ნოემბერი 22, 2021
ადვილად დასანახია, რომ ლოკალური მუსიკალური სცენა, ისევე, როგორც სხვა მონათესავე სფეროები, ძირითადად დამოუკიდებელი მუსიკოსების ენთუზიაზმსა და ინდივიდუალურ ინიციატივებზე დგას. თუმცა, მოგეხსენებათ, მხოლოდ არტისტების საკუთარი სამუშაო პროცესი დარგის ინდუსტრიად ქცევამდე საკმარისი არაა. წარმატებული პერსონის უკან დგას ერთიანი და სანდო გუნდი, რომელიც სულ მცირე - პრომოუტერის, ლეიბლის, ფაბლიშერისა და ბუქინგ აგენტებისგან შედგება. მანამ, სანამ მუსიკოსი საკუთარი შემოქმედებითი პროცესითაა დაკავებული, მენეჯერები მისი კარიერისთვის მნიშვნელოვან ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს იღებენ.
ქართული მუსიკალური სივრცის კომერციალიზაციის გზებზე ფიქრი და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები თავის თავზე სულ ცოტა ხნის წინ დაფუძნებულმა Bloom Music-მა აიღო.
ახალი მუსიკალური კომპანიის მიღმა მირო კულულაშვილი (იურისტი), თევდორე მაყაშვილი (არტისტ მენეჯერი) და ჯაბა შავიშვილი (მუსიკალური ჟურნალისტი და მარკეტერი) დგანან. საერთო ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე Bloom Music-ის გუნდის წევრებს ვესაუბრეთ.
დავიწყოთ თავიდან - როგორ შეიკრა თქვენი გუნდი და რამ გამოიწვია Bloom Music-ის დაარსების საჭიროება?
ჯაბა შავიშვილი: Bloom Music-ის დაარსება პირველ რიგში ქართული მუსიკალური სცენის საჭიროებამ გამოიწვია. სამივენი ვხედავდით იმ დადებით ძვრებს, რაც ბოლო წლებში აღნიშნულ სცენაზე მოხდა, მაგრამ ამავე დროს, ვაცნობიერებდით, რომ სცენის ინდუსტრიად ქცევისთვის კიდევ დამატებითი კომპონენტების გაჩენა იყო საჭირო - ვგულისხმობ იმას, რომ გარდა მუსიკოსების შემოქმედებითი პროცესისა, ამ ეკოსისტემას ესაჭიროებოდა კომერციალიზაციის გზები, რომელიც მუსიკოსებსა და აქ დასაქმებულებს მეტნაკლებად სტაბილურ ფინანსურ გარანტიებს მისცემდა.
სამივეს უკვე 10 წელზე მეტია, რაც ქართულ მუსიკალურ სივრცესთან განსხვავებული გადაკვეთები გვქონდა: მირო საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი იურისტია მუსიკალურ ბიზნესში, თევდორე წლების განმავლობაში სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფის არტისტ მენეჯერი იყო, მე კი ჩემი გამოცდილებით მუსიკალურ ჟურნალისტიკაში - მგონი საჭირო დრო, ადგილი, გამოწვევები და ამ გამოცდილებების გაერთიანება ერთმანეთს დაემთხვა და ასე გაჩნდა Bloom Music-ის იდეაც. ვფიქრობ, ცხოვრების ამ ეტაპისთვის სამივეს დაგვიგროვდა კომპეტენციის ის შესაძლებლობა, რომ საქართველოში, ჩანასახში არსებულ მუსიკალურ ინდუსტრიას ჩვენი ცოდნა და გამოცდილება სხვა მიმართულებითაც გამოეყენებინა - ეს ყველაფერი ქვეყნისთვის ახალია და ვფიქრობ, ბევრი მუშაობა მოგვიწევს, რომ ამ მხრივ გარკვეული სტანდარტებიც ჩამოვაყალიბოთ.
Bloom Music-ის სადებიუტო პროექტის პირველი ეტაპი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. „გააციფრულე ქართული მუსიკის“ ფარგლებში ლოკალური მუსიკალური პროექტების ჩანაწერები სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზე განთავსდა (მათ შორის Spotify, Deezer, Apple Music, Amazon Music და სხვა). რა არის ახლად დაარსებული მუსიკალური კომპანიის შემდეგი ნაბიჯი?
თევდორე მაყაშვილი: დაარსების დღიდან ვიცოდით, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სტრიმინგ პლატფორმების აქტუალიზაცია და მათზე რაც შეიძლება მეტი ქართველი მუსიკოსის შემოქმედების განთავსება იქნებოდა. სწორედ ამისთვის წამოვიწყეთ აღნიშნული პროექტიც: დავუკავშირდით უკვე შემდგარ თუ დამწყებ მუსიკოსებს და უსასყიდლოდ შევთავაზეთ აღნიშნული სერვისი - გარდა ამისა, აქტიურად დავიწყეთ ციფრული აგრეგატორის მოძიება (კომპანია, რომელიც სტრიმინგებზე მუსიკის განთავსებას ახდენს) და შედეგად ექსკლუზიური კონტრაქტი გავაფორმეთ წამყვან ამერიკულ კომპანიასთან Symphonic Distribution, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენს მუსიკოსებს განსაკუთრებულ პირობებს შესთავაზებს. შესაბამისად, 1 თვიანი სამუშაოს შემდეგ მივიღეთ საკმაოდ კარგი შედეგი - 30-ზე მეტი ქართული მუსიკალური პროექტი, 250 კომპოზიციით უკვე 50-ზე მეტ პლატფორმაზეა. ეს ერთი მხრივ დაეხმარება მუსიკოსებს, რათა უკეთ შეძლონ საკუთარი პროდუქტის კომერციალიზაცია, თავის მხრივ კი მსმენელსაც, რომელიც სასურველ პლატფორმაზე შეძლებს რჩეული მუსიკის მოსმენას. პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ აღნიშნულ სერვისს უკვე ნებისმიერ ქართულ მუსიკალურ პროექტს ვთავაზობთ - ჩვენი მიზანი უახლოეს წლებში იქნება, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ არსებული თუ ძველი ქართული ჩანაწერების ამ პლატფორმებზე განთავსება.
ერეკლე დეისაძე გუნდის მიერ შერჩეული პირველი მუსიკოსია, რომლის მენეჯმენტზეც Bloom Music იზრუნებს. რა მნიშვნელოვანმა ფაქტორებმა განაპირობა ეს არჩევანი და რა სიახლეს უნდა ელოდოს მისი მსმენელი თქვენგან?
თევდორე მაყაშვილი: არტისტ მენეჯმენტი, როგორც აღვნიშნეთ, ქართულ ბაზარზე ახალი მიმართულებაა და ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს. გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე, შეზღუდული რესურსით, მხოლოდ რამდენიმე მუსიკოსის მომსახურებას თუ შევძლებდით, უპირველესად კი მათი, რომლის მუსიკალურ ღირებულებასაც და საბოლოო „პროდუქტსაც“ გვჯერა, რომ აქვს პოტენციალი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. როგორც აღვნიშნე, ჩვენი ერთ-ერთი პირველი მიზანი სწორედ კომერციალიზაციის ძველი გზების სტანდარტიზაცია და ახალი გზების ძიებაა. გარდა ამისა, ნებისმიერ მუსიკოსს მუდმივად სჭირდება სხვადასხვა ტიპის დახმარება, რათა თავის მხრივ მათ სრულიად დაუთმონ დრო შემოქმედებას. არტისტ მენეჯერიც სწორედ ეს ადამიანია - ვინც მუსიკოსს საშუალებას აძლევს იფიქროს მხოლოდ შემოქმედებით პროცესზე. ამჟამად ვემზადებით ეკოს ახალი ალბომისთვის, რომელსაც მსმენელი ძალიან მალე მოისმენს.
დაინტერესების შემთხვევაში, როგორ შეიძლება თქვენი სერვისით სარგებლობა, და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მიღებული განცხადებები, რათა Bloom Music-ის გუნდისთვის მუსიკოსებთან თანამშრომლობა საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართოს?
ჯაბა შავიშვილი: პირველ რიგში, როგორც ავღნიშნეთ, ამ ეტაპზე, შეზღუდული რესურსების გამო ვცდილობთ, რომ მცირე რაოდენობის მუსიკოსებს მოვემსახუროთ, ვინაიდან, შედეგი მათთვისაც ცხადი იყოს. აუცილებლად უნდა მოგვწონდეს და გვჯეროდეს მათი მუსიკალური მომავლის, ისევე როგორც თავად არტისტს. შეიძლება მუსიკოსების გარკვეულ ჯგუფთან მხოლოდ ნაწილობრივად, თუნდაც ციფრული დისტრიბუციის მიმართულებით ვიმუშაოთ, ვინაიდან პლატფორმებზე განთავსების გარდა, სხვა მრავალი შესაძლებლობა არსებობს მუსიკოსების წინ წასაწევად და მათი მუსიკის უკეთესად წარმოსაჩენად.
ამბობთ, რომ დღეისთვის სტრიმინგ პლატფორმებზე მოხვედრა ყველა მუსიკოსისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. რამდენად რეალურია ქართველი მუსიკოსებისთვის, რომ აღნიშნული მუსიკალური პლატფორმები მათი შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახდეს?
მირო კულულაშვილი: ეს შესაძლებლობა საკმაოდ რეალურია, თუმცა, როგორც ვთქვი, ამისთვის საჭიროა დამატებითი შრომა, მხოლოდ პლატფორმებზე გამოჩენა არ კმარა.
როგორც სოციალურ ქსელებს, სტრიმინგებსაც დამატებითი შესაძლებლობები და ინსტრუმენტები გააჩნიათ, რომელიც მუსიკოსებმა მუდმივად უნდა გამოიყენონ საკუთარი თავის წარმოსაჩენად - მაგალითად ე.წ. Pitching რომელიც საშუალებას იძლევა, რომ Spotify-ს საინტერესო ფლეილისთებში მოხვდეს მათი ჩანაწერი, როდესაც საუბარია ფლეილისთზე, რომელსაც მილიონობით გამომწერი ჰყავს, ალბათ, ხვდებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ფუნქციის გამოყენება.
სტრიმინგსაც მუდმივად სჭირდება განახლება და მუშაობა, შესაბამისად მუსიკოსებიც მუდამ რეჟიმში უნდა იყვნენ და სტაბილურად შესთავაზონ მსმენელს ახალი ნამუშევრები. დარწმუნებული ვართ, ამას გადამდები ეფექტიც ექნება. მუსიკოსების პარალელურად ხომ მსმენელის ქცევის მოდელიც შეიცვლება და ნელ-ნელა ახალი თაობა სწორედ ამ პლატფორმებს შეარჩევს მუსიკის მოსასმენად. Youtube-ისგან განსხვავებით, რომელიც საკმაოდ მცირეს უხდის მუსიკოსებს (რომ არ ვთქვათ ის, რომ საერთოდ არ არის ეს პლატფორმა მუსიკის მოსასმენად განკუთვნილი) სტრიმინგების დიდი ნაწილი ბევრად უკეთეს შანსს აძლევს მუსიკოსებს საკუთარი შემოქმედება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უცხოელ მსმენელსაც გააცნოს.
მუსიკოსებისა და მუსიკალური პროექტების მენეჯმენტის გარდა, თქვენი საქმიანობა ღონისძიებების მართვასაც მოიცავს. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია სხვადასხვა ივენთის ორგანიზება ან თუ ფიქრობთ ალტერნატიულ გამოსავალზე?
მირო კულულაშვილი: ვაქცინაციის ტემპი ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს, მაგრამ ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც შევძლებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. მთელს მსოფლიოში ბრუნდება მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები გარკვეული შეზღუდვებით (ვაქცინირებულებისთვის, უარყოფითი ტესტის მქონეთათვის და ა.შ.) და ჩვენთანაც სხვანაირად წარმოუდგენელი იქნება. ალბათ, უახლოეს მომავალში შემუშავდება ის სქემა, რომლის მიხედვითაც მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი გახდება უსაფრთხო გარემოში. თან უკანასკნელი კვლევებიც გვაჩვენებს, რომ გადადების მაჩვენებელი მსგავს ღონისძიებებზე საკმაოდ დაბალია. ჩვენც ნელ-ნელა ვემზადებით და ვიმედოვნებთ, 2022 წელი უკვე ბევრად საინტერესო და მუსიკალური იქნება.
ავტორი: მარი ყალაბეგაშვილი