მუსიკა | ცა

Adam & Eve NYE - მრავალ ჰიპ-ჰოპ ახალ წელს

დეკემბერი 21, 2023

ჰიპ-ჰოპი 2023 წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს

წლების განმავლობაში, ბრონქსის ქუჩებიდან წამოსული ხმაური მთელ მსოფლიოს მოედო და დღეს უკვე გლობალური კულტურის ნაწილია. საბედნიეროდ, ამ სიომ საქართველოში 80-იანი წლების ბოლოს დაუქროლა და წლების განმავლობაში ქართველი ახალგაზრდობისთვის ტალღაც იქცა.


დღეს, ამ გლობალურ ფენომენს მსმენელთა დიდი არმია ჰყავს. საქმე მხოლოდ მსმენელს არ ეხება - ჰიპ-ჰოპ კულტურა კიდევ სხვა, დამატებითი ფენომენია, რომელიც ცხოვრების სტილს და მსოფლმხედველობას მოიცავს. სიტუაცია მსგავსია საქართველოშიც, სადაც ჰიპ-ჰოპი ალბათ ახალგაზრდებში ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჟანრია. ეს გასაკვირიც არაა, ხშირად უკვე 50-ს მიტანებული ჰიპ-ჰოპ არტისტებიც კი ადასტურებენ, რომ ჰიპ-ჰოპი - ეს ახალგაზრდა ადამიანის ტერიტორიაა, ვინაიდან ყველაზე კარგად და გულრწფელად სწორედ ამ თაობის სათქმელს გამოხატავს. თუმცა პოპულარობასთან ერთად, იშვიათია სივრცეები, სადაც აღნიშნულ ჟანრთან ცოცხლად ზიარება შესაძლებელი იქნებოდა. ეს ერთგვარი პარადოქსია, რომლის გარდატეხასაც, ახალი წლის ღამეს უნდა ველოდოთ.

ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად, ყველაზე რთული ალბათ იმ ღონისძიების და ატმოსფეროს შერჩევაა, რაშიც ამ განსაკუთრებული საღამოს გატარება მოგინდება. საკმაოდ ფართო არჩევანის ფონზე, რჩეული წელს მაინც ერთია - Adam & Eve NYE - ჰიპ-ჰოპ დღესასწაული, რომლითაც 2024 წელს უნდა შეეგებოთ.

ამ ღამეს გამორჩეულს ბევრი რამე ხდის - პირველ რიგში ადგილი, სადაც ეს მასშტაბური ღონისძიება გაიმართება -  კინოსტუდია „ქართული ფილმის“ პავილიონი, რომელიც 1927-30 წლებში არქიტექტორ მიხეილ ბუზოღლი​ს დაგეგმარებით აშენდა. შენობა კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ავანგარდული არქიტექტურის​ განსხვავებული სახე შექმნა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, პავილიონი დაკეტილ მდგომარეობაში იყო, ამიტომაც სასიხარულოა მისი მუსიკალური გამოცოცხლება.

რაც შეეხება მთავარს, თუ რომელი შემსრულებლები აქცევენ ამ ღონისძიებას განსაკუთრებულად. დავიწყოთ Rejjie Snow-თი, ირლანდიელი ჰიპ-ჰოპ არტისტი, რომელიც საქართველოში პოპულარობის პიკშია, შესაბამისად წელს მის მოსმენას მსმენელი მეორედ შეძლებს. რეჯიმ ამ პოპულარობამდე საკმაოდ დიდი გზა გამოიარა. პირველად მსმენელის ყურადღება მიქსტეიპით Rejovich მიიპყრო - აქ გამოჩნდა ღრმა ტექსტები და მისი უნარი ჰიპ-ჰოპს სხვადასხვა ჟანრის გავლენები შეუწყოს. სადებიუტო ალბომმა, Dear Annie კი იგი იმ არტისტების წრეში გაიყვანა, რომლებსაც ამბის თხრობის გამორჩეული ფორმა გააჩნიათ. მუსიკის გარდა, მისი გავლენა ახალგაზრდა თაობის ვიზუალურ სტილშიც აისახება.

შემდეგი მოწვეული უცხოელი არტისტია HAWA – 22 წლის ნიუ იორკელი რეპერი, რომელსაც მსოფლიო მუსიკალური პრესა ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევს.

ბერლინში დასავლეთ აფრიკელი მშობლების ოჯახში დაბადებული HAWA გაიზარდა გვინეას, საფრანგეთსა და ამერიკას შორის. სულ რაღაც 11 წლის ასაკში იგი შეირჩა ლინკოლნის ცენტრში პრესტიჟული ახალგაზრდა მუსიკოსების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად - საბოლოოდ გახდა ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კომპოზიტორი და მათთან ერთადაც მოგზაურობდა. თუმცა, მოზარდობის შუა პერიოდში, მას კლასიკური მუსიკის მიმართ მოწყენილობა და გაუცხოება დაეტყო.

HAWA-მ საკუთარი თავი და ჟღერადობა მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ინტერესი ჰიპ-ჰოპისა და RnB-ის მხრივ გაუღვივდა. ასე 2018 წლამდე, სანამ საშუალო სკოლას დაამთავრებდა, იგი საკუთარ მუსიკას უკვე ინტერნეტში ავრცელებდა, რაც, HAWA-ს მუსიკალური განათლების და ცოდნიდან გამომდინარე განსხვავებული იყო იმ პერიოდში აქტუალური lo-fi ჟღერადობისგან. რამდენიმე წლის წინ, მის შესახებ ქართველმა მსმენელმა Kayakata-სთან ჩაწერილი კოლაბორაციული ტრეკით გაიგო. სულ რამდენიმე დღეში კი მის ცოცხლად მოსმენასაც შეძლებთ.

სწორედ Kayakata-ს შემდეგ, ბუნებრივად წარმოქმნილი ქართული დუეტი დალოცავს მიკროფონს 31-ის ღამეს. Luna997 & Sabana უკვე წლებია Partners in crime არიან. ბოლო დეკადის განმავლობაში, ალბათ სწორედ ისინი არიან ვინც ქართული ჰიპ-ჰოპის გზები სწორი მიმართულებით დახაზეს, რომელსაც დღემდე უამრავი დამწყები შემოქმედი მიყვება. შარშან ამ დუეტმა სადებიუტო ალბომი გამოუშვა.

Temple Pharmacy- ეს თბილისის ქუჩებში სპირიტუალურ მოგზაურობას ჰგავს. მხატვრულ თუ რეალურ სამყაროებს შორის კავშირით. Temple Pharmacy ცდილობს მოყვეს ისტორიები კომიქსების, ანიმაციების, ტანსაცმლის, წიგნებისა და მერჩის სხვა მედიუმების მეშვეობით, რომლის მთავარი ნაწილი კი NFT ავატრების კოლექციებია, რათა ტოკენების მფლობელებს, ლიმიტირებულ კოლექციებზე პირველადი წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

საღამოს არც Boom Bap-ის სტილის მოყვარულები უნდა მოაკლდნენ - ხმაურის ოსტატები - Jerinomo & Mush One ნამდვილ ცეცხლს გვპირდებიან.  Jeronimo ქართული ჰიპ-ჰოპის დარჩენილი ბურჯია, რომელიც მყარად დგას, სიბრძნით და პატივისცემით გზას უკვალავს ახალგაზრდებს. Mush One ახალი თაობის პოეტი, სოფელი თეკალიდან - მის სიტყვას ფასი აქვს, რითმებში ახალგაზრდული შემართება, რიტმებში კი დაუღალავი ენერგია იკვეთება. ვინც მათ ცოცხლად შესრულებას ერთხელ მაინც დასწრებია, ამ მუხტის განცდას მეორედაც მოისურვებს - ის კი ვინც პირველად ემზადება, წინ დიდი ეიფორია ელის.

და ბოლოს, ერეკლე დეისაძე - ათწლეულის გამორჩეული ხმა, იქ სადაც სხვისი ხმა არ ისმის ხოლმე. ერეკლეს შემოქმედებას ფართო საზოგადოება შეიძლება სულ სხვა მხრიდან იცნობს, თუმცა ფაქტი ერთია - 2 წლის წინ, მან თავისი სათქმელი ჰიპ-ჰოპის ფორმითაც დააფიქსირა და არც თუ ისე ცუდად. „ამ ენით ამენ“ გამორჩეული ჰიპ-ჰოპ ალბომია, რომლიდან წამოსულ სათქმელსაც 31 დეკემბრის ღამეს, კინო პავილიონში თქვენც იგრძნობთ.

ზემოთ ჩამოთვლილი არტისტების სია კი, ვფიქრობ, საკმარისი უნდა იყოს, რომ თქვენი სადღესასწაულო განწყობის შექმნა სწორედ მათ მიანდოთ.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი