თაობა სიახლეები

AD BLACK SEA და შემოქმედებითი ინდუსტრია საქართველოში

სექტემბერი 09, 2022

იმ მომენტიდან, როცა ადამიანებმა კომუნიკაცია დაიწყეს, დაიწყო ურთიერთობებიც, ხოლო ურთიერთობები ზუსტად ის არის, რაც ამ სამყაროს განსხვავებულს და მრავალფეროვანს ხდის.


შორიდან რომ დავიწყოთ, ბევრი შეგვიძლია ვიაროთ იმ წრეზე, რასაც კომუნიკაცია და მისი ისტორია ჰქვია. 


გამოქვაბულების კედლებზე გაკეთებული ნახატები, დადაღული საქონელი, რენესანსის დროს ხელმოწერილი ნამუშევრები, გაუაზრებლად „დაბრენდილი“ ღვინის კასრები, ინდუსტრიული რევოლუცია და, რა თქმა უნდა, მედისონ ავენიუ ნიუ იორკში, ეს ყველაფერი ერთიანად მოგვდის თავში მაშინ, როცა შემოქმედებით ინდუსტრიაზე ვსაუბრობთ, თუმცა ნებისმიერ პერიოდში, მთავარი ამოცანა გულწრფელი ემოციური კავშირის დამყარება იყო, რომელსაც უსახელო, თუ სახელოვანი შემოქმედები სამიზნე აუდიტორიასთან ცდილობდნენ. 

ტერმინი „შემოქმედებითი ეკონომიკა“ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად გვესმის, რადგან მისი ხელშეწყობის მნიშვნელობა ბევრი ქვეყნისთვის პრიორიტეტული გახდა. იდეების გენერირება, ალბათ ზუსტად იმ კატეგორიის საქმეს განეკუთვნება, რომელსაც ადამიანის არსებობა და მონაწილება განსაკუთრებით სჭირდება.


შემოქმედებითი ეკონომიკის პოტენციალი მაღალია. ის ხელს უწყობს ფიქრის კულტურის განვითარებას, ინოვაციებს, სწავლას და ტექნოლოგიის გამოყენებას ყოველდღიურობაში. 

საქართველოში, შემოქმედებითი ინდუსტრია, შედარებით ახალგაზრდაა, თუმცა ასაკთან მიმართებით სწრაფად განვითარებული და შემდგარი. საამაყოა, რომ საქართველოს სახელით, ქართული სააგენტოები და ინდუსტრიის ახალგაზრდა წარმომადგენლები ხშირად ასპარეზობენ და ჯილდოებით ბრუნდებიან (Cannes Lions, Young Cannes Lions, KIAF, Eurobest, Clio და ბევრი სხვა). 


შემოქმედებითი ეკონომიკის ხელშეწყობისთვის მხოლოდ იდეების არსებობა არ კმარა. აუცილებელია სხვდასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის, კონკურსის, შემოქმედებითი ფესტივალის არსებობა, მათში მონაწილოების მიღების და დასწრების შესაძლებლობა. 

2015 წლიდან, ბათუმი კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ AD BLACK SEA-ს მასპინძლობს, რომელსაც ყოველ წელს 800-ზე მეტი დელეგატი, 15 ქვეყნიდან სტუმრობს. 2 წლიანი პაუზის შემდეგ, ფესტივალს განსაკუთრებული ემოციებით და მოლოდინით ვხვდებით. 

ავტორი: ბეკი ფანცხავა