მუსიკა | ცა

Bero | ქართული დიჯეინგის სათავეებში

Tsa.Music

აგვისტო 05, 2022

ნოდარ-”Bero” ბერიძე, ერთ-ერთი პიონერი DJ, ქართული საკლუბო კულტურის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ბერო კლუბების - “Mtkvarze” და “Zgvaze” თანადამფუძნებელია, რომელთანაც რამოდენიმე თემაზე ვისაუბრეთ.

მუსიკა და ელექტრინული მუსიკით გატაცება

ბავშვობიდანვე, 90-იან წლებში, შეძლებისდაგვარად ვუსმენდი და ვაგროვებდი სხვადასხვა ჟანრის მუსიკას. დიდი ხნის მანძილზე ვუსმენდი ჯაზს და ჰიპ-ჰოპს. ელექტრონული მუსიკა მოგვიანებით აღმოვაჩინე და 2000-იანების დასაწყისში, კლუბებში სისტემატურმა სტუმრობამ განაპირობა ჩემი საცეკვაო, საკლუბო მუსიკით დაინტერესება და შემდეგ უკვე, ზოგადად დიჯეი კულტურამ და ქლაბინგმა დამაინტერესა. როდესაც მოსკოვში პრაქტიკანტ თვალის ექიმად ვმუშაობდი, ჰობის დონეზე დავიწყე დიჯეინგის სწავლა და ელექტრონული მუსიკის წერასაც ვცდილობდი. რამდენიმე წელში დიჯეინგი მთავარ საქმედ ვაქციე, ბევრ დროს ვუთმობდი ჩემს თავზე მუშაობას და მუსიკის შეგროვებას.

დიჯეინგის გზაზე დადგომა

2003 წელს დავბრუნდი მოსკოვიდან. ამ პერიოდში, მახსოვს, Adjara Music Hall იყო, რომელიც მალევე დაიხურა და გაიხსნა პატარა კლუბები - Berlin Club, შემდეგ უკვე Switch (რომლის რეზიდენტიც ვიყავი).


თბილისში დაბრუნებისას თითქმის 1 წელი თვალის კლინიკაში, დამწყებ ქირურგად ვიმუშავე, თუმცა, პარალელურად ვყიდულობდი ვინილებს, შევიძინე დიჯეი აპარატურა, ფირსაკრავები და მიქშერი. ვმუშაობდი, რომ ტექნიკურად კარგად მესწავლა დაკვრ, ბევრ დროს ვუთმობდი მუსიკის არჩევას და შეგროვებას. საკმაოდ ბევრი ვიშრომე ამ მიმართულებით და ხშირადა ვუკრავდი სხვადასხვა ადგილას. სამედიცინო მიმართულებით ისე ვერ აეწყო საქმე, როგორც მე მინდოდა, ისედაც, დროის მხრივ შეუძლებელი იყო ორივე საქმე ერთად მეკეთებინა და დიჯეობა ვარჩიე.

მუშაობის პროცესი

ყველა დიჯეი, რომელიც სწორად უდგება თავის საქმეს, ცდილობს, რომ საწყის ეტაპზე მაინც, მაქსიმალურად ჰქონდეს შეხება ვინილებთან იმიტომ, რომ ჯერ ვინილებზე უნდა ისწავლო დაკვრა, რომ ზუსტად გრძნობდე, თუ როგორ აკონტროლებ მუსიკას, შემდეგ კი, უფრო ადვილი და გამართლებული ხდება ციფრულზე გადასვლა. მეც ასე დავიწყე და ერთი–ორი წელი ვცდილობდი მხოლოდ ფირსაკრავებით დამეკრა, თუმცა, იმ პერიოდში „ეს ძალიან რთული აღმოჩნდა. დიდხანს მიწევდა ლოდინი, სანამ ჩემი ნაყიდი ვინილები ფოსტით თბილისში ჩამოვიდოდა. ახლაც ძალიან მერთულება ეგ საკითხი და იმის გათვალისწინებით, რომ დიჯეობის გარდა, ამ სფეროში სხვა ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ფაქტიურად, სულ ციფრულზე გადავედი და, ამ ეტაპზე, ჩემთვის ბევრად კომფოტულია ციფრული მუსიკის დაკვრა. თუმცა, ვგეგმავ, რომ ისევ დავუბრუნდე ვინილებს. ზოგადად, მსოფლიოში ბევრი დიჯეი ცდილობს, მხოლოდ ვინილებით დაუკრას სეტები და ციფრული საერთოდ არ გამოიყენოს, რაც ძალიან დასაფასებელია და ეს მიდგომა ამ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. 


მუსიკის ძებნისას, სიახლეებს, ანუ ახალ ლეიბლებს და არტისტებს, თავიდან ფირფიტებზე გამოსულ რელიზებში ვეცნობი. თუმცა Bandcamp-ზე და Beatport-ზეც მაქვს ბევრი რამ მონიშნული და ვცდილობ ყველაფერს მოვუმინო. ჟანრობრივადაც არ ვიზღუდავ თავს და საკმაოდ ბევრ მიმართულებას ვუსმენ. ვცდილობ, მრვალფეროვანი სეტები მქონდეს, უფრო სწორად, რა ხასათზეც ვარ, იმ მუსიკას ვაგროვებ ხოლმე და შესაბამისად, მას ვუკრავ. Drum’n’bass -ის პერიოდიც მქონია. მართალია, ახლა ნაკლებად ვუსმენ, მაგრამ შეიძლება ისევ დავუბრუნდე. ბოლო პერიოდში, ასევე, დავიწყე ჰიპ-ჰოპის მოსმენაც, უფრო სწორად, დიდი ხანია ვუსმენ, მაგრამ, რთული იყო 90-იან წლებში ანდერგრაუნდ ჰიპ-ჰოპის მოძიება, რადგან ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით ახალგაზრდობა და მისი მოძიების ბევრი საშუალება არ გვქონდა. ახლა კი, უამრავი ჩემთვის ძალიან საინტერესო ჰიპ-ჰოპ არტისტი, მათი კლიპები და ალბომები აღმოვაჩინე და დარწმუნებული ვარ, კიდე ბევრად მეტს აღმოვაჩენ.

კლუბების კულტურის საწყისები 2000-ში და ამ პერიოდის გამოწვევები 

ჩემი ძირითადი მიმართულება საცეკვაო მუსიკა იყო, შესაბამისად, ძირითადად ვუკრავდი იქ, სადაც იყო დენსფლორი.


სანამ დღევანდელი წამყვანი კლუბები გაიხსნებოდა საქართველოში, ქლაბინგი მხოლოდ ჩანასახში იყო, 2008 წლის ომის შემდეგ კი, თითქმის ყველაფერი დაიხურა. ამის გამო, ბევრ დიჯეის ისეთ ადგილებში გვიწევდა დაკვრა, სადაც, დიდად არ გვქონდა ხოლმე სურვილი. არსებობდა რამდენიმე ანდერგრაუნდ კლუბი, სადაც მუსიკალურად შეზღუდულები არ ვიყავით, მაგრამ ასეთ ადგილებში, ძალიან ცუდი ხარისხის ხმის სისტემები იყო. დიჯეებს ჩვენით გვიწევდა ხოლმე კონკრეტული აპარატურის მიტანა და მიერთება, ან, მაგალითად, მივიდოდით და დიჯეის მონიტორი არ იყო გამართული. იყო ისეთი ტექნიკური პრობლემები, რომლებთანაც ჩვენ გვიწევდა გამკლავება და იმის ნაცვლად, რომ მუსიკასა და სეტებზე გვეფიქრა, კაბელებს ვაერთებდით, ან დინამიკებს ვათრევდით.

მტკვარზე და ზღვაზე

ზუსტად ეს ყველაფერი გახდა მთავარი მოტივატორი იმისა, რომ საკუთარი კლუბის გახსნაზე დავიწყე ფიქრი. მანამდე მეგობრებთან ერთად ვაკეთებდით ივენთებს, ვიყავი რამდენიმე კლუბის პრომოუტერი, შესაბამისად, რაღაც გამოცდილებაც მქონდა უკვე დაგროვებული. ასევე, მეგობრებთან ერთად გვქონდა დიჯეი სკოლა, სადაც დიჯეის აპარატურა და მცირე რაოდენობის ვინილებიც იყიდებოდა. თავიდან გავხსენით კლუბი „პარაშუტი“, რომელიც 6 თვეში დავხურეთ, რადგან მეზობლებთან გადიოდა ხმა. პარაშუტის დახურვიდან წელიწადნახევარში, 2012 წლის ოქტომბერში, გავხსენით კლუბი „მტკვარზე“, სადაც წინა კლუბიდან შემორჩენილი აპარატურა და ინვენტარი ძალიან გამოგვადგა. მინიმალური დანახარჯებით დავიწყეთ, დაახლოებით 7000$ დავხარჯეთ პირველი ივენთის გასაკეთებლად და შემდეგ ივენთიდან ივენთამდე ვანვითარებდით ვენიუს, რაც ძალიან შრომატევადი იყო. რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევა და ფინანსური დაბრკოლებაც შეგვხვდა გზად. ოქტომბერში 10 წლის ხდება "მტკვარზე" და ამ წლების მანძილზე ბევრი ცვლილება და სიახლე შევიტანეთ კლუბში. ახლაც კლუბი რემონტდება და ახალ სეზონს  განახლებული კლუბით შევხვდებით.

“ზღვაზე” გავხსენით შარშან მეგობრებთან ერთად. მნიშვნელოვანი, რომ ეს სივრცე მხოლოდ კლუბი არ არის. პირველ სართულზე რესტორანი და კოქტეილ ბარია. წინა წელს პანდემიამ შეგვიშალა ხელი და ფაქტიურად ვერ ვიმუშავეთ. წელს საქმე კარგად მიდის, უკვე ბევრი მაგარი ივენთი გვქონდა და აგვისტო ჯერ კიდევ წინაა.

“მტკვარზე”-ს გახსნისას, ხალხისათვის რთული აღმოჩნდა იმის მიღება, რომ ყველას არ შეეძლო კლუბში შესვლა. კონფლიქტებიც მოგვსვლია, რადგან, რაღაც მიზეზების გამო, შესაძლებელი იყო, ნაცნობი ადამიანი ვერ მოხვედრილიყო კლუბში. თუმცა, ნელ-ნელა ჩამოყალიბდა კლუბის კულტურა, ხალხმა სწორად გაითავისა ფეის კონტროლის სპეციფიკა, მიეჩვია იმას, რომ, მაგალითად, კლუბში ზედმეტად ნასვამი არ უნდა მიხვიდე, ხალხმა ისწავლა კლუბში მოქცევა, რიგის პატივისცემა, დიჯეისათვის ხელის არ შეშლა და ასე შემდეგ. 

სახელმწიფომ კლუბების მიმართ თავისი განწყობა 2018 წელს, კლუბებში შეჭრით გამოააშკარავა, მაგრამ ხალხმა ერთად დგომითა და ერთმანეთის მხარდაჭერით, დავანახეთ, რომ საკმაოდ ძლიერები ვართ, რომ ეს კულტურა აუცილებელია ქვეყნისათვის და მისი მსოფლიო მასშტაბით წარმოჩენისათვის. მნიშვნელოვანია ამ კულტურის განვითარება და ამას ხელი არ უნდა შეუშალონ. 

Bero ბათუმში, Swing Festival-ზე 6 აგვისტოს Gate-ში დაუკრავს. 

ავტორი: ეკატერინა ხარბედია