დეკემბერი 08, 2022
2022 მკითხველებისთვის საინტერესო და დატვირთული წელი გამოდგა. ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა უამრავი საინტერესო წიგნი. თუ შენც მათ რიცხვში ხარ, ვინც წლის ბოლოსთვის შემოინახა საყიდელი წიგნების სია, საახალწლო საჩუქრებიც შესარჩევი გაქვს, ან უბრალოდ დღის საინტერესოდ გატარებას გეგმავ, გირჩევ 16-18 დეკემბერს აუცილებლად შეიარო ექსპო ჯორჯიას მე-4 და მე-5 პავილიონებში „წიგნის საახალწლო ფესტივალზე“.
რა დამხვდება ადგილზე?
ფესტივალში მონაწილეობას საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია მიიღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილზე წიგნების უდიდესი არჩევანი დაგხვდება, თანაც საკმაოდ დიდი ფასდაკლებით. ფესტივალის ფოკუსში საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაა, სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით ორგანიზატორები განსაკუთრებულ ფასდაკლებებს გვპირდებიან.
საახალწლო ფესტივალი მხოლოდ წიგნების გამოფენა-გაყიდვას არ მოიცავს. შესაბამისად, თუ მხოლოდ წიგნების ყიდვას არ გეგმავ, ტერიტორიაზე არა ერთი სტენდი დაგხვდება, სადაც ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარებისა და ნივთების შეძენას შეძლებ.
არ გამოგრჩეს სტარტაპერის სივრცეც, რომელიც ექსპო ჯორჯიას ეზოში დაგხვდება. აქ ქართული სტარტაპ კვების ობიექტები შესაძლებლობას მოგცემენ დააგემოვნო უგემრიელესი ქართულ კერძები. თუ ცივ ამინდში ცხელ ყავასთან ან ჩაისთან ერთად მეგობრებთან საუბარი, უბრალოდ დასვენება და დროის კიდევ უფრო სასიამოვნოდ გატარება მოგინდება, სტარტაპერის სივრცეში ვიზიტი სწორი არჩევანია.
აუცილებლად ეწვიე ფესტივალის მთავარ სცენას, აქ გაიმართება პრეზენტაციები, დისკუსიები, შეხვედრები ავტორებთან. ასევე, სპეციალურად მოწყობილ საბავშვო სივრცეში, ფესტივალის სტუმრებს დახვდებათ გასართობი ღონისძიებები, მათ შორის, ვორქშოპები ილუსტრაციების შექმნაზე, კულინარიული აქტივობები, სახეზე ხატვა და ა.შ.
ფესტივალის დასკვნით დღეს, 18 დეკემბერს გაიმართება საბავშვო პრემია "ნაკადულის" დაჯილდოება, სადაც 4 ნომინაციაში გამარჯვებული საბავშვო წიგნი გამოვლინდება.
რა წიგნები შევიძინო?
„უჩინარი“
„უჩინარი“ სულ ახლახანს გამოცემული კომიქსია. ეს არის ამბავი გოგოზე, რომელიც სირთულეებს არ უშინდება და თითქოს პატარა, უმნიშვნელო ნაბიჯებით ცდილობს უთანასწორო გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას. ეს ამბავი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ სამყაროში არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც მეგობრობა, სიყვარული და სამართლიანობა ვერ გადალახავს.
კომიქსის ავტორია მართა ურუშაძე, ულამაზესი ილუსტრაციები კი თათია ნადარეიშვილს ეკუთვნის. სცენარზე იმუშავეს მართა ურუშაძემ და მიხეილ ციხელაშვილმა.
„უბრალოდ ბავშვები”
წიგნი ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, მწერლისა და მხატვრის, პატი სმითის ერთგვარი ავტობიოგრაფიაა. დოკუმენტური პროზის ამ ბრწყინვალე ნიმუშში მოთხრობილია თავად ავტორისა და ცნობილი ფოტოგრაფის, რობერტ მეპლთორპის გასაოცარი ურთიერთობის ამბავი, რომელიც სამოციანი წლების ბოლოს ნიუ იორკში დაიწყო.
სმითი იმ დროს იხსენებს, როცა 1967 წლის შემოდგომაზე ვაშინგტონ პარკში ის და რობერტ მეპლთორფი ტურისტი ცოლ-ქმრის შეკამათების მიზეზად იქცნენ. ცოლ-ქმარს ვერ გადაეწყვიტა, ღირდა თუ არა ამ უცნაური წყვილის ფოტოზე აღბეჭდვა. ქალის თქმით, ახალგაზრდები ნამდვილ არტისტებს ჰგავდნენ, რაზეც კაცმა უკმეხად მიუგო, ეგენი უბრალოდ ბავშვები არიანო.
წიგნი 2010 წელს გამოიცა, თუმცა ქართულად სულ ახლახანს ითარგმნა. მთარგმნელები ანა და ბიძინა მაყაშვილები არიან.
„როსი“
რობ ჰარელის „როსი” პირველად სწორედ წიგნის საახალწლო ფესტივალზე გაიყიდება. წიგნი 12 წლის ბიჭის, როს მალოის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც დაავადებაც უნდა დაამარცხოს და ამავე დროს, საშუალო სკოლასაც გადაურჩეს. როსს ყველაზე მეტად ის უნდა, რომ სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდეს – უბრალოდ, ნორმალური ბავშვი იყოს, მაგრამ უეცრად აღმოჩენილი იშვიათი დაავადება ამის საშუალებას არ აძლევს. ბიჭი იძულებულია, გაუმკლავდეს ერთბაშად თავსდატეხილ ყველა პრობლემას – უჩვეულო თერაპიას, მეგობრების დაკარგვასა და სკოლაში დაცინვასაც.
ვისაც „საოცრების“ სერია უყვარს, ეს წიგნიც აუცილებლად მოეწონება.
ამ სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წიგნის გარდა, ახალი თაობა ფესტივალზე უამრავ საინტერესო გამოცემას აღმოაჩენს.
ამიტომაც, არ გამოტოვოთ წიგნის საახალწლო ფესტივალი 16-18 დეკემბერს.
ავტორი: ნატა ჟვანია