კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე
Tsa.Music...
ალბერტ აილერის ალბომის, Spiritual Unity-ის გარეკანის დანახვისთანავე პრიმიტივისტული ესთეტიკით ხდები მოცული. ნამუშევარზე წარმოდგენილი ფიგურის სხეული უცნაურად, დიაგონალურადაა დახრილი და ისე უხეშად არის დახატული, რომ დეტალების გარჩევა რთულია, თითქოს ადამიანს შეზრდილი საქსოფონი მისი სახის მაგივრობას ასრულებს.
ალბომების გარეკანის მნიშვნელობა სამოციან წლებში გაიზარდა, ერთის მხრივ, ის ვიზუალურად დაიხვეწა, მეორეს მხრივ კი, ალბომის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და შინაარსის შემცველი გახდა. ალბომის გარეკანი მასში თავმოყრილი მუსიკის ერთგვარ გიდად ან წინასიტყვაობად მოგვევლინა.
მაგალითად, თავისუფალი ჯაზის პიონერული ჩანაწერის, Free Jazz-ის გარეკანზე, ორნეტ კოულმენმა ჯექსონ პოლოკის ნამუშევარი გამოიყენა. ეს გადაწყვეტილება თავისუფალი ჯაზის შესრულების ტექნიკურ ასპექტს შეეხება. მკაფიო პარალელია, თავისუფალ ჯაზსა და ჯექსონ პოლოკის იმპროვიზაციული ხატვის ტექნიკას, ე.წ. Action Painting-ს შორის, რომლის დროსაც ჯექსონ პოლოკი იატაკზე დაფენილ დიდი ზომის ტილოს ქაოსური ფერებითა და ფორმებით ავსებდა, რომელიც საბოლოოდ ჰარმონიას ქმნიდა. ნახატის შექმნის პროცესი თავისუფალი ჯაზის კეთების არაპროგნოზირებადი ბუნების ვიზუალიზაციად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
თუ კოულმენის ალბომის გარეკანი პოსტრეალიზმის მდგომარეობას აღწერს, ალბერტ აილერის ალბომის გარეკანი პირიქით, პრერეალისტური და პრიმიტივისტული ესთეტიკით გამოირჩევა. ადამიანური ფორმა მასში გადღაბნილი, არამკაფიო და დაუკონკრეტებელია. ის მთლიანობაზე აკეთებს აქცენტს და არა დეტალებზე. მისი მთავარი მიზანია, გვაჩვენოს ადამიანისა და დედამიწის შერწყმა, რაც მუქი ლაქების სილუეტის სიბლანტით გამოიხატება.
როგორც ვახსენე, სურათზე გამოსახულ სუბიექტს თავი არ აქვს, თითქოს აილერს პრეისტორიული, ინტელექტისგან შეულახავი ინტიმურობის დაბრუნება უნდა, რითაც მოგვიწოდებს, გარემო წმინდა სახით აღვიქვათ. ასეა მის მუსიკაშიც . გარეკანის პერსონაჟის სამყაროსეული აღქმა თავიდან ბოლომდე ფიზიკურობაზეა დამოკიდებული, რაც, თავის მხრივ, გარეკანზე ნახევრად დაწოლილ მდგომარეობაში გამოიხატება, თითქოს ის დედამიწის რიტმს უსმენს, რათა საქსოფონით აკომპანირება გაუწიოს.
მონოქრომული, პრიმიტივისტული ფიგურა პირველყოფილი ადამიანის შემეცნებისა და გამოხატვის მდგომარეობას ასახიერებს, რომლის მთავარი წყარო ემოციაა და არა ინტელექტი. ასეთივეა ალბერტ აილერის მუსიკაც, თითქოს მასში გამქრალია თავისუფალი ჯაზის იმპროვიზაციისთვის ყველაზე უფრო დამახასიათებელი ფორმები - ქაოსურობა და სისწრაფე მეორე პლანზეა გადასული და პირველ რიგში, ბგერით ექსპრესიასა და მისი ჟღერადობის საზღვრებს იკვლევს. სწორედ ამიტომაა მისი ტონალური ვარიაცია უმდიდრესი.
ალბომი ალბერტ აილერის ცხოვრებას იმეორებს. მაშინ, როცა ამერიკაში ჯაზის ავანგარდული სახესხვაობები იბადებოდა, ახალგაზრდა მუსიკოსი შვედეთში იყო და ვერ გახდა ამ სიახლის უშუალო მონაწილე, თუმცა, ამერიკისგან ოკეანით დაშორებულმათავისუფალი ჯაზის თავისებური და, ჩემი აზრით,ყველაზე გამორჩეული ჟღერადობა შექმნა, რომელიც ინსტრუმენტის ტონალური დიაპაზონის მაქსიმალურ ათვისებაში იკვეთება.
ჯაზის იმდროინდელი მოძრაობები უფროდაუფრო ინტელექტუალური ხდებოდა. როგორც ყველა სხვა მეოცე საუკუნეში დაბადებული ჟანრები, ისიც გადიოდა ხელოვნების განვითარების სტადიებს, რომლებიც, მაგალითად, ლიტერატურას უკვე გავლილი ჰქონდა წინა საუკუნეების განმავლობაში.
ლიტერატურისგან განსხვავებით, თანამედროვე ჟანრულ მუსიკას თვალწინ ჰქონდა გადაშლილი მთელი ხელოვნების ისტორია, შესაბამისად, ბევრად უფრო სწრაფად შეეძლო ლიტერატურული, მხატვრული თუ სხვა გამოხატვის ფორმების მიბაძვა და საკუთარ მედიუმში ინტეგრირება, ვიდრე ეს ბუნებრივი პროცესით შეიძლება მომხდარიყო. თუმცა, ვფიქრობ, ალბერტ აილერმა ასეთი მიდგომისგან განსხვავებული ბილიკი აირჩია და მთლიანად ინსტინქტისა და გრძნობის კარნახით დაიწყო მუსიკის წერა. მაშინ, როცა სხვა განვითარების მსურველი მუსიკოსი ამერიკაში დარჩებოდა ახალი შესაძლებლობების მოლოდინში, ალბერტი სკანდინავიაში წავიდა. როგორც თავად ამბობდა: “მე ჩემ თავს ვერ ვუგებდი, ამიტომ უნდა წავსულიყავი.”
თუ აილერის გზას ლიტერატურულ ტროპად აღვიქვამთ, აღმოვაჩენთ, რომ წასვლა და მოგზაურობა ფიზიკური გამოცდილების, აღმოჩენის საფუძველია, ის ერთ ადგილზე დარჩენით მოპოვებული გონებრივი საზრდოს ანტიპოდია. მოგზაურობას იწყებს ახალი შეგრძნებების განსაცდელად. მოგზაურობა ადამიანს ემოციური და გამოცდილებით მიღებული სიახლით კვებავს, ერთ ადგილზე ყოფნა კი - გონებრივად. ალბერტ აილერიც ასეთი მოგზაურობით მივიდა იმ წერტილამდე, სადაც მისი შექმნილი მუსიკის ფორმა დაემთხვა იმას, რასაც იმ დროისთვის სხვა მუსიკოსებიც აკეთებდნენ (ჯონ კოლტრეინი, ორნეტ კოულმენი და სესილ ტეილორი).
სწორედ ამ უკანასკნელთან შეხვედრამ გაუღვიძა ალბერტს ამერიკაში დაბრუნების ინტერესი. არტისტის მაგნუმ ოპუსი - Spiritual Unity, ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ჩაიწერა. ნამუშევარში ალბერტ აილერის საქსოფონი უხეშია. ის მძიმედ გადაადგილდება ნოტებს შორის, თითქოს უხეშად უკრავს და დიდ ყურადღებას არ აქცევს ტექნიკურ სიწმინდეს. მან იდეა უნდა გაამართლოს და პრიმიტიული ადამიანის, ანდაც, ადამიანის პრიმიტიული, თანაც უღრმესი გამოცდილება აღწეროს. ის ვერ იქნება გაშალაშინებული, ის ჯმუხი, გაურანდავი უნდა იყოს, რათა მესიჯი სწორად მიიტანოს მსმენელამდე და სათქმელი გააცხადოს, რომელიც ვერბალურად არასოდეს გადმოიცემა და მხოლოდ ქვეცნობიერად რეზონირებს ჩვენთან.
ჯონ კოლტრეინი ალბერტ აილერის დიდი გულშემატკივარი იყო. მისი გავლენა კარგად გამოჩნდა კოლტრეინის ყველაზე ექსტრემალურ ალბომში - Ascension-ში, რომელიც კოლექტიური იმპროვიზაციის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს თავისუფალ ჯაზში. ალბომის გამოსვლიდან 1 წელიწადში ჯონ კოლტრეინი გარდაიცვალა. მისივე სურვილით კი დაკრძალვაზე ალბერტ აილერმა და ორნეტ კოულმენმა დაუკრეს, რითაც თავისუფალი ჯაზი ერთგვარად დეკლარირდა, როგორც ჯაზური გამოხატვის ფორმის მწვერვალი.
ავტორი: თორნიკე ბრაჭული