ლიტერატურა

ანა

"საბა"

დეკემბერი 15, 2019



" სოფელში დავწერე პირველი ლექსი. მაშინ მეხუთე კლასში ვიყავი. იმ ზაფხულს ოჯახის ბევრმა წევრმა მოვიყარეთ სოფელში თავი. ჩვენთან ერთად იყვნენ ნათესავის ბავშვებიც. ერთ საღამოს ერთ-ერთი მამიდა რაღაცას გვიყვებოდა. ამ დროს ცაზე მთვარე ამოვიდა, გაანათა მთის წვერები და ჩვენი ყურადღება მიიპყრო. ფოცია მამიდა პედაგოგი იყო, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა, პედაგოგიურად მოგვიდგა და გვკითხა: “ბავშვებო, მოგწონთ ეს სურათი?” როცა ვუპასუხეთ, რომ მოგვეწონა, გვითხრა, იფიქრეთ, დაწერეთ რამე და დილას მაჩვენეთო… იმ ღამით ყველას ტკბილად ეძინა, მე კი თვალი არ მომიხუჭავს, დავალება შევასრულე და ლექსი მამიდას ვაჩვენე…

სოფელში სახლთან იდგა ის თუთაც, რომელსაც მერე ვუძღვენი “ლამის სახლში შემოიჭრას თუთა”. 



სახლი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში, სადაც დაიბადა ანა კალანდაძე


ასე დაიწყო ქართული პოეზიის ახალი საუკუნე, რომელსაც ქალისა და პოეტის ორმარცვლიანი სახელი დაერქვა - ანა!


ის, რომ პოეზია თვლადი, ფორმულებად და მნიშვნელობად დასაშლელი, წესებისა და ამოხსნების კრებული არაა, ის, რომ პოეზია მაგიური ენაა, ენის ის ფორმა, რომელიც ადამიანს - ენის მატარებელს და შემოქმედს სცდება, ენის მდგომარეობა, სადაც ენა თავად არის შემოქმედი, ანა კალანდაძის პოეზიით დასტურდება.


ალბათ პოეზიის ყველა მოყვარული ერთხელ მაინც დაფიქრებულა, მაინც რა ძალა აქვს ორი სიტყვის კავშირს, თითქოს შემთხვევითი, არაფრითგამორჩეული სიტყვების, ან რატომ მოაქვს ასეთი ემოცია თითქოს მარტივ, გამჭვირვალე ფრაზას, ან რა ენერგიას იძენს წინადადება ისეთს, რომ აგეკიდება, თავს არ განებებს და საკუთარი რიტმით განსაზღვრავს შენს გულისცემას.

მაინც რა?





“ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა,

ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა,

შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას,

ლამაზს, ცისფერთოლიანსა,

წამო ჩემთან!

უკაცრავად,

ვერ გაგყვები ცოლიანსა! “ –ხვდები? ამოხსნი? გააანალიზებ?

ალბათ ვერ.


ან ეს:


“მათ გადაიარეს ცა პირამიდების,

ხეთა და მიდია…

ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,

კვლავ საით მიდიან?

რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,

კვლავ ფეხქვეშ რაოდენ

მწვერვალებს ითვლიან

ღრუბლები…

კვლავ საით მიდიან ღრუბლები?

რა ვიცი… მიდიან…”



ლია სტურუა და ანა კალანდაძე


რა ვიცი - ყველაზე ზუსტი პასუხია პოეზიის ჯადოქრობის ამოსახსნელად, როგორ მიიღო ენამ ეს კონკრეტული ფორმა, როგორ იქცა ანა კალანდაძის საოცრად გულწრფელ, გამჭვირვალე, ნატიფ პოეზიად და როგორ დაიპყრო ქართული პოეზია და მკითხველთა გულები.





" გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველი სიტყვა, რომელიც ანას მისამართით გავიგონე, ბოროტი და გამქირდავი იყო, უნივერსიტეტის წინ, ჭადრის ჩრდილში, ერთ ვიღაცას გაზეთი “ლიტერატურა და ხელოვნება” გაეშალა და მეორეს უკითხავდა:


– ნახე რას წერს – “ყაყაჩოს ღვინო სალხინოვო”. ყაყაჩოს ღვინო თუ გაგიგია შენ?

– არ გამიგიაო, – ეუბნებოდა მეორე და იცინოდა.


1946 წლის 14 ივნისი იყო. შევედი სტუდენტთა სამკითხველოში – გაზეთი არ ჰქონდათ, შევედი პროფესორთა და ასპირანტთა ბიბლიოთეკაში – გაზეთი არ ჰქონდათ. კიოსკს მივადექი – გაზეთი აღარ იყო. იმ დღეს თბილისში გაზეთი “ლიტერატურა და ხელოვნება” გაწყდა.


ჩათვლა გვქონდა ეკონომისტებს “ფულსა და კრედიტში”, 27 კაცი ველოდით ლექტორს. აუდიტორიაში პროფესორი ნიკოლოზ ქოიავა შემოვიდა, მაგიდას მიუჯდა, ერთხანს ჩუმად იჯდა, მერე დაფასთან გამომიძახა, გაზეთი “ლიტერატურა და ხელოვნება” გამომიწოდა და მითხრა: “читай думбадзе, вслух читай!”


ვკითხულობდი:


"და რა ქალი?! ხელის გულით სატარები,

რა თვალები? ელვის ცეცხლის დამჭერი,

ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები,

შეხედეს და… შეუკურთხეს გამჩენი…


რომ დავამთავრე, არავის არ უკითხავს, შეიძლებოდა თუ არა ხელისგულით ქალის ტარება, თვალებით ელვის ცეცხლის დაჭერა, ქალისათვის გამჩენის შეკურთხება, სანაპიროზე სტვენა და ფეხშიშველა სიარული და სხვა ამგვარი.

ყველა მე მიცქეროდა და მე კი ყველას, ასეთი საყოველთაო განცვიფრება და დუმილი პირველად მოვისმინე.


…და ანიკოს ოჯახს ააშენებს ღმერთი. პროფესორმა გაზეთი სათუთად დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო, ადგა და წავიდა. იმ დღეს ჩათვლა ყველამ მიიღო."  


- ვკითხულობთ ნოდარ დუმბაძის მოგონებებში. აი, პოეზიის განუზომელი ძალის კიდევ ერთი დასტური.