მუსიკა | ცა

ბათუმის ცა - 002

თებერვალი 16, 2024

ერთი შეხედვით ბათუმის შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ რა ვიცით ბათუმის მუსიკალურ გამოცდილებაზე, ან ვინ არიან ბათუმელი მუსიკოსები? შევეცდები ნაწილობრივ მაინც აღმოვფხვრა ეს უცოდინარობა იმ მსმენელისთვის, რომელიც დაინტერესებულნი არიან სამამულო მუსიკალური პროდუქციით. ბათუმის სამუსიკო ტრადიციები საკმაოდ ფართო მცნებაა და მე შემოვიფარგლები ე.წ. პოპ მუსიკალური საზღვრებით.

აქვს თუ არა ბათუმს კონკრეტული აკუსტიკური იდენტობა?

ფოლკლორში ცხადია აქვს, მაგრამ აქტუალურ მუსიკაში - ნაკლებად. ადრეულ პერიოდში ბათუმისთვის გადამწყვეტი გახდა საპორტო და საკურორტო ადგილმდებარეობა. უკვე 1960 წელს უცხოელ მეზღვაურებს ინტენსიურად შემოჰქონდათ დასავლური პროდუქტი, ცხადია მათ შორის მუსიკალური ფირფიტებიც. როგორც ვეტერანი ბათუმელი როკერები იხსენებენ, ხშირად - ამ ფირფიტებს გვჩუქნიდნენ, ან გვიცვლიდნენ სხვადასხვა ნივთშიო. 

აი, სწორედ ასე „მოიწამლა“ ბათუმელი მოზარდების ნაწილი როკმუსიკით. გამოჩნდნენ ისეთებიც,  რომლებსაც მხოლოდ მოსმენა არ აკმაყოფილებდათ და გადაწყვიტეს თავად შეესრულებინათ თავიანთი საყვარელი მუსიკოსების ნიმუშები, ცოცხლად თანატოლების წინაშე. ცხადია, იყო დაბრკოლებები, დრო იყო ეგეთი, პლუს ინსტრუმენტების და აპარატურის დეფიციტი, მაგრამ ახალგაზრდა როკენთუზიასტების შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. მერაბ კილაძე, გია პატარაია, დუდუ აბდულიში, გია ფირცხალაიშვილი  და კიდევ ბევრნი გახდნენ პირველი ბათუმელი მოზარდი როკმუსიკოსები, ბენდებიც შექმნეს, რომელთა შორის ალბათ ყველაზე სახელგანთქმული გახდა „ჩირაღდანი“. 

საინტერესოა რომ ქალთა პირველი ე.წ. ვოკალური ინსტრუმენტალური ანსამბლიც საქართველოში, სწორედ ბათუმში შეიქმნა და მას ერქვა „იალქანი“. როგორც ჯგუფის ვოკალისტი მარინა ჯახუტაშვილი იხსნებს, ისინი სტატიკურად კი არ იდგნენ სცენაზე, არამედ სულ დინამიკაში იყვნენ - ცეკვავდნენ, მოძრაობდენ, რაც მიუღებელი იყო იმდროინდელი საბჭოთა იდეოლოგიური პროტოკოლით, მით უმეტეს გოგონებისთვის.

საინტერესოა, რომ ბათუმური ახალგაზრდული როკმოძრაობა მაშინ არავის აღაშფოთებდა. სწორედ ქალაქის საკურორტო სტატუსის გამო, დამსვენებლებს, ტურისტებს და უცხოელ მეზღვაურებსაც მოსწონდათ როცა ბულვარში ახალგაზრდა ბათუმელი როკენთუზიასტები ართობდნენ, საზღვაო კურორტებზე ასეთი რამ მიღებულიც კი იყო სსრკ-ში. მთავარი სცენა ცხადია საკურორტო რესტორნების სცენა იყო, სადაც იწრთობოდა მუსიკოსების საშემსრულებლო ოსტატობა, თუმცა ამას ჰქონდა უარყოფითი მხარეც. დღეს თითქმის ყველა ცოცხალი მუსიკოსი იხსნებს, რომ საკუთარი რეპერტუარი არ ჰქონდათ, ჯერ ერთი ვერ გაიტანდნენ სცენაზე ქართულ როკს და მეორეც, კაფეში და რესტრნებში მოსულ ტურისტ დამსვენებლებს ანგლო-ამერიკული, როკ თუ პოპ სტანდარტების მოსმენა სურდათ, ასეთი მუსიკა იზიდავდა კლიენტს და ყველა კმაყოფილი იყო - კლიენტურაც და რესტორნის ადმინისტრაციაც, რომელიც კაი ფულს აკეთებდა და ზემდგომ ორგანოებსაც უმაზავდნენ.

შესაბამისად, ჯერ კიდევ მოზარდ როკმენებს საავტორო კრეატივის გამოჩენის საშუალება არ ჰქონდათ, არც უნდოდათ ალბათ, რადგან საკმაოდ კარგად გამოიმუშავებდნენ ამ სარესტორნო კონცერტებზე, მით უმეტეს, რომ ჩანაწერებზე ფიქრი მაშინ წარმოუდგენლად მიიჩნეოდა, მაგრამ იყვნენ ისეთი მუსიკოსებიც, რომლებსაც უნდოდათ უფრო დიდ სცენაზე გასვლა. არსებობდა დიდი საბჭოთა საესტრადო სცენა და ტელევიზია, ეს კი უკვე სხვა გამოწვევის წინაშე აყენებდა მუსიკოსებს. ასეთი გამოწვევა ბათუმში მიიღო მხოლოდ ორმა, ნუგზარ ერგემლიძემ და ანსამბლმა „ლაბირინთი“. 

ნუგზარ ერგემლიძეც ასევე ბათუმური როკენროლ „ტუსოვკის“ წევრი იყო, მღეროდა უკრავდა სხვადასხვა ჯგუფებში და თან მე-9 კლასიდან წერდა საკუთარ სიმღერებს. რობერტ ბარძიმაშვილის ინიციატივით, პირველი ქართული როკოპერის“ალტერნატივის“ კომპოზიტორობა შესანიშნავ ბათუმელ კომპოზიტორს სოსო ბარდანაშვილს რომ მიანდეს, მან ლიბრეტოს ავტორად თავისი უმცროსი მეგობარი ნუგზარ ერგემლიძე მოიწვია. როკოპერა „ალეტერნატივაზე“ საკმაოდ ვრცელი ტექსტი შეგიძლიათ მოიძიოთ პლატფორმა „ცას“ არქივში, ამიტომ შემოვიფარგლები იმ ინფორმაციით, რომ პრემიერა ამ ოპერისა, სწორედ ბათუმის სახელმწიფო თეატრის დარბაზში შედგა 1977 წლის იანვარში. ნუგზარ ერგემლიძისთვის რობერტ ბარძიმაშვილთან თანამშრომლობა გადამწყვეტი გახდა სამომავლოდ. უამრავი ჰიტი, რომელსაც ასრულებდა ანსამბლი „75“ სწორედ ნუგზარ ერგემლიძის დაწერილია, ხოლო ორი მათგანი „დაკარგული სიყვარულის გამო“ და „თუკი გესიზმრები“, ერგემლიძის სწორედ ადრეული ბათუმური ნამუშევრებია, ისევე როგორც „მოდიოდა თეთრი გოგო“, რომლის შესრულების შედეგად, ჯერ კიდევ 1981 წელს მერაბ სეფაშვლი ქართული ესტრადის ვარსკვლავად იქცა.

რაც შეეხება ანსამბლ „ლაბირინთს“, ასეთი დრამატული ბედის მქონე კოლექტივი მეორე არც არსებობს. ბენდის ხელმძღვანელი და გიტარისტი მერაბ კილაძე, მოზარდობისას „ჩირაღდანში“ უკრავდა, „ლაბირინთი“ უკვე მოგვიანებით შექმნა. თითქმის მთელი ანსამბლი პროფესიონალი მუსიკოსებით იყო დაკომპლექტებული (გარდა ვოკალისტი ოთარ ჩხარტიშვილისა). მერაბ კილაძეს მშობლები ეთნომუსიკოლოგები იყვნენ და მერაბმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ქართული ეთნომუსიკის გავლენებით საავტორო, იმ დროს აქტუალური ფიუჟენ-პოპ-როკის შემნა. ისინი ასევე ცდილობდნენ ქართველ კომპოზიტორთა ნამუშევრები ისეთი ინტერპრეტაციით შეესრულებინათ, სადაც კომპოზიტორის მელოდიური ბაზისი უკანა პლანზე გადადიოდა. აი, ეს კი ავტორ-კომპოზიტორებს ძალიან აღიზიანებდათ, ამის გამო იყო, რომ „ლაბირინთს“ მაქსიმალურად ხელს უშლიდნენ კულტურის ჩინოვნიკები და მესვეურები, თუმცა მუსიკის ექსპერტებს ძალიან მოსწონდათ მათი ნამუშევრები. 

„ლაბირინთმა“ 1980 წლის თბილისის ლეგენდარულ როკფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა  და გამარჯვების მთავარი კანდიდატებიც კი იყვნენ, თუმცა მათ საბოლოოდ მეორე ადგილი მიაკუთვნეს (პირველი „მაშინა ვრემენის“). ვინილ ალბომში, რომელიც ამ ფესტივალს მიეძღვნა, „ლაბირინთის“ 2 კომპოზიცია შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლი მანამდეც აკეთებდა ჩანაწერებს ფირმა „მელოდიაში“, მათი მხოლოდ სწორედ ეს ორი კომპოზიციაა ჩანაწერის სახით შემორჩენილი, დანარჩენები სამწუხაროდ დაკარგულია. 1980 წლის დასაწყისში ბენდმა მიიღო შეთავაზება უზარმაზარი ლაინერის „მაქსიმ გორკის“ მესვეურებისგან - ერთწლიან კრუიზში კონცერტები გაემართათ გემზე, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა, ეს ეკონომიკურად უდავოდ მომგებიანი იყო ბენდისთვის, შემოქმედებითი თვალსაზრისთ - ალბათ, არა. საბოლოო ჯამში კი მოხდა ისე, რომ „ლაბირინთი“ 20 წელი „შერჩა“ გემს, მათი სცენა და მოღვაწეობა გემის საკონცერტო დარბაზის თუ რესტორნის სცენით შემოიფარგლა, რაც საკმაოდ ნაღვლიანი ისტორიაა, მაგრამ ყველაზე ტრაგიკული მაინც ისაა, რომ ორიგინალური „ლაბირინთის“ არცერთი წევრი (ერთის გარდა) ცოცხალი აღარ არის, ბოლო მერაბ კილაძე გარდაიცვალა ზუსტად ისე, როგორც  შეშევენის ფსკერისკენ წასული გემის კაპიტანს.

ახალი ბათუმური მუსიკის დასაწყისის ათვლა ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ 1980 -იანი წლების მიწურულიდან. მაშინ ისევე როგორც თბილისის თუ ქუთაისის, ბათუმური სცენაც ალტერნატიული იყო, მაგრამ მეორე მხრივ ბათუმური კოლექტივების უმრავლესობა უმთავრესად მეინსტრიმ როკს უკრავდნენ, იქნება ეს ჰარდროკი, კლასიკური როკი და პროგროკიც კი. ყველაზე აღიარებული და პოპულარული უდაოდ იყო ჰარდროკბენდი „ბეთლემი“. მათ პირველი ალბომი ჯერ კიდევ 1980 წლის მიწურულს მოამზადეს, თუმცა მხოლოდ 1992 წელს ჩაწერეს პროფესიონალურად მოსკოვში. ალბომის სახელია „ხავსმოდებული ზარების ექო“.

„ბეთლემის“ მუსიკალურ-აკუსტიკური ატრიბუტიკა ერთი შეხედვით ნაცნობია და ცოტა ბანალურიც. მათი ტექსტები გაჯერებელი იყო ქართული პატრიოტულ-მითოლოგიური დისკურსებით, ფილოსოფიურ-სოციალური პრეტენზიითაც კი, გადამეტებულია პათეტიკა- პათოსიც, მაგრამ მაშინდელი ქართული მეინსტრიმული ცნობიერების დისკურსიც სწორედ ასეთი იყო, „ბეთლემის“ მუსიკაშიც ზუსტად ისეთი ფორმით აისახა, როგორიც ეპოქის სულისკვეთებას შეეფერებოდა. შემთხვევითი არ არის რომ კოლექტივი ადგილობრივი ვარსკვლავი გახდა. მუსიკოსებმა ტურნეებშიც იარეს როგორც აქ, ისე პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, შემოთავაზებები ჰქონდათ ევროპიდანაც, მაგრამ მაშინ ასე მარტივად ვერ გვარდებოდა პრობლემები. „ბეთლემიც“ თანდათან ჩამოიშალა. ასეა თუ ისე, მათი ერთადერთი ალბომი უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა ქართულ „ჰარდ ენდ ჰევი“ მუსიკის ჟანრში, თუ საუკეთესო არა. 

კლასიკური როკის მიმართულებით ვითარდებოდა და ვითარდება ედიშერ ლომაძეც, რომელმაც ჯერ კიდევ 1986 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი „ვერტიკალი“, შემდეგ კი ჯგუფი „ტორნადო“. სამწუხაროდ, ამ კოლექტივების ჩანაწერები არ არსებობს. ეს მაშინ ბათუმში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, სპონსორიც არავინ გამოჩნდა, მაგრამ ედიშერი არ გაჩერებულა, ჩაწერის ტექნიკურ საფუძვლებსაც ძირეულად ეცნობოდა და დამოუკიდებლად მუსიკის ჩაწერაც დაიწყო. ის დღემდე აქტიური მუსიკოსია. მისი მუსიკა არის რაღაც ნაჯვარი - სოფთ და მძიმე როკს შორის. ხშირად ფანკის რიტმული მონახაზიც იკვეთება, ასევე მაქსიმალურადაა გამოყენებული აჭარული ფოლკლორის და ქართული საესტრადო სიმღერის მონაპოვარიც კი. საილუსტრაციოდ გამოდგება მის მიერ დაწერილი სიმღერა, რომელიც 2000 წლის საახალწლო გადაცემისთვის შეიქმნა, სწორედ ამ სიმღერით შედგა ნინო ქათამაძის პირველი გამოჩენა ფართო აუდიტორიის წინაშე, კახა ცისკარიძესთან დუეტში. ეს სიმღერა გაჰიტდა კიდეც მაშინ. ედიშერ ლომაძე ბენდ „ჯეო-პლანეტთან “ ერთად დღესაც აქტიურია, კონცერტებსაც მართავს ბათუმში და რეპერტუარსაც აახლებს.

1990-იან წლებში აჭარაში განსხვავებული სიტუაცია იყო, გამეფებული იყო ასლან აბაშიძეს ავტორიტარული რეჟიმი. საპროტესტო მუხტი და ამ მუხტის სახალხოდ დეკლარირებაც შეუძლებელი იყო, ამიტომ ისეთი სოციალურად აქტიური ფენომენი, როგორიც იყო ქუთაისური სცენა ან თბილისური აქტივობა, ბათუმში ცხადია ნაკლებად შეინიშნებოდა, ბოლო-ბოლო  რაოდენობრივად იყო ნაკლები მუსიკა. მუსიკოსები ცდილობდნენ აკუსტიკურ რეალობაში და მუზიცირებაში ეძებნათ გამოსავალი, მით უმეტეს რომ 1990-იანი წლების ბათუმური როკსცენის უმრავლესობას ნასწავლი მუსიკოსები შეადგენდნენ. სწორედ ამიტომ მაშინ პრიორიტეტული იყო განყენებული მუსიკა, ანუ მუსიკა მუსიკისთვის. ამ მხრივ გამოირჩეოდა ორი ბენდი - „მუტაბორი” და Factor G. 

Factor G უკრავდა ჯაზ-როკს, ფესტივალებზეც გამოდიოდნენ 1993-94 წლებში. სამწუხაროდ, მათი არანაირი ჩანაწერი არ არსებობს, არადა სწორედ ამ ბენდში აიგდა ფეხი კახა ცისკარიძემ, რომელმაც შემდეგ ამერიკაში დაამთავრა პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებელი დრამინგის განხრით. მოგვიანებით მან რადიკალურად შეცვალა საკუთარი მუსიკალური ვექტორი და თბილისში გააგრძელა ეთნო-პოპ მოღვაწეობა. „მუტაბორი“ კი.... ერთი შეხედვით უკრავს ნაცნობი ინგრედიენტებისგან შემდგარ მუსიკას - ფსიქოდელია, პროგროკი, საგიტარო ბლუზი თემატური ინტერპრეტაციებით და აქტიური დრამინგით. არც მათი სტუდიური ჩანაწერები არსებობს, არის მხოლოდ საკონცერტო ვერსია, შესრულებული ქობულეთის „ინტურისტში“ 1996 თუ 1997 წელს.

უცნაურად ჟღერს მუსიკა, ლამის ავანგარდულად და დეფოკუსირებულად. ბენდის ყველა წევრი განსწავლული მუსიკოსი იყო, ანუ აქ რაღაც აუტსაიდერულ დილეტანტურ ესთეტიკაზე ლაპარაკი ზედმეტია, მეორე მხრივ ეს ქაოტურობა და „გაუგებრობა“ თითქოს გააზრებულად აქვთ გაკეთებული, ცხადია ჩანაწერის ხარისხი არ იძლევა სრულ სურათს თუ როგორ ჟღერდა მუსიკა რეალურად, მაგრამ ფაქტია რომ მუსიკა მოულოდნელად და დამაინტრიგებლად ჟღერს. დღეს ასეთი საუნდი  ტრენდია, მაშინ არ იყო, მით უმეტეს პროგროკში, სადაც იდეალურად უნდა იყოს ყველა ელემენტი, „მუტაბორი“ კი ისე უკრავს რომ აკუსტიკური ნაკადი თითქოს ნედლი და გაუფილტრავია. 

ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“ ალბათ ყველაზე სახელგანთქმული კოლექტივია, რომელმაც აჭარიდან აიდგა ფეხი. პირველად „ინსაითი“ 1999 წელს თბილისში ლადო ბურდულის მიერ მოწყობილ ფესტივალზე მოვისმინე, მაშინ ნინო ჯერ არ იყო ბენდში. მთავარი ფიგურები იყვნენ გოჩა ყაჭეიშვილი („პეიჯა“) და გია ჭელიძე. უმთავრესად სწორედ ისინი ქმნიდნენ მუსიკას. აი, უკვე 2000 წელს ასევე ლადო ბურდულის მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე „მერცხლები შემოდგომაზე ბრუნდებიან“ „ინსაითი“ წარსდგა ახალი ვოკალისტით ნინო ქათამაძის სახით. მოხდა ისე რომ იმ ფესტივალზე ჩამოსულები იყვნენ პრომოუტერები და რუსული MTV –ის ხალხი. „ინსაითის“ და ნინოს გამოსვლამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე, მე თვითონ ვარ მოწმე კულისებში როგორი აღტაცებულნი იყვნენ და როგორ გადაწყვიტეს ნინოს და ბენდის წაყვანა მოსკოვში. დანარჩენი კი უკვე ისტორიაა, რომელიც ყველამ იცის.

კიდევ ერთი მივიწყებული კოლექტივი, ჩემი ფავორიტი ჯგუფი „ჩვენ“ არის. მისი ჯგუფის წევრები იყვნენ: 


მალხაზ აბულაძე – ვოკალი, რიტმ-გიტარა;  

ლაშა აბაშმაძე – ბას გიტარა, სოლო-გიტარა; 

გოჩა აბაშმაძე – დასარტყამები.

წმინდა წყლის ქართული ბათუმური ინდი-პოპ-როკი - მელოდიური, ირონიული, ზომიერად დრაივიანი ფანკური რითმ სექციით. ცხადია, გადამწყვეტი იყო ვოკალისტი და ფრონტმენი მახო აბულაძე, რომელიც პროფესიონალი მსახიობი იყო და მისი ეს არტისტულობა მკაფიოდ იკვეთება მის მანერაში, ფრაზირებაში და მოწოდებაში. განსაკუთრებით ეფეტური იყო ბენდი კონცერტებზე. მე მახსოვს მათი ლაივი ვერის ბაღში, ჭადრაკის სასახლეში არსებულ კლუბში (სახელი არ მახსოვს), შთამბეჭდავი იყო ყველაფერი. მოგვიანებით მახო აბულაძემ არჩევანი საკუთარ ძირითად პროფესიაზე გააკეთა და საკმაოდ წარმატებულადაც (მაგ.სერიალში „ცხელი ძაღლი“), ბენდი დაიშლა, მათგან დარჩა მხოლოდ ერთი ალბომი „ურთიერთობა“, რომელიც 2002 წელს გამოვიდა.

ახლა კი გადავიჭრათ წმინდა ბათუმურ ექსპერიმენტალიზმში. ამ მხრივ ალბათ ცოტა შეედრება ლევან წულუკიძეს, პროფესიით მხატვარს, პოეტს, ანიმატორს, კლიპმეიქერს, მუსიკოსს და ზოგადად მულტიმედია არტისტს. მანაც 1990-იანებში დაიწყო  მუსიკის კეთება, შთაგონებაც დიდი საძებნელი არ ჰქონდა. ის ჯერ კიდევ 1980 წელს გახდა ნამდვილი მელომანი, ისეთი, როგორის ვინილ კოლექციაშიც საქვეყნოდ აღიარებული მოდური ჯგუფების მიღმა, უხვად მოიძებნებოდა ავანგარდისტულ-ანდერგრაუნდული რელიზებიც.  მისთვის გადამწყვეტი გახდა 2004 წელი, როცა „ინსათის“ გოჩა ყაჭეიშვილთან და ირაკლი სამსონიასთან ერთად შექმნა პროექტი „ნიჟარა“.

„ნიჟარა“ წმინდა წლის იმპროვიზირებულ მუსიკას აკეთებდა. პარალელურად, ის ქმნის პროექტს „სანდინო“, რომლის მუსიკა უკვე აშკარად გამოხატული ანარქო-პანკია, ხოლო სპეციალურად მის მიერ დაარსებული ფესტივალისთვის  „ახალი ტალღა“ (რომელიც 2004-2009 წლებში იმართებოდა) კიდევ ერთი, მესამე პროექტი „გაგარინი 16“ შექმნა. ეს უკვე მისი პოეზიის, რეჩიტატივის გადატანა იყო დაბ პოსტ-პანკ სტილში. სწორედ ამ პროექტით გავიცანი მე ის და მისი ბენდი, 2004 წელს თბილისში კონსერვატორიის გვერდზე არსებულ კაფე-ბარში ჩატარებული კონცერტიდან. ასეთ მუსიკას მაშინ ჩვენში არ აკეთებნენ, რაღაც ლუ რიდის და მარკ ი სმითის შემოქმედებით შთაგონებულს. საინტერესოა მისი მუსიკალურ-ანიმაციური კლიპებიც, მან ამ კლიპებში საკუთარი მე-პერსონაჟიც შექმნა - „ჯანქილვეინი“ - რომელიც ლამის ბათუმის იატაკქვეშა სახელოვნებო პროცესის ორგანულ ნაწილადაც კი შეგვიძლია მოვიაზროთ. მინდა ვთქვა, რომ ბათუმური ანდერგრაუნდული აზროვნება და ინტენციები არსად არ ვლინდება ისე მკაფიოდ, როგორც ლევან წულუკიძის პროექტებში, ფაქტობრივად მისი შემოქმედების მთავარი პერსონაჟიც ბათუმია.

ცხადია, ბათუმშიც იყო და არის სივრცეები, რომელშიც მუსიკოსები გამოდიოდნენ და უკრავდნენ. იყო კლუბებიც, საკონცერტო სივრცეებიც, ბოლო-ბოლო საზაფხულო თეატრი ბულვარში, თუმცა ბათუმური ხელოვნების ნამდვილი ოაზისი იყო ე.წ. „ანდერგრაუნდ კლუბი“, რომელმაც რამდენიმე წელი იარსება 1990-ის მუწირულიდან და რომელიც შაუმიანის (ახლანდელი დემეტრე თავდადებულის) N9-ში მდებარეობდა. პრინციპში ეს კლუბიც არ იყო. ეს მოზრდილი სარდაფი ბათუმურ ეზოში, უკვე ნახსენებმა მახო აბულაძის სიდედრმა დაუთმო ენთუზიასტებს. მუსიკალური ღონისძიებების პარალელურად, აქ იმართებოდა თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები, აქცია- პერფორმანსები, იმ პერიოდის ბათუმური შემოქმედებითი „ტუსოვკა“ სწორედ ,,ანდერგრაუნდში“ იყრიდა თავს. სხვათა შორის, ამ კლუბიდან დაიწყო ნინო ქათამაძის და ჯგუფ ,,ინსაითის“ თანამშრომლობა, რომელმაც აგერ უკვე ამდენი ხანი, ასეთი წარმატებით გასტანა.

ბოლო პერიოდში ბათუმური მუსიკალური სასცენო აქტივობა აშკარად შენელდა, თუმცა მთავარია, რომ მუსიკა ბათუმში მაინც კეთდება, თან კარგი მუსიკა. ირაკლი სამსონია, იგივე „სამსო“, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში „მუტაბორში“ უკრავდა შემდგომ კი „ნიჟარაში“ ბასზე, ერთ-ერთი უნიჭიერესი მუსიკოსია ქალაქში. მასაც კლასიკური მუსიკალური განათლება აქვს, თანაც ვოკალის განხრითაც, თუმცა არ, ან აღარ მღერის და მულტიინსტრუმენტალისტიცაა, თუმცა მიუხედავად ამისა, ბოლო 10 წელია ინსტრუმენტალურ-ელექტრონილ მუსიკას აკეთებს, რომელიც სამწუხაროდ დანარჩენ საქართველოში კი არა, აჭარაშიც ბევრმა არ იცის, არადა ეს ელექტრონიკა წმინდა წლის კომპოზიტორულია და არა კომპიუტერული პროგრამირებით აწყობილი. ეს მომენტი მყისვე შესამჩნევია პირველი მოსმენისთანავე. სხვათა შორის, ერთ დროს პოპულარული გადაცემა „ღამის კომუნიკატორის“  მუსიკალური ქუდი, რომელსაც სერგი გვარჯალაძის ფრაზა ადევს, სწორედ „სამსოს“ შექმნილი მუსიკაა, ხოლო „არტარეას“ მუსიკალური სეგმენტის სისტემატიური მაყურებლისთვის ნამდვილად არ დარჩებოდა შეუმჩნეველი მისი ცოცხალი გამოსვლა, რომლის სრული ვიდეოჩანაწერიც სავარაუდოდ არსებობს. სამწუხაროდ, ის იშვიათად ან არ აზიარებს თავის ნამუშევრებს, ასეთი ინტროვერტული მუსიკალური ცხოვრებით ცხოვრობს, ამიტომ არის მისი შემოქმედება უცნობი.

„ასეა სულ“ კი უკვე პოპულარულია მთელ ქვეყანაში, და-ძმა ათინა და ბექა ჯანუაშვილები ქართულ მუსიკალურ რეალობაში აშკარად გამოირჩევიან სხვებისგან. ჯერ ერთი, ისინი არასდროს იზღუდავენ თავს ჟანრულად, არც ენობრივად და არც აკუსტიკურად. სახეზეა ინდი-პოპ როკი, ექსცენტრული მეინსტრიმიც. ბექა ჯანუაშვილის ლტოლვა ექსპერიმენტული მუსიკისკენ, „ასეა სულს“ ხშირად ავანტ პოპის ტერიტორიაზეც აგდებს. მათ მუსიკაში მელოდია და ჰარმონიები უაღრესად დახვეწილია, ხოლო ათინა ჯანუაშვილის ვოკალური მონაცემები და მანერა ერთ-ერთი საუკეთესოც კია ჩვენს ქვეყანაში. თავის დროზე მათ რამდენიმე სიმღერა კინოსთვისაც კი დაწერეს. მაგალითად, ნანა ჯორჯაძის უკრაინული ფილმისთვის „ჩემო ქალთევზა ჩემო ლორელაი“(2018) და ერთი სიმღერა რუსული სერიალისთვის „საახალწლო რეისი“ (2014). ყირიმის ოკუპაციამდე მათი პრომოუშენით დაინტერესებული იყო რამოდენიმე სერიოზული საპროდუსერო კომპანია მოსკოვში, მაგრამ სრულიად ობიექტური მიზეზების გამო კარიერა ვერ აეწყოთ. აი, ამ ეტაპზე „ასეა სულ“ იწყებს სახლის კონცერტების სერიას, ისეთ ინტიმურ გარემოში, რომელშიც დისტანცია მსმენელს და არტისტებს შორის საერთოდ მოშლილია, ეს პრაქტიკა უაღრესად ტრენდულია დღეს მთელ მსოფლიოში.

და, ბოლოს ლუკიანე იგივე ლუკა ზაქარიაძე. ამ ბიჭმა პირველად ყურადღება მიიქცია 10 წლის წინ, როდესაც X ფაქტორზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. მისი ინტერპრეტაციები “რედიოჰედის”, ირაკლი ჩარკვიანის თუ „მიუზის“ სიმღერებზე ნამდვილი სენსაცია გახდა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ლუკიანე სრულიად დამუკიდებელი და თვითკმარი ავტორია, მისი ინტერესის საგანს წარმოადგენდა ე.წ. ექსპანსიური პოსტ პანკი და ობსკურული დარქ ვეივი. არის მის ნამუშევრებში რაღაც შემაშფოთებელი, ნერვიული და ლამის ავადმყოფურიც კი. წელს ის გადაერთო ე.წ. დარქ ტექნოზე. აქ არ არის ნოიზი და გრუხუნი, აქ მთავარი შინაგანი ნერვია, სასპენსის განცდა, რომელიც აძლევს კიდეც შინაარსს ამ ერთი შეხედვით გაცვეთილ მუსიკას. მუსიკა საცეკვაო და საკლუბოა, ცეკვა-გართობის ხალისს რომ გიკარგავს ისეთი ოღონდ.

სამწუხაროდ, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ბათუმის მუსიკალური ცხოვრება თითქმის ბოლომდე შეავსეს მხოლოდ გასტროლიორმა არტისტებმა, რითაც პირდაპირ თუ ირიბად ზარალდება ადგილობრივი სცენა და მგონი დროა, უკვე ბათუმელ/აჭარელ აქტუალურ კადრებს მიექცეს უფრო მეტი ყურადღება, რათა ე.წ. ახალგაზრდულმა მუსიკალურმა კულტურამ ქალაქში სრული სისავსით იცოცხლოს.  ძალიან კარგია რომ გაიხსნა ელექტრონული მუსიკის წარმოება პროდუსინგის სასწავლო კურსები, როგორც ამ სასწავლებლის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლაშა გურულმა მითხრა, ბევრი მოზარდი უკვე ქმნის საკმაოდ საინტერესო მუსიკას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ბათუმი უკვე ის აღარ არის რაც 20 წლის წინ, ძალიან გაიზარდა და მისი მუსიკალურ-კულტურულ პოტენციალიც აუცილებლად უნდა გაიზარდოს, რაც ალბათ მოხდება კიდეც.

ავტორი: გია ხადური