მუსიკა | ცა

Ada Cosma - ანუ მოგზაურობა ელენე ფიფიას ჯადოსნურ სამყაროში

აპრილი 04, 2024

ელენე ფიფიას შემოქმედებას სრულიად შემთხვევით 2022 წელს გავეცანი, როდესაც მისი კონცერტის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი კლუბის გვერდზე დაიდო. ელენეს შემოქმედებით მაშინვე დავინტერესდი და მისი მუსიკა სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზე მოვიძიე. ამ დროისთვის მას მხოლოდ ერთი ალბომი სახელად

Tales of The Forest ჰქონდა გამოშვებული და ბელგიის ქალაქ გენტში კონცერტისთვის ემზადებოდა.

ჩემთვის მისი სადებიუტო ალბომი ძალიან სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა, ის მელანქოლიური ჟღერადობის მქონე ერთგვარი არტ/პოსტ როკია, ამიტომ როდესაც ელენემ მეორე ალბომის გამოშვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, ჩემთვის ეს სასიხარულო ამბავი იყო. Ada Cosma-ს ჩაწერამ ორ წელზე მეტს გასტანა და ამ შემთხვევაში ელენემ არამხოლოდ შემოქმედის, არამედ პროდიუსერის როლიც საკუთარ თავზე აიღო. მისი წინა ალბომის პროდიუსერი კი მუსიკოსი გოგა მაკალათია იყო. 



"ვოკალი ტრადიციულად კარადაში ჩავწერე, რამდენიმე ინსტრუმენტზე შალის ნაჭრებაფარებულმა (დახშობისთვის), ეს ამბავი 2 წელზე მეტს მოიცავს და ყოველი დღე იწყებოდა გაღვიძებით, მუსიკით და კარგ შემთხვევაში მთავრდებოდა გამოძინებით და შემდგომ ისევ - წრებრუნვა."

ალბომის ხანგრძლივობა ერთ საათზე ოდნავ მეტია და 14 კომპოზიციას მოიცავს. ტექსტები როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზეა დაწერილი. ლირიკა თხრობითი ხასიათისაა და ერთ ჯადოსნურ ამბავს ჰყვება - შორეულ წყლებში მდებარე ქრუბიდის მიწის სამყაროს შესახებ, რომლის ყველაზე ღრმა ფსკერს მიღმა არის გასავალი, სადაც ცხოვრობს ხე.

"ადა კოსმა (ადამიანური სული და ამ ალბომის მთავარი პერსონაჟი) სასწაულებრივად მოხვდება ამ სამყაროში და ალბომი სწორედ იმ ამბავზეა, თუ როგორ ჩადის ის უცხო მხარეში."

ძირითადი აქცენტები ადა კოსმასა და ჯადოსნური ხის დიალოგურ ეპიზოდებზეა აგებული. ალბომის სახელწოდება მთავარი პერსონაჟის სახელს იმეორებს. ელენეს თქმით, ადა კოსმა როგორც პერსონაჟი, მუსიკის პარალელურად შეიქმნა და თავიდან არ ატარებდა მნიშვნელოვან დატვირთვას, თუმცა ალბომის კონცეფციის ჩამოყალიბების შემდეგ, ის მთავარი ხაზის მთხრობელი გახდა. კონცეპტუალური ალბომები, რომელიც მოთხობასავით, ერთ ამბავს ან სიუჟეტს მიჰყვებიან, მუსიკალური ინდუსტრიისთვის ახალი მოვლენა არ არის, თუმცა ქართულ მუსიკალურ სცენაზე არც ისე ხშირად გვხვდება ხოლმე. Ada Cosma კი ზუსტად კონცეპტუალური ალბომის მშვენიერი მაგალითია. ამ ზღაპარში ჩაყვინთვაში მთავარ პერსონაჟთან ერთად, მელოდიური ხაზიც გვეხმარება, რომელიც თავის მხრივ ტექსტებისთვისაც შთაგონების ნაწილი იყო. ელენეს თქმით, ტექსტებს იქამდე არ წერს, ვიდრე მუსიკალურ სამყაროს არ შექმნის. ლირიკა პერსონაჟის უკეთ აღქმას უწყობს ხელს, თუმცა, მთავარი სათქმელის გადმოცემაში პირველ რიგში, მაინც მუსიკა ეხმარება. 

"ტექსტის წერა ჩემთვის ბოლო ნაწილია, რადგან ჯერ მელოდიას ვწერ და შემდეგ ტექსტს, მელოდიის შთაგონებას მეტწილად სიზმრიდან ვიღებ. ზოგიერთი ტექსტი რელიზამდე რამდენიმე დღით ადრე დავწერე. სანამ მელოდიებმა არ ჩამომიყალიბა ამ ალბომის სათქმელი, რომელიც წყლის სიღრმეში მიედინება და ვიდრე მთელი ამ სამყაროს პეიზაჟი არ ავაგე, იქამდე ტექსტს არც შევხებივარ."

ჩემი აზრით, ამ დახშობილი, ბნელი და მელანქოლიური წყლისქვეშა პეიზაჟების მელოდიად გარდაქმნა, ელენემ სრულად მოახერხა. წინა ალბომის მსგავსად, Ada Cosma-საც მელანქოლიური ხასიათი აქვს და მთავარ როლს გიტარის ჟღერადობა ითავსებს, რომელიც პოსტ როკის და გოთურ ატმოსფეროს ქმნის, თუმცა წინა ალბომისგან განსხვავებით Ada Cosma-უფრო თეატრალურია, რასაც ელენეს დრამატული ვოკალი განაპირობებს. ის მთლიან მუსიკალურ ველს ზუსტად ერგება და ემოციურ შეფერილობას აძლევს - ამის ნათელი მაგალითი სიმღერები: Tralalita, Crubidy Land დაThe Night Of Wounded Beasts-ია.

Ada Cosma - მშვიდი ხასიათის ალბომია, რომლის დიდი ნაწილი ნელი ტემპის, ბალადების ტიპის კომპოზიციებისგან შედგება, თუმცა ალბომში ენერგიული სიმღერებიც გვხვდება, მაგალითად: Ada Cosma,

"შენი ხე და სააქაო" და Show Me How. ერთიანი მელოდიური ხაზის დაცვის მიუხედავად, Ada Cosma არ არის მონოტონური, რადგან მასში ინსტრუმენტალური ექსპერიმენტებიც ბევრია და ყოველი შემდეგი მოსმენისას, მასში ახალი დეტალების აღმოჩენა შეიძლება.

The Night of The Wounded Beasts - ამ ალბომიდან ჩემი ფავორიტი კომპოზიციაა. მასში ემბიენტის ინტროს გიტარის და დასარტყამი ინსტრუმენტის ერთიანი ნელი რიტმი მოსდევს, ის შემდეგ მძაფრდება და ორღანის ტიპის მელოდიით მთავრდება. ტექსტი ინგლისურიდან ქართულ ენაზე გადადის, რასაც მელოდიაში ფოლკის ელემენტები შემოაქვს. ამ ალბომს ჩემს ფლეილისტში თავისი ადგილი უჭირავს და ვფიქრობ, 2023 წლის საუკეთესო ქართული ალბომია.

ავტორი : ეკატერინა ხარბედია


Powered by VISA