა შექმნეს. ორგანიზაცია კავკასიის რეგიონში ველოკულტურის განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ქალაქში ველოსიპედის ტრანსპორტად გამოყენებას, ველოტურებისა და ველოშეჯიბრებების მოწყობას გულისხმობს.

როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლები ამბობენ, კავკასიის რეგიონს წარმოუდგენლად დიდი ბუნებრივი რესურსი გააჩნია სამთო ველოგზების გასაყვანად და საერთაშორისო შეჯიბრის ჩასატარებლად. ამ ტიპის აქტივობები ხელს უწყობს რეგიონის განვითარებასა და პოპულარიზებას. 

კავკასიის ველო ქსელმა სამთო ველოშეჯიბრის სერია 2020 წელს, "Zhinvali XC adventure 2020"-ით დაიწყო. ველომოყვარულები სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა მარშრუტს არჩევენ. მიზანი ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, მათთვის ველოკულტურის გაცნობა და გაზიარებაა. 


“გაზაფხულზე, ზემო იმერეთი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დროის საინტერესოდ გასატარებლად, თუმცა, სამწუხაროდ - არც ისე პოპულარული. გვინდა, რომ საქართველოს ეს მშვენიერი კუთხე ამ მიმართულებითაც დავანახოთ საზოგადოებას, ვუთხრათ, რომ სვერის ბანაკში ჩამოსვლა, ველოტურზე წასვლა, იქვე, ტბაში ბანაობა, კლდეზე ცოცვა, მღვიმის დათვალიერება და კიდევ უამრავი საინტერესო რამის ცდა შეუძლიათ”

მარ მიხელიძე

კავკასიის ველო ქსელის ერთ-ერთი დამაარსებელი

გაზაფხულის ველოდღესასწაულს 50-ზე მეტი ველომოყვარული უერთდება როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. შეჯიბრს სვერის სათავგადასავლო ბანაკი მასპინძლობს და 15-მდე კომპანია უჭერს მხარს. 

ამ სათავგადასავლო სტილის ღონისძიებაზე ნებისმიერი ადამიანისთვის მოიძებნება ადგილი. მონაწილეები 30 აპრილს იკრიბებიან. ისინი წინასწარ გაეცნობიან საშეჯიბრო მარშრუტს - გაივლიან სვერი-მანდაეთის ტბებსა და ჩანჩქერს, სადაც ორგანიზატორებმა დროებითი ხიდი მოაწყვეს. 

როგორც მარ მიხელიძე გვეუბნება, Sveri XC Adventure 2022 ზემოიმერული გაზაფხულითაა ინსპირირებული. სვერში აყვავებული ხილის ხეები და ხასხასა მინდორი ბუნებასთან იმ სიახლოვეს აძლიერებს, რომელსაც ველომოყვარულები წლის ნებისმიერ სეზონზე განიცდიან.

ავტორი: მარიამ ბეროძე

ველოტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს