სიახლეები

სადღესასწაულო სუფრა - რჩევები ანი პირველისგან

AT.ge x თიბისი სტატუსი

აპრილი 06, 2020

როდესაც ანი პირველის შექმნილს თუ ორგანიზებულს, ფოტოებსა თუ ვიდეოში ნახულობენ, ბევრს არ სჯერა, რომ ეს ყველაფერი სწორედ “ჩვენთან” შეიქმნა. ათვალიერებენ და ხშირად კითხულობენ – ეს ჩვენთან ხდება? 


ანი ამ საქმიანობაში ძალიან ბევრი წლის წინ ცოტა ხუმრობით და უფრო გართობის მიზნით ჩაერთო. 16 წლისამ, თავის მეგობარ ჯაბა დიასამიძესთან ერთად, პარიზიდან დიჯეი ჩამოიყვანა. 


მასშტაბური ღონისძიება მათთვისაც მოულოდნელად ძალიან წარმატებული გამოვიდა. მას შემდეგ, ისევ ჯაბასთან ერთად, ანიმ არაერთი შთამბეჭდავი ჩვენება მოაწყო.

“არ არსებობს დეტალი ღონისძიების დაკვეთიდან დასრულებამადე, რომელსაც თავად არ ვაკონტროლებ, მიუხედავად იმისა, რომ მყავს არაჩვეულებრივი გუნდი, რომელსაც სრულიად ვენდობი,” - ანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება იყოს რადიკალურად ერთმანეთისგან განსხვავებული როგორც კონცეფციით, ისე ვიზუალურად.


როგორ მოვრთოთ სადღესასწაულო მაგიდა? – რეკომენდაციები ანი პირველისგან:


რჩევა#1 - მთავარია გიყვარდეთ სტუმრების მიღება, გართობა, მხიარულება – სხვანაირად არაფერი გამოვა. 


რჩევა#2 - პირველ რიგში ამოარჩიეთ თემა და ამის მიხედვით მოარგეთ სუფრას დეკორაცია, საჭმელი, სასმელი. დეკორაციაში ჩემთვის მნიშვნელოვანია ყვავილები, რაც მეტი, მით უკეთესი. ფერების არევისა არ მოგერიდოთ, თუ სხვადასხვა ფერის ყვავილები არ გაქვთ, აარჩიეთ ერთი ფერი და გადატვირთეთ.


რჩევა#3 - ზოგ შემთხვევაში ყვავილის ნაცვლად ხილი ან ბოსტნეული შეგიძლიათ გამოიყენოთ (მაგალითად, ქალაქგარეთ მიღების დროს). თუკი ბუნებაში აკეთებთ ღონისძიებას, მოარგეთ გარემოს, რომ ჰარმონია არ დაიკარგოს. თუმცა პირიქითაც შეიძლება – სრულიად საპირისპირო და ამოვარდნილიც შეიძლება იყოს ლამაზი. მინდორში მინიმალისტურად გაშლილი მაგიდა უკვე ლამაზი დეკორია.


რჩევა#4 - ვერცხლის ჭურჭელი ძალიან ალამაზებს მაგიდას, სინათლეს მატებს და უფრო სადღესასწაულო განწყობას ქმნის, საღამოს კი გამოიყენეთ შანდლები. 


რჩევა#5 - თუ ვერცხლის სერვიზი არ გაქვთ, სარკის მასალაც შეგიძლიათ გამოიყენოთ საინტერესოდ და მარტივად, ან რაიმე მასალა, რაც ირეკლავს. 


რჩევა#6 - მთავარია, მიღების დროს მზად იყოთ ცვლილებებისთვის, თუმცა თავში უნდა გქონდეთ რაღაც თანამიმდევრობა (კოქტეილი, ვახშამი, ცეკვა) და მერე უკვე ადვილია იმპროვიზაცია. დაგეგმილი იმპროვიზაცია კარგი ინსტრუმენტია განუმეორებელი ეფექტის მოსახდენად.


ავტორი: AT.ge