მუსიკა | ცა

აგვისტოს ქართული მუსიკა

სექტემბერი 11, 2023

Vakhtang Kantaria – Suspenzia

„სუსპენზია“ მუსიკოს ვახტანგ ქანთარიას ერთ-ერთი ბოლო ალბომია. 13 კომპოზიციის ფარგლებში, ვაქო ტრადიციულად დამახასიათებელი ენერგიულობით და გიტარის ჟღარუნით ჩვენს გამოღვიძებას ცდილობს. აღსანიშნია, რომ ვაქომ 2023 წელი აქტიური მუსიკალური კარიერის ბოლო წლად გამოაცხადა, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ასე არ იქნება და კიდევ ბევრჯერ შევძლებთ მისი ახალი სიმღერების მოსმენას. იქამდე, კი მისი უკვე წარმოუდგენლად დიდი დისკოგრაფიით შეგიძლიათ ისიამოვნოთ Spotify-ზე და სხვა პლატფორმებზე.

Zavrosch - Condition Starfish

თორნიკე გეწაძეს მუსიკალურ წრეებში 2kija-ს სახელით ცნობენ. იგი OBRI-სთან ერთად ერთ-ერთი პიონერი იყო საქართველოში PsyTrance ჟანრის და წლებთან ერთად მისმა მუსიკალურმა სტილმაც განიცადა ტრანსფორმაცია. მისი ახალი პროექტი Zavrosch სწორედ ამ ცვლილების ნაწილია, სადაც მეტნაკლებად დავიწყებულია PsyTrance-ის მაღალი რიტმი და უფრო ექსპრიმენტულ ჟღერადობებს ეძლევა გასაქანი.

Foxkids – SEVSAMORA

მეტად საინტერესო ექსპერიმენტია foxkids, რომლებმაც საკუთარი ავტორობით შექმნილ ზღაპარს აუდიო მედიუმიც დაამატეს. ზღაპარი მითიური სევსომორას ციხესიმაგრეზე და იქ მცხოვრებ მეზღაპრე მზევინარზე გვიყვება. ალბომშიც მრავლად გვხვდება ზღაპრიდან სიუჟეტების თხრობა და მუსიკალურადაც, ვფიქრობ, საკმაოდ ფანტასმაგორიული პასაჟებითაა სავსე. მოკლედ მსგავსი მულტიმედიური პროექტები ადგილობრივ სცენას ძალიან აკლია და მიხარია, რომ foxkids ააქტიურებს ამ მიმართულებას.

Tade - Used To

ტადე თოდუა ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია, რომელიც თითქმის დეკადაა, რაც საკუთარ მუსიკას ავითარებს და მნიშვნელოვან ლეიბლებზე არელიზებს. „Used To” მისი 2 ტრეკიანი სინგლია, რომელიც აგვისტოში გამოვიდა.

Chaos in the Attic  - Chitebi

პროექტი Chaos in the Attic არა ერთხელ მომხვდარა ჩვენს ყოველთვიურ სიაში და მათზე დამსახურებულად კიდევ უნდა ვისაუბროთ. ისინი მუსიკალურად საკმაოდ ნოყიერ ჯაზურ ვარიაციებს ასრულებენ. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ ადამიანების გაცნობა, ვინც ამ პროექტის უკან, ჩრდილში დგანან.

Irakli Choladze - IN UP OUT

წლის ალბათ ერთ-ერთი ფავორიტია ირაკლი ჭოლაძის სადებიუტო ალბომი In Up Out. მუსიკოსი და დრამერი დიდი ხანი საზღვარგარეთ მოღვაწეობდა. აღნიშნული ალბომიც სწორედ ქართველი და უცხოელი მეგობარი მუსიკოსების დახმარებით ჩაწერა და აერთიანებს კომპოზიცირების განსხვავებულ მეთოდებს და მუსიკალურ სტილს - დაწყებული ჯაზიდან დასრულებული ქართული ფოლკით. მოკლედ მელომანებისთვის აუცილებლად მოსასმენი რელიზია.

GEORGINA BEASTLY - We Should Probably Start a Cult

პროექტი GEORGINA BEASTLY ამ ზაფხულის დიდი აღმოჩენაა. პრინციპში უნდა ითქვას, რომ მასში მონაწილე მუსიკოსების შემოქმედება ცალკეულად ცნობილია, თუმცა რასაც ისინი ერთიანად ქმნიან, არის ის, რისი მოსმენაც საქართველოში ყოველთვის მინდოდა. ცურვა თავისუფალი ბგერების ოკეანაში, სადაც იმპროვიზაცია იმარჯვებს და ყველაფერი მისი გავლით ხდება. მოკლედ მათი მესამე ალბომი უკვე მზად არის და შეგიძლიათ დაეწაფოთ.

OBRI - As Above, So Below

ქართველი პროდიუსერი, OBRI, 2000-იანებში ერთ-ერთი ცნობადი PsyTrance დიჯეი და პროდიუსერი იყო, რომელმაც ბოლო წლებში სტილისტური ტრანზიცია უფრო ტექნოსკენ გადმოამისამართა. მის ახალ EP-ში As Above, So Below სწორედ TB 303-ზე თამაშს და საინტერესო საუნდ დიზაინს შეხვდებით. რელიზი ბრიტანულ ლეიბლზე Dragonfly Records-ზე გამოვიდა.


kordz x Bedford Falls - KINO REMIX

ეს ერთ-ერთი იშვიათი სინგლია აგვისტოდან, რომლის მოსმენას ნამდვილად გირჩევდით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება Bedford Falls-ის მსმენელისთვის სიმღერის ორიგინალური ვერსია ხელშეუხებელი შეიძლება იყოს, უნდა ვაღიაროთ - Kordz is Master At Work და მის ამ რემიქსს საცეკვაო მოედნების დაპყრობაზე აუცილებლად ექნება პრეტენზია.

TG – Aramiants

TG - ქართველი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერის მიერ არამიანცის საავადმყოფოში გადამხდარი ისტორიების აუდიო ქრონიკებია, ნაწილი I.

AI Zeppelin - Only Quarter

საინტერესო ექსპერიმენტს გვთავაზობს ჯუბა ჯიბლაძე, რომელმაც ხელოვნურ ინტელექტს რობერტ პლანტის ხმით, რამდენიმე 70-იანი წლების როკ სიმღერის შესრულება დაავალა და საინტერესო შედეგიც დადგა. მსგავს მეთოდებს დასავლეთში უკვე აქტიურად იყენებენ და ბევრი დისკუსიაც მიმდინარეობს, საინტერესოა ჩვენთან როგორ შეხვდებიან.

Pelargonia – Deaf’s Lament

ჯგუფი პელარგონია ბოლო წლების ერთ-ერთი პროდუქტიულ პროექტად შეგვიძლია მოვისაზროთ. მათ ანგარიშზე უკვე შარშან გამოსული ალბომი და წელს აგვისტოში დარელიზებული EP-ია, რომელშიც ქართული და ინგლისურენოვანი სიმღერებია შესული - გამორჩეულია მეხუთე კომპოზიცია, თითქმის 10 წუთიანი Death, რომელსაც გიტარ სოლოები უფრო ეპიკურს ხდიან.

Beka Baghashvili - ნახევარი

ბექა ბაღაშვილი ქართველი ავტორ/შემსრულებლების ახალი ტალღის წარმომადგენელია. სადებიუტო ალბომით „ნახევარი“, 8 სიმღერის და მარტივი რიტმული აკომპანიმენტის დახმარებით, იგი შინაგან ინტროსპექციასაც ახერხებს და ამავდროულად საჯარო თემებზეც აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ბოლო კომპოზიცია „საბურთალოს ბლუზი“ აღმოჩნდა.

Penrose – Pnrs

გეგა ბექაური, იგივე Pensore ქართული ჰიპ-ჰოპის ახალი ტალღის წარმომადგენელია, რომელმაც ბოლო 2 წლის განმავლობაში საკმაო ცნობადობა და პატივისცემაც დაიმსახურა ჟანრის მსმენელებში. ახალი მინიალბომით იგი აგრძელებს დაწყებულ გზას და ჩვეულ სტილში შესრულებულ 7 სიმღერას გვთავაზობს.

Vinda Folio - მოზაიკის ეფექტი

დიდი ხანია Vinda Folio-სგან არაფერი გვსმენია. მუსიკოსი, რომელიც ფართო საზოგადოება უფრო ერეკლე დეისაძესთან დუეტში იცნობს, ახალ EP-ს აქვეყნებს. 4 ტრეკის ფარგლებში იგივე პოსტ-პანკის მუსიკალურ სივრცეში მოძრაობს და დუეტისგან განსხვავებით, აქ ძირითადად თავად ასრულებს სიმღერებს. ალბომის ვიზუალურ გაფორმებაზე მუსიკოსს ხელოვნური ინტელექტი დაეხმარა, მიქსინგზე და მასტერინგზე კი თორნიკე გველესიანმა იმუშავა.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი