ლიტერატურა

აკა მორჩილაძე

„საბა“

ნოემბერი 10, 2020

როდესაც მწერალი ენას თავისუფლად ეთამაშება, ენას ფლობს, ენობრივ ნიუანსებს კარგად იცნობს, მას ნებისმიერი მკითხველის გულში შეღწევა შეუძლია. ენა მწერლის არსებობის ფორმაა, მწერლის იარაღი, რომლის გარეშეც ლიტერატურა არ არსებობს.

აკა მორჩილაძე თავის ყველა რომანში სხვადასხვა ენობრივ სისტემას აგებს, სხვადასხვაგვარ ექსპერიმენტს იყენებს. დიალექტები, არქაული ქართული, მეცხრამეტე საუკუნის მეტყველება, 90-იანების ქალაქური კოინე, ძველი ტფილისური ჟღერადობა, სიუჟეტი, ამბავი, ენა - ეს მისი პროზაა.  

ფოტო: ნატა სოფრომაძე, მწერალთა სახლი

ყველაზე საინტერესო კი ის ენობრივი ექსპერიმენტებია, სადაც მწერალი არამხოლოდ არსებულ ენობრივ სისტემებს იყენებს, არამედ ახალს ქმნის, როგორც მაგალითად, რომანში „სანტა ესპერანსა“, სადაც ლიტერატურულ სივრცესთან ერთად, ავტორი ხელოვნურ დიალექტსაც ქმნის, სანტა ესპერანსა“ გამოგონილი ლიტერატურული ტოპოსია, გამოგონილი ქვეყანა და დიალექტიც გამოგონილი, ხელოვნური აქვს, ამ ენობრივი ექსპერიმენტისთვის აკა მორჩილაძემ ქართული ენის რამდენიმე დიალექტის თვისებები გააერთიანა.

მწერალი დემიურგია, შემოქმედია, რომელიც იმ ენის ფარგლებში, რომელშიც წერს და ცხოვრობს, თავის საკუთარ ენობრივ სისტემას ქმნის. ამას მრავალი უნარი სჭირდება - ცოდნა, ინტუიცია, სმენა, გამოცდილება - ყველაფერი ის, რაც აკა მორჩილაძეს მრავლად აქვს.

ამ სმენის წყალობით, მისი ტექსტები ისეთი გულწრფელი და ლამაზია, ზოგჯერ პოეზიაზე უფრო პოეტურიც კი:

„მერე, უკვე რომ მზე იყო და ახლოვდებოდა აღდგომა, ერთხელ ბავშვები მოვიდნენ იმის მოსასმენად, როგორ აყოლებდა ქალი ხმას ზღვას. ალბათ, შემთხვევით მოვიდნენ, სვეტის მხარე ისეთი ადგილი იყო, რომ სოფლიდან არავის გამოუწევდა ხოლმე გული, მეთევზეობა ციხესიმაგრის გადაღმა ადგილებში უფრო გამოდიოდა. რატომღაც ასეთი ნათქვამი იყო, რომ ზღვის ფსკერი ამ ადგილას ეკლიანიაო, იქ მაყვალმა იხარაო და თევზები აქეთკენ მოსვლას ერიდებიან, რადგან გულ-მუცელს იფატრავენ ეკლებზეო“

ამიტომაცაა ის ქართველი მკითხველის საყვარელი მწერალი, ძალიან საინტერესო ლიტერატურული სამყაროს შემქმნელი, მწერალი, რომელიც თავისი განუმეორებელი თხრობის მანერით ახერხებს, რომ წიგნის პირველიდან ბოლო გვერდამდე ისე ჩაითრიოს მკითხველი, რომ გვერდზე გახედვისა და ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს.

აკა მორჩილაძის მკითხველისთვის მთავარია პირველ სტრიქონთან მივიდეს, პირველი აბზაცი წაიკითხოს, თავის დაღწევა მერე უკვე რთულია, მერე ყველა ამბავი, იქნება ეს ერთი ქალაქის, ქვეყნის, წარმოსახვითი სამყაროსი თუ მატარებლის, თვალის დახამხამებაში იკითხება.

„იცნობდა, რა თქმა უნდა. Сталин ио знал (სტალინი მას იცნობდა). იმნაირათ იცნობდა, რა ვთქვა. რაღაცა დროს მაგ იცნობდა მაგენს даже лучше и ближе, чем (უკეთესადაც და უფრო ახლოსაც კი, ვიდრე) ლადო კეცხოველს და ლადოს ფასი მაგას სხვა არ ყავდა, სანამ მოკლავდენ იმ საწყალს. ცნობით კი არ იცნობდა მარტო, სოსო ცხოვრობდა მაგენთან, პირველ სართულზე. კობა ერქვა. ყველამ დეირქვენ ბიჭებმა მოკლე სახელები ქუთაისის ბულვარში და სტალინს შერჩა მარტო კობა. მაგ არი უკვე რუსეთის პირველი რევალუციის დრო და მერე, რო ჩაფლავდა ამდენი ნასროლი, მალავდენ მაგენი და სიახლოვე მეტი რაღა იქნებოდა.


გამიგონია, მაგალითათ, რომე მაგ დროშიო, მაგას სოსომ სახელოში შესამალავი „დერინჯერის“ რივალვერი აჩუქაო. არი ამნაირი, პატარა. „დამსკი“ ერქვა ძველ დროში. Их в коси прятали (მათ დალალებში მალავდნენ). უნახიათ, ჩემო ბატონო, ის რივალვერი, რემინგტონის იყოო, ჩამომავლებმა იციან.“

" მოგზაურობა ყარაბაღში", "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები", "გადაფრენა მადათოვზე და უკან", "მესაიდუმლის ქამარი", "სანტა ესპერანსა", "ობოლე" და მრავალი სხვა განსაკუთრებული საკითხავი წიგნის არცერთ მოყვარულს არ ტოვებს გულგრილს. ენა, სიუჟეტისა და ამბების მრავალფეროვნება, პოსტმოდერნული თამაშები, პერსონაჟი, მკითხველი, როგორც პერსონაჟი - ეს აკა მორჩილაძის სამყაროა, სადაც მკითხველი ყოველთვის ბევრია, რადგან ამ სამყაროში მკითხველი ყოველთვის მთავარია.


ავტორი: დიანა ამფიმიადი