კულტურა სიახლეები

BAZA-ს სიმპოზიუმი

ცოდნის გაზიარების, შთაგონებისა და ახალი იდეების გენერირების სივრცე

ნოემბერი 01, 2019


ის, რაც პირველი ინტერდისციპლინური სიმპოზიუმის შესახებ უნდა იცოდეთ

 

წელს დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, თიბისიმ და დავით კაკაბაძის ფონდმა უკვე არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა. ამჯერად BAZA და დავით კაკაბაძის ფონდი ორდღიან სიმპოზიუმს და დავით კაკაბაძის არქივის ვებ-პლატფორმის პრეზენტაციას მართავენ. ღონისძიებაზე შემოქმედებითი, კვლევითი და სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის წარმომადგენლები არაერთ საინტერესო დისკუსიას გამართავენ და დამსწრე აუდიტორიას ხელოვნებაზე, სრულიად განსხავებული კომპეტენციებიდან მოუყვებიან.

დავით კაკაბაძეს იდეალურად შეეძლო თავის შემოქმედებაში ზუსტი მეცნიერებებისა თუ სხვადასხვა დისციპლინარული მიღწევების გამოყენება. ისევე კარგად ერკვეოდა ხელოვნებაში, როგორც ფიზიკასა და მათემატიკაში; გამომგონებელიც იყო და მკვლევარიც. ერთი შეხედვით ამ სრულიად განსხვავებულ თემებს ერთმანეთთან ოსტატურად აკავშირებდა და იმ დროში წარმოუდგენელ აღმოჩენებამდე, მიგნებებამდე მიდიოდა. დავით კაკაბაძე სწორედ ის ფიგურაა, რომელთანაც თანამედროვე ქართულ ხელოვნებაზე და კონკრეტულად ამ სიმპოზიუმზე საუბრისას, არაერთხელ მივალთ. რადგან ის, რასაც კაკაბაძე ლამის საუკუნის წინ თავისი კომპლექსურობით აკეთებდა, დღეს ყველაზე აქტუალური და რელევანტურია ჩვენთვის, თანამედროვე ადამიანებისათვის.

2 და 3 ნოემბერს BAZA და დავით კაკაბაძის ფონდი რუსთაველის #18-ში ინტერდისციპლინურ სიმპოზიუმს მართავენ. შემოქმედებითი, კვლევითი თუ სამეცნიერო დისციპლინების პროფესიონალები ამ ორი დღის განმავლობაში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრებენ: ვიზუალური ხელოვნება, კულტურის კვლევები, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფიზიკა, მეხსიერების პოლიტიკა და სხვა. მომხსენებლებს შორის იქნება დეველოპერი, ილუსტრატორი და ქართულენოვანი სოციალური მედიის სახელმძღვანელოს ავტორი სანდრო ასათიანი, რომელიც აუდიტორიას „ახალ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე“ ესაუბრება, მაშინ როდესაც „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი მათ „ისტორიასა და მეხსიერების პოლიტიკაზე“ მოუთხრობს; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგი გიორგი მუსხელიშვილი „ბიოლოგიურ სისტემასა და მის ორგანიზაციაზე“ გაგიზიარებთ საინტერესო ფაქტებს, ხოლო „თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი, „შემოქმედებით მედიაციებზე“ მოგიყვებათ. 

სიმპოზიუმზე 14 სხვადასხვა თემის განსახილველად მისული, არანაკლებ მნიშვნელოვან გამოფენაზე აღმოჩნდებით. აქ დავით კაკაბაძის ის უნიკალური საარქივო მასალა დაგხვდებათ, რომელიც მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდში შესრულებულ ესკიზებს, ჩანახატებს, ტექსტებს, პუბლიკაციებსა და ფოტოებს აერთიანებს. ამას გარდა, სიმპოზიუმის ფარგლებში შედგება გაზეთ „დანართის“ ახალი ნომრის პრეზენტაციაც, რომელიც მისმა ავტორებმა ცნობილ ქართველ მხატვარსა და გამომგონებელს მიუძღვნეს. გაიმართება დავით კაკაბაძის შემოქმედების ციფრული არქივის პრეზენტაციაც, რომელიც თითქმის სრულიად აერთიანებს მხატვრის შემოქმედებას: იქნება ეს სხვადასხვა დროსა და სტილში შესრულებული ნახატები, ინოვაციურ პროექტებთან დაკავშირებული ჩანაწერები და ნახაზები თუ თავად მის მიერ გადაღებული ფოტოები. აქვე, კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება დაგხვდებათ. სპეციალურად მოწყობილ საპროექციოში იმ ფილმების ნახვას შეძლებთ, რომელზეც მხატვარს უმუშავია - მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთე“, ნუცა ღოღობერიძის „ბუბა“, მიხეილ ჭიაურელის „საბა“ და დავით რონდელის „დაკარგული სამოთხე“. ფაქტობრივად, BAZA-ს სიმპოზიუმი იქნება ცოდნის გაზიარების, შთაგონებისა და ახალი იდეების გენერირების სივრცე, რომელზეც ორგანიზატორები ნებისმიერ მსურველს ეპატიჟებიან. 

ახალი ინტერდისციპლინური საგანმანათლებლო პლატფორმა - BAZA - თიბისის ინიციატივით შეიქმნა. ცოდნის გაზიარება პლატფორმის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია. თავის თავში ის თანამედროვე ხელოვნებას, მეცნიერებისა და კვლევის მიმართულებებს აერთიანებს. BAZA ცდილობს თავი მოუყაროს არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე სახელოვნებო და სამეცნიერო პროცესებს, არამედ თავად შექმნას ახალი კონტექსტები. BAZA ეს არის სურვილი შეიქმნას ისეთი უნიკალური სივრცე, რომელიც ყველასთვის ღია იქნება: პროფესიონალი არტისტებისთვის, მკვლევარებისთვის, სტუდენტებისა თუ უბრალოდ, ამ თემებით დაინტერესებული ადამიანებისათვის. სადაც თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება კულტურულ და სამეცნიერო პროცესებთან კვეთაში ისევე საინტერესოდ იქნება განხილული, როგორც ამას წინა საუკუნეში, დავით კაკაბაძე თავისი შემოქმედებით ცდილობდა. 

P.S. სიმპოზიუმი გაიმართება 2-3 ნოემბერს 12:00-20:00-ზე, რუსთაველის გამზირი #18-ში. სიმპოზიუმზე დასწრება თავისუფალია და ღონისძიების განრიგი გამოქვეყნდება თიბისის და დავით კაკაბაძის ფონდების ფეისბუქ გვერდზე. 




ავტორი: სალომე კიკალეიშვილი / indigo.com.ge