ლიტერატურა კულტურა

ანა კალანდაძე - 96

„საბა”

დეკემბერი 14, 2020

ქართულ პოეზიას დიდი ავტორების სახელებით მოხსენიების ტრადიცია აქვს. შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, კიდევ? კიდევ ანა- და ამით ყველაფერი ნათქვამია.

© საქართველოს როვნული ბიბლიოთეკა

პოეტი სადა გარეგნობით, ჩუმი ხმით, ენათმეცნიერების ინსტიტუტის ძველ, ალაგ-ალაგ დაბზარეულ კედლებს ახსოვთ, სადაც მთელი ცხოვრების მანძილზე მუშაობდა, ქართული ენის წიაღში.


პოეტი, რომლის ლექსებში ყველაზე მეტად ქართული ლექსიკა და სინტაქსია, მელოდიკა, რომელსაც სიტყვებიც რომ გამოაცალო, მაინც იცნობ და იტყვი, ეს ანაა.


თავად მოსინჯეთ და უბრალო გლოსოლალიებით აამღერეთ ანა კალანდაძის ნებისმიერი ლექსი, მერე პოეზიის რომელიმე მოყვარულს მოასმენინეთ და ნახეთ, თუ არ იცნობს.

არსებობს პოეზია, სადაც ყველაფერი რიგზეა, თითქოს მასშტაბიცაა, ფრაზაც, ფერებიც, ფონეტიკაც, მაგრამ ტექსტი მაინც მკვდარია ან თუ მკვდარი არა, ისეთი, მისნაირ მრავალ ლექსში რომ ვერ გამოარჩევ.


სამაგიეროდ, ისეთი პოეზიაც არსებობს, სხვაში რომ არასდროს აგერევა, მხოლოდ ერთი ფრაზა, ზოგჯერ ბრუნების ერთი ფორმა, ერთი სინტაგმაც რომ მოისმინო. ანა კალანდაძის პოეზია სწორედ ასეთია: „გადმოდი, გადმოაშუქე“ - იცანით?

ანა კალანდაძის სახლი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში.

რას ჰგავს ანას პოეზია რომ იცოდეთ, ანასვე კალიგრაფია უნდა გქონდეთ ნანახი. ამაზე უფრო ლამაზი, დაქარგული, მოხატული, გამოქანდაკებული ხელწერა იშვიათია. ენათმეცნიერების ისნტიტუტი დღემდე ინახავს მის მიერ სხვადასხვა ექსპედიციაში ჩაწერილ გურულ დიალექტს თუ სხვა ლინგვისტურ მასალას.


სწორედ ასეთია ანას პოეზიაც, მსუბუქი, მწყობრი, საოცრად ზუსტი და ფაქიზი, ულამაზესი ლეგატოებით, მინორებითა და ჩუმი ნოტებით, მელოდია, რომელიც არასდროს გავიწყდება.

ატირდნენ მთები და

ლამის მეც ავტირდე,

ნაძვები დაღონდნენ

და მეც, მეც ვღონდები...

მოწყდნენ და გაფრინდნენ,

გაფრინდნენ,

გაფრინდნენ

ფოთლები... ფოთლები...

ხეთ ხელი აღაპყრეს

და ღმერთი ადიდეს,

მაგრამ უჩვეულო

კვნესით და გოდებით

მოწყდნენ და გაფრინდნენ,

გაფრინდნენ,

გაფრინდნენ

ფოთლები... ფოთლები..


“გამიხარეთ მოხუცს გული, ყოველ წუთს და საათს წვეთ-წვეთად შემასვით ეს ღვთაებრივი ზედაშე... მიკითხეთ და მასმენინეთ ეს მშვენიერი ლოცვები”


- წერდა მასზე ალექსანდრე აბაშელი.


© საქართელოს ეროვნული ბიბლიოთეკა

ანა კალანდაძის ჩანაწერებში ვკითხულობთ: “შუა საუკუნეების ერთი მოღვაწე წერს: “შებინდებისას შინ ვბრუნდები და ჩემი სამუშაო ოთახისკენ მივდივარ. ზღურბლზევე ვიხდი გატალახიანებულსა და მტვერში ამოგანგლულს ჩემს გლახურ სამოსს და სამეფო და სასალუქო ტანსაცმლით ვიმოსები. ასე მორთულ-მოკაზმული შევდივარ წარსული დროის ბრძენკაცთა საკრებულოში... თუ ეს შედარება მკრეხელობა არ იქნება ჩემი მხრიდან, მეც ასე ვცხოვრობ “ჩვეულებრივ მოკვდავთა შორის”.

მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე და მუხრან მაჭავარიანი

© საქართველოს როვნული ბიბლიოთეკა

ეს ჩანაწერი ყველაზე კარგად გამოხატავს ანა კალანდაძის პოეზიას. ესაა პოეზიის სუფთა, ყოველგვარი ყოფითისგან დაცლილი კელია, სადაც პოეტი-მისანი ქმნის.

აჰა, დავბრუნდი მწუხარებიდან

და შენს კარებთან განვიგდე ფლასი;

მეგულვის შიგან ცეცხლი დიადი

და ცათა კრთომა იდუმალ დასთა...

ბრწყინავს, ციმციმებს ფების გვირგვინი

ადგას ნათელი სამეფო კარვებს...

ვგრძნობ უხილავთა მოახლოებას,

რომელნი არსად არასდროს წავლენ...

ნათელს დავბრუნდი მწუხარებიდან...

ავტორი: „საბა”