ნოემბერი 01, 2023
მერვე წელია, ტრადიციად იქცა თიბისის მასშტაბური ღონისძიება, ბიზნეს დაჯილდოება, სადაც გამორჩეული კომპანიები ერთიანდებიან. პროექტმა ამ ხნის განმავლობაში ქართული ბიზნესის ეკოსისტემის გაჯანსაღება და განვითარება შეძლო.
ეს ტრადიცია 2023 წელსაც გრძელდება და 1 ნოემბრიდან სიახლეებით ბრუნდება პროექტი, რომელიც არაერთი ბრენდისთვის დიდი წარმატების გარანტად იქცა.
ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა უკვე 3500-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო და მათ შორის ყველაზე გამორჩეულებმა თიბისისგან სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღეს: გაზარდეს ცნობადობა, გააფართოვეს საქმიანობის მასშტაბები და აითვისეს ახალი ბაზრები.
ახლა კი მორიგი აღმოჩენების დროა. საზოგადოება ახლოს გაიცნობს გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესებს, რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებულ წამოწყებებსა თუ სხვა სამაგალითო ინიციატივებს.
განაცხადები წელსაც ხუთ კატეგორიაში მიიღება
საზოგადოება ახლოს გაიცნობს გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესებს, რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებულ წამოწყებებსა თუ სხვა სამაგალითო ინიციატივებს.
2023 წლის ბიზნეს დაჯილდოების ნომინაციებია:
• საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება
• წლის ინოვაციური სტარტაპი
• გამორჩეული როლი რეგიონში
• გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
• გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება
გარდა ამისა, გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან ერთად, გაიცემა სპეციალური ჯილდო მწვანე ინიციატივებისთვის.
აღსანიშნავია, რომ, დამატებით, ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სპეციალური პრიზი გადაეცემა გამორჩეული წარმატების მქონე ბრენდს ან პერსონას.
გასულ წლებში ეს ჯილდო გადაეცა თეგეტა ჰოლდინგს, აჭარა ჯგუფს, თემურ ჭყონიას და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლას.
ვინ შეაფასებს მონაწილეებს?
თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ჟიურის წევრები სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე ექსპერტები არიან. მათი დიდი ნაწილი უკვე წლებია, პროექტშია ჩართული და შემოსულ განაცხადებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით აფასებს.
ნომინაციის საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება, ჟიურის წევრები არიან:
მიხეილ ხიდურელი, ნინო ენუქიძე, მამუკა შურღაია, გიორგი სიმონგულაშვილი, ერეკლე ინაშვილი და ბესო კაჭარავა.
წლის ინოვაციურ სტარტაპს გამოავლენს:
ავთო კასრაძე, დიანა კიღურაძე, დავით ჩეჩელაშვილი, რამაზ კუკულაძე, ირაკლი სვანიძე.
ნომინაციაში გამორჩეული როლისთვის რეგიონში განაცხადებს შეაფასებს:
დავით წიკლაური, ანი კვარაცხელია, ივანე ლექვთაძე, მედეა ტაბატაძე, ეკა ქათამაძე.
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესს გამოავლენს:
გიორგი ისაკაძე, ქეთი ებანოიძე, ელენე ჟვანია, გელა მღებრიშვილი, ნინო შავგულიძე, ლევან ხმიადაშვილი.
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის ნომინაციის ჟიურის წევრები არიან:
აკო ახალაია, ოთო ბერიშვილი, ელენე ჯღარკავა, თამარ ჩხეიძე, არჩილ ფირიაშვილი, კოკა ქამუშაძე.
თიბისის ბიზნეს დაჯილდოების პრიზები
ბიზნეს დაჯილდოების ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ის პრაქტიკული, ხელშესახები მხარდაჭერაა, რომელსაც გამარჯვებულები იღებენ. აღსანიშნავია, რომ ბიზნესებს ეძლევათ თავისუფლება, საკუთარი საჭიროებებიდან და ბიზნეს ამოცანებიდან გამომდინარე, აირჩიონ სასურველი პრიზი.
წლევანდელი სიახლეც სწორედ ამ მიმართულებას ეხება — თუ აქამდე სამ პრიზს შორის შეიძლებოდა არჩევანის გაკეთება, ახლა ამ ჩამონათვალს — ახალ ვებგვერდს, ბრენდინგს და საკომუნიკაციო მხარდაჭერას — სხვა სახის სასურველი პრიზიც დაემატა და ბიზნესები თავად გადაწყვეტენ, რა კუთხით სურთ თიბისისგან მხარდაჭერის მიღება.
თიბისის ბიზნეს დაჯილდოების მიმართ დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება, უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება მონაწილე ბიზნესების პროფილები და საქმიანობის არეალი.
ასე რომ, იჩქარეთ, გაიარეთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.businessaward.ge და დაელოდეთ ფინალისტების გამოცხადებას დეკემბერში. ბიზნეს დაჯილდოების დასკვნითი საზეიმო ღონისძიება 2024 წლის თებერვალში გაიმართება.