ივნისი 13, 2025

ახლოვდება საქართველოს 7-ქალა ნაკრების დებიუტი ევროპის 12-გუნდა ელიტაში.
წლების განმავლობაში, თითოეული თამაშით ისინი დუმილს არღვევდნენ და ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებდნენ, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია. გზად ბევრი სირთულე და წინაღობა შეხვდათ, მაგრამ არ დანებდნენ. დღეს ისინი უკვე ევროპული რაგბის ელიტაში არიან.
ქალები, რომლებმაც თავიანთი ძალითა და შეუპოვრობით, ქართულ სპორტში ახალი ისტორია დაწერეს.
ჯაბა მალაღურაძის მრავალწლიანი შრომა და სიჯიუტე.... მოთმინება, რომელმაც მიიყვანა შედეგამდე.
ჯაბას სიჯიუტე
„ეს იყო რწმენა, უპირველესად, გოგონების, რადგან მწვრთნელი მარტო ვერაფერს გახდება. შეიძლება გქონდეს სწორი ხედვა, კარგი იდეები, მაგრამ საბოლოოდ, ისაა მთავარი, ვინც ეს უნდა შეასრულოს, ვისაც უნდა დაეყრდნო. მე ვხედავდი გოგონებში იმის პოტენციალს, რომ უკეთესები გავმხდარიყავით. ეგ მაჩვენებდა გზას, პროცესების სწორი მართვისთვის.
ახლა, მაგალითად, ვიწყებთ 15-ქალა რაგბის. შევკრიბეთ გუნდი, გვქონდა ტესტ-მატჩები. ალბათ, ბევრისთვის ეს ჩვეულებრივი ავანტიურაა, თუმცა, მე მყავს გარშემო ადამიანები, ვინც ამაში მხარს მიჭერენ. სხვაგვარად, ვერ ვიქნებოდი ასეთი თამამი.“
7-დან 15-მდე
„თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ქალთა რაგბი იყოს, აუცილებელია, არსებობდეს 15-ქალა. ჯერ ერთი, სელექციის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია და მეორეც, რაგბი 7 ცოტა სპეციფიკურია - მოითხოვს განსხვავებულ ფიზიკურ მონაცემებს.
რაგბის უპირატესობა ისაა, რომ ეს თამაში ყველასთვისაა. რაგბიში ადგილი მოიძებნება ყველანაირი ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანისთვის.
ასე რომ, 15-ქალა აუცილებელია. მითუმეტეს, ჩვენს გოგონებსაც ძალიან აინტერესებდათ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს იქნება ის საფუძველი, რაზეც შემდეგ უფრო მეტს დავაშენებთ.
ვფიქრობ, დღეს სრული მზაობაა იმისთვის, რომ ქვეყანას 15-ქალა ნაკრები ჰყავდეს. არაერთხელ მითქვამს, რომ ყველაზე მეტად, ობიექტური საზომების დეფიციტს განვიცდით. ჩვენ თუ გვჭირდება ჯანმრთელი ადამიანები, უპირველესად, ამის პანაცეა არის სპორტი. პროფესიონალები ხომ გვჭირდება ქვეყანაში? რა მნიშვნელობა აქვს, კაცი იქნება თუ ქალი?
რაგბიში უმნიშვნელოვანესია შრომისუნარიანობა და თავდადება, თუ ზოგადი კრიტერიუმებით ვისაუბრებთ. მინდა გითხრათ, რომ არანაკლები წარმატებით და ზოგჯერ, უფრო უკეთესადაც შეუძლიათ ეს გოგონებს. ამიტომ, მე ვსვამ ახლა შეკითხვას, რატომ გამოუვა კაცს უკეთესად და ქალს ნაკლებად? ობიექტური კრიტერიუმებით თუ ვიმსჯელებთ, არანაირი ზღვარი არ არსებობს.“
7-ქალა ევროპულ ელიტაში
„ზუსტად იმისკენ მივდივართ, რომ ევროპის 12-გუნდა ელიტაში მოხვედრა ჩვენთვის ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენა გახდეს. უბრალოდ, იმისთვის, რომ რაღაცეები კარგისკენ შეცვალო, გჭირდება გამოცდილება.
დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს მივიღებთ კარგ გამოცდილებას. მზად ვართ მარცხისთვისაც, თუმცა, ვემზადებით წარმატებისთვის. ზუსტად, შედეგების გაანალიზება მოგვცემს იმ საყრდენს, ფუნდამენტს, რაც შემდეგ ბუნებრივ მდგომარებაში გადაგვიყვანს.
ვიცით, რომ იქ უფრო განსხვავებულად იქნება ყველაფერი, მეტი პროფესიონალები დაგვხვდებიან. თუმცა, ერთია - ჩვენს წარმოდგენაში როგორია ეს ელიტარული ტურნირი და მეორეა - რეალობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს რეალობა.“
ყველა შეცდომამ დაბადა რაღაც ახალი. სწორედ, ამაზეა აგებული ჩვენი გუნდის ფილოსოფია, რომ შეცდომებზე ვისწავლოთ. ესაა ის გზა, რომელიც უნდა გავიაროთ.
ქეთის „ავანტიურა“
„მწვრთნელის ამპლუაში ეს ჩემი პირველი წელია. მანამდე, თვითონაც ვთამაშობდი და ესეც „ავანტიურის“ ნაწილი იყო. სამუშაო პროცესში ბევრი გამოწვევაა და ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა. გუნდში მნიშვნელოვანი ფუნქცია მაკისრია; ახლა უკვე, როგორც მწვრთნელს. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მინდა, ბოლომდე ვიყო ამ მნიშვნელოვანი საქმის ნაწილი.
რაგბი და ზოგადად, გუნდური სპორტი ერთმანეთის მხარდაჭერაზეა აგებული.
ჩემთვის, ეს ასე იყო მოედანზე ყოფნის დროსაც და ასე ახლაც. თუმცა, ახლა უფრო მეტად საერთო მიზნებზე ვარ ფოკუსირებული - მხარი დავუჭირო მოთამაშეების ფიზიკურ და მენტალურ განვითარებას, რადგან, განსაკუთრებით ქალების შემთხვევაში, ეს ორი კომპონენტი ძლიერ თანხვედრაშია.
ადამიანები გამოცდილებების ხარჯზე ვსწავლობთ.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, ერთი წლის წინაც კი, რომ ქალთა ეროვნული ნაკრების ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ვიქნებოდი. თუმცა, შეუძლებელი არასდროს არაფერია თუ იმ მიზნისკენ მიდიხარ, რისიც გწამს და გჯერა. დარწმუნებული ვარ, კიდევ იმდენი რამეა წინ ისეთი, რაც ახლა სრულიად წარმოუდგენლად გვეჩვენება.“