თაობა

ახალგაზრდა გამომგონებლების გზა NASA-სკენ

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები

Invalid Date

ელჯერნონი, მაკედონელი და აკრობატი მაგიდის გარშემო დარბიან და მათთვის სტრესულ და უჩვეულო გარემოში თავშესაფრის პოვნას ცდილობენ. მუქი უჯრის მისაგნებად გაუჩერებლად ურტყამენ მაგიდას წრეებს, გზას კი ვიზუალური მანიშნებლებით იმახსოვრებენ. 3 თეთრი თაგვი იმ ინოვაციური პროექტის მთავარი მონაწილეა, რომელმაც ახალგაზრდა გამომგონებლებს ამერიკაში, NASA-ს კარი გაუღო.


სოფიო ჩიხლაძემ, მარიამ გამრეკელაშვილმა, ალექსანდრე ქაჯაიამ, გიორგი რეგიშვილმა და იონა იობიძემ ერთმანეთი მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის -,,ლეონარდო და ვინჩის“ ფარგლებში გაიცნეს და მოგვიანებით, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსისთვის „ბარნის სმარტ ლაბირინთის“ პროექტის გარშემო გაერთიანდნენ.



პატარა გამომგონებლებმა გამოიკვლიეს რამდენად მოქმედებს გარკვეული მედიკამენტი მეხსიერებაზე. მათი მიზანი იყო მკვლევარები რუტინული სამუშაო პროცესისგან გაეთავისუფლებინათ.


წამლის ბაზარზე გამოსვლამდე, მისი ეფექტის შესასწავლად თაგვის გადაადგილების ტრაექტორიას ბიოლოგები დღემდე ხელით აღწერენ.„ობერტონის“გუნდის წევრებმა კი ეს პროცესი გაამარტივეს - თაგვის გადაადგილება კამერის საშუალებით დააფიქსირეს. შედეგად ინფორმაციის მიღება ბიოლოგებს ახლა უკვე ავტომატურად შეუძლიათ. პატარა გამომგონებლები თვეობით აკვირდებოდნენ, რამდენად ახსოვდათ თაგვებს განვლილი ქმედება კონკრეტული მედიკამენტის მიღების შემდეგ.


“ბარნის სმარტ ლაბირინთი" ბარნის ლაბირინთის ავტომატიზებული ვერსიაა. იდეა აგრარულ უნივერსიტეტში ვიზიტის შემდეგ გაგვიჩნდა, სადაც ბიოლოგებმა რამდენიმე ცდა გვანახეს და მივხვდით, რომ მათი საქმის გამარტივება შეგვეძლო. იმას, რასაც ბიოლოგები აქამდე ხელით აკეთებდნენ, ჩვენი რობოტი ღილაკის საშუალებით აკეთებს და ბიოლოგებს ისღა დარჩენიათ, თაგვის ტრაექტორიასა და მოქმედებას გაუკეთონ ანალიზი. ჩვენი გამოგონება ახალი და ინოვაციური ნაბიჯია მედიცინასა და ბიოლოგიაში.“


მომავალში „ბარნის სმარტ ლაბირინთის“ რეალურ სამეცნიერო კვლევებში გამოყენება კიდევ ერთხელ დაამტკიცებს - მუდმივად ცვალებად და განვითარებად სამყაროში რამდენი სიკეთე მოუტანა თანამედროვე ტექნოლოგიებმა კაცობრიოობას. ინოვაციებსა და მნიშვნელოვან გამოგონებებს განათლებული ადამიანები, ეს კომპონენტები ერთად კი - მომავალს ქმნიან. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის ახალგაზრდა თაობა და მათ განათლებაში ინვესტიციის ჩადება ერთ-ერთი უცველი პრიორიტეტია და ამიტომაც ის იმ პროექტის მხარდამჭერად იქცა, რომელიც ახალგაზრდებსა და ინოვაციებს წარმატებით აერთიანებს. „ობერტონის“ წევრები თიბისის ფინანსური მხარდაჭერით NASA-ში იმ პროგრამის მინი მოდელს გაივლიან, რომელსაც კოსმონავტები სწავლობენ.

თიბისი მეორე ადგილზე გასული ახალგაზრდა გამომგონებლების მხარდამჭერიც აღმოჩნდა. ჯერ კიდევ ინოვაციების კონკურსის ფინალამდე, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის რამდენიმე მოსწავლე თიბისის რჩეული და სტიპენდიატი გახდა. მეორე ადგილზე გასული მოძრაობის სკანერის შემქმნელი გუნდი - „Motion“ „სილიკონ ველიზე“, სტენფორდის უნივერსიტეტის რობოტექნიკის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. პროექტის მიზანია, მაქსიმალურად ზუსტად აღწერონ ადამიანის მოძრაობა და გადაადგილება სივრცეში, რისთვისაც მოსწავლეები რამდენიმე სახის განსხვავებული დანიშნულების სენსორს იყენებენ.

"ჩვენ შევქმენით სენსორები, რომლებიც ადამიანის სხეულის თითოეულ კიდურზე მაგრდება. Wifi-ს მეშვეობით სენსორიდან ინფორმაციას ვიღებთ და კომპიუტერსა და რობოტს გადავცემთ. ისინიც შეძლებისდაგვარად იმეორებენ ადამიანის მოძრაობას. მსგავსი სკანერი უკვე არსებობს, თუმცა, თუკი იმ სკანერის ერთი სამაგრი 1000 ევრომდე ღირს, ჩვენ ეს სულ რაღაც 5-6 დოლარად გავაკეთეთ. ჩვენი მიზანი იყო იაფი და ფართოდ გავრცელებული სენსორების გამოყენებით არსებული სისტემის ანალოგი შეგვექმნა.”



კონკურსში მესამე ადგილი პროექტმა „ესკულაპე” დაიკავა. თბილისისა და სენაკის სკოლების მოსწავლეებმა ისეთი ხელსაწყო შექმნეს, რომელიც ექიმის რეალური კაბინეტის იმიტაციას ქმნის და საშუალებას იძლევა ექიმმა პაციენტი დისტანციურად გასინჯოს, მისცეს მითითებები, ჩაუტაროს დიაგნოსტიკა. გუნდის წევრები ბელგიაში, Euro Space Center-ის საზაფხულობანაკში გაემგზავრებიან.



ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთე წელია ტარდება. წელს კონკურსის ფინალურ ეტაპზე ინოვაციური გამოგონება ცამეტმა გუნდმა წარადგინა.





ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტო: რეზი ყენია