თაობა კულტურა

ინტერვიუ ხელოვან თეზი გაბუნიასთან

Hammock

მარტი 25, 2019

ხელოვანი თეზი გაბუნია თავის ნამუშევრებში ძირითადად სისტემურ მიდგომას იყენებს. ის იკვლევს კულტურის სფეროში არსებულ გამოწვევებს და მანიპულირებს სხვადასხვა მედიუმით სახვით ხელოვნებაში.


თეზი მონაწილეობდა ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებში როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით – მისი ნამუშევრების შესახებ გამოქვეყნდა პუბლიკაციები სხვადასხვა ონლაინ და ბეჭდურ მედიაში.


2016 წელს მას მიენიჭა წინანდლის პრემია სახვითი ხელოვნების დარგში ნამუშევრისთვის – “შეყავი თავი გალერეაში”, რომელიც გამოიფინა ბათუმში, თბილისში, ვენასა და კრაკოვში (2015-2017). მისი ბოლო ნამუშევარია “Breaking News: ლუვრის ჩაძირვა” (2018).


Stand E25, Vienna Contemporary, 2016. Curator: “Popiashvili Gvaberidze Window Project “



TBC Gallery © Sera Dzneladze

Hammock Magazine გთავაზობთ ინტერვიუს თეზი გაბუნიასთან:


2012-2015 წლის ნამუშევრებს ქმნიდი სპეციფიკური ტექნიკით, რაც გუნდური მუშაობის პრაქტიკას ეფუძნებოდა, შედეგი კი ნამუშევრის ფორმას განსაზღვრავდა. ამასთან, ამ პერიოდში შექმნილი ნამუშევრები ხასიათდება პოპ-კულტურის, სოციალური ტენდენციებისა და მასმედიის ფენომენზე დაკვირვებით. გვესაუბრე მუშაობის პროცესსა და ამ პერიოდში შესრულებულ ნამუშევრებზე.


2011 წელს დავინტერესდი სახვითი ხელოვნებით, 2012 წელს კი აქტიურად დავიწყე ფერწერის მიმართულებით მუშაობა. იმ პერიოდში ვცდილობდი, განსხვავებული მეთოდები შემემუშავებინა ფერწერაში და არ მეხელმძღვანელა გავრცელებული აკადემიური ხერხებით. ვფიქრობ, ალბათ ეს ყველა დამწყებ ხელოვანს ახასიათებს, როდესაც საკუთარი მეთოდის ძიების პროცესშია.


ჩემი მაშინდელი მეთოდი იყო ფალსიფიკაცია, რომელიც გულისხმობდა დროის მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით პროდუქციის შექმნას. ეს იყო ერთგვარი მცდელობა, რომ მიმეღო ახალი ტიპის ვიზუალური გამოსახულება, რომელიც არა შემოქმედების, არამედ ქარხნული წარმოების შედეგი იყო, სადაც ავტორი ქრებოდა. მაგალითად, სხვადასხვა აპლიკაციასა თუ პროგრამას, რომელსაც ჰქონდა გარკვეული ფუნქცია, ვიყენებდი სხვა დანიშნულებით და მას “ვთარგმნიდი” ფერწერაში.


2015 წლიდან დავინტერესდი ინსტალაციის კეთებით. ვცდილობდი არსებული მეთოდიკა სხვადასხვა მედიუმში გამომეყენებინა, მაგალითად, უკვე არსებული ფერწერული ნამუშევრები როგორ გამხდარიყვნენ ობიექტები, როგორ მიეღოთ სხვა დანიშნულება და ეარსებათ სხვა მედიაში. ამის კარგ მაგალითად მახსენდება ერთ-ერთი პირველი სერია “New Galleries” – “ახალი გალერეები”, რომელიც საუბრობს გალერეებისა და ნამუშევრების საერთოდ სხვა მნიშვნელობასა და ღირებულებაზე. ნახატი ხვდებოდა იქ, სადაც ის არასდროს მოხვედრილა და ქმნიდა საგამოფენო სივრცეს – ის თავად ხდებოდა კონტექსტი.

შენი ნამუშევრების უმეტესობა ინტერაქციული ხასიათისაა. პროექტი “შეყავი თავი გალერეაში “ კი ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, პროექტს დიდი გამოხმაურება და საზოგადოებრივი ჩართულობა მოჰყვა, გვესაუბრე მის მთავარ კონცეფციასა და სამუშაო სტრატეგიაზე.


ზოგადად, ინტერაქციული პროექტების ერთ-ერთი მთავარი მიზანია ადამიანების ჩართულობა და მათი მონაწილეობა ამა თუ იმ პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ პროექტს – “შეყავი თავი გალერეაში” ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებაც ჰქონდა, მაგალითად, ის, რომ მუზეუმი მიდიოდა ადამიანთან და არა ადამიანი მუზეუმთან, ანუ თვითონ ადამიანი ხდებოდა საგამოფენო ექსპონატი (ისევე, როგორც ჩემს ერთ-ერთ პროექტში “დაასრულე ფერწერა”, სადაც ადამიანი იქცეოდა ნამუშევრის მთავარ პერსონაჟად) და ხელოვნებაზე ხელმისაწვდომობა იზრდებოდა ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის. ამ პროექტისათვის ძირეული მაინც ინდივიდის ჩართულობა იყო. რაც შეეხება სტრატეგიას, გამოფენამდე ერთი წლის განმავლობაში მინიატიურული მაკეტები გადაადგილდებოდა სხვადასხვა სივრცეში, რათა ადამიანებს შეეყოთ თავი და ეს პროცესი ყოველკვირეულად განთავსებულიყო სოციალურ ქსელში. ალბათ, ამანაც შეუწყო ხელი ნამუშევრის გავრცელებას. ეს პროექტი კარგად ასახავს ჯგუფურ მუშაობას და იმ კომპანიის პაროდიას, რომელიც ხალხს თავის პროდუქციას აწვდის.


Artarea Gallery © Nika Panishvili



Artarea Gallery © Nika Panishvili



Kolga Tbilisi © Rezi Yenia

Tezi Gabunia – Put Your Head Into Gallery, Saatchi Gallery

Tezi Gabunia – Put Your Head Into Gallery, Tate Modern. © Giorgi Matchavariani

Tezi Gabunia – Put Your Head Into Gallery, Gagosian Gallery. © Saba Shengelia

Tezi Gabunia – Put Your Head Into Gallery, The Louvre. © Ann beridze

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მაყურებელს შენი ნამუშევრის, “ლუვრის ჩაძირვის“ ნახვა პირდაპირ ეთერში შეეძლო, ნამუშევარი შეეხო Breaking News – ვიზუალური მანიპულაციის, მასმედიის, მუზეუმის, როგორც კულტურული ინსტიტუციის ფენომენს. გვესაუბრე ნამუშევარზე “BREAKING NEWS: FLOODING OF THE LOUVRE”.


ჩემთვის ასევე საინტერესოა სისტემური მიდგომა, როგორ შეიძლება ერთი ნამუშევარი გადამუშავდეს ახალ ნამუშევრად და შეიძინოს სხვა ღირებულება. ამის პირდაპირი მაგალითია “შეყავი თავი გალერეაში”, რომელიც გარდაიქმნა “BREAKING NEWS: FLOODING OF THE LOUVRE”-ად. თუკი წინა პროექტი იყო ინტერაქციული, ის დაუბრუნდა საწყის ეტაპს, სტატიკურობას და თავად იქცა სამუზეუმო ექსპონატად.


ასევე, საინტერესოა ის, რომ ხშირ შემთხვევაში არ ხდება ხელოვნების გადამუშავება, რაც ფიზიკურად მის ხელახლა გამოყენებასა და განახლებას გულისხმობს. ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა მემუშავა ვიდეო მედიუმში. მიუხედავად იმისა, რომ მცირე დროის ვიდეოა, ნამუშევრის კეთების პროცესი გრძელდებოდა სამ თვეს. ამ დროის განმავლობაში პროფესიონალებთან ერთად ვმუშაობდი კინოსტუდიის სხვადასხვა სახელოსნოში, პროცესში ვატარებდით კვლევას, რომ შეგვესწავლა, თუ როგორ შევძლებდით ვიდეოს ისე გადაღებას, რომ რეალობასთან ახლოს ვყოფილიყავით. ნამუშევარს ორი მთავარი მიზანი ჰქონდა, ერთი მხრივ, ის უნდა ყოფილიყო ვიდეო, რომელიც ასახავდა ლუვრის ჩაძირვას, მეორე მხრივ, უნდა ქცეულიყო მუდმივ ინსტალაციად.


ვიდეოს გავრცელების საშუალებად გამოვიყენე სოციალური ქსელი, სადაც ის გაშუქდა, როგორც ლაივი, რადგან ის ქმნის მოლოდინს, რომ ეს მართლა ხდება. ვიდეო საშუალებას აძლევს მაყურებელს ეტაპობრივად დააკვირდეს, როგორ ნადგურდება ნამუშევრებით სავსე ინტერიერი და ის უახლოვდება მოვლენას, რომელიც არ მომხდარა, თუმცა შეიძლებოდა მომხდარიყო, ხოლო რამდენადაც დამარწმუნებელი და სახიფათოა, იმდენად ყალბია.


Kikala studio

შენი შემოქმედება მოიცავს კომერციულ პროექტებზე მუშაობის პრაქტიკასაც, როგორია შენი სამუშაო პროცესი და მიდგომა კომერციულ პროექტებზე მუშაობისას?


ზოგადად კომერციული პროექტები მოიცავს სხვადასხვა ტიპის მიდგომას მისი სპეციფიკიდან თუ ხასიათიდან გამომდინარე, ვცდილობ, ყოველთვის საინტერესო პროექტზე ვიმუშაო, რომელიც უმეტეს შემთხვევაში განპირობებულია ბრიფით და ადგილმდებარეობით, მაგრამ მუშაობისას ვიყენებ ზუსტად იგივე მეთოდიკას, რასაც სხვა პროექტებში. ეს შეიძლება იყოს ფერწერული ნამუშევარი, კედლის მხატვრობა, კედლის პრინტი თუ სხვა.


გვესაუბრე თბილისის პირველი არქიტექტურული ბიენალეს ფარგლებში შექმნილ ნამუშევარზე “სიცოცხლის ფორმები“.


თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მთავარი თემა იყო “არაფორმალური არქიტექტურა”, რომელიც გულისხმობს არქიტექტურას არქიტექტორის გარეშე, სადაც მცხოვრები ცდილობს თვითნებურად დაამყაროს თავისი წესრიგი საკუთარ სივრცეში. მსგავსი ტიპის ინტერვენციით ყალიბდება ახალი არქიტექტურული ფორმები, მაგალითად: ლოჯია, გარაჟი თუ სხვა. რაც ვფიქრობ, ნებისმიერმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ გამოიარა, მიუხედავად დროის გასვლისა, განვითარებისა თუ რაღაც ტიპის რეგულაციებისა, დღემდე გვხვდება მსგავსი ფაქტები, რაც ალბათ განპირობებულია პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობით.


ხოლო ჩვენი ჯგუფი – “CopyPaste” – მუშაობის პროცესში იკვლევდა, რა იყო ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები არაფორმალური არქიტექტურისთვის და რით იყო ის უნიკალური, ან – პირიქით.


ნამუშევარი “Forms of Living” – “სიცოცხლის ფორმები” ამოდის არაფორმალური არქიტექტურის იდეოლოგიიდან, რომელიც აჩვენებს სპონტანურ და თვითქმნად არქიტექტურულ სტილს, ერთგვარ კატალოგს საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, სადაც კონცენტრირებულია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მასალის შეჯახება. ის გვიამბობს იდეოლოგიური თუ ეკონომიკური კონფლიქტებისა და მათი თანაარსებობის შესახებ.


ნაცნობი ფრაგმენტების კავშირი თავს უყრის ბაზრის განსხვავებულ ღირებულებებს, ქმნის სხვადასხვა პერიოდის შემთხვევითი მასალების კატალოგის სურათს და ასევე არაფორმალური თანამედროვე არქიტექტურის ერთგვარ ლოგოტიპს აჩვენებს.


ინსტალაციამ შესაძლებელია დროთა განმავლობაში შეიცვალოს ფორმა და ადგილმდებარეობა, რომელიც ასევე სტილისა და ფორმის მუდმივი ცვლილების დემონსტრაციაა.


Copy Paste – Forms of Living

როგორია შენი სამომავლო გეგმები?


სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვმუშაობ ჩემს პირველ რეტროსპექტულ წიგნსა და გამოფენაზე. ასევე იგეგმება “CopyPaste”-ის ნამუშევრის, “სიცოცხლის ფორმების” გამოფენა-პრეზენტაცია ვილნიუსში, ბიენალეს (TAB) ფარგლებში. ამავდროულად, ვმუშაობ ინტერიერის კედლების დიზაინზე MUA – Multiverse Architecture-სთან ერთად.


ავტორი: Hammock