ლიტერატურა

მშვენიერი და ტრაგიკული რაინდი

„საბა”

იანვარი 20, 2021

ბევრ ფილმი გაქვთ ნანახი, რომელიც მწერლის ბიოგრაფიის მიხედვით გადაიღეს? ბევრი ალბათ, ასტრიდ ლინდგრენის, ბეატრის პოტერის, ჩარლზ დიკენსის, ედგარ ალან პოს, თომას ვულფის, ჰემინგუეის, სილვია პლათის, ვირჯინია ვულფის, ანდერსენის და ა.შ და აშ.

ქართველ მწერალზე რომ ასეთ ფილმს იღებდეთ, ვის ბიოგრაფიას ამოირჩევდით? იქნებ ეგნატე ნინოშვილის, ვისაც თანასოფლელები აბდალას ეძახდნენ და რომელმაც თავისი ერთადერთი პერანგი გაჭირვებულ მოსწავლეებს აჩუქა? იქნებ დიდი ილიასი, ადამიანი-ორკესტრის, რომელსაც წიწამურთან ასეთი ტრაგიკული ბოლო ელოდა, გალაკტიონის ხომ არა? წარმოიდგინეთ, როგორი შთამბეჭდავი კინოსურათი იქნებოდა, იქნებ ეკატერინე გაბაშვილის, მრავალშვილიანი დედის, რომლის საოცარი მოღვაწეობა სულაც არ ვიცით ჯერ კიდევ. ვის ამოირჩევდით? მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ პოეტ ბიჭებს, გულის ჯიბეში გამხმარი იების თაიგულით? იქნებ სხვა პოეტს, რომელიც ღამეებს სასაფლაოებზე ათენებდა? იქნებ დიდი რომანისტის ურთულეს ცხოვრებას დასმენებისა და შიშის ფონზე? ან ცისფერყანწელთა საოცარ ისტორიას თავისი ელენე დარიანითა და ნინა მაყაშვილით.


მაგრამ იცით რა? მე რომ ვირჩევდე, მაინც ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიაზე შევჩერდებოდით. არ მახსენდება სხვა მწერალი, რომლის ცხოვრებაც ასე ჰგავს მისსავე ნაწარმოებებს, რიტმით, პარადოქსებით, შფოთვით, თავგანწირულობით, ტრაგიზმითა და ბედნიერების იშვიათი გამონათებებით

აბა, ნახეთ, ფილმი ალბათ მთის პეიზაჟით დაიწყებოდა, სადაც მატყლის საყიდლად ამოსულ უცხოელ სტუმრებს მწყემსის ფრანგული აოცებთ. ეს ეპიზოდი ხომ გახსოვთ „ნამწყემსარის მოგონებებიდან“:


„წარმოიდგინეთ იმათი გაშტერება, როდესაც რაღაცა უცნაურს და ველურს მთებს შორის, სადაც იმათის შეხედულებით ბარბაროსები ცხოვრობდნენ, რომელთაც ათზე მეტი თვლაც კი არ იციან, ერთბაშად უბრალო მეცხვარე, უბრალო მთის კაცი ფრანციულად ელაპარაკება!“


და რომ იცოდნენ, რომ ეს უბრალო მწყემსი კი არა,ხევის ბატონის ერთადერთი ვაჟი იყო, ფუფუნებაში გაზრდილი, ხევის პრინცი


ელისაბედ ყაზბეგი იგონებს: „ჩვენი ბიძა-ძალუის მისწრაფება სანდროს სწავლა-განათლებაზე სხვადასხვანაირი იყო. ბიძაჩემს გაგიჟებით უყვარდა თავისი შვილი,და ამას მხოლოდ იმითი ამტკიცებდა, ანებივრებდა და მეტად რყვნიდა თავის ერთადერთ მემკვიდრეს, თითქმის აღმერთებდა. ხშირად იტყოდა ხოლმე: ჩემმა ალექსანდრემ ოღონდ იცოცხლოს და თუნდაც სულაც ნურას ისწავლისო. რაც უნდა ის ქნას, როგორც ესიამოვნება ისე იცხოვროს.


შემდეგ იქნებოდა კადრი, სადაც ფრანციცულისა და რუსულის გაკვეთილებიდან მწყემსის ბიჭებთან გარბის სანდრო, მომავალში რომ მოჩხუბარიძეს აიღებს ფსევდონიმად.


შემდეგ ალბათ სკოლა, პირველი ლექსი...

აი, მერე კი, ყველაფერი აირევა. თუ სადმე, ქართულ ლიტერატურაში არსებობს ანტიკური დრამის მსგავსი ბედისწერის აპოლოგია, თუ სადმე მართლაც ახვევენ და წყვეტენ ადამიანის ცხოვრების ძაფს ქალღმერთი მოირები, ეს სანდრო ყაზბეგის ცხოვრება და წიგნებია.


რამდენნაირი ამბავი იქნებოდა ფილმში, რომელსაც მისი ბიოგრაფიის შესახებ გადავიღებდი, ახოვანი, ულამაზესი ახალგაზრდა კაცი, რომელიც თეატრში ანტრაქტებზე ცეკვავს და ყველას აჯადოებს.

ამ ფილმში აუცილებლად დამჭირდებოდა ყაზბეგის უსაყვარლესი მეგობრის, მაიმუნი ჟაკოს როლის შემსრულებელი მაიმუნი. მწერალს ძალიან უყვარდა თავისი მეგობარი, თუმცა, უსახსრობის გამო, ერთ არცთუ ისეთ მშვენიერ დღეს მისი გაყიდვა მოუწია...


ბიოგრაფიული ფილმი როგორ იქნება სასიყვარულო იმედგაცრუებების გარეშე? სიყვარული ხომ ერთ-ერთი მთავარი ხაზია ყაზბეგის საოცარ პროზაში. სიყვარული აქ ბედისწერაა, სიკვდილია, გაფრენაა, სრბოლაა, უკანმოუხედავი გაბედულებაა...


მისი ცხოვრების სიყვარული ისეთივე ტრაგიკული იყო, როგორც თითქმის ყველა პერსონაჟის. ყაზბეგთან სიყვარული არ იმარჯვებს, მას ყოველთვის ამარცხებს ყოფა, ბოროტება, ბედისწერა...


შემდეგი კადრი კი უკვე „დროებაში“ მოსიარულე ახალგაზრდა მწერალი იქნებოდა, რომელსაც ძალიან გულშემატკივრობდნენ აკაკი და ილია...

ალექსანდრე ყაზბეგი და ვაჟა-ფშაველა

მაგრამ ამხელა ცეცხლი, შინაგანი ცეცხლი, რომელიც მის ტექსტებში ანთია, შემთხვევითი სულაც არაა, ჩემი ფილმის ერთი ნაწილი ფსიქიკურად დაავადებულ მწერალსაც დაგვანახებდა, რომელსაც ცალკე საკუთარი სულის მდგომარეობა, ცალკე კი ცხოვრების სიძნელეები, ვალები და ფინანსური პრობლემები ახრჩობდა...

მაგრამ აქვე იქნებოდა გამარჯვებული მწერალიც, რომლის პერსონაჟის სიკვდილზე ისე ინერვიულეს მკითხველებმა, რომ ნაწარმოების გაგრძელება სთხოვეს. ასე გადარჩა ელგუჯა, მერე რა, რომ მწერალი დაიღუპა, ქართულ ლიტერატურაში ის გადარჩა და სამუდამოდ დარჩა, როგორც განუმეორებელი ტექსტების ავტორი.


ავტორი: „საბა”

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა