კულტურა სიახლეები

„აჭარული მზითვის ფერის კვალდაკვალ“

თიბისი კონცეპტი - მარჯანიშვილის 7

დეკემბერი 13, 2021

14-16 დეკემბერს თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართება აჭარული ნაქარგობის პროექტის პრეზენტაცია. წარმოდგენილი იქნება ფოტოხელოვანი ირმა შარიქაძის დოკუმენტური ფილმი „აჭარული მზითვის ფერი“, და მისივე, აჭარული ნაქარგობის თემაზე გადაღებული, ნამუშევრების ფოტოგამოფენა. აქვე გაიმართება პანელური დისკუსიები რეგიონში ქალთა გაძლიერებისა და ქართული ნაქარგობის შესახებ.  

მაღალმთიანი აჭარა და მისი განსაკუთრებული კულტურა საქართველოს საგანძურია. ამ მხარესთვის ბევრი რამ არის დამახასიათებელი: ფერადი ბუნება, უნიკალური ხასიათის ადამიანები, მრავალფეროვანი ისტორიები... ერთ-ერთი ასეთი ისტორია აჭარულ ნაქარგობასა და მის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ეხება. ეს ისტორია და მისი ხელახალი აღმოჩენა ფართო საზოგადოებისთვის, თავის მხრივ, ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის როგორც ამ მხარის პოპულარიზაციას, ისე ხელს შეუწყობს ტრადიციის შენარჩუნებასა და ადგილობრივ ქალთა გაძლიერებას.  


აჭარული ნაქარგობა ქართული ტრადიციული რეწვის ხელოვნების ერთერთი უმნიშვნელოვანესი თემაა, რომელიც დღეს დაკარგვის საფრთხის წინაშეა. კულტურის გავრცელების არეალი მოიცავდა აჭარას და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს იმ სოფლებს, სადაც აჭარლები არიან განსახლებული. აჭარულმა ნაქარგობამ, როგორც აჭარელი ქალის ყოველდღიურობის განუყოფელმა ნაწილმა, თავისი მნიშვნელობა დაახლოებით 30 წელია რაც დაკარგა. 

“პირველად აჭარულ ნაქარგობას თბილისში გადავაწყდი, ერთ-ერთ ოჯახში. შემდგომ აჭარაში – სოფელ ინწკირვეთში აღმოვაჩინე“


- ამბობს ირმა შარიქაძე, პროექტის ავტორი და ვიუზუალური ხელოვანი.


გულისთქმამ გაუმართლა - პირველად ნანახი არტეფაქტის კვალდაკვალ, მთელი საგანძური აღმოაჩინა - ფერად ემოციებად მოქარგული ასობით ისტორია, დედიდან ქალიშვილზე გადაცემული თქმულებები სიმტკიცეზე, სიყვარულსა და ყოვლისმომცველ მშვენიერებაზე. 

“თავმომწონე პატარძალი ახალ ოჯახში სულ მცირე 20-30 ნაქარგით შედიოდა. თავის ოთახს - რძლის ოდას თავიდან ბოლომდე რთავდა, ისევე როგორც დედამთილისა და მისაღებ ოთახებს. პატარძლები საუკეთესო ნაქარგის შექმნაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. სოფელში გოგო რომ გათხოვდებოდა, შემდეგი გოგო ცდილობდა, მასზე უკეთესი მზითვი მოექარგა”.

მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე არსებობდა საკუთარი მზითვის მოქარგვის ტრადიცია, ნაქარგობის გატანის წესი მივიწყებულია. ტრადიციული ნამუშევრების ნაცვლად, სულ სხვა ნივთებს ენიჭება უპირატესობა, რაც თავისთავად გლობალიზაციამ და სხვა თანამედროვე საზრუნავმა ჩაანაცვლა. 


აჭარული ნაქარგობის გადარჩენის იმედი მაინც არსებობს. 2020 წლის 2 ნოემბერს ,,ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, რაც არამარტო ამ ხელსაქმის ცნობადობას აამაღლებს საზოგადოებაში, არამედ მის დაცვასაც განაპირობებს.

იგივე საქმეს ემსახურება ირმა შარიქაძის მოკლე დოკუმენტური ფილმიც, რომელიც მაღალმთიანი აჭარის სოფლებში 8-დღიანი სტუმრობის დროს გადაიღო და დააფიქსირა არა მხოლოდ ნაქარგების ავთენტური სილამაზე, არამედ მათი შემქმნელების გულახდილი ემოციები და გამორჩეული სახეები. 


ფილმი “აჭარული მზითვის ფერი” წარმოადგენს ერთგვარ მანიფესტს, მაღალმთიანი აჭარის მცხოვრები ქალების ხმას, ვინაიდან ნაქარგობის შექმნის ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა სწორედ ქალის ხაზით. აჭარელი ქალის სამზითვო ნაქარგობა წარმოადგენს ხელოვნების ისეთ ფორმას, რომლითაც თავისუფლად შეიძლება საქართველოს წარმოჩენა სრულიად ახალი რაკურსით მსოფლიო კულტურის წინაშე. 


“ფილმის გადაღების პროცესი ფილმშივე ჯადოსნურ მოგზაურობას ჰგავდა. ძალიან პატარა ჯგუფით გადავწყვიტე წასვლა… ინტუიციის, კარგი ამინდის და სწორად ნათქვამი სიტყვის იმედად, რომელიც ჯადოსნური გასაღებივით აღებდა მათი გულის კარებს. მალე, ხმა გავარდა სოფელში და ნელ ნელა აჭარელმა ქალებმა ჩემს მასპინძლებთან დილიდან დაიწყეს ჩემს სანახავად მოსვლა, მოდიოდნენ და მოჰქონდათ თავის მოქარგული მზითვები, ისტორიები, მიყვებოდნენ ჰურიეზე და ელმასაზე, ვინ იყო ყველაზე კარგი მქარგავი და მკერავი სოფელში, როგორ მოჰყავდა სასიძოს მორთულ-მოკაზმული ცხენები დანიშნული გოგოს წასაყვანად; როგორ ქორწილებს იხდიდნენ; როგორ ზრდიდნენ შვილებს; როგორ უყვარდათ და რა უხაროდათ. დღე ისე გადიოდა შიმშილს დაღამებისას თუ ვგრძნობდი მხოლოდ... ამ ხარისხის ადამიანურობა, გულწრფელობა და სტუმრის პატივისცემა არსად მინახავს. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა მეჩეთშიც შემიშვეს და გადამაღებინეს. ღორჯომის ხის მეჩეთი, ანუ ჯამე გამორჩეულად ლამაზია”…  

მაღალმთიან, ალპური ზონის სოფლებში, სილამაზე ერთგვარი გადარჩენის საშუალებად იქცევა და ფერად სახლებში, კოპწია ეზოებში ირეკლება ყოველდღიური და საკმაოდ მძიმე საქმეების ფონზე… აქ, სილამაზე ისე იკვლევდა გზას, როგორც გაზაფხულის პირველი ფერები, თითქოსდა, დაუსრულებელი ზამთრის სუსხში. ღიმილი და სითბო, ერთმანეთის გამტანობა და ოჯახის წარმომავლობის უპირობო ღირსება ფერად ძაფებად იხლართებოდა ხოლმე ტილოზე. 


როგორც ყველაფერ საუკუნოვანს, ამ ხელსაქმესაც თავისი ვიზუალური, უნივერსალური ენა გამოუმუშავდა და ყველა სიმბოლოს თავისი დანიშნულება აქვს.  

“მცენარეულ და გეომეტრიულ მოტივებთან ერთად, ვხვდებით ზოომორფულ და ანთროპომორფულ სახეებს, სიუჟეტურ კომპოზიციებს. საინტერესოა ნაყოფიერების არქაულ კულტთან დაკავშირებული სიცოცხლის ხისა და ბორჯღალის სიმბოლოებიც.”

ეთნოგრაფები იმასაც ამბობენ, რომ აჭარის ნაქარგობა, სხვა რეგიონებისა თუ ქვეყნების ნაქარგობისგან თავისი მეთოდის უნიკალურობით გამოირჩევა. ფორმათა ვარიაციებში უიშვიათესია თევზები თეთრ ფარდაგზე. თევზების ქარგვის კულტურა სხვაგან არსად გამოვლენილა. 


სხვადასხვა მუზეუმში დაცული ნაქარგები საუკუნეებს ითვლის. ყველაზე ძველი ნიმუში მე-16 საუკუნეს მიეკუთვნება.


“საქარგავად აჭარლები ძველად აბრეშუმის ძაფს იყენებდნენ, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ღებავდნენ. გამოიყენებოდა, ასევე, უკვე ხმარებიდან გამოსული ნაქსოვი ტანისამოსის ძაფებიც. დღემდე ნაქარგის პირვანდელი ფორმის შენარჩუნება ძველი დაზიანებული ნაქარგის ზუსტი კონტურის გადატანით ხდება. ამ გზით არაერთი ტრადიციული ფორმა და ორნამენტი გადაეცა მემკვიდრეობით და დღემდე შემოინახა.” 

მართალია, ქარგვა და ზოგადად ხელსაქმე დიდწილად წარსულის გადმონაშთად ითვლება, ბოლო ათწლედის განმავლობაში, მათზე მოთხოვნა მსოფლიო მოდის ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა. ამას, ისიც ემატება, რომ უკიდურესად მექანიზირებულ თანამედროვე სამყაროში ხელსაქმისკენ მიბრუნება ერთგვარ რადიკალურობად, “საპროტესტო” ჟესტადაც კი გვეჩვენება. 


იქ კი, იასამნისფერი სახლების მხარეში, სადაც ცა თითქოს ყველაზე მეტად უახლოვდება ზღვისგან ნაფერებ მიწას, სადაც სილამაზემ და ქალის სიმტკიცემ ფერადი ძაფებით გაიკვალა გზა, კიდევ ერთხელ იბადება ამ სილამაზის მანიფესტაციის ახალი შესაძლებლობები, იქნებ სულაც ახალი დანიშნულებით და სრულიად ახლებური დაფასებით არამარტო ერთეული ექსპერტის, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურის მხრიდან.

“დასანანი იყო ამდენად ცოტა დრო ფილმის გადასაღებად და იმის მძაფრი განცდა რომ გადასაღები ძალიან ბევრია, რადგან ხვდები, რომ ნამდვილი საგანძური აღმოაჩინე”.

ფაქტია, რთული საცხოვრებელი ბუნებრივი პირობების ფონზე, უნდა არსებობდეს რაღაც პრაქტიკა, რაც ადამიანს სახეზე ღიმილს მოჰგვრის, გულში სითბოს გაუღვივებს, საკუთარ ადგილს აპოვნინებს და ერთმანეთსაც ზრუნვით გაიტანენ. რით არ არის საამისოდ ქარგვა საუკეთესო თერაპია, დამტკიცებული საუკუნეების მანძილზე და მსოფლიოს ყველა კულტურაში.

თიბისისთვის, როგორც პროექტის მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ქართული ტრადიციული ხელოვნების დარგის გადარჩენას და აღდგენას. ამასთანავე, თიბისი, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია, განსაკუთრებულ ღირებულებას ხედავს აღნიშნულ ინიციატივაში რეგიონში მცხოვრები ქალების გაძლიერების მხრივ.