ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

გაიცანი ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები, რომლებიც დარეგისტრირდნენ ნომინაციაში "გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის".

ნოემბერი 17, 2020

Lacoaj - ლაკოაჟი

„ლაკოაჟი“ ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც აფხაზეთის ქალაქების ინსპირაციით შეიქმნა. კომპანია ცდილობს, აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და საქართველოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები ეკონომიკურად გააძლიეროს. ამ ეტაპზე „ლოკოაჟში“ დასაქმებულია 5 იძულებით გადადგილებული ადამიანი. გუნდი უკვე მუშაობს ფონდის შექმნაზე, რომლის მიზანიც აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების სწავლის დაფინანსება იქნება.

Lacoaj

Colors of Caucasus 

სტარტაპი "კავკასიის ფერები" (Colors of Caucasus) ეკო ქსოვილებს აწარმოებს. ძველად შალი და

აბრეშუმი ნატურალური საღებავებით იღებებოდა, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ეს ტექნოლოგია ქიმიურმა საღებავებმა ჩაანაცვლა და ნატურალური ღებვის კულტურა დავიწყებას მიეცა. 'კავკასიის ფერებმა' ძველ ცოდნაზე დაყრდნობით განაახლა ქართული ღებვის რეცეპტები და შექმნა კავკასიურ ფერთა უნიკალური პალიტრა. ასეთი ტიპის ქსოვილებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში იზრდება. კომპანია გეგმავს საქართველოს რეგიონებში სამღებრო სახლების გახსნას და ეკო ქსოვილების წარმოებას მოდის ბრენდებისთვის. ეს ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.

Colors of Caucasus

CRYSTAL

კომპანია CRYSTAL 24 საათიან რეჟიმში ატარებს სადეზინფექციო სამუშაოებს გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ავტომობილებში Covid-19 ის პრევენციის მიზნით. გარდა ამისა, კომპანია 24 საათიან რეჟიმში ემსახურება სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ობიექტს, მათ შორის ლტოლვილთა დასახლებებს, რომელთაც CRYSTAL-ი რამოდენიმეჯერ უსასყიდლოდ მოემსახურა. საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის თანამშრომლებს ხშირად ფორსმაჟორში უწევთ მუშაობა, რაც სასწრაფოს მანქანებისა თუ სამედიცინო დაწესებულებების დროის უმოკლეს მონაკვეთში დეზინფექციას გულისხმობს.

Violet Way Travel

კომპანია Violet Way Travel-ის მიზანია, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარი ქალებისთვის ტურისტული პაკეტის შექმნა და, ასევე, კომფორტულ, მხიარულ გარემოში შეხვედრების გამართვა სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ქალებთან, სადაც ისინი ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს გაუზიარებენ. კომპანია გეგმავს შეხვედრებს სოფლებში, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან და გამოცდილებას გაუზიარებენ სოფლად და ქალაქად ხელოვნებაში, პოლიტიკაში, მედიცინაში, ტურიზმში დასაქმებული ქალები.

Violet's Way

GGRC

GGRC  ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის მიზანია საქართველოში მაღალი ხარისხის ევროპული მომსახურების დანერგვა და უშვილობის პრობლემის მქონე პაციენტების უახლესი მეთოდებით მკურნალობა. GGRC -ში არსებული ფონდი „შენთვის“ უშვილობის პრობლემის მქონე ქართველ წყვილებს სთავაზობს უფასო კონსულტაციებს და სხვადასხვა ძვირადღირებულ პროცედურას. ფონდის ეგიდით GGRC -მა, ზაფხულის განმავლობაში, საქართველოს რეგიონები მოიარა და 1000-ზე მეტ პაციენტს გაუწია უფასო მომსახურება.

GGRC

Geo Work Safety 

Geo work safety განსხვავებული გუნდია, რომელიც ემსახურება ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საკითხების მოგვარებას უმცირესი ხარჯებით. კომპნიის მომსახურებები მოიცავს:


  • შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონითა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას
  • გამაფრთხილებელი ნიშნების განსაზღვრას
  • კომპანიაში საფრთხეებისა და რისკების იდენტიფიცირებას, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავებას ( საგანგებო სიტუაციების მართვა) და აღნიშნული სისტემის კონტროლს
  • პოლიტიკის გათვალისწინებით კონტროლის მექანიზმების დანერგვას
  • ახალი თანამშრომლებისათვის უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული წესების გაცნობას
  • პერსონალისთვის შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების ჩატარების გეგმის შედგენას და დასაქმებულებისთვის შესაბამისი სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩატარებას
  • სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პერიოდულ კონტროლს
  • ახალი ოფისების მოწყობისას უსაფრთხოების ტექნიკური სპეციალისტის მიერ შემუშავებულ პროექტის ვიზირებას და შემდგომ მეთვალყურეობის გაწევას სამონტაჟო ჯგუფების მიერ შესრულების ხარისხზე
  • ტრანსპორტთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების შექმნას და მონიტორინგს

Geo Work Safety

Granatapfel Road 

Granatapfel Road - „ბროწეულის გზა“ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა. ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში „კლინიკური და ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის" პროგრამის დამთავრების შემდეგ, რუსუდან ღუდუშაურმა გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეეტანა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების სოციო-ეკონომიურ ინტეგრაციაში. სწორედ ამ მიზნით დაარსდა „ბროწეულის გზა“, რომელიც ახალგაზრდებს სთავაზობს ტურიზმის სფეროში პროფესიული გადამზადების კურსებს და ორგანიზაციაში დასაქმების შესაძლებლობას. ორგანიზაციის მიზანია, შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, რომლებიც ახალგაზრდებს მისცემს საკუთარი ცოდნისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობას და, შესაბამისად, სტაბილურობის განცდას.

Granatapfel Road

Hotel Old House 

Hotel Old House სამი წლის წინ დაარსდა და აერთიანებს სასტუმროსა და რესტორანს მესტიაში. 2020 წლის პანდემიისგან გამოწვეული საგანგებო სიტუაციის გამო, აგვისტოში სასტუმრო საკარანტინო სივრცედ გადაკეთდა, რამაც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა გაზრდა. გუნდმა გადაწყვიტა, სვანეთში 12 დღით ჩარჩენილი სტუმრების გართობასა და გამხნევებაზე ეზრუნა, რის შედეგადაც კარანტინში მყოფი ადამიანების დღეები დაუვიწყარ თავგადასავლად იქცა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება აქციო ერთი შეხედვით მძიმე დღეები ადამიანებზე ზრუნვის დღესასწაულად.

Hotel Old House

HR Hub 

HR hub სოციალურად აქტიური კომპანიაა, რომლის მიზანიც ადამიანების დასაქმება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. 2020 წელს, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა, რამაც HR hub-ის სოცილური პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაზარდა. კომპანიამ გადაწყვიტა, დახმარებოდა უსახსროდ დარჩენილ ადამიანებს თუნდაც დროებითი სამსახურის მოძიებაში. ამ მიზნით შეიქმნა სააპლიკაციო ფორმა და სპეციალური ბაზა, რომელშიც დარეგისტრირდა უამრავი ადამიანი. HR hub -ის გუნდი მათ მონაცემებს ახარისხებს და უგზავნის სხვადასხვა კომპანიების HR მენეჯერებს. ეს პროექტი დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. 

HRhub

WESOLVIT.GE 

WESOLVIT.GE ახალი IT სივრცეა, რომელიც ბიზნეს ინდუსტრიის ტექნოლოგიურ გამოწვევებთან გასამკლავებლად შეიქმნა. პლატფორმა ბიზნეს-სუბიექტებს სთავაზობს უფასო კონსულტაციებს და მაღალი კომპეტენციის მქონე IT პროფესიონალების მიერ ინდივიდუალურად მათზე მორგებულ ოპტიმიზაციის გეგმის შემუშვებას. პლატფორმა ღიაა ერთი მხრივ ყველა იმ ბიზნეს-სუბიექტისთვის, ვისაც დახმარება სჭირდება, მეორე მხრივ კი, IT ინდუსტრიის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, ვისაც დახმარების გაწევა შეუძლია.

SolvIt

ამბებს მიღმა 

ამბებს მიღმა სოციალური მიმართულების მქონე მედია-პლატფორმაა, რომელიც ცდილობს, მედიის მიღმა დარჩენილი ამბები განსხვავებული რაკურსით გააშუქოს და ამით საზოგადოების ცნობიერება აამაღლოს. პლატფორის მთავარი სამუშაო თემებია: ქალთა მიმართ ძალადობა; გარემოს დაცვა; არჩევნების მნიშვნელობა; ლიტერატურა; ახალ ტექნოლოგიები და მათი გავლენა თანამედროვე ადამიანზე; მარტოობა, როგორც თანამედროვე მსოფლიოს პრობლემა; სოფელი; მარტოხელა დედები; ქალები, რომლებსაც ბავშვის ყოლა არ სურთ; კონფლიქტები; უმუშევრობა; მენტალურ პრობლემები და ამ პრობლემების ირგვლივ არსებულ სტიგმები; რეპროდუქცია; მენტალიტეტი; საბჭოთა წარსული და საზოგადოებრივად აქტუალური სხვა თემები. 

ამბებს მიღმა

მეგა ჰოლდინგი 

მეგა ჰოლდინგი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც, ძირითადი საქმიანობის მიღმა, ადამიანების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს. „გარემოზე ზრუნვა ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს და ამ მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯი მნიშვნელოვანია“- ფიქრობენ კომპანიის წარმომადგენლები. სწორედ ამიტომ, ერთ დღეს, გარემოზე მზრუნველი ადამიანების წასახალისებლად, ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს: ახმეტელის მეტროსთან ნაგვის ურნა მოათავსეს, რომლის გვერდითაც ნაგვით სავსე პარკი დადეს. ადამიანი, ვინც აიღო პასუხისმგებლობა და ნაგვის პარკი ურნაში ჩადო, „მეგა ჰოლდინგმა“ ბინით დაასაჩუქრა. ექსპერიმენტის მსვლელობისას, ვიდეომ დააფიქსირა, ასევე, 4 წლის ბავშვი, რომელმაც ნაგვის პარკის ურნაში ჩაგდება მოისურვა. თუმცა, თანმხლებმა პირმა მას ამის საშუალება არ მისცა. კომპანიამ არც ბავშვი დატოვა უყურადღებოდ - მის სახელზე გაიხსნა ანაბარი, რომელის საშუალებითაც კომპნია მომავალში ბავშვის განათლებას დააფინანსებს. მედიაში განთავსებულ ამ ვიდეოს საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა. 

მეგა ჰოლდინგი

მწვანე ავიაცია 

კომპანია მწვანე ავიაცია პანდემის პერიოდში, საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის პრეზიდენტის მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტის მიზანია, შეამციროს ემიგრანტებთან დაკავშირებული თაღლითობების შემთხვევები. პროექტი დღემდე აქტიურად ემსახურება მომხმარებელს, რომელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. მწვანე ავიაციამ შეითავსა საინფორმაციო ცენტრის ფუნქციაც. გუნდის კომპეტენტური წევრები კონსულტაციას უწევენ უკვე საზღვარგარეთ მყოფ თუ წასვლის მსურველ პირებს ფინანსურ, დასაქმებასთან თუ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებში. ამსთანავე, კომპანია ეხმარება მომხმარებელს, დაიბრუნონ გაუქმებული ბილეთების საფასური კლიენტზე მორგებული პირობებით.

მწვანე ავიაცია

Tiny Wonder House

ერთი წლის წინ დაარსებული ავეჯის დამზადების კომპანია Tiny wunder house-ის მიზანი მომხმარებლის მოთხოვნის, გემოვნების და გეგმების გათვალისწინებაა. სწორედ ამით დაიმკვიდრა თავი ბაზარზე და შეიძინა უამრავი ერთგული მომხმარებელი, რაც Tiny wonder house-ისთვის რეკლამის ძირითადი საშუალებაცაა. ამ კომპანიის მომხმარებელმა იცის, რომ მისი შეკვეთილი ავეჯი - საძინებლები, სამზაეეულოები, მისაღები ოთახის კარადები თუ რბილი ავეჯი, უმაღლესი ხარისხის მასალით, დათქმულ ვადაში დამზადდება. 

Tiny wunder house

ოთახი- eroom

„ოთახი- eroom“ ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ქართველ დიზაინერებსა და ოსტატებს მათი პროდუქციის რეალიზაციის საშუალებას აძლევს. მაღაზიის მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ ნაწარმს, გააცნოს საზოგადოებას ქართული პროდუქცია და მისი მწარმოებლები. იდეის დაბადებას ხელი პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა შეუწყო - მის ავტორებს სურდათ, ბიზნესებს საქმიანობის გაგრძელებაში დახმარებოდნენ და, ამასთანავე, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ საქართველოში შექმნილი უნიკალური პროდუქცია. Eroom-ის საიტს, რომელიც უკვე მეოთხე თვეა ფუნქციონირებს და უფრო და უფრო პოპულარული ხდება, მიტანის სერვისიც აქვს.

ოთახი

Eco park - „ეკო ტაქსი“ 

Eco park - „ეკო ტაქსი“ სახლებიდან და სამუშაო სივრცეებიდან ნარჩენების გატანის სერვისია. მისი მიზანი ნაგავსაყრელებზე ნარჩენების რაოდენობის შემცირებაა. „ეკო ტაქსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარკი არ მინდას“ მიერ გაზაფხულზე, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების დაწესების დროს შეიქმნა და მიზნად დახურული შემგროვებელი პუნქტების საქმიანობის კომპენსაციას ისახავს. ამ სერვისით 6 თვის მანძილზე 78 კლიენტმა ისარგებლა. მათგან 25 მუდმივი კლიენტი გახდა. ამ პერიოდში შეგროვდა 5 ტონაზე მეტი ნარჩენი. LLC Polyvim-თან თანამშრომლობის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა იმ პლასტმასას პროდუქტების სპექტრი, რომელთა შეგროვებაც „ეკო ტაქსის“ შეუძლია. სამომავლოდ „ეკო ტაქსი“ გეგმავს კორპორატიულ სექტორთან მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესების მიერ ნარჩენებთან სწორ მოპყრობას.

Eco Taxi

SPAR საქართველო

„SPAR საქართველომ“ პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან აიღო თავზე კომპანიის მასშტაბების შესაბამისი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა - მან უზრუნველყო ინფექციური საავადმყოფოს ექიმების კვება. გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და “SPAR საქართველოს“ თანამშრომლობის შედეგად, ევროპის 20-მდე ქვეყანაში მყოფმა საქართველოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებმა SPAR-ის სავაჭრო ქსელის სასურსათო ვაუჩერებით ისარგებლეს. სულ 2000-მდე სასურსათო ვაუჩერი გაიცა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, “SPAR INTERNATIONAL"-ის დახმარებით, საქართველოს მოქალაქეების მხარდამჭერი აქციის ორგანიზება მცირე დროში მოხერხდა. „SPAR“-ის ბრენდი, საქართველოს გარდა, მსოფლიოს 49 ქვეყანაში, 13 ათასზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი.

SPAR Georgia

საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა 

საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა ქვეყანაში არსებული ერთადერთი ტრენინგ ცენტრია, რომელიც იურიდიული განათლების მქონე კადრების გადამზადებაზეა ორიენტირებული. ბევრ სხვა კურსს შორის, სკოლას აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსები. სკოლაში ტრენინგებს მოქმედი მოსამართლეები და სამართლის დოქტორები ატარებენ. სხვა ტრენინგ ცენტრებისაგან განსხვავებით, რომლებიც ცდილობენ, სხვადასხვა თემატიკა მოიცვან და შესაბამისი ტრენინგები დაამატონ, საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა გამოირჩევა იმით, რომ იგი პროფილურად მხოლოდ ერთ მიმართულებას მიჰყვება.

საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა

ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკა 

ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკა წარმოადგენს სივრცეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ თავს ეძიებენ, სურთ აღმოაჩინონ ჯერ კიდევ უცნობი პიროვნული სიღრმეები და, ამავდროულად, გადალახონ ის სირთულეები, რომელთაც ფიზიკურ თუ სულიერ დონეზე აწყდებიან. ამის განხორციელებაში მათ ეხმარებიან ევროპული აკრედიტაციისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური გეშტალტ ფსიქოთერაპევტები. გარდა ადგილობრივი პროფესიონალების დახმარებისა, ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკა უზრუნველყოფს უცხოელი გეშტალტ თერაპევტების ჩამოყვანას და ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ფსიქოთერაპიული ვორქშოპების ჩატარებას. 

ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკა

IG Medical 

კომპანია LTD IG Medical სულ რამდენიმე თვეა რაც შეიქმნა. მცირე დაფინანსებისა და გამოცდილების მიუხედავად, კომპანიამ ააწყო დანადგარი, რომელიც შეძლებდა 96% სამედიცინო სპირტის დამზადებას. საწარმო სულ რაღაც 100კვ. მეტრზეა განთავსებული, მაგრამ სიმცირის მიუხედავად, მოხერხდა, ყველა სტერილური ნორმების დაცვით დამზადებული პროდუქტისა და მისი წარმოების უფლების მოპოვება – ის, რასაც, როგორც წესი, დიდი ქარხნებისა და ლაბორტორიების პირობები სჭირდება. LTD IG Medical, მისი დამზადებული სპირტის ბაზაზე, სადეზინფექციო ხსნარებსაც აწარმოებს. კომპანიის მიზანია პროდუქციის სპექტრის გაფართოება და ქართულ წარმოების განვითარებაში წვლილის შეტანა.

IG Medical

ჯიგრები

კომპანია "ჯიგრები" სივრცის მოხატვაზე მუშაობს. მაისში, როცა საქმიანობა დროებით შეჩერდა, კომპანიამ გადაწყვიტა, ბიუჯეტის ნაწილით ახალი პროექტი წამოეწყო. პროექტი „ნიკოს ეზო“ ხობის რაიონის სოფელ ხეთაში აგვისტოდან ფუნქციონირებს. ეს არის სივრცე, სადაც სოფლის მოსახლეობისთვის ვორქშოპები და ტრენინგები ტარდება. პანდემიის გამო გაჩენილი თავისუფალი დრო კომპანიამ ამ სივრცის გალამეზებასა და მოწყობას მოახმარა. ეს ერთადერთი სივრცეა ხეთაში, სადაც ადამიანებს უფასოდ შეუძლიათ განვითარებაზე ზრუნვა. კომპანია ცდილობს სოფლის ოჯახების მცირე მეწარმეებად ფორმირებას. მოსახლეობას სამეწარმეო ტრენინგები დარგის სპეციალისტების დახმარებით უტარდება. კომპანია ფლობს მცირე საოჯახო სასტუმროს და საკვებ პროდუქციას სწორედ ამ ოჯახებისგან იძენს. გარდა ამისა, ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო თემებზე საგანგებო ვორქშოპებიც უტარდებათ.

ჯიგრები - ნიკოს ეზო

hiro/ჰირო დასაქმების ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც მარტივად და ეფექტურად აკავშირებს ერთმანეთთან დამსაქმებელსა და დასაქმების მაძიებლების. პლატფორმა გამოირჩევა თავისი ფუნქციონალით, შესაძლებლობებითა და მასშტაბურობით. კომპანიის მიზანია მოვიცვას მთელი საქართველოს და რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს სამსახურის მოძიებაში, ხოლო კომპანიებს - კვალიფიციური თანამშრომლების შერჩევაში. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონებს.

ჰირო

ACT

კვლევისა და სტრატეგიული კონსულტაციის გლობალური კომპანია ACT 2002 წელს საქართველოში დაარსდა. კომპანია ძირითადად ფოკუსირებულია განვითარებად ქვეყნებზე, სადაც იგი ეხმარება კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების შექმნაში. ეისითის 3 ძირითადი მიმართულება აქვს: ეისითი ბიზნესი, რომელიც ფოკუსირდება კერძო სექტორზე და მის საჭიროებებზე, ეისითი იმპაქტი - რომელიც განვითარების პროექტებზე მუშაობს საერთაშორისო დონორებთან, მთავრობებთან და სოციალურ პარტნიორებთან, და ეისითი პოლიტიკა - რომლის მთავარი ექსპერტიზაც პოლიტიკური კვლევები და სტრატეგიული კონსალტინგია. ეისითი საერთო ხედვისა და ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებული პროფესიონალების გუნდია, რომელიც მზადაა რესურსი იმ მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების მხარდაჭერას დაახარჯოს, რასაც მისი კლიენტები და პარტნიორები - კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები - ქმნიან.

ACT

Birding Caucasus

Birding Caucasus - ეკოლოგიური ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი კომპანიაა, რომელიც აკეთებს ფრინველებზე, ცხოველებზე, ქვეწარმავლებზე, მცენარეებსა და მწერებზე დაკვირვებისა და ფოტო ტურებს ველურ ბუნებაში. მიუხედავად საქმიანობის პრესტიჟულობისა და გლობალური მასშტაბებისა, ტურიზმის ესმიმართულება საკმაოდ ვიწრო და სპეციფიურია. Birding Caucasus-ის გამოცდილებით ეკოტურიზმში გადამწყვეტია პირადი კონტაქტები, ე.წ. „word of mouth” და რა თქმა უნდა რეპუტაცია. თუმცა, ესეც არ არის წარატების ფორმულა - ძალიან მნიშვნელოვანია ქველმოქმედება გარემოს დაცვისმიმართულებით, რაც თავის მხრივ Birding Caucasus-ის დაარსების დღიდან კომპანიის ერთ-ერთიმთავარი მიზანია. კომპანიის მომხმარებლებსაც მოლოდინი აქვთ, რომ მათ მიერ დახარჯულითანხები გარკვეული ნაწილი ველური ბუნების პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას მოხმარდება.ასეთ ღონისძიებათა რიგს მიეკუთვნება: საველე კვლევები, საბავშვო საგანმანათლებლოღონისძიებები და მწვანე ორგანიზაციების დაფინანსება კომპანიის სახსრებით. გარდა ამისა,კომპანია აგროვებს მონაცემებს სახეობათა გავრცელების შესახებ, რაც საბოლოოდ მიეწოდებაგლობალურ წითელ ნუსხასა და საქართველოს გარემოსდაცვით უწყებებს.

Birding Caucasus

ლიდერქიდსი

კომპანია ლიდერქიდსი გორში მდებარეობს და ხელს უწყობს ქალების განათლებასა და დასაქმებას. შემოსავლის 5% მიმართულია სხვადასხვა სოციალურ აქტივობებეზე, უმეტესად ე.წ. გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელში მაცხოვრებელ, სოციალურად შეჭირვებული მრავალშილიანი ოჯახების დასახმარებლად.


ლიდერქიდსი ყოველწლიურად აკეთებს ჭრა-კერვა-მოდელირების კურსს და ცდილობს დაეხმაროს სოციალურად მოწყვლად ქალებს სამეწარმეო უნარჩვევების გამომუშავებაში. კომპანიამ 2020 წელს ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რის შემდეგაც, ლიდერქიდსი შეუერთდა პრინციპების ხელმომწერი კომპანიების გლობალურ მოძრაობას. კომპანიამ 2019 წელს გაიმარჯვა კონკურსში „ ბიზნესი გენდერული თანასწორობისათვის“.  

LeaderKids