ნოემბერი 18, 2021
დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩვენი უფროსი მეგობარი, ბრევეტის შესახებ გვესაუბრა - თავდაპირველად, იდეის აღქმა საკმაოდ გაგვიჭირდა და არც აღვფრთოვანებულვართ.
მალევე, ინფორმაცია მოვიძიეთ სხვადასხვა ქვეყანაში ამ ღონისძიების ჩატარების შესახებ და საბოლოოდ, დავისახეთ მიზნად, საქართველოში პირველად ჩაგვეტარებინა ასეთი ველოგამოწვევა.
ბრევეტი არის დროში შეზღუდული ველომსვლელობა, რომელიც გულისხმობს შემდეგს:
ბრევეტის მონაწილემ ველოსიპედით უნდა გაიაროს წინასწარ შედგენილი დისტანცია გარკვეულ დროში. ბრევეტის დაწყების წინ ყველა მონაწილეს გადაეცემა ბიბ ნომერი, ისინი აღირიცხებიან ორგანიზატორების მიერ მონიშნულ საკონტროლო წერტილებში. მსვლელობის დასრულებისთვის კი მონაწილემ უნდა გაიაროს ყველა მონიშნული ადგილი, თითოეული წინასწარ განსაზღვრულ დროში. ბრევეტი არ არის შეჯიბრი და, შესაბამისად, არ ტარდება “ყველაზე სწრაფების” გამოსავლენად. ყველა მონაწილე, ვინც შეძლებს ღონისძიების მოცემულ დროში დასრულებას, არის გამარჯვებული.
პირველი საცდელი ბრევეტი საქართველოში, ჩვენი ორგანიზაციის, “კავკასიის ველო ქსელის” სახელით, ივლისში ჩავატარეთ - “პრე-ბრევეტი”, 92 კმ (წესების მიხედვით, მარშრუტის სიგრძე მინიმუმ 200 კმ უნდა იყოს). ძალიან გვაინტერესებდა, თუ როგორი უკუკავშირი ექნებოდა: აღმოჩნდა, რომ რთულად გასაგებია ჩატარების პრინციპი, მოტივი და ბევრი შრომა მოგვიწია, გასაგები ყოფილიყო ეს ყველაფერი მონაწილეებისთვის.
38 მონაწილეს შორის 8 უცხო ქვეყნის მოქალაქე და 6 ქალი მონაწილე იყო. Ბრევეტის წარმატებით დასრულება შეძლო 24 - მა მონაწილემ, მათ შორის, სამმა ქალმა.
ბრევეტი - საუკეთესო ღონისძიება ველომოყვარულებისთვის.
აუდაქსი (Audax), იგივე - რანდონერინგი (Randonneuring) Henri Desgrange -მ 1904 წელს დააპატენტა - 200 კმ მარშრუტით - პარიზი - გაილონი - პარიზი. ბრევეტი (Brevet) ჰქვია ბარათს, რომელზეც ორგანიზატორები ადასტურებენ, რომ საკონტროლო პუნქტი (checkpoint) გაიარა მონაწილემ.
ამ ღონისძიების ავტორიზებისთვის საჭიროა ნებართვა Audax Club Parisien - ისგან. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ბრევეტი ტარდება 50-ზე მეტ ქვეყანაში 5 კონტინენტის მასშტაბით.
მიზეზი, თუ რატომაა ასეთი პოპულარული, შემდეგია: შესანიშნავია ველო-ტურიზმის განვითარებისთვის, ველომოყვარულების მოტივაციის ასამაღლებლად და ძალიან მეგობრულია - მონაწილეები არა ერთმანეთს, არამედ, საკუთარ თავს ეჯიბრებიან.
საქართველოში მსგავსი დისტანციის ველო-ღონისძიება მოყვარულებს შორის არასდროს ჩატარებულა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ ბევრი ველომოყვარულია, ვინც გრძელ დისტანციებზე ხშირად გადაადგილდება ველოსიპედით. Მათთვის, ბრევეტი, განსაკუთრებულად, საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა.
მთავარ სირთულეს მარშრუტის შერჩევისას ვაწყდებით. სასურველია, რომ მარშრუტი იყოს მთლიანად ასფალტირებული, რადგან ყველა ტიპის ველოს მქონე ველომოყვარულმა შეძლოს მონაწილეობის მიღება, მაგრამ ძირითადად ასეთ დიდ დისტანციებზე რეკომენდებული საგზაო ველოსიპედი ან გრაველია.
რაც შეეხება გზით სიამოვნების მიღებას - საქართველოს ლანდშაფტი ამის დიდ ფუფუნებას გვაძლევს ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში.
ჩვენს 200 კმ Brevet Star Wars - ზე, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართა, 20 მონაწილე დარეგისტრირდა. მონაწილეებმა სტარტი აიღეს სამგორში, ულამაზესი და დილის ნისლში გახვეული უჯარმის და სასადილოს გზის გავლის შემდეგ, გაემართნენ სიონისკენ, სიონიდან კი თიანეთისკენ, თიანეთიდან შატილის გზაზე - როშკას გადასახვევამდე. შემდეგ, დაბრუნდნენ უკან, “ხომის ტურისტულ კომპლექსში”, სადაც ფინიშის ხაზი გადაკვეთეს.
16-მა მონაწილემ გაიარა ეს მარშრუტი, აქედან კი, 13-მა შეძლო ჩვენ მიერ განსაზღვრული საკონტროლო პუნქტების შეზღუდულ დროით ლიმიტებში მანძილის დაფარვა და მოიპოვა “Brevet Star War” - ის ფინიშერის წოდება:
1. გიორგი ბეჟანიშვილი
2. Peter Danis
3. აკაკი ნადარაია
4. Mark Clayton
5. სერგი მარტაშვილი
6. რამაზ ლიპარტელიანი
7. დავით ჭიჭინაძე
8. ნუკრი დიასამიძე
9. ავთო რუსაძე
10. ზურა დიასამიძე
11. კალმო
12. შოთა კვარაცხელია
13. დამიანე კაპანაძე
ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მივიღოთ Audax Club Parisien-ის ლიცენზია, რაც ერთი მხრივ, შექმნის პრეცედენტს, ქვეყანაში საერთაშორისო ველო-ღონისძიებების ჩატარების და ასევე, ველო-ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. მეორე მხრივ - აქაური ველომოყვარულებისთვის, ვინც ველოსიპედით გადაადგილდებიან დიდ დისტანციებზე, საქართველოში საერთაშორისო ლიცენზიის მქონე ბრევეტის ჩატარება იქნება დიდი მოტივაცია - თავის წარმოჩენის და საკუთარი ძალის გამოვლენის ჯანსაღი საშუალება.
ავტორი: კავკასიის ველო ქსელი
ფოტო: გიორგი გამგებელი / ირაკლი ჩარგეიშვილი