ტექნოლოგია

თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის გუნდი Agile Prague-ის კონფერენციაზე

ნოემბერი 27, 2023

თიბისიმ საქართველოში Agile ტრანსფორმაციას ჩაუყარა საფუძველი. მრავალ უპირატესობასთან ერთად, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ აუცილებელია, რომ გუნდი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მუდმივად ვითარდებოდეს, პროგრესირებდეს და მოთხოვნების შესაბამისად, ცვლიდეს მიდგომებს. 


სწორედ ამ გეგმისკენ მიმავალი გზის ნაწილია კონფერენციები, რომლებსაც Agile ექსპერტიზის ცენტრის გუნდი ეტაპობრივად ესწრება. გუნდი ამჯერად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ ღონისძიებაზე, Agile Prague-ზე იმყოფებოდა. 


კონსტანტინეს თქმით, Agile Prague, რომელსაც თიბისიდან 23 ადამიანი დაესწრო, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფერენციაა, რომელიც უკვე 16 წელია ტარდება. მიზანი ერთმანეთისთვის წარმატების ისტორიისა და გამოცდილების გაზიარება, ცოდნის მიღება, აზრების გაცვლა და ახალი იდეების ჩამოტანაა. კონსტანტინე იმედოვნებს, რომ მსგავსი შესაძლებლობა გუნდს კიდევ ბევრჯერ მიეცემა.

“ჩვენი გუნდი მსგავს ღონისძიებებს აქამდეც დასწრებია, თუმცა, ამჯერად Agile Prague-ზე პრაქტიკულად მთელი შემადგენლობით ვიმყოფებოდით. კონფერენცია, რომელიც სექტემბერში ჩატარდა, 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა - იყო სხვადასხვა ვორქშოფი, სემინარი, Agile-თან დაკავშირებული აქტივობები და სხვა. ჩვენ ყველაფერში აქტიურად ვიყავით ჩართულნი და მაქსიმალურად ვცდილობდით კოლეგების გაცნობასა და მათთან აზრების გაცვლას”.


თიბისის Agile ქოუჩი, კონსტანტინე კევლიშვილი

კონსტანტინეს აზრით, მსგავსი კონფერენციები ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორიც თიბისია უმნიშვნელოვანესია. კომპანია არამხოლოდ ადგილობრივ პრაქტიკებს, არამედ საერთაშორისო მაგალითებსაც აქტიურად აკვირდება და ახალ გადაწყვეტილებებამდე სწორედ მათზე დაყრდნობით მიდის. აქედან გამომდინარე, პროგრესის ხარისხის გაგების საუკეთესო გზა სხვა ორგანიზაციებთან შედარებაა. 


ერთი მხრივ, კონფერენცია იმის დასტური იყო, რომ კომპანია სწორ გზაზე დგას და მეორე მხრივ, ნიშანი, რომ კონკრეტული პრაქტიკები, რომლებიც იქ გაუზიარეს, მომავალში თიბისიში უნდა დანერგონ.


„როდესაც კომპანია, რომელშიც მუშაობ, გეხმარება, მსგავს ღონისძიებას დაესწრო, მოტივაციას საგრძნობლად გმატებს. ამასთან ერთად, მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა ისეთი მიმართულების წარმომადგენლისთვის, როგორიც Agile-ია, ძალიან მნიშვნელოვანია”

კონსტანტინეს თქმით, კონფერენციაზე მხოლოდ დამსწრეების როლში არ ყოფილან და ყველაფერში აქტიურად ჩაერთნენ. მაგალითად, თიბისის გუნდის წევრებმა, ლევან კოკაიამ და ანრი მანიამ საკუთარი სტარტაპი წარადგინეს, რომელიც Agile Tooling-ს შეეხება, რამაც კოლეგების დიდი ინტერესი გამოიწვია. 

 

მთლიანობაში, კონფერენცია თიბისის ეჯაილ გუნდისთვის ძალიან ღირებული იყო - დიდი გამოცდილების მიუხედავად, ზოგჯერ, მხოლოდ შიდა ორგანიზაციულ ჭრილში იმის გაგება, თუ რამდენად კარგად პროგრესირებ, რთულია. თიბისის გუნდის წევრები Agile Prague-ზე სხვა ორგანიზაციების ქეისებს გაეცნენ და მიხვდნენ, რომ სწორი მიმართულებით ვითარდებიან, რაც წინსვლისთვის გადამწყვეტია.  

ავტორი: Dev.ge