ცისფერი მთები თაობა

ზამთრის მთავარი მოვლენა - ბაკურიანი 2023

16 თებერვლიდან 5 მარტამდე ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

თებერვალი 07, 2023

ისტორიაში პირველად, საქართველო ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და სკი კროსში უმასპინძლებს.

ზამთრის მთავარი მოვლენა სტარტს 16 თებერვალს აიღებს და 6 მარტამდე გაგრძელდება.


ფრისტაილის შვიდ სხვადასხვა დისციპლინაში 700 სპორტსმენი 42 ქვეყნიდან კოხტასა და დიდველის ტრასებზე მსოფლიო პირველობისთვის იასპარეზებს.

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობამდე ბაკურიანმა დიდი გზა გამოიარა და დაამტკიცა, რომ ამ კურორტს შეუძლია მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან სპორტულ ლოკაციად იქცეს. შეიძლება ითქვას, რომ ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ბაკურიანში ჩატარებით ზამთრის სპორტული ეპიცენტრის ტიტული ბაკურიანს კი არ ენიჭება, არამედ უბრუნდება, რადგან ათწლეულების წინ სწორედ ბაკურიანში იზრდებოდნენ მსოფლიო დონის ათლეტები, რომელთა სახელიც ზამთრის სპორტში ინოვაციებს, ახალ სიტყვასა და გამარჯვებას უკავშირდებოდა.

ბაკურიანი სპორტული შეჯიბრებების სახლია და ეს თუ აქამდე მივიწყებული იყო, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მიერ წარმატებულად ჩატარებული მსოფლიო თასის ეტაპებით, მსოფლიო გაიხსენებს მის მნიშვნელობასა და ღვაწლს.


გიორგი ნიკოლაძის მიერ მე-20 საუკუნეში თხილამურით პირველად გაკვალულ გზასა და კობა წაქაძის მშობლიურ ადგილას ფრისტაილის მთავარი სპორტსმენები კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ თავიანთ პირველობას.



ჯერ კიდევ 2018 წელს საქართველომ პირველად მოიპოვა უფლება, ჩაეტარებინა მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელს.


მსოფლიო თასის ეტაპების სხვადასხვა დისციპლინაში ჩატარების შემდეგ, ბაკურიანი ფრისტაილის შვიდ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ შეჯიბრებებას სამ ტრასაზე უმასპინძლებს: Half Pipe, Big Air, Slopestyle, Parallel Giant Slalom, Aerials, Moguls და Cross დისციპლინებში მოასპარეზე მთავარი სპორტსმენები საქართველოს სამი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად ესტუმრებიან და ქართული აუდიტორიის (და არა მარტო) წინაშე ბაკურიანის ტრასებზე 2023 წლის ზამთრის მთავარი შეჯიბრი გაიმართება.

სულ იმაზე ვსაუბრობთ, რომ საქართველო ამ 5 წლის განმავლობაში თავდაუზგავი შრომის შედეგად მზად აღმოჩა, ემასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეალურად ბაკურიანი დიდიხანია მზად არის ზამთრის მთავარი მოვლენა მის ტრასებზე ჩატარდეს. 


მემკვიდრეობა, რომელიც ბაკურიანმა შექმნა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის უგზოუკვლოდ ვერ გაქრებოდა და ეს ჩემპიონატიც ამის დასტურია. ამ მემკვიდრეობას აქვს საშუალება, რომ გაგრძელდეს და ახალი თაობის რეალობა გახდეს. ბაკურიანი 2023 კი ამ წარსულისა და მომავალის დამაკავშირებელი მთავარი წერტილია.

#ბაკურიანი2023