ლიტერატურა

ყველა დროის ბესტსელერი წიგნები

saba.com.ge

Invalid Date

წიგნის პოპულარობას სხვადასხვა რამ განაპირობებს, ზოგჯერ-აქტუალობა, ზოგჯერ-სკანდალურობა, ეპატაჟი, პოლიტიკური მოვლენები, მწერლის ნიჭიერება თუ ის თვისება, რომელსაც ხშირად წიგნისთვის აუცილებელ მახასიათებლად წარმოგვიდგენენ -„რა მაგარი წიგნია, ერთი ამოსუნთქვით იკითხება“.



რატომ გახდა ესა თუ ის წიგნი გაყიდვების ლიდერი, რატომ და როგორ მიაღწია მილიონობით მკითხველის მაგიდამდე თუ სასთუმლამდე, როგორ დაიპყრო მკითხველთა გულები, როგორი წიგნი უნდა დაწერო, რომ ის ბესტსელერად იქცეს - რთული კითხვაა და პასუხიც ვერ იქნება მარტივი. ზოგიერთი გენიალური წიგნი ასეულობით ნამდვილ მკითხველს ვერ გასცდა, ზოგიერთი, უფრო საეჭვო ღირებულების კი მილიონობით ადამიანის საყვარელი წიგნი გახდა.


თუ ქართული ლიტერატურის სივრცეს მიმოვიხილავთ, თან დროში ვიმოგზაურებთ, ალბათ პირველ ბესტსელერად „ვეფხისტყაოსანი“ უნდა ჩავთვალოთ, არანაკლებ პოპულარული იყო ბიბლიური წიგნების შესანიშნავი ქართული თარგმანები, ბესტსელერთა სიაშია იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ და ბარბარე ჯორჯაძის „სრული სამზარეულო“. 


გადავხედოთ მსოფლიო ბესტსელერთა სიას და ვიმსჯელოთ, მართლაც, გენიალურ წიგნებს ჰყავთ უამრავი მკითხველი თუ ზოგჯერ პირიქითაც ხდება?


1.    კლაივ სტეპლ ლუისის „ნარნიას ქრონიკების“ სერიამ გამოსვლისთანავე მკითხველის დიდი სიყვარული დაიმსახურა, მაგალითისთვის, ამ სერიის ერთ-ერთი წიგნის, „ლომი, კუდიანი და გარდერობის“ ოთხმოცდახუთმილიონიანი ტირაჟია გაყიდული და წიგნი დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას.


2.    ბესტსელერთა შორისაა კიდევ ერთი ცნობილი ფენტეზის ჟანრის წიგნების სერია ჰარი პოტერის შესახებ, ჯოან როულინგი, რომელსაც თავიდან არცერთი გამომცემელი არ უბეჭდავდა წიგნს, ისეთი პოპულარული გახდა, რომ ყოველი ახალი წიგნი ელვის სისწრაფით იყიდება, აღსანიშნავია, რომ ჰარი პოტერის ამბებმა განსაკუთრებით ბევრ მოზარდსა და ბავშვს დააწყებინა წიგნების კითხვა.


3.    ბესტსელერი იყო ნაბოკოვის ცნობილი „ლოლიტაც“, სკანდალური წიგნი, რომელიც მრავალგზის აიკრძალა, თუმცა დღემდე მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს შორისაა.


4.    კიდევ ერთი ლიტერატურული შედევრი, ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“, აგრეთვე არ უჩიოდა მკითხველთა ნაკლებობას, ამ შესანიშნავი ნაწარმოების უკვე 50 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული და მკითხველთა რაოდენობა დღითი-დღე იმატებს.


5.    „მარტოობის ასი წელიწადი“ მსოფლიო და , მათ შორის, ქართველი მკითხველის საყვარელი წიგნია, გაბრიელ გარსია მარკესის ეს შესანიშნავი საგა ქართველმა მკითხველმა ელზა ახლედიანის თარგმანით წაიკითხა და შეიყვარა. დიდია ამ ნაწარმოების გავლენა ქართულ ლიტერატურაზე. მარკესის შედევრიც მსოფლიო ბესტსელერების სიაშია და მუდამ ინარჩუნებს აქტუალობას.


სხვადასხვა დროის ბესტსელერთა სიაშია ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“, ელიზაბეტ მიტჩელის „ქარწაღებულნი“, ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, დიუმას „სამი მუშკეტერი“, რ. ბახის „თოლია, სახელად ჯონათან ლივინგსტონი“, კოელიოს „ალქიმიკოსი“ თუ დენ ბრაუნის „და ვინჩის კოდი“, კოლოდის „პინოქიო“ თუ ლინდგრენის უსაყვარლესი წიგნები.


ამ წიგნებიდან ზოგიერთს სამყარო ისევე მალე დაივიწყებს, როგორც განადიდა, გადააფასებს, შეაფასებს და ადგილს დავიწყებული წიგნების თაროზე მიუჩენს. ზოგიერთს კი სამარადისოდ დააბინავებს მეხსიერების ოქროს ბიბლიოთეკაში, მკითხველის გულსა და წარმოსახვაში.


როგორ იწერება ბესტსელერი და როგორ ხდება წიგნი ბესტსელერი? ეს გამოუცნობი კითხვა და ამოუცნობი ამოცანაა, თუმცა, როგორი უნდა იყოს წიგნი, რომ უკვდავება მოიპოვოს? ამაზე პასუხი ალბათ უფრო მარტივია- წიგნი უნდა იყოს გენიალური, ნამდვილი და ერთადერთი.


23 აპრილს წიგნის დღეა, თქვენ რომელ წიგნს მისცემთ მკითხველის გულში ხელახალი გაცოცხლების საშუალებას?




ავტორი: saba.com.ge