მუსიკა | ცა

მუსიკალური მარცვალი, რომელიც აღმოჩენას ითხოვს - AWWWARA

Tsa.Music

ივლისი 21, 2021

როგორც თითოეულ ამბავს, ისე - მუსიკასაც საკუთარი სივრცე სჭირდება, ალბათ, რომ დაიბადოს და გაგრძელდეს უსასრულოდ. კონკრეტულ ადგილებში შექმნილი ისტორიები და მელოდიები კი, ხშირად, რაღაც ახლის დასაწყისები ხდებიან, ისეთის, მათგან სრულიად განსხვავებულ ამბებს რომ უდებენ ხოლმე სათავეს.

2019 წლის შემოდგომაზე ორი კვირით კიკეთში დარჩენამ ქართველი მუსიკოსების, ლუკა ნაკაშიძისა და გიორგი კობერიძის ახალ ალბომს “AWR001”-ს ჩაუყარა საფუძველი, რომელიც ლეიბლზე "AWWWARA" გამოვა.

ფოტო: დანიელ ბერჰანე

რამდენიმე წლის წინ, სტუდიაში ჯდომისას, თავში აზრად მომივიდა, კავკასიური რითმებისგან მუსიკა გამეკეთებინა, რომელიც იქნებოდა არა მხოლოდ მელოდიური, არამედ, პირველ რიგში, რითმული. თითქმის ერთ თვეში დავასრულე ერთ ასეთ ალბომზე მუშაობა, რომელიც პირველად თუშეთის ფესტივალზე “აქთუშეთიი” დავუკარი. ის მუსიკა ამისგან აბსოლუტურად განსხვავდება, თუმცა, სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, ქართულ ინსტრუმენტებთან და ფოლკლორის იდეებთან მეთამაშა. იმდენად მომეწონა ქართული ელემენტების გამოყენება, რომ უკვე შემდეგი ოთხი ალბომიც სწორედ ამ ხასიათის მატარებელი გახდა. მინდოდა, სადმე გამომეშვა, თუმცა, უცხოელ ლეიბლებთან გაგზავნისას, ზოგი პასუხს საერთოდ არ გვწერდა, ზოგი კი, გვეუბნებოდა, რომ კარგი კომპოზიცია იყო, თუმცა - უცნაური.

 

იქიდან გამომდინარე, რომ ამ მუსიკის დაკარგვა მენანებოდა, გადავწყვიტე, ჩემით გამეკეთებინა ლეიბლი. ამ დროს დაემთხვა ის, რომ ლუკაც დაინტერესდა ქართული საკრავებით და ერთად მოგვაფიქრდა, ჩაგვეწერა ალბომი და ჩვენი ლეიბლის პირველივე რელიზი სწორედ ეს ალბომი ყოფილიყო.”


- ყვება გიორგი კობერიძე.

AWWWARA-ს პირველ ალბომს საფუძველი კიკეთში ჩაეყარა. თუმცა, თბილისში დაბრუნების შემდეგ, მყარი დისკი გაფუჭდა და მთლიანი მასალა დაიკარგა. 2021-ში სრულიად შემთხვევით ნაპოვნმა ხუთმა დაუსრულებელმა კომპოზიციამ კი, რომელიც 2019-ში იყო ჩაწერილი, ახალ ალბომს დაუდო სათავე.

მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია მე და კობერა მუსიკას ვაკეთებთ, კონკრეტულად ალბომის ჩასაწერად არასდროს დავმჯდარვართ. ორი კვირით კიკეთში წამოსვლამ იმდენი კარგი ტრეკი განაპირობა, თან - კონდენსორული მიკროფონი ვიყიდეთ, შესაბამისად, ალბომიც სახლში ჩავწერეთ და არა - სტუდიაში.”


- ლუკა ნაკაშიძე

AWR001 ლეიბლის პირველი რელიზია, რომელიც ქართული ფოლკლორული ჟანრისა და ექსპერიმენტული ხმების სინთეზს მოიცავს. ეს უკანასკნელი კი, მუსიკალურ ენას, სხვა მიმდინარეობებისგან განსხვავებით, გაცილებით სპეციფიკურს ხდის. კიკეთში შექმნილ და მუსიკით მოყოლილ ამბავსაც თავისივე კონკრეტული შინაარსობრივი ხაზი აქვს.

მნიშვნელოვანია იმის ძიება, თუ რა პოტენციალი აქვს ფოლკლორულ მუსიკას რაიმე ახლის და ავთენტურის წარმოშობის პერსპექტივდან და არავითარ შემთხვევაში ის, რომ აიღო რომელიმე დასავლური ჟანრი, ზევიდან ქართული ინსტრუმენტები დაადო და თქვა, რომ ეს თანამედროვე ქართული მუსიკაა."


- გიორგი კობერიძე

ძალიან სენსიტიური და რთული საკეთებელია ელექტრონული მუსიკის, ქართული ეთნიკური მუსიკისა და ფოლკის კომბინაცია. დუდუკისა და ელექტრონიკის სინთეზის ასეთი ექსპერიმენტები უმეტეს შემთხვევაში ცუდად სრულდება ხოლმე. ამიტომაც, ყველა კარგი მუსიკოსი თითქოს უფრთხის ამას, მათ შორის, ჩვენც. თუმცა, საბოლოოდ, ისეთი რაღაც გამოგვივიდა, რაც საერთოდ არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ალბომი ელექტრონიკისა და ფოლკის სინთეზია.”


- ლუკა ნაკაშიძე

 “AWWWARA” გეზს იღებს, რომ ტრადიციულ მუსიკაში ის კონკრეტული მუსიკალური მარცვალი ეძებოს, რომელიც აღმოჩენას ითხოვს.  

ფოტო: დანიელ ბერჰანე

კლასიკური მუსიკის კომპოზიტორები ყოველთვის ეძებდნენ მუსიკალურ ფუნდამენტს და იდეას მათი ქვეყნის ტრადიციებში. დღეს, ქართული თანამედროვე ელექტრონული ან არაელექტრონული მუსიკოსების კლასტერი შეიქმნა, რომელიც ფოლკლორში ამ იდეებს ეძებს. ამიტომაც, მგონია, რომ ასეთი ლეიბლი ბევრი რამის მომტანი შეიძლება იყოს.”


- გიორგი კობერიძე

ავარა ქართული სიტყვაა, რომელსაც რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, მოხეტიალე ადამიანს ნიშნავს, ხოლო მეორე მხრივ, თავზეხელაღებულს, ხულიგანს.

სიტყვა ავარა” ჩვენს პირველ რელიზსაც იდეურად უკავშირდება. ლუკაც ჩემს წარმოდგენაში მოხეტიალე ადამიანია, მოგზაურია. ლოგოც გვინდა, დაახლოებით იგივე მნიშვნელობის მატარებელი იყოს.”


- გიორგი კობერიძე

როგორც ავარა”, ისე კიკეთიც

მოგზაურობასთან ასოცირდება.

კიკეთის სახლი ბევრ რამეს უკავშირდება. მაგიური და მისტიკური სივრცეა, ლუკასთვის კი განსაკუთრებით, ძლიერი მოგონებების ადგილია. იქ ყოფნისას და მუსიკის კეთებისას, უკვე ხვდები, რომ თავისკენ გექაჩება. თითქოს იმავე შეგრძნებების ნაწილი ხდება.”


- გიორგი კობერიძე

ბავშვობიდან ბევრი რამ მაკავშირებს კიკეთის სახლთან, რომელიც მუხის ტყეშია ჩაფლული, განსაკუთრებული ადგილია. ძირითადად, მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული და იმის გამო, რომ სხვა ბავშვები მაშინ მეზობლად ნაკლებად იყვნენ, უმეტეს დროს მარტო ვატარებდი ხოლმე, ბებიაჩემთან ერთად სეირნობაში, სოკოების კრეფაში და თავის გართობაში. ოცნების სამყაროსავითაა ქცეული. ვინც აქ ამოდის ხოლმე, თითქოს იმავეს ნაწილი ხდება. ეს მოგონებებიც სახლს ძალიან ამდიდრებს და ასულიერებს. ამიტომაც, ალბომი აქ რომ გაკეთდა, ძალიან სიმბოლურია."


- ლუკა ნაკაშიძე

რაც შეეხება ლუკა ნაკაშიძისა და გიორგი კობერიძის უკვე დაარსებულ ლეიბლს, “TESSARACT”-ს, ამ უკანასკნელსა და AWWWARA-ს შორის ბმა უფრო შეგრძნებისმიერია, ვიდრე - ჟანრობრივი.

ტეზარაქტი

მუსიკა, რასაც მე, ლუკა და ჩვენი მეგობრები ვაკეთებთ, TESSARACT-თან შეგრძნებებით უფრო ასოცირდება, ვიდრე - მუსიკალურად. ამიტომ, პირდაპირი კავშირი AWWWARA-ს TESSARACT-თან არ აქვს.”


- გიორგი კობერიძე

ალბომის კომპილაციური კრებულის პრეზენტაცია 24 ივლისს Mutant Radio-ში გაიმართება.

შემდეგ ალბომს, რომლის გამოშვებაც დაგეგმილი გვაქვს, მხოლოდ ოდნავ ურევია ის ქართული ელემენტები, რითიც სავსეა ეს რელიზი. ამიტომაც, არ გამოვრიცხავ, რომ ოდესმე მთლიანად ფოლკლორული ალბომი ან სიმღერა გამოვუშვათ. ზოგ შემთხვევაში, იმდენად დამალული შეიძლება იყოს მუსიკალური ფოლკლორის იდეა, რომ ზედაპირულად არც კი ჩანდეს.”


- გიორგი კობერიძე

AWWWARA ხელმისაწვდომი იქნება როგორც ციფრული პლატფორმებზე (Spotify, Bandcamp, და სხვა), ისე - CD-ის სახით სხვადასხვა მუსიკალურ მაღაზიაში. 

ფოტო: დანიელ ბერჰანე

შემდეგი რელიზები ჯერ დაგეგმილი არ გვაქვს, თუმცა ძალიან გაგვიხარდება, თუ ეს ალბომი ვინმეს იდეას გაუჩენს, რომ, მაგალითად, მაღალმთიანი აჭარის სოფლებში იხეტიალოს, ხმები შეაგროვოს, მუსიკა გააკეთოს და რელიზი ჩვენ გამოგვიგზავნოს.”


- გიორგი კობერიძე

ფოტო: დანიელ ბერჰანე

ავტორი: სალომე ბერძენიშვილი