მუსიკა | ცა სიახლეები

AirMax925 - მაქსიმე მაჩაიძე ავატარ გმირებზე, ვენდინგ მანქანებზე და თბილისის შხამიან ყვავილებზე

თებერვალი 27, 2020

თითქმის უკვე ორი კვირაა, რაც გალერეა Window Project-ში მაქსიმე მაჩაიძის გამოფენა მიმდინარეობს. ალბათ იშვიათად ვყოფილვარ ისეთ გამოფენაზე, სადაც ნამუშევრები ერთმანეთთან ძალიან ბუნებრივად, ყველაფერი ერთად კი ასე ორგანულადაა გარემო სივრცესთან შერწყმული. არ ვიცი თვითონ მაქსიმეს, ამ არააკადემიური საგამოფენო სივრცის თუ ჩემი წინასწარი განწყობის გამოა ასე, მაგრამ საერთოდ არ მაქვს შეგრძნება, რომ გამოფენაზე ვარ. მგონია, რომ მაქსიმემ უბრალოდ სახლის კარი გაგვიღო და თავის ნივთებს გვათვალიერებინებს. იმიტომ, რომ გამოფენაზე მართლა ყველაფერს ნახავთ, ავატარი გმირებიდან, გაცვეთილი სათამაშოებიდან, ტანსაცმლიდან და სამკაულებიდან დაწყებული, მის მიერ შექმნილი ვენდინგ მანქანით დამთავრებული, რომელზეც შეიძლება თქვენ არ გიფიქრიათ, მაგრამ მისთვის საკრალური სალოცავივითაა. ერთი შეხედვით, შეიძლება ვერც ის აღმოაჩინოთ, სად იწყება ერთი ნამუშევარი და სად მთავრდება მეორე. ყველაფერს რომ დაათვალიერებთ, მხოლოდ მაშინ მიხვდებით, რომ ამ უამრავ ნივთში არ არსებობს ცალკე ერთი და ცალკე მეორე, ყველაფერი ერთი ქაოსური მთლიანობის ნაწილია, ოღონდ იმ ქაოსის, ბოლოს ყველაზე მშვიდი წესრიგის შთაბეჭდილებას რომ გიტოვებს. ესტუმრეთ მაქსიმეს გამოფენას და იმასაც მიხვდებით, საიდან მოდის ის ტექსტები, თავიდან თითქოს რომ ვერ ვიგებთ, მაგრამ ბოლოს მაინც ძალიან მოგვწონს. მანამდე კი, სანამ ესტუმრებით, წაიკითხეთ ზუსტად ისეთივე  სპონტანური და გაურედაქტირებელი ინტერვიუ, როგორიც AirMax925-ზე ნანახი ნამუშევრები და Kayakata-ს სიმღერებში მოსმენილი ტექსტებია.

მაქსიმე, მომიყევი რას ნიშნავს ეს სახელი - AirMax925?


ეს სახელი ძალიან ბევრი სხვადასხვა კონცეფციის და გმირის კომბინაციაა. რენე მაგრიტს აქვს ნამუშევარი This is not a Pipe, რომ შევხედავ, ეგრევე ნაიკის ბოტასები მახსენდება, ჰოდა, ნაიკს აქვს ზუსტად Air Max 90-ები, თავიდან გგონია, რომ ეს სახელი მაქედან მოდის, ერთი შეხედვით ეგრეა, მერე ხვდები, რომ მთლად ეგრეც არაა და ბევრი სხვა კონცეფციაა შიგნით. 925 ვერცხლის პრობია, ეს ბეჭედი, რომელიც ხელზე მიკეთია, ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი სერფინგია. ერთი გმირი მიყვარს ძაან - მარველის სილვერსერფერი და სულ მგონია, რომ როცა ლიტერატურას ვკითხულობთ ან კინოს ვუყურებთ, გმირები, რომლებსაც იქ ვპოულობთ რაღაცნაირად თითქოს ჩვენში ითესება და მერე ჩვენ თვითონ ვხდებით ამ გმირის ემანაცია. ნაწილობრივ თითქოს შენში ცხოვრობს, როგორც მაგალითად, დედა და მამა. ეს გმირებიც, ვისაც სწავლობ და იყვარებ, ზუსტად ასე არიან. კიდევ ავატარი იყო ჩემი საყვარელი მულტფილმი და იქიდან ძაან მიყვარდა ავატარ ანგი, რომელიც არის ჰაერის ბენდერი. Airmax 925 ნაიკის ბოტასების, ეარბენდერი ავატარის და სილვერსერფერის კომბინაციაა, თითქოს ერთ სახელშია ეს ყველაფერი მოთავსებული და თან თამაშის ნიქნეიმსაც ჰგავს, როცა იმ სახელს ვეღარ ირქმევ, რომელიც სხვის მიერაა არჩეული, იმისთვის რომ შენი გახდეს, რაიმე ციფრი უნდა მიუწერო. ბევრი სხვადახვა კონცეპტია და საბოლოოდ ეგეთი სახელი გამოცხვა - AirMax925.

ერთმანეთის გვერდით ძალიან ბევრი სხვადასხვა ფუნქციის ნივთები გაქვს წარმოდგენილი - სათამაშოები, ტანსაცმელი, ვენდინგ მანქანა, ანიმაციური გმირები... რა კონცეფციით უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს?



ეს ყველაფერი ბევრი კომპონენტისგან შედგება, რაღაც ფერის პალეტი მაქვს არჩეული, რომელიც მევასება და ამ პალეტზე ძირითადად, სულ მზით ნაცვეთი ფერებია. ისე ნებისმიერი ფერი რომ აიღო და მერე რაღაც პერიოდი დედამიწაზე აარსებო, მზე, წვიმა და ამინდი გაცვეთს, კორექციას გაუკეთებს და საბოლოოდ თავის ფერზე დასვამს. თუ დაკვირვებიხარ, ეგეთი ფერები ფუნქციონალურ რაღაცებს აქვს ხოლმე. პახოდუ ფუნქციას, ბიომიმიკრიას და პარალელებს ვსწავლობ, თუგინდ მაგალითად, დედამიწაზე არსებულ ხილს და ადამიანის შექმნილ ობიექტებსა და მატერიებს შორის. მგონია, რომ ჩემს პროცესში დედამიწასთან დიალოგი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, ყველაფერი, რასაც ვპოულობ, ამ პლანეტასთან ერთგვარი დიალოგია. ეს არის Basic ახსნა, შემდეგ ამ ფორმულით ნაპოვნ ნივთებს რომ ვიღებ, ყველაფერი თითქოს ერთმანეთთან თავისთავად არის შეხამებული, ამით თამაში კი უკვე თავისუფალი პროცესია. ერთი მხრივ, თავიდან ფორმულით ვეძებ ყველაფერს, მაგრამ ამაზეც არ ვფიქრობ ბევრს, უბრალოდ ინტუიციურად მივყვები და შემდეგ ამით თამაში უკვე ისევეა, როგორც ბავშვი თამაშობს და რადგან ყველაფერი ისედაც ერთმანეთთანაა შეხამებული, რა კომბინაციაც არ უნდა დაჯდეს, თავისთავად ლამაზია. ეს ყველაფერი სულ მიჩენს მუდმივად შეცვლის და თამაშის სურვილს და ამ დროს არის რაღაცები, რაც თამაშის შემდეგ მუდმივ ფორმას იძენს, ყველაფერი თითქოს იმდენადაა ერთმანეთისთვის შექმნილი, რომ საბოლოოდ ერთი ნივთი ხდება, მე კიდე, ჩემ პონტში, როგორც პატარა ტაძრებს და ხატებს ისე ვუყურებ, ოღონდ ეს ჩემი ძაან პირადი დამოკიდებულებაა და არ ვითხოვ, რომ სხვა ადამიანებმაც ასე შეხედონ. სხვისთვის ეს ყველაფერი შეიძლება უბრალოდ სათამაშო ან ნამუშევარი იყოს, მგონია, რომ ამ ნივთებზე ყველა ადამიანს თავისი ინტერპრეტაცია ექნება და არ მევასება, რომ ჩემი პირადი სხვას თავზე მოვახვიო, იმისთვის რომ მისთვისაც იგივე საკრალურობა ჰქონდეს. ჩემთვის ეს ყველაფერი თითქოს ლოცვის პროცესივითაა და მგონია, რომ თამაშის და ლოცვის პროცესი ზუსტად ერთი და იგივეა. ერთი მხრივ, ძაან კომპლექსურია, მეორე მხრივ, ძალიან მარტივი, რაღაცნაირად ინტუიციური ნაკადია, რომელსაც უბრალოდ მიჰყვები. ველოსიპედის ტარებას ჰგავს, თავიდან აკვირდები, ფიქრობ, პედლები როგორ დაატრიალო, საჭე გაგირბის, გიჭირს ტარება... მაგრამ როგორც კი ისწავლი, მერე უკვე ამაზე აღარ ფიქრობ, უბრალოდ თავისთავად მიდიხარ.

წეღან შემთხვევით გავიგე, რომ ერთ-ერთ სკულპტურას გუშინ უფრო მეტი სამკაული ეკეთა, ვიდრე დღეს, თურმე სულ ცვლი რაღაცებს. ნამუშევრებში ამ ცვლილებების შეტანის პროცესს რა მნიშვნელობას ანიჭებ?


ეგ მუდმივი ცვალებადობა რაღაცნაირი დედამიწური სისტემაა, როგორც ამინდები იცვლება, ისე იცვლება სივრცე და მგონია, რომ სიცოცხლე მოძრაობაში, გადაადგილებაში და ცვლილებებშია. ამასაც ინტუიციურად ვუყურებ, არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას, უბრალოდ, თუ მომინდა ცვლილების შეტანა, შემაქვს. ესეც თამაშის პროცესია. თამაშიც იდეაში ხო ეგ არის, ნივთებს უბრალოდ ფუნქციებს ვუცვლით, მაგალითად, ჭიქა რომ ამოატრიალო, წყალს ვეღარ ჩაასხამ, ჭიქის ფუნქცია აღარ აქვს, მაშინვე სკულპტურა ხდება. ეს ცვალებადობაც მთლიანად ფუნქციებით და კონცეპტებით თამაშის პროცესია.

მე შემიძლია რომ თითოეულ ამ ნივთზე ჩემი ინტერპრეტაცია მქონდეს, მაგრამ მე შენი მაინტერესებს. რაღაც ისეთი, რაც მიღმაა და ჩემით ვერ მივხვდები მანამდე, სანამ შენ არ მომიყვები. რომელიმე ამ ნამუშევრის შექმნისას გახსოვს რაზე ფიქრობდი?


ამ ყველაფერზე რომ ვმუშაობ, მგონია, რომ ძაან პირადი პროცესია. მაგალითად, ეს ხელები რომ აიღო, რომლებიც პირდაპირ ტვინთანაა დაკავშირებული... ისე იმ დღეს ვფიქრობდი, ორი მუშტი რომ შეკრა ერთად, ძაან ჰგავს ტვინს და ლოგიკურია, რომ ეს ორი ტიპი ტვინიდან გამოდის. ამ ყველაფერს რომ ვაკეთებ, მგონია, რომ ტვინს ვავარჯიშებ და რაღაც მომენტებისთვის ვამზადებ. აი მაგალითად, რაზეც ის ყვითელი ბურთი დევს, ეგ არის მანქანის საყვირი, ის ორი სკეიტბორდის ბორბალია და აქეთ კრიკეტის ბურთი დევს. მგონია, რომ ასე ერთად შეკრული საერთოდ სხვა რამეა, აქაც ბიომიმიკრია ფიგურირებს, ოღონდ ფუნქციაგამოცლილი, რომ ვუყურებ, ძაან დედამიწური ობჯექთია, პლანეტის რიტმი გახსენდება და თან ცოტა ხილსაც ჰგავს. გვერდზე ის ანანასი რომ დევს, მგონია, რომ ძალიან ჰგავს იმ ანანასს, აი ეგ არის ჩემი ხილი და მე ამ შემთხვევაში ანანასის ხე ვარ. ამას რომ ვაკეთებ, რაღაც ფორმულებს ვსწავლობ, ვერბალურად არ ვიცი, როგორია, მაგრამ თითქოს ვაშალაშინებ და მერე ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება, რომ სტუდიაში წავიდე და მუსიკა გავაკეთო. ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაბმული და მგონია, რომ აქედან ძალიან ბევრის სწავლა შემიძლია მუსიკაზე. ზოგადად, დავამუღამე რომ, ერთი საკითხის შესახებ სულ სხვა სივრციდან უფრო მეტი მისწავლია. მუსიკაზე ყველაზე ნაკლები მუსიკოსებისგან ვისწავლე, შეიძლება მეთევზისგან უფრო ბევრი მესწავლა. ასეთი პარალელები ძაან მნიშვნელოვანი მგონია და ამ პარალელების კეთებას სულ ვცდილობ. ბოლოს ეს პროცესი ერთმანეთს ავსებს და მგონია, რომ ამ ყველაფრის გარეშე იმას, რასაც ახლა ვაკეთებ, ვერ გავაკეთებდი.

ყველა ეს ნივთი, როგორც ამბობ, ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ყველაფერი ერთად კი ამ საგამოფენო სივრცეში ძალიან ორგანულადაა განლაგებული, იმდენად რომ, საერთოდ ვერ ვხვდები, სად იწყება ერთი ობიექტი და სად მთავრდება მეორე. ესეც ინტუიციურად მოხდა თუ იფიქრე ამაზე?


ერთი მხრივ, ძალიან ბევრი ვისწავლე ჩემი მშობლებისგან, ოჯახისგან, რომელიც ძაან პროფი კამანდაა თავის საქმეში, მერე ამ ცოდნას მე ჩემი კომპონენტი დავუმატე და ბოლოს რაღაც წერტილიდან ყველაფერი ინტუიციური გახდა. მაგრამ ეგ ალბათ ბევრი ნახვის და ფიქრის შედეგად მოხდა. როგორც კი რაღაც ფორმულა ილექება, მერე ეს ფორმულა თავისით მუშაობს, უკვე ვერც ვხვდები, როგორ ხდება, შეიძლება უბრალოდ ვიცეკვო და თავისით გაჩნდეს ეს ყველაფერი. ამიტომ აღარ არის ამაში არანაირი დაფიქრების პროცესი, თავისით მიედინება, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავის დროზე ბევრი მაქვს ამაზე ნაფიქრი.

მომიყევი Vending მანქანაზე, როგორ შექმენი და საიდან გაგიჩნდა მისი იდეა?


ძაან მაინტერესებს რობოტექნიკა და მგონია, რომ ადამიანის განვითარების შემდეგი ეტაპი არის ის, რომ საბოლოოდ ან რობოტები გავხდებით ან რობოტებში გადავიტვირთებით. ნელ-ნელა ამისკენ მივდივართ და ეს Vending მანქანაც ამ კვლევის პროცესის შედეგია. ნებისმიერ ტიპს შეუძლია მოვიდეს და ჩემ გარეშე თავისი პირადი პროცესი შექმნას, მივიდეს და რა ნივთიც მოეწონება - ნამუშევარი იქნება, სკულპტურა თუ სათამაშო - უბრალოდ გადაიხადოს, აიღოს და წავიდეს, ისე რომ არავისთან არ ჰქონდეს გადაკვეთა. ეგ ძალიან მიზიდავს და მე ჩემი პირადი ინტერპრეტაციაც მაქვს... თითქოს სალოცავებს მახსენებს. წარმოიდგინე, რომ შუაღამე ცარიელ ქუჩაზე მიდიხარ, უცებ გხვდება მანათობელი ობიექტი, რომელსაც შეგიძლია ქაღალდის ფურცლები აჭამო და ის სანაცვლოდ რაღაცას გაჩუქებს. ძაან პირადი და უცნაურად საკრალური პროცესია, ალბათ არავის უფიქრია, რომ ეს Vending მანქანა შეიძლება ჩემთვის სალოცავთან იყოს ასოცირებული. სიმღერის ერთ-ერთი ტექსტიც ზუსტად ასე იწყება: "ვლოცულობ რობოტექნიკაზე, მეტი კაბელები და სინაზე..." ლოცვის პროცესივით არის, თუ გინდ ფულის გამოტანა, თუ გინდ ვენდინგ მანქანის მოხმარება... რაღაც ტიპის ლოცვაა, რა დროსაც მანქანაში ნელ-ნელა ახალი სიცოცხლე იბადება, რომელიც ისევ ჩვენ თვითონ ვართ.

შენი მანქანა რას მოგვცემს ქაღალდის ფურცლების სანაცვლოდ?


ესენი არის ჩეინები... აქ მინდა, რომ ბევრი სხვადასხვანაირი ჩეინი იყოს. შედიხარ, შეგიძლია, ის აირჩიო, რომელიც მოგწონს, ქეში შეაცურო და ჩამოვარდება. მერე ბარათის წამკითხველიც ექნება. ახლაც ფუნქციურია, ჩვეულებრივად მუშაობს, მაგრამ ახალი გაცოცხლებულია და ბევრი რაღაც სჭირდება. ეს გამოფენა 25 მარტს მთავრდება და ბოლო ხუთი დღე მგონია, რომ ძაან საკაიფოდ იქნება გაწყობილი, ჯერ ახლა დავსტარტეთ და ნელ-ნელა იძენს თავის ფუნქციას, ადამიანებიც ნელ-ნელა ხვდებიან რა არის, მე თვითონაც რომ ვუყურებ ხოლმე, ვერ ვხვდები რა არის, ჩემთვისაც ძაან უცნაურია, მაგრამ საინტერესოა, იმიტომ რომ სულ მინდოდა გამეკეთებინა რაღაც, რაც ფუნქციონირებს. ერთი კომპანიაა ვენდინგო, ვისთან ერთადაც ეს მანქანა გავაკეთე. იქ მუშაობენ ჯიმი და ლევანი, მათემატიკოსი და პროგრამისტი, ძაან საინტერესო იყო მათთან კოლაბორაცია. უცებ შევქმენით უზარმაზარი ფუნქციური მექანიზმი და ახლა ცოტა ის ფილინგი მაქვს, ფრანკენშტეინში როა - Its Alive!

საბოლოოდ როგორ ერთიანდება ეს ყველაფერი ლომბარდების იდეაში?


ლომბარდები თბილისის შხამიანი ყვავილებივითაა და, ჩემი აზრით, თბილისის ესთეტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. ლომბარდებიც თავიდან ბოლომდე ფუნქციონალურობიდან გამომდინარეა ეგეთ ვიდზე, ღამე რომ ანათებს, გემის სირენები რომ მეზღვაურებს მისატყუებლად უმღერიან, ლომბარდიც ესე გეძახის: მოდი, დაალომბარდე და მერე წადი ჩინურ რესტორანში, ჭამე ან კაზინოში ითამაშე. ერთგვარი ტოქსიკური ყვავილებია, რომლებიც კი რაღაც მომენტში ბევრს დაეხმარა. უცებ მართლა როცა ვიღაცას ფული არ აქვს, შეიძლება ლომბარდში წავიდეს, ნივთი დაალომბარდოს და მისთვის ძაან მნიშვნელოვანი რაღაც გააკეთოს. ბევრისთვის კარგი მოგონებაც არის, თან ძაან მძიმეა, უფრო მეტწილად მძიმე და ტოქსიკურია, თან ხო კაზინოების გარშემოა ხოლმე და სულ გექაჩება, რომ რაღაც აგაცალოს. თუ შევხედავთ როგორც ყვავილს, რომელიც უბრალოდ არ უნდა მოწყვიტო და არ უნდა შეჭამო, მაგ შემთხვევაში ძაან ლამაზია. კოკა-კოლის ქილასავითაა. ეგეც მგონია, რომ გაუხსნელი, ძაან ლამაზი ტოქსიკური ყვავილია, რომელიც სახლში შეიძლება გედგას და ტკბებოდე, მაგრამ არ უნდა გახნა და არ უნდა დალიო, იმიტომ რომ შხამია. მე ძაან არ მიყვარს შხამი.

Polo Palace-ის ტექსტში რომ გაქვს ფრაზა "ლომბარდებში დატოვებულ ზამთრებს", ეს ზამთრები რას ნიშნავს?


ეგ ზურას ფართია და მანდ ორი ვარიანტია. ცოტა ფილოსოფიურ-პოეტური მხარე რომ ავიღოთ... ხო იცი, აი მთელ ზამთარს რომ ლომბარდში დატოვებ, მე მგონი, დაჟე არც ვიცი როგორ ავხსნა, აი რაღაც პონტში მთელ ცხოვრებას რომ ლომბარდში დატოვებ... და მეორე ინტერპრეტაციაა, თოვლი, რომელიც ბრწყინავს და რომელიც ჰგავს ბრილიანტებს. და ლომბარდებში დატოვებული ზამთრები არის ლომბარდებში დატოვებული სამკაულები ძვირფასი ქვებით. ზუსტად ვიცი, რომ მაგ ტექსტში ორივე იგულისხმება.

ისე ჰგავს Kayakata-ს ტექსტები ამ გამოფენის ობიექტებს?


ეგეც ზუსტად ისევე ერთი პროცესია, ეს ტექსტები მაშინ იწერება, ასეთ მაგიდასთან რომ ვზივარ და ეს ქაოსია რომაა ირგვლივ. ჩავფიქრდები და ტექსტებიც თავისით ამ ნივთების ანარეკლებივით ჩნდება. ერთმანეთს კვებავს და ასაზრდოებს. ისევ ლომბარდს რომ მივუბრუნდე, მისი ტრაგიკული ნაწილი რაც არის, მაგას რომ თავი დავანებოთ და მხოლოდ ესთეტური და დადებითი მხარე რომ ამოვიღოთ და მათ, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს, ცოტა სხვანაირად შევახედოთ. აი ისე რომ შეხედავ ლომბარდს და ძაან რომ გაგიხარდება. მგონია, რომ Kayakata-მ ცოტა ეგ ქნა, ვინც აქამდე ცოტა ტრაგიკულად უყურებდა, ახლა Happy Feeling აქვთ. ბავშვობაში მქონდა ეგეთი განცდა, რომ გავიგებდი, რომ ეს ნივთი ვიღაც ისეთმა აჩუქა ჩემს მშობლებს, ვინც მე ძაან მომწონდა, მერე ის კიდევ უფრო სხვანაირად Special ნივთი ხდებოდა, იმ პონტში, რომ აი ეს იმის ნაჩუქარია. რაღაც მომენტში მინდა, რომ ზუსტად ეგ გავაკეთოთ, რაღაცები თავიდან ვაჩუქოთ ქალაქს და ხანდახან ყველაფერი სულ სხვა ფილტრიდან დავანახოთ...





ავტორი: გვანცა ჩანადირი/www.hammockmagazine.ge