მუსიკა | ცა

Afternoon Version – 90-იანი წლების ქართული ელექტრონიკა

იანვარი 09, 2024

90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენა მრავალფეროვანი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლამ ორმაგად გააცოცხლა ის შემოქმედებითი ენერგია, რომელიც ბარიერების გამო ახალგაზრდა თაობაში შეზღუდულად იგრძნობოდა. სცენაზე გამოჩდნენ ისეთი შემსრულებლები, რომლებსაც აღარ აკმაყოფილებდათ ესტრადის მიერ ნაკარნახევი გზები. მეტიც, მათთან არანაირ მემკვიდრეობით კავშირს არ გძნობდნენ. ამას ისიც ემატებოდა, რომ ომგამოვლილ ქალაქში ახალი თაობის მუსიკოსები სრულად გარიყულად გრძნობდნენ თავს - მათ რაღაც ახლის შექმნა უნდოდათ, გარემო კი ძველის გაგრძელებას ითხოვდა.

სწორედ ამ პერიოდში, 1993 წლის ბოლო კიდევ ერთი ბენდი გამოჩნდა ასპარეზზე. ჯერ კიდევ სკოლის დამამთავრებელ კლასებში მყოფმა ხუთმა დებიუტანტმა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გემოვნება ჰქონდათ, მუსიკის ერთად შექმნა გადაწყვიტა. ერთმანეთს მარტივად გაუგეს და ახალგაზრდული ენერგიით შეუდგნენ საკუთარი გზის გაკვალვას - ასე გაჩნდა Afternoon Version.

ბენდს თავდაპირველად The Ho ერქვა და 1970-იანი წლების როკით და ბლუზით შთაგონებულ მუსიკას უკრავდნენ. თუმცა ეს მალევე შეიცვალა, როდესაც ბენდს ზურა ძაგნიძე და მიშა აბესაძე შემოუერთდნენ. პროგრესული როკის, ჯაზი ფიუჟენის, პოსტ-პანკისა და ახალი ტალღის გავლენებმა, ბენდის მუსიკალური მიმართულება შეცვალა და სადღაც შუაში, ალტერნატიული როკის მიდამოებში დასტაბილურდა.

მუსიკალურად გადახალისებულმა ჯგუფმა 1994 წლის ბოლოს საბიუტო ჩანაწერი გამოუშვა. Forest EP პროდიუსერ დათო ჩხიკვიშვილის (Mother On Mondays) დახმარებით მელოდიის სტუდიაში ჩაიწერა და 4 სიმღერას მოიცავდა, რომელსაც მიშა აბესაძე ასრულებდა. 1995 წლის ბოლოს, ჯგუფს კლუბ „ყაზბეგში“ სადებიუტო გამოსვლა ჰქონდა, ამავე წლის ბოლოს კი „ავანგარდული მოდის ანსამბლეაზეც“ მიიწვიეს.

მალევე ჯგუფი მიშა აბესაძემ დატოვა. მისი ადგილი, სიმღერების ავტორ შემსრულებლად გიორგი სიხარულიძემ დაიკავა. ჯგუფ „ენერგორესურსიდან“ შემოიერთეს გიტარისტი დათო თოიძეც. 1996 წელს ჯგუფი ფესტივალ მარგარიტაზეც გამოვიდა, რომელიც ალბათ 1990-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და რამაც აქტიური ბენდები როგორც ერთმანეთს, ისე შედარებით ფართო აუდიტორიას გააცნო. ამავე წელს, 3 ნომინაციაში, მუსიკალური კონკურსის „ლიგას“ გამარჯვებულადაც მოგვევლინენ.

აღნიშნული გამარჯვება ყველასთვის მოულოდნელი იყო, ვინაიდან სრულიად სხვა მუსიკალური ტერიტორიიდან წამოსული შემსრულებლები, ქართული ესტრადის „კორიფეებს“ შორის გამოარჩიეს. გამარჯვებით გაჩენილმა ფინანსურმა რესურსმა, ჯგუფის ახალი გეზი უზრუნველყო. მალევე ჯგუფის წევრი, ნიკა წერეთელი მათთვის პირველ ელექტრონულ სეკვენსერს ყიდულობს, რაც მუსიკის წარმოებას ერთიორად ამარტივებდა - 1997 წლის ბოლოს კი მათ სამყაროში პერსონალური კომპიუტერიც ჩნდება. ამ გარემოებებს დაემატა ისიც, რომ თბილისში უკვე მარტივად იშოვებოდა „უცხო ქვეყნებიდან“ ჩამოტანილი მუსიკალური ჩანაწერები - სწორედ ასე შეძლეს The Prodigy-ის, Orbital,-ის, Daft Punk-ის და Underworld-ის მოსმენა. მალე ეს უკანაკსნელი ბენდის ელექტრონული ჟღერადობის ოკეანეში მოგზაურობის მთავარი შთაგონება გახდება.

ეს პერიოდი ბენდისთვის ერთი მხრივ პროდუქტიული იყო, ვინაიდან ჩაწერის სრულიად ახალ პრაქტიკაზე გადავიდნენ, მეორე მხრივ კი, დროის გასვლამ და შესაბამისად პასუხისმგებლობების ზრდამ ათასწლეულის გზაგასაყარზე ისინი ქვეყნის დატოვებისკენ აიძულა, ზოგი ბერლინში, ზოგი ლონდონში თუ ევროპის სხვადასხვა ქალაქში. თუმცა ამდენწლიან შრომას უშედეგოდ რომ არ ჩაევლო, 2000 წელს მსმენელს და სამყაროს მათი ერთადერთი ალბომი დაუტოვეს. Together ასე ეწოდება ამ ჩანაწერს, რომელიც მათი ერთად ყოფნის პერიოდს აღწერს.

ალბომი მათი ერთადერთი ქართულენოვანი სიმღერით Kardena-თი იწყება, სადაც გლეხს ერთადერთი მარჩენალი ცხენის, კარდენას გაყიდვა უწევს. ჯერ საოპერო შემსრულებელი, მადინა - სერებრიაკოვა კარბელი მღერის, შემდეგ კი გიორგი სიხარულიძის ერთგვარი spoken word შემოდის. სიმღერა 1990-იანი წლების სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ კრიზისებს აღწერს.

“მე მოვალ შენთან ყოველ ღამ, შენ იქნები ჩემი ხმა


მე მოგცემ შუქის ცალ ფაზას, სამ გენერატორს სხვადასხვას

ცხოვრების გზას და არც ერთ ვიზას


გაზის ფეჩს და დროის მანქანას, ნავთის ფულს და ტურბოს

ფითილს მრგვალს


სურვილს ერთს და ცხრა პრობლემას, არა ხელფასს არა პენსიას”

ეს სიმღერა ბენდის შემოქმედებაში როგორც ენობრივად, ისე სათქმელის მხრივაც ამოვარდნილი ნაწარმოებია. არ ვიცი თავად რამდენად იაზრებენ, მაგრამ ფაქტია, რომ წლების შემდეგ თამამად შეგვიძლია ვთქვათ - სოციალური მუსიკის ერთ-ერთი კარგი მაგალითია.

ალბომის მეორე სიმღერაა Together უკვე ელექტრო რომანტიკაა. ნოსტალგიურ და ამავდროულად ოპტიმისტურ პადებს, გიტარის მელოდიური ხაზი და ბიტები გასდევს.

„We’ll be together, We’ll rest forever,

It will last forever“

Champange Gold ალბათ 90-იანი წლების ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი გამოსარჩევი ჰიმნია, რომელიც ალბომში შემავალ კომპოზიცებთან შედარებით ადრე ჩაიწერა. შემდეგი სამი კომპოზიცია : Scream Disco, Blue Balloons, First Lucky Numbers სწორედ იმ სიაშია, რომლებიც Underworld-ის საკმაოდ დიდი გავლენით შეიქმნა: ტრანსი, Progressive House, Ambient Techno და Downtempo - ის მუსიკალური სტილებია, რომლებშიც ეს ჩანაწერები მოძრაობენ.


ალბომის ბოლო კომპოზიცია Train ტრაგიკულად დაღუპულ მუსიკოსთან, დათო მარგიანთან ერთად ჩაიწერა. აქაც downtempo რიტმს ვხვდებით, რომელსაც პერიოდულად ჩურჩულისმაგვარი ხმოვანი ჩანართები ამდიდრებს.


საბოლოო ჯამში, Together როგორც თავად Afternoon Version-ის, ასევე ვფიქრობ 1990-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის შემაჯამებელი ნამუშევარია, რომელიც ათასწლეულის გარდამტეხ ეტაპს კარგად აღგვიწერს, რომლის შემდეგაც მუსიკოსთან სრულიად ახალი თაობა დაიკავებს სცენის ასპარეზს.

23 წლის შემდეგ, ალბომი Together ფირფიტის ფორმატში „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ ლეიბლზე გამოიცა. ფირფიტის შეძენა შეგიძლიათ მაღაზიებში: Vodkast Records, Morevi Records და ლეიბლის Bandcamp-ის გვერდზე

ავტორი: ჯაბა შავიშვილი