ედუფინი

Black Friday - უსაფრთხო შოპინგი

ნოემბერი 16, 2023

„შავი პარასკევი" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თარიღია მათთვის ვინც, ახალი წლის დადგომამდე, მაღაზიებში დიდ ფასდაკლებებს ელოდება. ამ დროს კომპანიები სხვადასხვა მიმზიდველი შეთავაზებებითა და აქციებით ცდილობენ მომხმარებლის მოზიდვას.


სტატისტიკურად, დღესასწაულების და სააქციო დღეების პერიოდში, ინტერნეტ თაღლითები ყველაზე აქტიურები არიან - ქმნიან ყალბ ვებგვერდებს, ანგარიშებს, გვთავაზობენ ცრუ აქციებსა და არარეალურ ფასდაკლებებს. 

შეთავაზების მისაღებად აწესებენ დროის ლიმიტს და მომხმარებელს აიძულებენ, დროის მოკლე მონაკვეთში, გადავიდნენ გაგზავნილ ბმულზე. დროის სიმცირის გამო მომხმარებელი ვერ კონცენტრირდება დეტალებზე და თავისი ნებით შეჰყავს პირადი და საბანკო ინფორმაცია. მსგავს ყალბ გვერდებზე ინფორმაციის შეყვანის შემდეგ, კიბერთაღლითები სრულად ითვისებენ თანხას ანგარიშებიდან. ფინანსური თაღლითობის ასეთ სქემებს ფიშინგი ეწოდება. მთელ მსოფლიოში, ყოველდღიურად, ფიშინგით უამრავი ადამიანი ზარალდება.


არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ხშირად სარგებლობთ, თუ ახლა გეგმავთ ონლაინ შოპინგს, გახსოვდეს, ფიშინგის მსხვერპლი შენც შეიძლება გახდე!

გიზიარებთ ფიშინგის სქემებს, რომლებიც დაგეხმარებათ ამოიცნოთ ინტერნეტ თაღლითობები და ისიამოვნოთ უსაფრთხო ონლაინ შოპინგით. 

სანდო მაღაზიები

ყოველთვის ეცადეთ ნივთები ცნობილი და ლეგალური საცალო მოვაჭრეებისგან შეიძინოთ. ონლაინ თაღლითების თავიდან აცილების ერთ-ერთი უმარტივესი გზაა ნაცნობი და სანდო რეპუტაციის მქონე მაღაზიებისგან შეიძინოთ ნივთები. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ხელით, სრულად აკრიფოთ საძიებო ველში ონლაინ მაღაზიის მისამართი. ასევე, გამოიყენეთ ინფორმაციის გადამოწმების ყველა შესაძლო ხერხი: გაეცანით ინფორმაციას აღნიშნული ვებგვერდის შესახებ, მოიძიეთ, გამოხმაურებები და კომენტარები. დარეკეთ მითითებულ ნომერზე. 

ყალბი ფასდაკლების გვერდები

ინტერნეტ თაღლითები ხშირად, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების ყალბი გაყიდვების მიზნით ქმნიან არარეალურ გვერდებს. ასეთ დროს რაც გვიზიდავს არის ის რომ, ზოგიერთი შეთავაზება იმდენად კარგია რთულია დაიჯერო რომ სიმართლეა. მოცემული ნივთის ყიდვისას ჩვენ შეგვყავს ჩვენი ფინანსური და პირადი ინფორმაცია, რის შემდეგაც თაღლითები იპარავენ თანხას ჩვენი ანგარიშებიდან. ყალბი გვერდების გადამოწმების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა შეამოწმო ვებგვერდზე www.virustotal.com

ყალბი შეკვეთის სქემა

რადგან დღესასწაულებზე ყველა ჩქარობს რომ საუკეთესო შეთავაზებით ისარგებლოს, ბუნებრივია რამდენიმე ნივთიც ერთდროულად შეუკვეთოთ. შემდეგ კი ნივთების ჩვენამდე ტრანსპორტირების პროცესს, მოუთმენლად, ონლაინ ვადევნებთ თვალს.


ამით ხშირად სარგებლობენ თაღლითები და სმს-ით ან ელ.ფოსტაზე აგზავნიან შეკვეთის ყალბ ბმულებს. ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ბმული შეიცავს მავნე პროგრამას ან ფიშინგს, რომლებსაც თაღლითები იყენებენ თქვენი საბანკო ინფორმაციის მოსაპარად. მსგავსი თაღლითური სქემისგან თავდაცვისთვის, საუკეთესო გზაა, შეკვეთებს თვალყური პირდაპირ გამყიდველის ოფიციალური ვებგვერდიდან ადევნეთ და არ ენდოთ სმს-ით ან მეილით მოსულ შეტყობინებას.

გარდა ზემოთ მოცემული რეკომენდაციისა, საკუთარი ფინანსების და პირადი ინფორმაციის დასაცავად, ყოველთვის გახსოვდეთ:

  • ბმულზე დაწკაპუნებამდე გადაამოწმეთ გამომგზავნის წყარო
  • დეტალურად გაეცანით გამყიდველი კომპანიის ვებგვერდს
  • წაიკითხეთ მომხმარებელთა გამოხმაურებები
  • ონლაინ ვაჭრობისთვის იქონიეთ ცალკე საბანკო ბარათი, რომელიც არ იქნება სახელფასო ან სხვა ტიპის დაგროვებით ანგარიშზე მიბმული. 

და ბოლოს, ყოველთვის დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ იმ შეთავაზებებს, რომლებიც იმდენად კარგია რთულია დაიჯერო რომ სიმართლეა!



ავტორი: ანა ვერულაშვილი