თებერვალი 17, 2021
არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგრამ ერთ დროს „დეზერტირის“, ნავთლუღის, ისნის და თბილისის სხვა ბაზრობები სავსე იყო აუდიო კასეტების ჯიხურებით, დახლის გარეთ განთავსებული დიდი საბჭოთა სპიკერით, საიდანაც თქვენთვის ცნობილი და საყვარელი არტისტების ხმა ნამდვილად არ ჟღერდა. ფერადი და იაფფასიანი არტვორქებით გაფორმებული ფირებიდან, როგორც მაშინ უწოდებდნენ „იამახა“-ზე შესრულებული ქართული „ფანოღები“ (ეს ტერმინი სრულ სურათს ნამდვილად ვერ ასახავს) ისმოდა. სიმღერები გართობაზე, სიყვარულზე, მონატრებასა და იმედგაცრუებაზე, ყოველგვარი ზედმეტი სიღრმისა და ამბიციების გარეშე.
ალბათ, გიფიქრიათ ვინ იდგა ამ მუსიკის მიღმა, სად და ვინ ქმნიდა ამ „ბაზრის“ ან, როგორც მეორენაირად უწოდებდნენ, „მარშრუტკის“ მუსიკას (მისი ამავე სივრცეში დასაქმებული მიკროავტობუსების მძღოლებში პოპულარობის გამო). მე პირადად ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ქუჩის კულტურას სათანადო ყურადღება არ დავუთმე და მისი გაფურჩქვნის ხანაში, ავთენტურ გარემოში მისი გამოკვლევის შანსი ხელიდან გავუშვი.
სამწუხაროდ, წლების შემდეგ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კომერციულად მომგებიანი რადიოსადგურის შექმნას და ამ ფესვებზე აღმოცენებული რამდენიმე ცნობილი შემსრულებლის მასშტაბურ პოპულარობას, ამ „ჟანრის“ მონოპოლიზება მოჰყვა, რამაც ხელი შეუწყო სახლის სტუდიიდან მოღვაწე დამოუკიდებელი არტისტების გაქრობას.
მსგავსი მუსიკალური მიკრო სუბკულტურების ანალოგიები საქართველოს ფარგლებს გარეთ მრავლად გვხდება. უმეტესწილად, ეს დამახასიათებელია ე.წ. მესამე სამყაროს და მაღალი სოციალური უთანასწორობით გამორჩეულ ქვეყნებში. ამ ბლოგში ვისაუბრებ აფრიკის კონტინენტის მუსიკალურ მარგალიტზე, განაზე და მისი 90-იანი წლების ბაზრების დაკარგულ და ხელახლა აღმოჩენილ ვარსკვლავზე Ata kak.
Ata Kak
„KEJETIA” განას ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, Kumasi-ის ცენტრალური ბაზრის ადგილობრივი სახლწოდებაა. სიდიდისა და მრავალფეროვნების გამო, ეს ბაზრობა მთელი აფრიკის კონტინენტიდან იზიდავს მომხმარებლებს. აქ ყველაფრის პოვნას შეძლებთ : დამარილებული ღამურის , აფრიკული პითონის კვერცხებისა და კარგი მუსიკის ჩათვლით.
აუდიო კასეტების მასობრივი პოპულარობა მუსიკალური ნიჭით განებივრებულ განაში 80-იან წლებში დაიწყო. ადგილობრივ თუ მეზობელ ქვეყნებში მოღვაწე ბიუჯეტის არ მქონე არტისტებისთვის ეს იაფი ჩანაწერის გაკეთებისა და გავრცელების საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. 1994 წელს სწორედ აქ იხილა მზის სინათლე, მის მრავალ თანამოძმე არტისტის აუდიო კასეტასთან ერთად Ata Kak-ის ერთადერთმა და საკულტო ალბომმა - „Obaa Sima“ და კეჟეიტას დახლების გამყიდვლები გვარიანად ააცეკვა.
Ata kak-მა ფანკის, ჰიპ ჰოპის, ჰაუსის და დისკოს საუნდებს აფრიკული რითმებით, გრუვითა და ლირიკით გაჯერებული ჟღერადობა შეურია და მსმენელს მისი მუსიკის აკვაიტების გარდა, სხვა შანსი არ დაუტოვა, თუმცა რომ არა თანამედროვე მუსიკის არქეოლოგი, აუდიო კასეტების დიდი მოყვარული DJ და ლეიბლ/ბლოგ Awesome Tapes From Africa-ის დამფუძნებელი, Brian Shimkowitz, შეიძლება, ამ ინფორმაციას ჩვენამდე საერთოდ არ მოეღწია, რადგან დროთა განმავლობაში ეს ჩანაწერი სხვა ბევრ განურ ქუჩის მუსიკასთან ერთად ყველას მიავიწყდა, დასავლურ ბაზარზე კი ის საერთოდ არ მოხვედრილა.
Ata Kak
2000-იანი წლების დასაწყისში ბრაიანი განაში ადგილობრივი მუსიკის გასაცნობად და შესასწავლად ჩავიდა. ის განსაკუთრებულ აქცენტს ლოკალურ ჰიპ-ჰოპსა და ქუჩის საცეკვაო რიტმულ მუსიკაზე აკეთებდა. მის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს კი, რა თქმა უნდა, ზემოთ ხსენებული KEJETIA-ს ბაზარი და იქ აუდიო კასეტებზე თევზაობა წარმოადგენდა. ზუსტად ერთ-ერთი ასეთი გასეირნებისას აღმოაჩინა Ata kak-ის მანათობელი ყდის მქონე Obaa Sima საიდანაც Yaw Atta-Owusu-ის მომღიმარმა სახემ ბრაიანი ფირის მოსმენამდე ააცეკვა.
2006 წელს ის დაბრუნდა ნიუ იორკში, თან ჩამოიტანა ზღვა მასალა და ასობით აუდიო კასეტა კუმასის ბაზრიდან, სადაც მთელი დასავლეთ აფრიკის ქუჩის მუსიკას ერთად მოეყარა თავი. სწორედ მაშინ გაჩნდა ლეიბლ Awesome Tapes From Africa-ის შექმნის იდეა.
„მინდოდა, დასავლეთისთვის ხელმისაწვდომი გამეხადა ის მუსიკა, რომლის შეძენაც იქ უბრალოდ შეუძლებელი იყო“, იხსენებს შიმკოვიცი MOCAD-სთვის (დეტროიტის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი) მიცემულ ინტერვიუში. შემდეგ კი მან ამ კომპილაციების თავის dj სეტებში დაკვრა გადაწყვიტა, ასე რომ, დასავლელი მსმენელის აფრიკის ბაზრის უცნობ მუსიკაზე აცეკვება წარმატებით დაიწყო. ლეიბლმა კი ზოგიერთ მათგანთან ოფიციალური კონტრაქტები გააფორმა და მათ ახალი კონტინენტისკენ გზა გაუხსნა. აღსანიშნავი,ა რომ ლეიბლი ავთენტურობის შესანარჩუნებლად, ძველი ჩანაწერების ხელახალი რელიზისას მათ ორიგინალურ ჩანაწერებსა და ართვორკებს იყენებდა.
ერთ დღესაც, ბრაიანმა Ata kak-ისთვისაც მოიცალა და მისი ჩანაწერის ხელახალი რელიზისთვის მომზადებას შეუდგა.
ასეთი მკვლევრისთვისაც კი, რთული აღმოჩნდა Yaw Atta-Owusu-ის ჩვენთვის უკვე ცნობილი Ata kak-ის მოძებნა. კეჟეტიას ბაზარში მისი კონტაქტი არავის ჰქონდა, მეტიც, მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. როგორც Red Bull Music Academy-ის მიერ 2017 წელს შექმნილი დოკუმენტური ფილმის ,შესაძლოა, მცირედ შელამაზებული პროლოგი ამბობს, ბრაიანი ევროპის სამ კონტინენტზე ეძებდა მუსიკოსს და წლების შემდეგ ტორონტოს ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველმა უთხრა, რომ „ის იცნობდა მას, ვინც შესაძლოა იცნობდეს მას. ვინც Ata Kak-ის შვილს იცნობს." საბოლოოდ, ბრაიანი შეხვდა კანადაში მცხოვრებ მის შვილს, ჯეფრის და ამ მომენტიდან ყველაფერი უფრო ცხადი გახდა.
80-იან წლებში Yaw Atta-Owusu თავის მეუღლესთან ერთად განიდან გერმანიაში, ხოლო 1989 წელს კი, კანადაში გადასახლდა, სადაც სამუშაოდან თავისუფალ დროს ადგილობრივ ბენდებში დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა, მაგრამ მისი ნამდვილი გატაცება საკუთარი კომპოზიცების ჩაწერა იყო. მუსიკოსმა შეძლო და Twi-ზე დაფუძნებული (იგივე Akan kasa - ცენტრალურ და სამხრეთ განაში გავრცელებული ენობრივი დიალექტი) მარტივი ლირიკა და მღერის მანერა იდეალურად შეურია სინთეზატორულ რითმებს და დაიწყო სიმღერა სიყვარულსა და სილამაზეზე, როგორც Obaa Sima (იდეალური ქალი).
რიგ შემთხვევებში, აბსურდამდე დაყვანილი, თუმცა საოცრად ჟღერადი ტექსტები, როგორც Moma Yendodo-ა, სადაც ის დედის მიერ მისთვის ნაყიდ ვაშლის ნამცხვარზე მღერის, რომელიც სინამდვილეში ინგლისური ყველი აღმოჩნდა და მისამღერში კი უბრალოდ ანიმაციურ სერიალ Scooby-Doo-ს სახელწოდებას გაუთავებლად იმეორებს.
ლირიკა უმარტივეს შინაარსზე ან უშინაარსობაზე დაფუძნებული სიტყვების თამაშია, რომელსაც ავტორი ჟღერადობის და საცეკვაო განწყობის შესაქმნელად იყენებს.
მისი მუსიკის ზოგადი კონცეპტი ე.წ. Highlife Music-ს უკავშირდება, რომელიც განაში მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, ბრიტანული კოლონიალიზმის დროს გაჩნდა და ლოკალური ტრადიციული რიტმისა და მელოდიის დასავლური ინსტრუმენტებით შესრულებას ეფუძნება (რაც ქართული „ბაზრობის მუსიკის“ განურ ანალოგიად შეგვიძლია ჩავთვალოთ).
მეუღლის მიერ ნაჩუქარ სინთეზატორზე სახლის კუსტარულ სტუდიაში შექმნილი 7 კომპოზიცია მან განაში მცხოვრებ თავის ტყუპისცალ ძმას, Ata P-ის გაუგზავნა, მან კი თავისმხრივ ჩანაწერები ადგილობრივ რადიო სადგურებს გააცნო და კასეტის რამდენიმე ასეული ასლიც დაამზადა. ასე გახდა Obaa Sima 90-იანი წლების განის და მისი ბაზრობების ჰიტ , წლების შემდეგ კი ის Brian Shimkowitz-ის კოლექციაში მოხვდა. თუმცა, როგორც Ata P ამბობს, მას ამ წარმატების შესახებ თავად მუსიკოსისთვის არაფერი უთქვამს, მისი საუბრიდან ჩანს, რომ მან ეს უბრალოდ მნიშვნელოვნად არ მიიჩნია, თავად არტისტის თქმით კი, მის ძმას პროდიუსერობის უბრალოდ არაფერი გაეგებოდა.
წლების შემდეგ Yaw Atta-Owusu სახლში, კუმასიში დაბრუნდა და მუსიკის ნაცვლად, ბოსტნეულისა და ხილის პლანტაციები გააშენა. მისი მუსიკალურ სამყაროში დაბრუნება კი 20 წლის შემდეგ, 2015 წელს მოხდა, როდესაც ბრაიანის ლეიბლმა არტისტის ალბომის გაცოცხლება გადაწყვიტა და გამოსცა ის, როგორც ციფრულ ფორმატში, ასევე ვინილზე. 2016 წელს factmag ისთვის მიცემულ ინტერვიუში მუსიკოსმა თქვა, რომ მიზეზი მხოლოდ ერთი ალბომის გამოცემის ბიუჯეტის არ ქონა და ამის გამო, ინსტრუმენტების გაყიდვა იყო, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ, მიუხედავად ამისა, საკუთარ გონებაში მუსიკის წერა არასდროს შეუწყვეტავს.
მისი საკონცერტო დებიუტი 20 წლის შემდეგ, 2016 წლის 27 მაისს ბელგიაში, გენტში შედგა. ამას მოჰყვა ლონდონი, პარიზი და მას შემდეგ ის აქტიურ საკონცერტო ცხოვრებაში ჩაერთო.
„მე აღფრთოვანებული ვარ. ყოველდღე ვემზადებოდი ამ დღისთვის, ვვარჯიშობდი ყოველდღიურად ჩემი ფიზიკური ფორმის გასაუმჯობესებლად. მე მთლიანად ჩართული ვარ საკონცერტო მზადებაში, მე პირობას ვდებ, რომ დავდგამ საუკეთესო შოუს ყველგან, სადაც კი სცენაზე გამოვალ...“
ჩვენ კი, მსოფლიოში საკონცერტო ცხოვრების აღდგენამდე მისი მუსიკის მოსმენისა და ცეკვის გარდა, არაფერი დაგვრჩენია...
ავტოირ: ქუჯი დავითულიანი