მაისი 19, 2023
მკითხველებისთვის მაისის ბოლოს ფესტივალზე წასვლა ერთგვარ რიტუალთან ასოცირდება. წელიწადის ეს დრო განსაკუთრებით ამაღლევებელია ჩვენთვის. პირველ რიგში, ვამოწმებთ ახალ გამოცემულ წიგნებს, ახალ თარგმანებს, ვადგენთ საყიდლების სიას. ფესტივალის თითქმის ყველა დღეს ექსპო ჯორჯიაში ვატარებთ, რათა დავესწროთ საჯარო ლექციებს, ან მონაწილეობა მივიღოთ სხვა საინტერესო ლიტერატურულ აქტივობებში.
გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, ექსპო ჯორჯია საიუბილეო, 25-ე წიგნის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს.
შევეცდები გაგიადვილო წიგნების შერჩევა და ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე სხვადასხვა სივრცეში გაფანტული შენთვის საინტერესო ღონისძიებების პოვნაში დაგეხმარო.
უამრავ წიგნს შორის რამდენიმეს ამორჩევა ნამდვილად არ არის მარტივი საქმე, თუმცა, მოდი ამჯერად ახლად გამოცემულ წიგნებზე მოგიყვებით, რომლებიც, ვფიქრობ, გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებს:
ივა ფეზუაშვილი „მასკარაფონე“ - გამომცემლობა ინტელექტი
„მასკარაფონე“ ივა ფეზუაშვილის ტრილოგიის („ფსკერის სახარება“, 2019 წ.; „ბუნკერი“, 2020 წ.) მესამე, ფინალური რომანია. მკითხველი ბევრ საერთოს იპოვის წინა ტექსტებთან და გააგრძელებს საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მოვლენებზე დაკვირვებას, ამ წიგნში კი შეხვდება მთელ თაობას, რომელსაც მშობლებისგან ზრუნვასთან და სიყვარულთან ერთად მძიმე ტრავმებიც გადმოეცა. „მასკარაფონე“ არის ამბავი ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც არასდროს ყოფილან ბავშვები. თინეიჯერობისას ისინი ყოველდღიურად იბრძვიან უდარდელობის, თავისუფლებისა და სიყვარულისთვის. ამ ბრძოლაში ძნელად ნებდებიან, თუმცა ზრდასრულ ასაკში ბავშვურად ცხოვრების სურვილმა ისინი ტრაგიკულ შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს.
ხორხე ლუოს ბორხესი „ალეფი“ - სულაკაურის გამომცემლობა
„ალეფი“ ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობებს აერთიანებს. ამ კრებულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ავტორის შემოქმედებაში. კრებულის შექმნა მწერლის შთაგონების წყარომ, ესტელ კანტომ განაპირობა. ეს ქალი ბორხესის დიდი სიყვარული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოლობაზე უარი უთხრა. ამ სიყვარულის წყალობით, მსოფლიო ლიტერატურამ მეტაფიზიკითა და პოეზიით გაჯერებული კიდევ ერთი საოცარი ნაყოფი შეიძინა.
ბორხესი ლათინური ამერიკის ახალი ლიტერატურის ერთ-ერთი დამაარსებლია. მისი სახელი უკვე დიდი ხანია, გასცდა სამხრეთამერიკული ქვეყნების საზღვრებს. მან მსოფლიო ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა.
ვირჟინი დეპანტი - „თეორია კინგ კონგი“ - გამომცემლობა პოლინომიალი
პოლინომიალი ახალი გამომცემლობაა, რომელიც გამოსცემს სალიტერატურო სივრცისთვის ცნობილ, თუმცა ქართულ ენაზე ამ დრომდე უთარგმნელ ავტორებსა და მათ ტექსტებს. პოლინომიალის წიგნებიდან განსაკუთრებით გამოვყოფ ვირჟინი დეპანტის წიგნს „თეორია კინგ კონგს“, რომელიც თანამედროვე ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტად ითვლება.
ეს წიგნი არ არის მხოლოდ ინტელექტუალი ფემინისტის საოცრად გონებამახვილური ნააზრევი ან იშვიათად გულწრფელი მემუარები ქალისა, რომელიც ძალადობას გადაურჩა და ამაზე ხმამაღლა ილაპარაკა. მასში ყველა იპოვის თავის წილ ბრაზსა და ნუგეშს, ვისაც ერთხელ მაინც უგრძნია თავი გარიყულად, ხელმოცარულად, უშნოდ და უცხოდ, რომელმაც საზოგადოების ნორმები ვერ დააკმაყოფილა.
ამ წიგნების შეძენას ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში შეძლებ, მაგრამ მე-5 და მე-6 პავილიონებში შევლაც არ დაგავიწყდეს, სადაც საბავშვო წიგნები და აქსესუარები დაგხვდება.
არ გამოგრჩეს ფესტივალის მთავარი სცენა - შესაძლებლობა შეხვდე შენ საყვარელ ავტორებს და აღმოაჩინო ბევრი რამ საყვარელი წინების შესახებ. ხოლო, თუ ფესტივალზე პატარა და-ძმასთან ერთად შეივლი, საბავშვო გასართობ-შემეცნებით სივრცეში უამრავი სახალისო თუ საინტერესო აქტივობა გელის.
მოდი, მოინიშნე რამდენიმე ღონისძიებაც, რომელიც მთავარ სცენაზე გაიმართება:
1. ლაშა ბუღაძის ახალი წიგნის „საქართველოს სახელით“ წარდგენა .
სულაკაურის გამომცემლობა
სიმბოლურია, რომ ამ წიგნის წარდგენა 26 მაისს არის ჩანიშნული. წიგნის პრეზენტაცია კი 14:00 საათზე დაიწყება.
2. დისკუსია ზურა ჯიშკარიანის წიგნზე „სწრაფი, ღამისიერი“.
თიბისის მხარდაჭერით.
მას მერე რაც ზურა ჯიშკარიანის სადებიუტო რომანმა არაერთი ლიტერატურული ჯილდო მიიღო, ბუნებრივია დიდი ინტერესია მისი მეორე რომანის მიმართაც, რომლის წარდგენაც 28 მაისს, 15:30-ზე შედგება.
3. „წიგნების თაროს“ საჯარო თამაში.
უკვე ერთგვარი ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ფესტივალი „წიგნების თაროს“ საჯარო თამაშით იხურება, სადაც მონაწილეობის მიღება და პრიზების მოგება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თამაში კვირას, 28 მაისს, 19:30-ზე დაიწყება.
ფესტივალი წელსაც უმასპინძლებს პროექტს "მსახიობები ლიტერატურისთვის". რომლის ფარგლებშიც ქართველი მსახიობები ისაუბრებენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებზე. წარმოიდგინე, რამხელა კომფორტია მოისმინო დეტალური განხილვა რიგითი მკითხველისგან და იმავე სივრცეში შეძლო ამ წიგნის შეძენა, თანაც ფასდაკლებით.
არ დაგავიწყდეს, მთელი ფესტივალის განმავლობაში, მე-6 პავილიონში, თიბისის საბავშვო სივრცეში არაერთი სახალისო აქტივობა დაგხვდება. თიბისის მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათების მფლობელები კი, დამატებით 40%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ შერჩეულ გამომცემლობებთან, სრულ სიას აქ ნახავ.
ფესტივალამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, გადახედე გამომცემლობების გვერდებს, მოინიშნე სასურველი წიგნები, გაითვალისწინე რეკომენდაციები და ისიამოვნე ლიტერატურული თავგადასავლის 4 დღით!