ნოემბერი 04, 2024
ბიზნეს ანალიტიკა - სასტუმროების ინდუსტრია.
საქართველოში, როგორც ტურისტულად აქტიურ ქვეყანაში, სასტუმროების ბიზნესი საკმაოდ განვითარებულია. ტურიზმის განვითარებასთან ერთად, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიხვეწა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია, რისი ნაწილიცაა სასტუმროები. დღესათვის ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის, მასშტაბისა და სტილის სასტუმროს ვხვდებით — ამ მრავალფეროვნებაში კი მომხმარებელთა არჩევანი გარკვეულ კატეგორიებად იშლება.
მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, თიბისის მონაცემთა ანალიტიკის გუნდმა სასტუმროების ინდუსტრიისგან მიღებული მონაცემები გააანალიზა და საინტერესო შედეგები მიიღო, რომლებიც მნიშვნელოვნად დაეხმარება ამ ბიზნესის მქონე კომპანიებს თუ ასევე მათაც, ვინც ამ მიმართულებით აპირებს განვითარებას.
ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ბიზნესში მონაცემთა ანალიტიკას დიდი ადგილი უკავია; სწორედ მის საფუძველზე დგინდება თანადროული ტენდენციები და, გარკვეულწილად, უახლესი მომავლის განსაზღვრაშიც გვეხმარება. სხვა სიტყვებით, ბიზნესის მფლობელებს საშუალებას აძლევს, უკეთ განსაზღვრონ სეგმენტი და უფრო მომგებიანი სტრატეგიები შეიმუშაონ.
რას გვეუბნება მონაცემები?
თიბისიმ შეისწავლა ყველა იმ ბრენდირებული სასტუმროს, ჰოსტელისა და მცირე და საოჯახო სასტუმროების მონაცემები, სადაც 2024 წელს მომხმარებლებმა თიბისის ტერმინალით გადაიხადეს. როგორც ჩანს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წელს, ამ ინდუსტრიაში ჯამში 88 მილიონზე მეტი დაიხარჯა.
მონაცემები ცხადყოფს, რომ ყველაზე აქტიურად სასტუმროებს 31-40 წლის ადამიანები სტუმრობენ. ხოლო მათ მიერ ბრენდირებულ სასტუმროებში, ჰოსტელებსა თუ მცირე და საოჯახო სასტუმროებში განხორციელებული ტრანზაქციები 393 ათასზე მეტია, მთლიანი დახარჯული თანხა კი 33 მილიონს აჭარბებს.
ამავდროულად, გაანალიზდა ტრანზაქციების რაოდენობა სქესის ჭრილში და აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ მამაკაცების მონაცემები ჭარბობს — რაოდენობა 586 ათასს აღემატება; ხოლო ქალების მაჩვენებელი დაახლოებით 455 ათასია. შესაბამისად, სხვაობა არც ისე დიდია.
გეოგრაფიული არეალის მიხედვით, გაანალიზდა როგორც საქართველოს ქალაქებისა და რაიონების უმეტესობა, ისე თბილისი უბნების მიხედვით. გაირკვა, რომ ტრანზაქციების რაოდენობით იმერეთი (128,531) და კახეთი (127,117) ლიდერობს. ხოლო საშუალო დანახარჯით მოწინავე პოზიციას გურია (177) იკავებს.
უშუალოდ თბილისში ტრანზაქციების რაოდენობით გამოირჩევა მთაწმინდაზე მდებარე სასტუმროები — აქ ეს მაჩვენებელი 134 ათასზე მეტია. საშუალო დანახარჯების თვალსაზრისით კი, დიღმის მასივსა და კოჯორში ყველაზე დიდი რიცხვები ფიქსირდება, კერძოდ, 393-ზე მეტი.
თავის მხრივ, გასაკვირი არაა, რომ სასტუმროებსა და ჰოსტელებში ტრანზაქციების ყველაზე დიდი რაოდენობა პარასკევს (155 ათასზე მეტი), შაბათსა (184 ათასზე მეტი) და კვირასაა (162 ათასზე მეტი).
თიბისის მონაცემთა ანალიზის გუნდმა სასტუმროებში ტრანზაქციების დინამიკა საათების ჭრილშიც შემოგვთავაზა. როგორც გაირკვა, ღამის 12 საათიდან პირველამდე ყველაზე დიდი რაოდენობა ფიქსირდება — კერძოდ, 403 ათასზე მეტი.
ამ მონაცემების საფუძველზე, ბიზნესებს შეუძლიათ, უფრო ზუსტად განსაზღვრონ, ვისზე უნდა გააკეთონ სწორება ახლო მომავალში. რეგიონის, უბნების, სამუშაო დღეებისა და საათების მიხედვით, მეტად ცხადი ხდება, რა მიმართულებით აჯობებს განვითარება; ასევე, რომელი რეგიონები და რაიონებია განსაკუთრებით მიმზიდველი, ტურისტულად დატვირთული.