ბლუზი მტკვრის პირას

Tsa.Music

ნოემბერი 19, 2020

როდესაც სულაკაურის გამომცემლობის გზავნილი მივიღე, პირველივე, რაც თვალში მომხვდა, ბიძინა მაყაშვილის წიგნი იყო. სახელი, რომელიც ჩემთვის, ჩემი თაობის თუ ჩემზე უფროსი თაობის მელომანებისა და მუსიკოსებისთვის წლების განმავლობაში ნიშნავდა საყვარელ მუსიკოსებზე, ჩვენთან მიმდინარე მუსიკალურ პროცესებსა თუ სრულიად უცნობი კარგი მუსიკოსების შესახებ ინფორმაციის მიღების ერთადერთ სანდო წყაროს. ეს იმ დროს, როდესაც არც ინტერნეტი არსებობდა და უმრავლესობისთვის კომპიუტერი და ინტერნეტი ჯერ კიდევ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში არსებულ შორეულ ფანტაზიას წარმოადგენდა. ამიტომ, ბუნებრივია, წიგნს ხარბად დავეწაფე და ამ დაწაფებაში იყო რაღაც ნოსტალგიურიც და ძველ მეგობართან შეხვედრის მსგავსიც.

სულ რომ არაფერი იცოდე ავტორის შესახებ, წიგნის სათაურიც კი - „მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას“ - მიგანიშნებს, რომ საქმე სიზუსტის, მეტაფორებისა და კარგი იუმორის მქონე ავტორთან გაქვს და არც შეცდებით. ალბათ მხოლოდ გამორჩეულად ნიჭიერ ადამიანებს შეუძლიათ დაწერონ წიგნი, რომელიც ერთდროულად ენციკლოპედიურიც არის, ავტორის პირად ამბავსაც მოგითხრობს და ისე შემოგეკითხება, როგორც საინტერესო რომანი. 

და მაინც, რაზეა ეს წიგნი? ალბათ ჩემთვის საძულველი ეს კითხვა ბევრს გაუჩნდება და რადგან ამ სტატიის მიზანი ისაა, რომ წიგნში რამენაირად შეგიტყუოთ, გეტყვით, რომ ეს წიგნი ქართული და არა მხოლოდ ქართული როკ- და არა მხოლოდ როკმუსიკის ყველაზე საინტერესო პერიპეტიებზეა.

ბიძინა მაყაშვილი თხრობას 60-იანი წლების საქართველოდან იწყებს, როდესაც პატარა ბიჭი იყო და არაფერი მოასწავებდა, თუ ოდესმე ის საქართველოში ყველაზე სახელგანთქმული როკკრიტიკოსი და ჟურნალისტი გახდებოდა; ქვეყანაში კი ტოტალიტარიზმი სუფევდა და აი, აქ, ავტორის პირად გამოცდილებაში თქვენ ნახავთ იმ შემზარავ სიმართლეს საბჭოთა კავშირზე, რომელსაც ლეგენდასავით გვიყვებიან ხოლმე და რომლის დაჯერებაც დღეს, 21-ე საუკუნეში, ინტერნეტისა და სოციალური მედიის ეპოქაში, როდესაც ბევრი ადამიანისთვის ინფორმაციისგან თავის დაცვა მნიშვნელოვან ამოცანად იქცა, ძალიან ძნელია.

ჰო, ალბათ მარტივი წარმოსადგენი არ არის, რომ საბჭოთა კავშირში „ბითლზი“ აკრძალული ჯგუფი იყო, ხოლო ერთადერთი მუსიკალური ორგანიზაცია „მელოდია“, მაშინაც კი, როდესაც ამ ჯგუფის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰიტს - Girl, უცხოური მუსიკის კოლექციაში შეაპარებდა, სიმღერის ავტორებად აწერდა არა იმ პერიოდის და ალბათ უკვე მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სახელებს - ჯონ ლენონსა და პოლ მაკარტნის, არამედ - „ხალხურს“.

და შეუძლებელია არ გაიფიქრო, რომ ჰო, ალბათ პირველი საბჭოთა დისიდენტები მუსიკოსები იყვნენ, რომლებიც პირველ ბზარებს აყენებდნენ ტოტალიტარულ სისტემას, რომლებიც პირველები პოულობდნენ ხვრელებს, რათა სასურველი მუსიკისთვის მოესმინათ, პირველები აწყობდნენ დაუმორჩილებლობის პატარ-პატარა აქტებს, პირველები უწევდნენ წინააღმდეგობას სისტემას იმისათვის, რომ საყვარელი მუსიკა მოესმინათ და რა გასაკვირია, თუ ამ თაობის ადამიანებისთვის როკმუსიკა, არ არის უბრალოდ მუსიკა, არამედ რაღაც გაცილებით მეტი. 

მაგრამ ეს ყველაფერი არაა, რის შესახებაც ეპოქის ეს პირუთვნელი და პატიოსანი აღმწერი გვიყვება. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაცაა, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეკონომიკური და ენერგოკრიზისებით გაწამებულ ქვეყანაში ცნობილი მელომანი ბიძინა მაყაშვილი იმ პერიოდისთვის ყველაზე პოპულარულ გაზეთში „7 დღეში“ იწყებს სტატიების წერას მუსიკაზე და სწორედ ამ პერიოდში იქცევა ის ყველა მელომანისა და მუსიკოსისთვის ნაცნობ, ინფორმაციის ერთადერთ სანდო წყაროდ. ეს კი მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ შეგიძლია ნაცნობ მუსიკოსებზე უცნობი ისტორიები წაიკითხო, და არც მხოლოდ იმას, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში გაიგო, რას აკეთებენ შენ გვერდით მცხოვრები შენივე კოლეგები; არც იმას, რომ სანამ შენ თბილისში როკკონცერტს შუადღის სამ საათზე ატარებ, რადგან მზის ჩასვლის შემდეგ ქალაქში სიარული უსაფრთხო არავისთვისაა და თან ელექტროენერგიის გრაფიკს უნდა მოერგო, მსოფლიომ ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინა. არა – ეს არის სტატიები, რომლებიც იწერება ისე, როგორც წერენ მსოფლიო მასშტაბის ყველაზე ავტორიტეტულ ჟურნალებში და მათი წაკითხვა ერთი სიამოვნებაა, აღმოჩენაა.


უცნაურია, რადგან ასე იმ დროში არავინ წერს, ჩვენ ჯერ კიდევ მიჩვეული ვართ საბჭოთა სტერილურობას, ქართული ჟურნალისტიკა ჯერაც ყალბ აკადემიურობასა და ვულგარულობას შორის გაჩხერილა და ამ დროს ჩნდება სტატიები, რომლებიდანაც ავტორი გელაპარაკება ბუნებრივად, აკადემიურად და ამავდროულად – შენს ენაზე, ენაზე, რომელზეც ყველა ვლაპარაკობთ და ჰო, ის არ ცდილობს უცხო სიტყვების რახარუხითა და ვულგარულობით მიიპყროს შენი ყურადღება. ბიძინას თხრობის სტილი განსხვავებული, ბუნებრივი, მსუბუქი, იუმორნარევი და ხშირად იმაზე გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე ეს კრიტიკოსს მოეთხოვება, და სწორედ ამიტომ, მის სტატიებს კითხულობენ ისინიც კი, ვისაც საერთოდ არ აინტერესებს მუსიკა.

ამ წიგნში თქვენ ნახავთ არაერთი ქართველი მუსიკოსის პირველ გამოჩენას, ზოგის მარცხს, ზოგის გაქცევას, ზოგის დაუჯერებელ წარმატებას. სახელებსაც გეტყვით: ირაკლი ჩარკვიანი, ლადო ბურდული, ბაკურ ბურდული, ნიაზ დიასამიძე, რობი კუხიანიძე და ჯგუფი „აუტსაიდერი“, „ვაკის პარკი“ და რა თქმა უნდა „ბლუზ მობაილი“ და „მოდერნ ბლუზ ბენდი“; ბესელას მიერ წაკითხული პირველი ლექსი და ჩემი მშობლიური თელავური ბენდის, „მეხის ქანდაკების“ პირველი გამოჩენაც ქართულ სცენაზე.


ამის გამო ვთქვი, ეს წიგნი ენციკლოპედიურიც არის-მეთქი, მაგრამ მთავარ ღირსებად მე მაინც საოცრად ფართო ხედვას მივიჩნევ. როდესაც ავტორი ახერხებს, პროცესები დაინახოს არა იზოლირებულად, არა ისე, თითქოს გარესამყარო არ არსებობს, არამედ დაინახოს ლოკალური პროცესები და მოათავსოს ის გლობალურ კონტექსტში.

დაბოლოს, ამ წიგნში არის ბიძინა მაყაშვილის, ჩემი სუბიექტური შეფასებით, აბსოლუტური შედევრი, რომელიც სტატია მხოლოდ იმდენადაა, რამდენადაც სტატიად დაიწერა და მის რეალურ ამბავს მოგვითხრობს, თორემ ეს, უპირველესად, საუკეთესო მოთხრობაა. ესაა ავტორის ორწუთნახევრიანი შეხვედრა პოლ მაკარტნისთან. მე მეტს არაფერს ვიტყვი ამ ამბავზე, რადგან ისეთი საოცარი რამეა, თავად უნდა წაიკითხო. უკეთ თხრობა უბრალოდ შეუძლებელია.


როდესაც მშვიდად მოიკალათებთ საკუთარი სმარტფონით ხელში, ჩემი რჩევაა, გადაშალოთ წიგნი და სარჩევის შემდეგ დართული QR კოდი დაასკანეროთ, რომელიც იუთუბ ფლეილისტზე გაგიყვანთ, სადაც აღმოაჩენთ ყველა იმ მუსიკას, რომელზეც ავტორი გიყვებათ.

ჩართეთ და ისიამოვნეთ. რეალურად, ეს არ არის უბრალოდ ისტორია, რომელიც მოხდა, ესაა ის კულტურული ფუნდამენტი, რომელზეც დღემდე შენდება თანამედროვე ქართული მუსიკა; ესაა ის, საიდანაც მოვდივართ და რაც უნდა იცოდე საკუთარი ქვეყნის შესახებ.

და ჰო, ალბათ მიხვდით, რომ ამ წიგნზე ლაპარაკი კიდევ დიდხანს არ მომბეზრდება, მაგრამ სადღაც უნდა გავჩერდე და რაც გირჩიეთ, თავადაც უნდა გავაკეთო – კიდევ ერთხელ მოვუსმინო ძველ და ასე ნაცნობ და, ამავდროულად, მონატრებულ მუსიკას.


ავტორი: ტორესა მოსი