მუსიკა | ცა

Afternoon Version - Unfortunately Dizzy

Tsa.Music

ოქტომბერი 11, 2022

90-იანი წლების ახლად ფორმირებულ ალტერნატიული მუსიკის სცენაზე, იშვიათად შეხვდებოდით ისეთ მუსიკალურ პროექტს, რომელიც საკუთარი შემოქმედებით ბევრად გლობალურ აღიარებას იმსახურებდა და ამის რეალური პერსპექტივაც ჰქონდა, რომ არა იმ წლების არასტაბილური სოციალური გარემო. ამ გამონაკლისებში მოწინავე პოზიციებზეა Afternoon Version, რომლის ფორმირებაც სამი განსხვავებული გემოვნების ახალბედა მუსიკოსის, გიორგი (სიხა) სიხარულიძის, გოგა ქავთარაძის და ნიკა წერეთლის შეხვედრით დაიწყო.


მუსიკის შექმნა The Doors-ის გავლენით, „The Ho“-ს სახელით დაიწყეს. აქ ჯერ კიდევ დომინირებდა 70-იანი წლების დასავლური მუსიკალური იდეები, მეტიც, ბლუზისკენაც კი იხრებოდნენ, რაც მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ჯგუფს ჯერ ზურიჩა ძაგნიძე, შემდეგ კი მიშა აბესაძე შემოუერთდა. პირველი მათგანი პროგრესული და ჯაზ-როკის გავლენას განიცდიდა, მეორე კი 80-იანი წლების პოსტ-პანკისა და ახალი ტალღის. სწორედ ამ ეტაპზე შეიცვალა ჯგუფმა სახელი Afternoon Version-ად და შესაბამისად შეიცვალა მათი მუსიკალური ხაზიც.

1993 წელს, Mother On Mondays-ის გიტარისტის, დათო ჩხიკვიშვილის დახმარებით და პროდიუსერობით ჯგუფმა „მელოდიის“ ჩამწერ სტუდიაში პირველი 3 სიმღერიანი “Forest EP” ჩაწერა. ომისგან განადგურებულ თბილისში ჯერ ისევ ნორჩ მუსიკოსებს საკმაოდ ცოტა სივრცე ჰქონდათ საკუთარი შემოქმედების წარმოსაჩენად, თუმცა მაინც შედგა ცოცხალი გამოსვლები კლუბ „ყაზბეგში“, 1995 წელს წელს კი „ავანგარდული მოდის ასამბლეაზე“.

მალევე მუსიკალური გეზის ცვლილების საკითხის კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში, ჯგუფიდან წავიდა მიშა აბესაძე, მთავარი ვოკალისტი კი გიორგი სიხარულიძე გახდა. შემდეგ წელს, სიმღერით “Cave”, საუკეთესო ცოცხალი შესრულების და არანჟირებისთვის.  Afternoon Version  მუსიკალური კონკურსის - „ლიგა“-ს გამარჯვებული გახდა. მან მუსიკოსებს  ფინანსური შესაძლებლობა მისცა, რათა ალბომის ჩაწერაზე მუშაობა დაეწყოთ. პერსონალურ კომპიუტერთან წვდომამ მათ ხმოვანების ოკეანეზე გაუხნსა გზა და შედეგად დომინანტურიც ელექტრონული ჟღერადობა გახდა. ელექტრონიკით გაჟღენთილი ალბომი „Together” 2000 წელს უკვე მზად იყო, Underworld-ის გავლენით შექმნილი იგივე სახელოწოდების სინგლი, „View 2000“ და „Something“ დღემდე ჩემი ფავორიტებია, თუმცა არაფერი შეედრება „კარდენა“-ს (ერთადერთ ქართულენოვან სიმღერას ალბომში) რომელსაც დღემდე თავისუფლად შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია ქვეყნის ყველა დროს ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატიულ ჩანაწერზე.

მაშინ როცა ჯგუფის აქტიური მუშაობისთვის ყველაზე კარგი პერიოდი იყო, ალბომის გამოსვლიდან მალე ჯგუფი დაშლის პირას აღმოჩნდა, ვინაიდან მისი წევრები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქში მიმოიფანტნენ და შესაბამისადაც მუსიკალური კარიერაც ინდივიდუალურად გააგრძელეს.


Afternoon Version-ის სახელი თითქმის 10 წლის განმავლობაში დუმდა. 2011 წელს, ჯგუფი ნაწილობრივი შემადგენლობით აღდგა, 90-იან წლებში დაწერილი სიმღერები უკვე განახლებული ვერსიით ჩაწერეს და „Renegade EP“-ის სახით გამოსცეს. 2013 წელს გიორგი სიხარულიძე დაბრუნდა სამშობლოში და ამავე პერიოდიდან AV განახლებული შემადგენლობითა და პროგრამით აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას.

2022 წლის სექტემბერში, Afternoon Version-მა, გიორგი სიხარულიძის და  ზურიჩა ძაგნიძის ფორმაციით ახალი EP „Unfortunately Dizzy“ გამოსცა. ეს პირველი ნაწილია სრული ალბომისა რომელსაც ჯგუფი წლის ბოლოსთვის გამოსცემს. რელიზის მუსიკალურ ნაწილამდე, ჩემი ყურადღება ორიგინალურმა ვიზუალურმა გაფორმებამ მიიპყრო, რაც ასე იშვიათად ახასიათებს ბოლო პერიოდის ქართულ მუსიკალურ სცენას.

ალბომი უკვე ჩემი რჩეული Mulled Over-ით იწყება. ეს მუსიკალურად და არანჟირებით მდიდარი სიმღერა, არტისტის დიდი ხნის ფიქრებს და სულიერი ტრანსფორმაციის გზებს აღწერს და არის ამაში რაღაც ნიკ ქეივისეულიც. ეს მინიალბომში ერთადერთი სიმღერაა სადაც ქართული ტექსტიც გვხვდება „შენთან ერთად დავიწვი, გაიხსენე ახალს ქმნი“ შეიძლება ხელახლა დაბადებაზე და განწმენდაზე ალეგორიად მივიღოთ.


მეორე კომპოზიცია Unfortunately Dizzy“ მუსიკალურად მარტივი თემით იწყება, თუმცა დროთა განმავლობაში მძიმე საგიტარო პარტიებისა და კლავიშის პასაჟებით კულმინაციას აღწევს. აქაც ავტორის პერსონალურ ისტორიას ვხედავთ, ამჯერად უფრო პირადი ურთიერთობების, სადაც მოწყენილობას პერიოდულად ეჭვიანობა ანაცვლებს.


„Saturdios - მელოდიური ელექტრონული ბიტით შემოდის და მეტაფორებით სავსე, მომნუსხველი მისამღერით მთავრდება. რომელიც რიგრიგობით გადადის ნელი მელანქოლიის ჩურჩულში. „System კიდევ ერთი რბილი, პოეტური სიმღერაა და ისევ პირად ურთიერთობებს ეძღვნება. 

„Only roses will survive


On your shoulders and in your sigh“

მინი ალბომის ბოლო კომპოზიცია My Heart Ache Is Your Headache ერთი წლის წინ გამოქვეყნდა და იგი თავდაპირველად ლუკა ჩხაიძის ერთმოქმედებიანი პიესისთვის „Shedding” დაიწერა. იგი დასაწყისში უკვე აღნიშნულ სულიერი ტრამვული გამოცდილებისგან განკურნების ეტაპს აღწერს, „Sorrow, You were gone“ - მეორდება იმპულსურად და ასე ცდილობს ავტორი სევდისგან თავის დაღწევას. დაწყებული ტრანსფორმაცია შედეგს მხოლოდ მაშინ გვაძლევს როდესაც კათარზისი დგება და განახლების ეტაპი იწყება.


ვფიქრობ „Unfortunately Dizzy“ აღნიშნული პროექტის ყველაზე პერსონალური ჩანაწერია, რა თქმა უნდა დროის გასვლასთან ერთად, ყველას ცხოვრებისეული გამოცდილებები გვემატება და ეს შემოქმედებასაც მეტ სიღრმეს აძლევს. მისი დასასრული კი ფრთხილი ოპტიმიზმითაა გამსჭვალული - არ დაგვავიწყდეს რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და შინაგანი ინტროსპექციით ნათელი გზა ყოველთვის გამოჩნდება.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი