ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

წარმოგიდგენთ ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ ნომინაციაში "გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის".

ნოემბერი 09, 2020

ვინტილატორი 

ვინტილატორმა შექმნა პროექტი “შეაკეთე”, რომლის ფარგლებშიც ონლაინ თუ სატელევიზიო გადაცემების მეშვეობით ასწავლის საზოგადოებას ძველი ნივთებისთვის ახალი, უნიკალური სიცოცხლის მიცემის საშუალებას. ვინტილიატორის გუნდი ხშირად ატარებს ვინტაჟურ ბაზრობებს და ხელს უწყობს ინდუსტრიის განვითარებას, ახალი სტარტაპების ჩამოყალიბებას.


უახლოეს მომავალში ვინტილატორი დაიწყებს მეორეული სამოსის წარმოებას, რომლის ფარგლებშიც ძველი ნივთებისგან და ნაჭრების ნაკუწებისგან შეიქმნება სრულიად ახალი, მაგრამ ძველი მოდელებით ინსპირირებული ტანსაცმელი, აქსესუარები თუ სხვა ნაკეთობები. ახალ საწარმოში დასაქმდებიან როგორც პროფესიონალი, ასევე დამწყები მკერავი ქალბატონები, რომლებიც სოციალურად დაუცველ თუ სხვა მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან. 

ვინტილატორი

ზერობული 

ზერობული კერძო და საჯარო სკოლებს სთავაზობს ბულინგის რეპორტინგ პლატფორმას, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება ანონიმურად ამხილონ ჩაგვრა. ზერობული წელს გამოვიდა ინიციატივით, რომ 15 სკოლას უფასოდ შესთავაზოს სერვისი. 26 სექტემბერს ზერობული იყო პროექტ "ინტერპერსონალური უნარების განვითარება უკეთესი მომავლისთვის" მონაწილე. პროექტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ზერობულის პლატფორმას, მის ფუნქციებსა და შესაძლებლობებს.

Zerobully

VVINE 

კომპანია VVINE უზრუნველყოფს, სხვადასხვა ენდემური ვაზის ჯიშების აღდგენას მთელი ქვეყნის მაშტაბით, რომელიც გადაშენების პირასაა. კომპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ენდემური ვაზის ჯიშის აღდგენას შეუწყოს ხელი, რათა სამომავლოდ ქვეყანას ჰქონდეს მრავალი სახეობის უნიკალური ვაზი. 

Vvine

ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია 

ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას/მონაწილეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში მსოფლიოს მაშტაბით. წლების განმავლობაში 6000-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა გაეროსა და ევროკავშირის პროგრამებში.


ორგანიზაციის მთავარი მიზანია ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების საერთაშორისო საქმიანობის ხელშეწყობა; ქართველი ახალგაზრდების შესაძლებლობების ზრდა საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის თვალსაზრისით; ევროპული საზოგადოების ინფორმირება საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია

იოსკი 

სპორტულ-შემეცნებითმა სკოლამ "იოსკი" საქმიანობა 4 წლის წინ დაიწყო და პირველივე შეკრებაზე სოციალურად დაუცველი ბავშვები მიიღო. 70 ბავშვმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეისწავლა, როგორც თხილამურებზე სრიალი, ასევე, მათ ჩაუტარდათ სხვადასხვა სახის ტრენინგი სამსახიობო ოსტატობაში, ხის მასალებზე მუშაობასა და სხვ. ასევე, სამართლის ტრეინინგები, რომელიც ითვალისწინებდა მოზარდებისთვის მათი უფლებების გაცნობასა და შესწავლას. ჩამოთვლილი მომსახურება დღემდე გრძელდება. შეკრებები და ტრენინგები ტარდება, როგორც ზამთარში, ასევე, ზაფხულში.

იოსკი

იას ბაღი

იას ბაღი, რომელიც 2009 წელს დაარსდა, დიდი ნდობით სარგებლობს თბილისში. ბაღის კონცეფციაა ბავშვებს ოჯახური გარემო შეუქმნას და იზრუნოს მათ განვითარებაზე. დღეს ბაღს აქვს ერთი ფილიალი, თუმცა სამომავლოდ, კრიზისის დაძლევის შემდეგ, დაგეგმილია ახალი ფილიალის გახსნა, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, თბილისის შემოგარენში.

იას ბაღი

ედისონ ტექ სოლუშენსი 

ედისონ ტექ სოლუშენსი უკვე 3 წელზე მეტია ქართული და რამდენიმე უცხოური ქვეყნის ბაზრისთვის ქმნის სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და ჭკვიან მოწყობილობებს.


კომპანიის ერთ-ერთი საამაყო პროექტი, რომელიც საქართველოში განახორციელეს არის „გელათის ტაძრის მონიტორინგის სისტემა“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გამართულად მუშაობს 

ამ პროექტის შემდეგ კომპანია ყოველდღიურად ცდილობს სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლეებით წაახალისოს და ადგილობრივ ბაზარს შესთავაზოს საინტერესო პროექტები. ამ პროცესში შევქმენით არაერთი პროექტი: 


  • ჭკვიანი ლოქერები, რომლებიც იდეალურია ამანათის დასატოვებლად ან ნივთების შესანახად, რაც ANTI-COVID19 ტექნოლოგია გამოდგა 
  • CarBox-ები, რომლებიც თვითმომსახურების მოწყობილობაა და ქართველ მძღოლებს შეუძლიათ მანქანის საბურავები დაბერონ, გაწმინდონ მანქანა ან წყალი ჩაასხან საქარე მინისთვის
  • სასწავლო პლატფორმის ტექნოლოგია ბლოკ სქემებზე დაფუძნებული, რომელიც ქართველ ბავშვებს აძლევს საშუალებას, დაეუფლონ ტექნოლოგიებს.


პანდემიის დროს ქვეყანა დადგა დიდი გამოწვევის წინაშე და კომპანიამ რამდენიმე ანტი-კოვიდ ტექნოლოგიური სიახლე შესთავაზა საზოგადოებას.


  • სასუნთქი აპარატების სარქველები, რომლებიც 3D პრინტერზე დაიბეჭდა;
  • სადეზინფექციო კაბინები, რომლებიც ამა თუ იმ ობიექტის ვიზიტორს სიცხეს უზომავს და 360 გრადუსით ახდენს მის დეზინფიცირებას. ეს კაბინები საჩუქრად გადაეცა ყველაზე მაღალი რისკის მქონე ობიექტს „გაგუას კლინიკას“ და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს;
  • პორტატული სასუნთქი აპარატის პირველი ვერსიები.