თაობა

Ad Black Sea-ზე Young Creative-ს ჯილდოს მოგების შესახებ

ლაშა კოტორაშვილი გვიყვება ახალ შესაძლებლობებზე, რაც Ad Black Sea-ზე Young Creative-ის ჯილდოს მოგებამ მოუტანა

აგვისტო 29, 2024

უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კრეატიული ფესტივალის Ad Black Sea საკონკურსო ნომინაციებს შორის Young Creative გამოჩნდა. ნომინაცია თიბისისთან პარტნიორობით შეიქმნა, რომელიც ახალი თაობის აქტიური მხარდამჭერია.

2023 წელს უკვე გამოვლინდა ნომინაციის პირველი გამარჯვებული, რომელიც ლაშა კოტორაშვილი გახდა და ტიტულთან ერთად, ჯილდოდ 10,000 ლარი ერგო. თიბისი, როგორც ნომინაციის წარმდგენი წელსაც გამოყოფს გამარჯვებულისთვის 10,000 ლარს, რომელიც გამარჯვებულს შეუძლია გამოიყენოს თავისი შემოქმედებითი კარიერის განსავითარებლად.


კატეგორიაში მონაწილეობა კრეატიულ ინდუსტრიაში მომუშავე 1999 წლის 1 ოქტომბრამდე დაბარებულ ადამიანს შეუძლია, რომლის კონტრიბუციით გაკეთებული ნამუშევარი წარდგენილია Ad Black Sea-ის სხვა ნომინაციებში, სააგენტოს მიერ. განაცხადების მიღება 30 აგვისტომდეა ხელმისაწვდომი. Young Creative-ის კატეგორიის შესახებ დეტალებს ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ. გამარჯვებიდან ერთი წლის შემდეგ, ლაშა კოტორაშვილი იმ შესაძლებლობების შესახებ გვიყვება, რაც Young Creative-ის ჯილდოს მიღებამ მოუტანა.

M: ლაშა, Young Creative-ში შენი გამარჯვებიდან 1 წელი გავიდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, რა შეცვალა ამ ჯილდოს მიღებამ შენს კარიერაში?

Young Creative-ში გამარჯვებამ ძალიან გაზარდა ჩემი თავდაჯერებულობა. ძალიან დიდი სიხარული მომიტანა და მომცა მოტივაცია, რომ მომდევნო წლისთვის პროფესიონალურ დონეზე მიმეღწია გამარჯვებისთვის. მოგებული თანხა, 10,000 ლარი გამოვიყენე ახალი ნამუშევრების შექმნაში, რომლებიც უკვე წელს, საკონკურსოდ შემოვიტანე ფესტივალზე. ამ ჯილდოს დახმარებით უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო ჩემ შესახებ და ახალი პროექტებიც წამოვიდა.


აქვე ვიტყვი, რომ Young Creative-ში გამარჯვებასთან ერთად, ძალიან გამიხარდა, რომ შორთლისთში ეკუნასთან, ჩემს შეყვარებულთან ერთად ვიყავი და მთელი გულით მჯერა, რომ ისიც იმსახურებდა ამ ჯილდოს მიღებას – ეს ჩემთვის გამარჯვებაზე მეტია. დანარჩენს ჟიურის “დავაბრალებდი”. მადლობა Ad Black Sea-ს, თიბისისა და “ტენეს”, მათ გარეშე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა.

M: როგორია შეგრძნება, იყო Ad Black Sea-ის Young Creative?

ძალიან კარგი შეგრძნებაა, მიყვარს გამარჯვება, თუმცა მთავარი პროფესიული წინსვლაა. კარგია, როდესაც გიდასტურებენ, რომ შენი შრომა და შესაძლებლობები ფასდება. კიდევ, უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა ამ ქვეყანაში და იმედი მაქვს, დაუფასდებათ შრომა და ძალისხმევა.

M: რა ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა შენთვის, ამ ჯილდოს დახმარებით?

გარდა იმისა, რომ მშვენიერი სტატუსია, სააგენტოებისგან მივიღე შემოთავაზებები. მაგალითად, გამარჯვებიდან მეორე დღესვე სააგენტო Innocean Berlin-ში მიმიწვიეს სამუშაოდ, თუმცა გერმანიის ბიუროკრატიული გარემოებების გამო, არ გამოვიდა. ასევე, გამიჩნდა მოტივაცია და შესაძლებლობა, რომ წლევანდელ Ad Black Sea-ზე პროფესიული ნამუშევრით წარვდგე. მეგობრებმაც დაინახეს, რომ თუ ჩემნაირ ადამიანს შეუძლია ასეთი ჯილდოს მოგება, ე.ი. მათაც გამოუვათ. დარწმუნებული ვარ, რომ წელს, ჩემი რომელიმე მეგობარი მიიღებს ამ ჯილდოს – ვფიქრობ, ეკუნა, ნუცა და ალექსი იქნებიან წლევანდელ შორთლისთში.

M: შენი აზრით, რატომაა მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ახალგაზრდებისთვის ამ კონკურსში მონაწილეობა?

ჩემი აზრით, ამ კონკურსში მონაწილეობა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ შენი საქმე საუბრობს შენზე. თუკი შენს ნამუშევრებზე მეტი ადამიანი საუბრობს, იზრდება შანსი, რომ განვითარდე პროფესიულად. ერთგვარი კვარცხლბეკია, რომელზე ასვლაც გიმარტივებს პროფესიული ნამუშევრების შექმნას. ამ სცენაზე ასვლით ყველაზე მაგარი რეკლამის გაკეთება შეგიძლიათ საკუთარი თავისთვის.

სტატიის ავტორი: marketer.ge